„მე დილის 6 საათზე ავდექი და ხომ მიყურებთ, რა ნამუშევარი ვარ, 24 საათი ვშრომობ და ვარ ასე, რომ ლუკმა-პური გვქონდეს ოჯახში. ამ მუშაობით ამერიკაში მილიონერი იქნები, კარგი იქნებოდა ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა,“ – გვითხრა ვლადიმერ ფოთელიძემ, რომელსაც სოფელ მარადიდში, ტყიდან მომავალს შევხვდით და აშშ-თან უვიზო მიმოსვლაზეც ვკითხეთ. იმ შესაძლებლობაზე, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.
მარადიდი სოფელია ხელვაჩაურში, რომელიც ამ ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ, წყალს მიაქვს: იტბორება სახლები, ეზოები, ბოსტნები, თხილის ბაღები, საფლავები…
მარადიდელები გვიყვებიან, რომ კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-მა, რომელმაც მდინარე ჭოროხზე ჰესი მოაწყო, სოფელ მარადიდს დაპირებები არ შეუსრულა: რამდენიმე სახლი და მიწის ნაკვეთი კი შეისყიდეს, მაგრამ გზა დაგვიზიანეს, ღობეები მოშალეს და აღარ გაგვიკეთეს, არც გარეგანათებაა, აღარც სკვერი მოგვიწყვეს და არც სტადიონი – ჰყვებიან ისინი.
ცოტა თუ ახერხებს, გააკრიტიკოს ხელისუფლება, რომელიც ჰესის აშენების პროცესში თავიდანვე იყო ჩართული და პირდაპირი ვალდებულება აქვს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
„ხელისუფლებას რა დაპირება ჰქონდა ამ დრომდე და რა შესრულდა?“ – თითქმის ყველას ვკითხეთ, ვინც მარადიდში შეგვხვდა. მოქალაქეებმა ხელისუფლების მიერ შესრულებული ვალდებულებიდან მხოლოდ სოფლის გზა გაიხსენეს.
გაუსაძლისი პირობების და ხელისუფლების უყურადღებობის შედეგად სოფელი მარადიდიც იცლება.
რას ნიშნავს საქართველოსთვის, თუ ის რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების გარეშე? – ვეკითხებით ვლადიმერ ფოთელიძეს.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს კანონი [რუსული კანონი] არ ვარგა და უკან წასაღებია, აგენმა მაინც მიიღეს. როცა მარტო დარჩება ეს პატარა საქართველო დახმარების გარეშე, ის ვერაფერს გააკეთებს. ეს დიდი საფეხურია,“ – მიიჩნევს ვლადიმერ ფოთელიძე და პაუზის შემდეგ 9 აპრილს ახსენებს, ქვეყნის დამოუკიდებლობას ექმნება საფრთხე, 9 აპრილს საქართველოში სისხლი დაიღვარაო.
მოქალაქის დაკვირვებით, ხელისუფლებამ სიფრთხილის გამო არჩია რუსეთთან დაახლოება, თუმცა ეს სიფრთხილეც არის და ღალატიცო, დასძენს იგი.
„ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ხალხთან პირველ რიგში, აქ არ დამინახავს ოპოზიციონერი… ხედვები უნდა გაგვაცნონ, ჩვენიც უნდა მოისმინონ და ამით ანალიზი უნდა გაკეთდეს არჩევნებზე. ერთობა ყოველთვის აჯობებს, საქმე რომ გაკეთდეს… ევროპულ გზას არჩევნებით უნდა დავუბრუნდეთ. დემოკრატია ასეთია,“ – ვლადიმერ ფოთელიძეს სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დათმობა მოუწევს, თუ ის არჩევნებს წააგებს.
იმის გამო, რომ მაჭახლის ხეობაში „კირნათიჰესი“ კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-მა მოაწყო, სოფლიდან რამდენიმე წლის წინ საკუთრება რამდენიმე ოჯახმა დათმო – მათ ექსპროპრიაცია შეეხო, რამდენიმე მათგანს კი, ნებაყოფლობით კომპენსაცია გადაუხადეს, თუმცა მოსახლეობის ნაწილი, ვისაც კომპენსაცია მიღებული აქვს, ისევ მარადიდში ცხოვრობს, სახლში, რომელიც წყლით იფარება.
