მთავარი,სიახლეები

არჩევნების წინ ბიუჯეტი ბათუმის მერიამაც შეცვალა – უფასო სასადილოს დაფინანსება შემცირდა

10.08.2024 •
არჩევნების წინ ბიუჯეტი ბათუმის მერიამაც შეცვალა – უფასო სასადილოს დაფინანსება შემცირდა

წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ბათუმის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ცვლილებები შეიტანა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში.

საარჩევნო კოდექსი ბიუჯეტში ცვლილებას არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე კრძალავს, იმ მოტივით, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენოს ამომრჩევლის გულის მოსაგებად.

ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულომ 9 აგვისტოს სხდომაზე დაამტკიცა.

სხდომაზე განსახილველ საკითხებში, რომელიც საკრებულომ ადრე დააანონსა, ბიუჯეტის ცვლილებების საკითხი არ იყო შეტანილი. როგორც წესი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს საკრებულო დღის წესრიგში სხდომის დაწყებამდე ერთი დღით ან რამდენიმე საათით ადრე ამატებს და ასაჯაროებს, რაც ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვის საშუალებას არ იძლევა.

მერიის პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში. „შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 3 მილიონი ლარით, კერძოდ:

  • საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების მაჩვენებელი იზრდება 15 ათასი ლარით;
  • სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 2 985 000 ლარით, კერძოდ, იზრდება ტრანსფერები.

შესაბამისად, ცვლილების შემდეგ ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელებიც იზრდება 3 მილიონი ლარით“ – აცხადებს მერია.

ცვლილების შედეგად, ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 398 500 800 ლარიდან გაიზარდა 401 500 800 ლარამდე. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი [გადასახადელები] კი – 457 მილიონის ნაცვლად გაიზარდა 460 მილიონამდე ლარით.

ბიუჯეტში სხვადასხვა მიზეზით შეიცვალა არაერთი ღონისძიების დაფინანსება – ზოგის შემცირდა, ზოგის – გაიზარდა.

ბიუჯეტის ცვლილების განმარტებითი ბარათის მიხედვით, ღონისძიებების დაფინანსება შემცირდა ძირითადად „შესყიდვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე“; ამასთან, ზოგიერთ „ღონისძიებებს შორის განხორციელდა თანხების გადანაწილება გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად“.

ბიუჯეტს დაემატა ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების და ტექნიკის შეძენის თანხა. მერიის ინფორმაციით დაფინანსდა ასევე არაერთ მისამართზე „სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის საჭირო გადაუდებელი სამუშაოები“.

განმარტებითი ბარათის მიხედვით ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში:

  • ბათუმის მერიის დაფინანსება გაიზარდა 51 ათასი ლარით [კომპიუტერულ-პერიფერიული ტექნიკისა და კონდიციონერების შესაძენად];
  • თევდორე მღვდლის ქუჩის N29-დან ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე საკანალიზაციო ქსელის და გზის რეაბილიტაციისთვის გამოიყო 265 ათას 10 ლარი;
  • მდ. ყოროლისწყლის ხიდის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილია 210 ათას 334 ლარი;

ვრცლად: 210 ათასი ლარი ბენზეს ხიდის გაფართოებისთვის – საცობში გაჭედილი ბათუმის შემოსასვლელი

  • ბათუმში, ც. დადიანის ქუჩაზე მრავალფუნქციური სივრცის შენობის მშენებლობა 100 ათასი ლარით დაფინანსდება [მერიის განმარტებით პროექტი არის მრავალწლიანი [2024-2025წწ] და მთლიანი ღირებულება შეადგენს 900 ათას ლარს;
  • 316 ათას 200 ლარით იზრდება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხარჯები [ამ ხარჯებს, როგორც მერიაში გვითხრეს, ბოტანიკური ბაღი საკუთარი შემოსავლებით დაფარავს];
  • 2,5 მილიონი ლარით მცირდება ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება [ეს თანადაფინანსება პროექტის ფარგლებში დღგ-ს და სხვა გადასახდელებს უნდა მოხმარებოდა. განმარტებითი ბარათის მიხედვით ეს KfW ბანკთან შეთანხმებულია. მერიის განმარტებით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, ამიტომ მიმდინარე წელს ღონისძიებები სესხით დაიფარება, მერია კი თანადაფინანსებას მომავალი 2025 წლიდან დაიწყებს];
  • საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში დაემატა ტექნიკური ზედამხედველი – 3 პირი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – 1 პირი; ხოლო მუნიციპალურ ინსპექციაში 2 თანამშრომელი. ასევე 2 თანამშრომელი [მძღოლი] დაემატა ბათუმის გამწვანების სამსახურს [გამწვანებაში დღიური ანაზღაურებაც იზრდება და იქნება დღეში – 80 ლარი]. შესაბამისად იზრდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურების მუხლიც.
  • მრავალშვილიან ოჯახებზე [2 მისამართზე] გამოიყო საკომპენსაციო [სარემონტო] თანხა.

მერიის განმარტებით 350 ათასი ლარით შემცირდა მუნიციპალური უფასო სასადილოს დაფინანსება [„საკვები პროდუქტების შეძენა (ბენეფიციართა რაოდენობა) – ღონისძიების დაფინანსება მცირდება შესყიდვის და ბენეფიციართა გამოუცხადებლობის შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე“ – წერია მერიის განმარტებით ბარათში].

ამავე ბარათის მიხედვით ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება, რისთვისაც 10 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, ამოღებულ იქნა ბიუჯეტიდან [„სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ღონისძიება ვერ ჩატარდა“ – წერს მერია].

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის მუხლი 240 ათასი ლარით შემცირდა [მერიის განმარტებით „შესყიდვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე“, ხოლო სათამაშოების შეძენა 200 ათასი ლარით დაფინანსდა. ბაღების თანამშრომელთა დატრენინგებისთვის კი დაფინანსება 40 ათასი ლარით გაიზარდა].

797 ათას 400 ლარი გამოიყო N31-ე და 33-ე საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობისთვის.

ბიუჯეტიდან ამოიღეს ზღვისპირა ტერიტორიაზე „შენი იდეა ბათუმის“ ფარგლებში „ჩვენი ბათუმელი ცუგუნები“-სათვის სივრცის ე.წ. სავარჯიშო/გასართობი მოედნის მოწყობა. მოედნის მოსაწყობად 259 ათას 600 ლარი იყო გათვალისწინებული. „ანალოგიური სივრცე ე.წ. სავარჯიშო/გასართობი მოედანი უკვე მოეწყო ბაგრატიონის ქუჩაზე“ – წერს მერია.

ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 5 კვირით ადრე შეიტანა ცვლილებები აჭარის მთავრობამაც 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

ამ თემაზე ვრცლად:

პროგრამა სოცდაუცველებისთვის – ცვლილებები აჭარის ბიუჯეტში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: