„ხელფასს ხელზე მიხდიდნენ, შეთანხმებული 8 საათის ნაცვლად კი 12 საათს ვმუშაობდი. როცა წამოვედი, არც ზეგანაკვეთური ამინაზღაურეს და არც დარჩენილი 14 დღის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი მესტუმრიშვილი, რომელიც ბათუმში, კაფე Fanfan-ში ბარმენად მუშაობდა.
მარი კაფეში ორთვენახევრის განმავლობაში იყო დასაქმებული, დამსაქმებელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. ის დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს.
„ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ვეძებდი სამსახურს. ბარმენის პოზიციაზე ვმუშაობ ძალიან ბევრი წელია, თითქმის 8-9 წელი, ამიტომ როცა გამოჩნდა ვაკანსია Fanfan-ში, მივედი უშუალოდ დამსაქმებელთან და მენეჯერთან – სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ამიყვანეს სამსახურში.
შეთანხმების მიხედვით, 8 საათი უნდა მემუშავა, თუმცა 12 საათი მიწევდა მუშაობა, დასვენების დღის გარეშე, რადგან სხვა თანამშრომელი, რომელიც ბარში მუშაობდა, ერთ კვირაში გაუშვეს და დავრჩი მარტოდ, სეზონის დასაწყისში.
დიდი ობიექტია და კარგად მუშაობს, ამიტომ რთული იყო მარტო ამხელა საქმის გამკლავება.
დილის 11-12 საათიდან ღამის 1-2 საათამდე ვმუშაობდი. შესვენების საათი საღამოს 7-8 საათისკენ მიწევდა, მაგრამ მაგ დროს იმხელა საცობია ქალაქში, რომ სახლში მისვლას და დასვენებას ვერ ვასწრებდი. ამიტომ ვჭამდი ქუჩაში და ვისვენებდი ქუჩაში, შემდეგ კი ისევ სამსახურში ვბრუნდებოდი“, – ამბობს მარიამ მესტუმრიშვილი.

ფოტო კაფე „ფანფანის“ ფეისბუქის გვერდიდან
მისი თქმით, ასეთი მდგომარეობა თვე-ნახევარი გაგრძელდა იმ პირობით, რომ დამსაქმებელი მას შემცვლელს მოუძებნიდა.
„თუმცა ასე არ მოხდა და მე მავალდებულებდა მეპოვა შემცვლელი. მიუხედავად იმისა, რომ ზეგანაკვეთურს ვმუშაობდი, მაინც რვა საათისას მიხდიდა. მეუბნებოდა, ახლა ამოიქოქება სეზონი, შევავსებ სტაფს და გულს არ გატკენ, გადაგიხდიო.
ხელფასს ძირითადად ხელზე მიხდიდა. თითქმის ყველა დასაქმებულს ხელზე აძლევს ხელფასს, ან უბრალოდ მისი პირადი ანგარიშიდან ურიცხავს და არა კომპანიის ანგარიშიდან. ეს, როგორც ვიცი, კანონდარღვევაა“, – ამბობს მარი.
„არც ხელფასი ეწერა დანიშნულებაში და არც ჰონორარი. გადმორიცხვით, მხოლოდ ე.წ „თიფის“ თანხებს გვირიცხავდა, ხელფასს კი ხელზე გვაძლევდა. ყველა თანამშრომელს ასე უხდიდა“, – გვითხრა მარიმ.
მისი თქმით, დამსაქმებელთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, როცა თვე-ნახევრის შემდეგ ბარში ახალი თანამშრომლები დაამატეს.
„როდესაც დაგვემატა შემცვლელი თანამშრომლები ბარში, დაიწყო კონფლიქტი ჩემსა და ბარმენებს შორის, რადგან მოიყვანა სრულიად გამოუცდელი და უპასუხისმგებლო კადრები, რომლებიც პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ ამ საქმეს.
ვმუშაობდით ცვლაში. მაგალითად, თუ მე დილის ცვლაში ვმუშაობდი, ვამზადებდი აბსოლუტურად ყველაფერს, რომ საღამოს ცვლას შეფერხების გარეშე ემუშავა.
საღამოს ბარი ძალიან დატვირთულია, ბევრი სტუმარი ჰყავს და არ არის იმის დრო, რომ ბარის მუშაობის პარალელურად შავი საქმეც აკეთო.
საღამოს ცვლას ძალიან ორგანიზებულად ვახვედრებდი ბარს, რომ რაიმე დისკომფორტი არ შეჰქმნოდათ და ზედმეტი საქმე არ ეკეთებინათ. შესაბამისად, მეც ვითხოვდი იმავეს შემცველებისგან, მაგრამ ეს არ კეთდებოდა.
ვუთხარი დამსაქმებელს, რომ ძალიან არაკომფორტული იყო ასე მუშაობა და თუ ეს პრობლემები არ მოგვარდებოდა, დავტოვებდი სამსახურს. მთელი თვე ვაფრთხილებდი, მაგრამ მაინც არაფერი გამოსწორდა“, – ამბობს მარი მესტუმრიშვილი.
მან Fanfan-ში მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმუშავა. თუმცა დამსაქმებელმა, როგორც მარი ამბობს, არ აუნაზღაურა 14 დღის ნამუშევარი, ასევე ზეგანაკვეთური, სამსახურიდან წასვლის შემდეგ.
„ერთ-ერთი ბოლო კამათის დროს, ძალიან გავბრაზდი და წამოვედი.
შეთანხმების მიხედვით, ხელფასი უნდა აგვეღო თვეში ორჯერ – თვის შუა რიცხვებში და თვის ბოლოს. ამიტომ როცა წამოვედი, 1-ელი ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ანაზღაურება რაც მეკუთვნოდა, არ გადამიხადეს. არც ის დაპირებული ზეგანაკვეთური მომცეს, რომელსაც მისვლის დღიდან მპირდებოდნენ.
ძალიან პატიოსნად ვშრომობდი და ვიყავი საუკეთესო თანამშრომელი. ეს დამსაქმებლისგანაც არაერთხელ მომისმენია.
დამსაქმებელს, დათო დანელიას და მის მეუღლეს დაბლოკილი ვყავარ ყველა საკომუნიკაციო ქსელში, შესაბამისად, მათთან დალაპარაკებას ვერ ვახერხებ.
მენეჯერი კი მეუბნება, რომ ეს მას არ ეხება.
შემომითვალა, მოვიდეს ობიექტზე და დამელაპარაკოსო, მაგრამ არ მივედი, რადგან ვიცი, რით სრულდება ხოლმე მისი „დამელაპარაკოს“.
ფოტო კაფე „ფანფანის“ ფეისბუქის გვერდიდან
მისი თქმით, ყოფილი დამსაქმებელი მის მეგობრებსაც კი დაემუქრა.
„მეც მითვლიდა, რომ ვერსად დავსაქმდები და გარდა იმისა, რომ კუთვნილ ხელფასს არ მაძლევს, ჩემი პიროვნების გაშავებითაა დაკავებული“, – ამბობს მარი.
მისი თქმით, აქამდე, სადაც კი უმუშავია, ყველგან ჰქონდა წერილობითი კონტრაქტი, თუმცა Fanfan-ში უთხრეს, რომ ყველა ზეპირი კონტრაქტებით მუშაობდა.
„რა თქმა უნდა, ჩემი საქმე მიყვარს, მაგრამ გასართობად არავინ მუშაობს. მეც მჭირდებოდა ეს სამსახური, ამიტომ დავთანხმდი ასეთ პირობებს. იმ პერიოდში, ვერ ვნახე ალტერნატივა.
არსებობს ვიდეო ჩანაწერები და ყველას შეუძლია ნახოს, როგორ ვმუშაობდი. ჩემ საქმეს პატიოსნად ვასრულებდი. გარდა ამისა, ბევრი სქრინი მაქვს, სადაც ვესაუბრები დამსაქმებელს ხელფასზე და შრომით პირობებზე“, – ამბობს მარი.
როგორც მარი ამბობს, მან საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით უკვე მიმართა ადვოკატს და შრომის ინსპექციასაც.
„გავიარე კონსულტაციები იურისტთან, ადვოკატთან, შრომის ინსპექტორთან და ვემზადები სარჩელის შესატანად“, – გვეუბნება ის.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის Fanfan-ის მფლობელს, დათო დანელიასაც ესაუბრა.
მისი თქმით, ყოფილი თანამშრომელი შინაგანაწესს არღვევდა და სამსახურიდანაც მათთან შეთანხმების გარეშე წავიდა.
დათო დანელია არ აღიარებს მესტუმრიშვილის ვალს და ამბობს, რომ მან სამუშაო დამსაქმებელთან შეთანხმების გარეშე მიატოვა.
„მაგას 14 დღე რომ ემუშავა ჩვენთან, მიიღებდა 1050 ლარს, რადგან ჰქონდა 2100 ლარი ხელფასი.
5 სამუშაო დღე გააცდინა, სამი დღე გაიპარა სამსახურიდან, შუა მუშაობაში მიატოვა ობიექტი. მიზეზი არ აკლდა.
სამსახურიდან რომ მიდიხარ და ბარმენი რომ ხარ, ბარი უნდა აღწერო და ისე უნდა წახვიდე, გონივრული ვადა უნდა მოგვცეს წასვლაზე“, – ამბობს დათო დანელია.
მას ვკითხეთ, აფრთხილებდა თუ არა ყოფილი თანამშრომელი წასვლაზე? ან მუშაობდა თუ არა ზეგანაკვეთურს და აუნაზღაურდა თუ არა ეს თანხა?
დანელია ამბობს, რომ აფრთხილებდა მესტუმრიშვილი და თანხმობაც ჰქონდა წასვლაზე.
„ვერ დახურა ნახევარი თვე, გაიპარა. შიდაგანაწესით, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ თუ წელი არ დაგვიმთავრა, ვერ აიღებს ხელფასს.
ყოველდღიურად დაგვიანება ჰქონდა.
1000-იდან 200 ლარი ავანსად მქონდა მიცემული. ბარი რომ აღვწერეთ 400 ლარი იყო დანაკლისი და ეს 4 ადამიანზე ნაწილდება.
აქ ხელს აწერენ მოსვლა-წასვლაზე და ყველა საათია აღწერილი. ისჯება იმ დღეების გამო, რომელიც გაგვიცდინა“, – გვეუბნება ის.
მას ვკითხეთ, რატომ უხდის თანამშრომლებს ხელფასს ხელზე და არა ბანკის მეშვეობით?
დათო დანელია ამბობს, რომ არაფერს მალავს, რადგან „ესეც ოფიციალურია“.
„ჩვენ ვიხდით გადასახადს. წერია ყველა გაცემა, ბუღალტერი და ფინანსური მენეჯერი წერს ამ ხელფასებს“, – გვეუბნება ის.