ეს ნადიმ დიდმანიძის საცხოვრებელი სახლია, რომელიც დაახლოებით 3 თვის წინ დაიტბორა. მდინარე ჭოროხი პერიოდულად შედის ნადიმის სახლში. მოქალაქე ამბობს, რომ მას ყურადღებას არც ჰესის მფლობელი კომპანია აქცევს და არც ხელისუფლება.
„მე ავიღე კომპენსაცია, მაგრამ კომპანია დამპირდა, რომ გააკეთებდა ჩემი სახლის საძირკველსა და პირველ სართულს. მუდმივად მპირდებიან, მაგრამ არაფერი იცვლება. ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ მხოლოდ ერთხელ მიპასუხა ტელეფონზე და დასრულდა, მერე აღარც მპასუხობს ტელეფონზე,“ – გვიყვება ნადიმ დიდმანიძე. ის შეთანხმების აქტს გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც „შესრულებული უნდა იქნას შემდეგი სამუშაოები: საძირკველი და პირველი სართულის კედლები“, – წერია შეთანხმების აქტში, რომელიც ნოტარიულად დამოწმებული არ არის, თუმცა მოქალაქის თქმით, ის კომპანიას სადავო არ გაუხდია.
ნადიმ დიდმანიძის მიწის ნაკვეთი კომპანიამ 2018 წელს იყიდა.
„მპირდებიან, გავაკეთებთო, მაგრამ წლებია არაფერი არ კეთდება… ჯუმბერ ვარდმანიძე იყო მაშინ ხელვაჩაურის მერი, როცა ჩემი მიწის ნაკვეთი დამათმობინეს. მე არ მინდოდა მიწის გაყიდვა, დამიბარეს მასთან კაბინეტში და შენი შვილები სად მუშაობენო. ჩემი ერთ-ერთი შვილი საჯარო სამსახურშია… ფაქტობრივად მუქარა იყო ეს.
კომპენსაცია, რაც მივიღეთ, ბინის შეძენა მოვახერხეთ, მაგრამ ყველა ბინაში ვერ ვეტევით. მე სოფელში, აქ მირჩევნია ყოფნა, საქონელი მყავდა, ბოსტანი მქონდა, ახლა აღარაფერია,“ – ფანჯარასთან მივყავართ ნადიმ დიდმანიძეს – ხელის გაწვდენაზეა ჭოროხი.
„მეც ავიღე კომპენსაცია, ბინა 45 დღეში უნდა დამეცალა, მაგრამ 7 წელი გავიდა,“ – ამბობს ხუსეინ დიდმანიძე და გვთხოვს, დატბორილი საფლავებიც ვნახოთ.
„საფლავებზე არ იყო არავითარი შეთანხმება. რა უნდა ვქნათ? კომპანია არაფერს გვთავაზობს. ჩემი 6 თვის შვილიც აქაა დასაფლავებული 1984 წელს,“ – გვიყვება ხუსეინ დიდმანიძე და საფლავებს გვაჩვენებს.
დაიტბორა თხილის ბაღებიც, ეზოები. მაგალითად, თამაზ დიდმანიძის ოჯახში გვითხრეს, რომ მათ კომპანიასთან წლებია შეთანხმება ჯერ კიდევ მიღწეული არ აქვთ და არც რაიმე კომპენსაცია მიუღიათ. რამდენიმე თვეა მათი საკარმიდამო დატბორილია, თუმცა კომპანია მათთვის ზიანის ანაზღაურების კუთხით არაფერს აკეთებს.
