რეკლამა,სიახლეები

ცესკოს თავმჯდომარე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა

12.08.2024
ცესკოს თავმჯდომარე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე შაორის ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული მითების და რეალობის შესახებ, ასევე საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მსოფლიო პრაქტიკაზე. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებსაც ცესკო ახალგაზრდებთან მიმართებაში ახორციელებს.

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა საკითხს ამომწურავად უპასუხა.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. საარჩევნო აპარატურა ბანაკის მონაწილეებს პირადად ცესკოს თავმჯდომარემ და ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო.

ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება. 2024 წელს ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და 3120 ახალგაზრდას, შაორის ბანაკი კი რვა ნაკადად 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად როგორც შაორის, ისე ანაკლიის ბანაკების სხვადასხვა ნაკადის წარმომადგენლებთან მართავენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: