მთავარი,სიახლეები

„ქოცაქტივი თუ შეგხვდებათ გეტყვით, რომ კმაყოფილია“ – რას ჰპირდებოდნენ მარადიდს და რა შეუსრულეს

10.08.2024 •
„ქოცაქტივი თუ შეგხვდებათ გეტყვით, რომ კმაყოფილია“ – რას ჰპირდებოდნენ მარადიდს და რა შეუსრულეს

„ცხელ-ცხელი კომენტარები მოდიოდა, ეს ტროლები თუ ვიღაცები არიან დაქირავებული… მე, მარადიდელი კაცი, ჩემს გულისტკივილზე ვსაუბრობდი,“ – წინა ინტერვიუს იხსენებს „ბათუმელებთან“ მარადიდში მცხოვრები ხუსეინ დიდმანიძე და იმ თავდასხმებს, რაც სოციალურ ქსელებში წაიკითხა თავის ვიდეო კომენტარზე.

„ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის სოფელ მარადიდის პრობლემებზე რეპორტაჟი 2024 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა. ამჯერად დავინტერესდით: რა შეიცვალა სოფელში პრობლემების მედიაში გაშუქების შემდეგ? რა იცვლება ხელისუფლების საჯარო კრიტიკით?

ხუსეინ დიდმანიძეს არ გასჭირვებია კომენტარებში ტროლების ამოცნობა. არც ის, რომ ხელისუფლება, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, კრიტიკული აზრის ჩახშობას, მათ შორის, მოქალაქეებზე ტროლ-ბოტების შესევით ცდილობს.

„თავს მიხედონ… მასე გაყვებათ მთელი ცხოვრება – დაპროგრამებული იქნებიან,“ – ტროლებთან გვაბარებს ამჯერად გზავნილს ხუსეინ დიდმანიძე. მერე მდინარის პირას ჯდება და იმას გვიყვება, რომ სოფელი ისევ წყალს მიაქვს, ტრანსფორმატორის პუნქტი მდინარეშია და მას შემდეგ, რაც დენმა მის შვილს დაარტყა, ტრანსფორმატორი ორწლიანი ლოდინის შემდეგ, უსაფრთხო ადგილზე, როგორც იქნა, გადაიტანეს.

ხუსეინ დიდმანიძე

„გადაიტანეს, რადგან ძალიან ახმაურდა ეს საქმე,“ – კაცი, რომელსაც მდინარეში თევზაობის დროს დენმა დაარტყა და ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, ხუსეინ დიდმანიძის შვილია. – „თურმე შეიძლებოდა მისი გადატანა აქამდეც. ორი დღე შუქიც არ გათიშა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, რომ კომპანიას ტრანსფორმატორი გადაეტანა, 4-5 საათი დასჭირდათ, დღის ბოლომდე მორჩნენ.

ეს რას აჩვენებს და უყურადღებობას.

ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს კომპანიასთან საფლავების გადატანაზე – საფლავები იტბორება. 2500 ლარს გვთავაზობენ, მაგრამ ჯერ მიცვალებული გადაასვენეთო… ეს მოქმედებს მორალურად, ფსიქიკურად, 40 წელია დასვენებული და ახლა გადაასვენე,“ – წყენა ეტყობა ხუსეინ დიდმანიძეს. მარადიდში დატბორილ საფლავებს შორის მისი შვილის საფლავიცაა.

კომპანიამ „აჭარა ენერჯი 2007“, რომელმაც ხელვაჩაურში ჰესი მოაწყო, მდინარე დააგუბა და სოფელ მარადიდს პრობლემები შეუქმნა, მოსახლეობის თქმით, დაპირებები არ შეუსრულებია: გზები და გარეგანათება, ღობეები, რაც ჰესის მოწყობის დროს აიღეს, სტადიონი, სკვერი და საბავშვო ბაღი…

მარადიდელები დასძენენ იმასაც, რომ ეს ხელისუფლების ბრალიცაა, რადგან „შუამავალი“ თვითონ იყო – არც ხელისუფლებას შეუსრულებია რომელიმე დაპირება.

„ხელვაჩაურის მერი ამბობს, შუამავლის ფუნქციას ვასრულებო, წინამორბედი მერი – ჯუმბერ ვარდმანიძეც იგივეს ამბობდა – შუამავლის როლს ასრულებდა ისიც,“ – სიტუაციას აბსურდულობის გამოხატვას ცდილობს ხუსეინ დიდმანიძე.

რა გამოდის? – ვეკითხებით მარადიდელ კაცს.

„ხალხის მოტყუება გამოდის,“ – მდინარისკენ იყურება ისევ ხუსეინ დიდმანიძე.