„მარადიდში არჩევნები უკვე ჩატარებულია,“ – დასძენს ხუსეინ დიდმანიძე, როცა ისევ სოფლის გზაზე ვბრუნდებით. მისი დაკვირვებით, „ქართული ოცნება“ კონკრეტული სქემით მოქმედებს და რამდენიმე ოჯახში უკვე იყვნენ „წარმომადგენლები“ მისულები, „უთხრეს, ასე და ასე უნდა მოიქცეთო“, – ხელებს იფშვნეტს ხუსეინ დიდმანიძე და განმარტავს: სოფელი, სადაც ოპოზიციონერები არ ჩნდებიან, მოსახლეობა მხოლოდ „ოცნებიდან“ დანიშნულ თავკაცს ხედავს, ის პრობლემებს ვერ აგვარებს, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები მაინც მის იმედად არიან.
„12 წელი რომ ნაცებს აგინებ, ვიცი, რომ ნაცი ნაცია. მერე კიდევ გლობალური ომის პარტიაო, რა არის ახლა… ამერიკა თუ დღემდე 29 წელი კარგი იყო, ახლაა პრობლემა? სომხეთში უნდა შევიდეს ახლა წვრთნები და ჩვენ გამოვდივართ. ჯარისკაცი რომ მომზადებული ჰყავდეს ქვეყანას, კარგია, აბა, რა?
ამერიკაში უვიზო მიმოსვლა ერთადერთი პრეცედენტი იყო საქართველოსთვის, ეს მაგარი დახმარებაა ყველასთვის, შეღავათია მოქალაქეებისთვის, სამუშაოდ წავიდოდა ხალხი, სტუდენტი სასწავლებლად და ასე შემდეგ.
არასწორი გზით მიდის ქვეყანა. ერთხელ და სამუდამოდ კომუნისტები გამოვიარეთ, გორბაჩოვი და ბრეჟნევი, არაფერი არ გაუკეთებიათ და დღეს გაგიკეთებენ რამეს? ხალხი დარჩება დახმარების გარეშე, გრანტები მოდიოდა სოფლის მეურნეობაზეც, არ იქნება ახლა, საიდან მოვა, რუსეთიდან?
ეს რუსული კანონი არის ხაფანგი. ამას წინათ ერთი რუსი ქალი ჰყვებოდა, მაგას პატარ-პატარა ხაფანგები მოჰყვებაო. რუსეთში უკვე სიტყვა „ომზე“ იჭერენ ადამიანებს და 2 წელს აძლევენ. მალე ამ მდგომარეობამდე მივალთ. ასე ვინ მალაპარაკებს მეც. შეიძლება, ბოლო ინტერვიუ იყოს, ამომქექავენ, მარა გლეხი კაცი ვარ და რა უნდა მიქნან?“ – კითხულობს ხუსეინ დიდმანიძე.
მოქალაქის აზრით, ოპოზიციამ ტაქტიკა უნდა შეცვალოს და კარდაკარ, სოფლებში შეხვდეს მოსახლეობას:
„ტელევიზიებში რომ გამოდიან, უნდა შეეშვან მაგას და სოფელ-სოფელ, ეზო-ეზო უნდა ირბინონ… დღეს აქ უნდა იყვნენ, ხვალ – იქ. ყველას ეზო-კარში უნდა გამოჩნდნენ. უნდა გაერთიანდნენ თავისთავად. ცალ-ცალკე რომ იყვნენ, ვინ რა მიიღო? ის ხმები ისევ „ოცნების“ სასარგებლოდ წავა“, – ოპოზიციასთანაც აქვს გზავნილი ხუსეინ დიდმანიძეს მარადიდიდან.
„საარჩევნოდ იმდენი დეპუტატი მინახავს აქ, დაგპირდებიან და წავლენ, მერე ახალი მოდის და ის გპირდება,“- დაპირებების ასრულების იმედი აღარ აქვს გურამ მსხალაძეს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა ვერ უარყოფს, რომ მისი ცხოვრების პირობები გაუარესდა, სახლის გაყიდვა უნდა და ვეღარ ყიდის.
ფაქტია ისიც, რომ „ქართული ოცნება“ მარადიდელებს დაპირებებს არ უსრულებს.
„ხელისუფლებას ხუთიანი იმაში უწერია, რომ ომში არ ჩააბა ხალხი, „ნაციონალები“ იყვნენ და რა გააკეთეს?… თქვენ ახლა ახალგაზრდა ხართ და გინდათ ევროპა, რუსებთან ცუდი ცხოვრება გვქონდა?“ – პროსახელისუფლებო გზავნილები აქვს გურამ მსხალაძეს, რომელსაც ვეკითხებით, თუ ხელისუფლება მასზე ზრუნავს, რატომ აღარ სურს ცხოვრება მარადიდში?
„ისტორიული სოფელია, მარა სახელი დარჩება ალბათ მარტო… ჩემს სახლთანაც უნდა მოვიდეს მდინარე, აღარ იცხოვრება, იმხელა ნესტია, კოღო და სიბინძურე, ყველაფერი სველია სახლში.
ხეხილიც გაფუჭდა და მოსავალიც.
კარგი საცურაო მდინარე იყო ადრე ჭოროხი, ახლა ახლოსაც ვერ მიხვალ, ფეხს ვერ ჩაყოფ, ისეთი ცივია, ვინმემ რომ შეცუროს, მკვდარია იგი. ადრე გაშლილი იყო მინდორზე და თბებოდა წყალი, ახლა დგას წყალი ძირითადად.
ხელისუფლება ჩართულია, მარა რაფერაა ჩართული, ვერ ვხდები, არ ვიცი… პირობით დაგპირდებიან, მაგრამ არ კეთდება არაფერი. ზევიდანაა აგი მოშლილი, რა ქნას ივანიშვილმა, რამდენი ცავოს?“ – გვითხრა გურამ მსხალაძემ.
„საბჭოთა კავშირის დროს იყო ზუსტად ასე: მშვიდობა იყო და ხალხს იმის იქეთ გასაქანი არ ჰქონდა. იმის გამო, რომ მშვიდობას გაძლევენ, შენ უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება“ – „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილზე: „აბა, ომი გინდათ?“ შთაბეჭდილებას გვიზიარებს ნიკა დიდმანიძე. მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონიც მოქალაქეების კონტროლის მიზნით შემოიღო.
„გამჭვირვალობის კანონი რასაც დაარქვეს, უნდათ, რომ შენს საქმეებში იქექონ, მივდივართ უკან, რეგრესისკენ, საბჭოთა კავშირისკენ… სახელმწიფო ცდილობს შეგვაშინოს ომით. მას [ქართულ ოცნებას] გააჩნია ის, რაც 21-ე საუკუნეში ბევრ რამეს წყვეტს – რესურსები,“ – მიიჩნევს ნიკა დიდმანიძე. საუბარი მასთანაც დაპირებების შეუსრულებლობაზე დავიწყეთ.
ნიკა დიდმანიძე აღწერს, რომ წლების წინ, როცა მოსახლეობამ საკუთარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გაყიდა, პრაქტიკულად დაათმობინეს ადამიანებს ქონება. დღეს კი, დაპირებას არც ჰესის მფლობელი კომპანია ასრულებს და არც „ოცნების“ მთავრობა.
„ეს პრობლემა 2007 წლიდან არსებობს, დაიწყო ურთიერთობების გაფუჭება და ხრიკების გამოყენებით, დაბალ ფასად დაათმობინეს ადამიანებს ქონება… ჩემი სახლი ღობის გარეშე დარჩა. აითვისეს მიწა, ახალი გზა გაიყვანეს, ღობე უნდა მოეწყოთ ხელახლა, მაგრამ 2 წელია, აღარ გამოჩნდნენ საერთოდ.
გარდა იმისა, რომ არ გაგვიკეთეს გარეგანათება და სტადიონი, ჩვენს წინაპრებზეც ძალადობენ – საფლავები იტბორება. გვაიძულებენ, ავდგეთ და გადავიტანოთ საფლავები,“ – გვიყვება ნიკა დიდმანიძე და შემდეგ ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ როცა აქცია ჰქონდათ, ხელისუფლებიდან იქ არავინ მივიდა, თავად ჩვენ ჩავედით ხელვაჩაურის მერიაში, თუმცა ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილაო.
„არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოდიან მხოლოდ… აღარ იქნება მათი დაპირება დამაჯერებელი, რა თქმა უნდა,“ – ამბობს ნიკა დიდმანიძე. მას ბიზნესპროექტიც ჰქონია – სოფლის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო, თუმცა მთავრობას ხელშეწყობაზე უარი უთქვამს.
„ფული აიღეს და იმიტომ არ აწყობთ, ძალიან დიდ კორუფციასთან გვაქვს საქმე,“ – მარადიდელი თემურ ჩერქეზიშვილის აზრით, საქმე კორუფციასთან გვაქვს, როცა პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა: რატომ არ ზრუნავს ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემების მოგვარებაზე, თუ ჰესის მფლობელი კომპანია ვალდებულებას არ ასრულებს?
„დაპირებები არ შეასრულეს. მე რომ ახლა რამე ვიდავო, არც აჭარის პროკურორი მომხედავს, არც მოსამართლე,“ – ამბობს თემურ ჩერქეზიშვილი. მას ქვეყნის საგარეო კურსზეც ვუსვამთ შეკითხვას: ხედავთ საფრთხეს იმაში, რომ საქართველო შორდება ევროპას და უახლოვდება რუსეთს?
„მშვიდობა, რა თქმა უნდა, ამათ მოგვიტანეს, რუსეთი შენ არასდროს აგაოხრებს, ჩვენი დანაშაული უნდა გავითვალისწინოთ,“ – მოქალაქეს უჭირს იმის დანახვა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს გადასვლა რუსულ ორბიტაზე პირდაპირ საქართველოს დამოუკიდებლობას, მის არსებობას უქმნის საფრთხეს.
სოფელ მარადიდშიც გვითხრეს, რომ ევროპა კარგია და ევროპისკენ მივდივართ.
როგორ მივდივართ ევროპისკენ, როცა ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა მკაფიოდ გვითხრეს, რომ რუსული კანონით საქართველოს ადგილი ევროპაში ვერ იქნება? – ვკითხეთ ვარდო ღომიძეს. მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ საქართველო ევროპისკენ მიჰყავს და არა რუსეთისკენ.
„ახალ ამბებს რომ ვუყურებ ტელევიზიით, მგონია, რომ ევროპისკენ მივდივართ.. ვუყურებ „იმედს“, „პოსტ ტვ“-ს,“ – გვითხრა მან.
მოქალაქეს ასევე იმ დაპირებების შესახებ ვკითხეთ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა.
„დაპირება იყო კარგი ცხოვრება, დახმარება, პენსიების მომატება, გაჭირვებული ვართ და დახმარება უნდა იყოს, ეს ცოტა ტყუილი გამოდგა,“ – გაღიმებას ცდილობს ვარდო ღომიძე.
და რამ შეუშალა ხელი მთავრობას დაპირებების შესრულებაში? – ვკითხეთ მოქალაქეს.
„ალბათ ბევრი საქმე აქვს და ჩვენთვის ვერ მოიცალეს,“ – ისევ იცინის ვარდო ღომიძე.
„არაფერი არაა ჩვენს სოფელში, გაღატაკდა,“ – ხელისუფლებით უკმაყოფილოა თამარა მუთიძეც. მას მეუღლესთან, ნოდარ დიდმანიძესთან ერთად სახლის აივანზე ვესაუბრეთ.
„მაგათ არჩევნები რომც არ ჩაატარონ, ისეც გამარჯვებული არიან, აზრი არ აქვს,“ – არჩევნებით ცვლილებების მიღწევის აღარ სჯერა თამარა მუთიძეს, მაინც რასაც უნდა, იმას გაიფორმებენო.
„მთავრობა შორს ვერ იხედება, ახლო ჩარჩოდან იყურებიან, ბუქსაობსო რომ იტყვიან, ისეა მთავრობაც,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ნოდარ დიდმანიძეც „ოცნებაზე“ და მერე თორნიკე რიჟვაძეს ახსენებს, არ უნდა ეკადრა, როცა 2019 წელს თქვა „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო“.
„მე რას ვეტყოდი და, მას, თანამდებობის პირს, არ უნდა ეკადრა ეს ხალხისთვის, მე მეპატიება, პენსიონერს,“ – ამბობს თამაზ დიდმანიძე.
ცოლ-ქმარს 42 წლის შვილი ჭოროხში დაეღუპათ, როცა ჯერ კიდევ გაფრთხილების სისტემა არ მოქმედებდა და ნავი ამოტრიალდა. დაიღუპნენ ტურისტებიც. თამარა მუთიძე გვიყვება, ასეთი ტრაგიკული ამბის შემდეგ თუ იცვლება რამე, გაფრთხილების სისტემაც მერე დაამონტაჟესო.
„ჩვენს სოფელში არც ბავშვების მოედანია, არც საბავშვო ბაღი და არც რამე გასართობი. ყველაფერი დანგრეული და გაჩერებული ყრია. დღესაც დაპირებებია, აჰა, დღესაც უნდა მოვიდნენ. პენსია მოგვიმატეს, მარა ისე გაძვირდა ბაზარი, რა აზრი ჰქონდა მომატებას? სხვა რა შეასრულეს?“ – ქმარს გახედა თამარა მუთიძემ.
„მიწა გაყიდეს 80 ჰექტარი, ხელვაჩაურის მერი ვარდმანიძე იყო და ვარშანიძე [საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე]… კალაძესაც უწევდა წილი,“ – ჰესის ამოქმედებამდე მარადიდში მიწების გასხვისებაზე იწყებს ლაპარაკს თამაზ დიდმანიძე. მისი ვერსიით, მაღალჩინოსნები კორუფციაში არიან ჩართული და პასუხი არავის უგია.
„არ მიაწიოს [ამბავმა], დაგიჭერენ,“ – ქმრის შეჩერებას ცდილობს თამარა მუთიძე და თემა გადააქვს, „დღეს ავტობუსიც გაფუჭდა, შუა სოფელში გაჩეჩდა“, ნახევარი საათი დაიგვიანაო.
„ხელისუფლება მარტო მის თავზე ზრუნავს, მათი სკამებისთვის, პრემია მათია, დანამატი და ბანკიც,“ – გვიყვება თამაზ დიდმანიძე და სოფლის დაცარიელებაზეც წუხს:
„სკოლაში 70 ბავშვიდან 40 ბავშვი დარჩა, 27 მასწავლებელია. ძაბლავეთის სკოლაში [4 კლასი] კი, 2 ბავშვია და 5 მასწავლებელი,“ – ამატებს თამაზ დიდმანიძე.
რა მოხდება, თუ ისევ ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში? – ვეკითხები დამშვიდობებამდე ცოლ-ქმარს.
„ხალხი ღარიბდება“, – ამბობს თამაზ დიდმანიძე.
„შიმშილობა“- მოკლე პასუხი აქვს თამარა მუთიძეს.
რატომ არ ასრულებს კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“ სოფელ მარადიდში დაპირებებს? – „ბათუმელები“ ამ კომპანიის წარმომადგენელს, გიორგი ნაკაშიძეს დაუკავშირდა. მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა, რომ საქართველოში არაა და კითხვებს ვერ უპასუხებს. ჩვენი თხოვნა, რომ გავესაუბრებოდით სოციალურ ქსელში, ან კომპანიის რომელიმე სხვა წარმომადგენელს – უპასუხოდ დატოვა გიორგი ნაკაშიძემ.
„ბათუმელების“ შეკითხვას არც კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოხმაურებია ვინმე.
„მე ვერ დაგელაპარაკებით,“ – მოკლედ მხოლოდ ეს გვითხრა ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენელმა მარადიდში, ილია დიდმანიძემ.
რაც შეეხება ხელვაჩაურის მერიას, აქ პრესცენტრი ინფორმაციის მოწოდებას ჯერ კიდევ 18 ივლისს დაგვპირდა, თუმცა შეწმდეგ დღეებში საერთოდ აღარ უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს.
ტელეფონზე არც ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ გვიპასუხა.