ხელვაჩაური, სოფელი მარადიდი

„ივანიშვილი გაათავისუფლონ იქედან და ყველაფერი აეწყობა ყველანაირად,“ – მეზობელთან გადასული ფადიმე დიდმანიძე გვიყვება, ხელისუფლების ბრალია, დაპირებები რომ არ სრულდება, ომიანობის დროს არ ვიყავით ასეთი გაჭირვებულიო.

„ივანიშვილი მარტო ტყეში კაი სახლი დადგას და იქ ფრინველები გააშენოს, ის უნდა, მარტო მისკენ იფხანს,“ – ბრაზდება ნათელა დიდმანიძე.

ფადიმე და ნათელა დიდმანიძეები

„წაგვართვეს მინდვრები, ცხოვრება წაგვართვეს,“ – დარდობს ფადიმე დიდმანიძე.

„სიმინდი არა, ლობიო – არა, რამე – არა… ახლა, ამ ბავშვებს ცეცხლი ეკიდებათ თამაშობისთვის, ის მოედანი მოედანია?“ – გვეკითხება ნათელა დიდმანიძე და ეზოში მოთამაშე ბავშვებისკენ გვახედებს, იცის, სოფლის ცენტრი რომ ამოვიარეთ მის სახლამდე და დაშლილ სტადიონსაც ვნახავდით.

„ძაღლი პატრონს რომ ვერ იცნობს, იმ დროში ვცხოვრობთ ახლა, მათ რა ცხოვრება აქვთ, რამდენი ფარა აქვთ გაფლანგული, ჩვენ რამე გვაქვს გაფლანგული? ჩვენი მთავრობის ხელში რამე არ იქნება,“ – უიმედობის ნიშნად ხელს იქნევს ნათელა დიდმანიძე.

როგორ დავაღწიოთ თავი რუსეთს? – ვეკითხებით სახლის პირველი სართულის აივანზე ჩამომსხდარ მეზობლებს.

„რუსი არ გვინდა, რუსი არ გვინდაო და კიდევ რატომ წავიდნენ რუსეთის მხარეს?“ – გაბრაზებულია ნათელა დიდმანიძე.

„ევროპა კარგია, ყოველთვის შენი კუთხე კარგია, მარა კაი შეხედვა უნდა ყველაფერს, სათაოში კაი ადამიანი უნდა იყოს,“ – მეზობელს სიტყვას აწყვეტინებს ფადიმე.

„რუსეთი საიდანაა კაი, როცა უკრაინას რა უქნა? 200 ბავშვი ერთ დღეში მოსპეს. რათ მინდა რუსეთი, რომ ყიამეთებს უყურო?“ – მოგვიბრუნდა ისევ ნათელა დიდმანიძე.

„ჩაცხეთ, გო? დაგიჭირვენ,“ – ეზოში კიდევ ერთი მეზობელი ჩნდება. მან მეზობლებს ხუმრობით გაჩუმებისკენ მოუწოდა, ყველაფერი საშიშია ამ დროშიო.

„იმას რომ ვუყურებდი, ჩემთვის მარტო ვტიროდი, ვისი ბრალია უკრაინის ბრძოლა? – პუტინის“, – სათქმელი ბევრი აქვს ნათელა დიდმანიძეს.

„ერთი და იგივე სიტუაცია გამოდის, წყლის ნაყვა,“ – თხილის ბაღის ბოლოში, დედამთილის საფლავთან შეგხვდა ირინე დიდმანიძე. ეს საფლავიც დაახლოებით 4 თვე დატბორილა.

ირინე დიდმანიძე

მისი დედამთილი თხილის ბაღის ბოლოში ჯერ კიდევ მაშინ დაკრძალეს, როცა მდინარე ჭოროხზე ჰესის აშენების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ირინეს ოჯახი კომპანიას გაურიგდა, თუმცა არ ელოდნენ მდინარის ისე დაგუბებას, საფლავებს საფრთხე რომ შექმნოდა.

„ჩემი მეუღლეც ამ საკითხზე ნერვიულობას გადაყვა… არ მოდის არავინ, ჟურნალისტების გარდა,“ – გვიყვება ირინე დიდმანიძე. „- ხელშეკრულება გვაქვს, რომლის მიხედვითაც ის სახლი უნდა დამეცალა, სადაც ახლა ვცხოვრობ, მაგრამ კომპანიას ჰქონდა ვალდებულება სხვა მიწის ნაკვეთზე, ამავე სოფელში, ჩვენთვის სახლი აეშენებინა. ეს პირობა არ შესრულდა, საფლავებიც ამ დღეშია… თვითონ არ ასრულებენ პირობას და მე რატომ შევასრულო?“ – კითხულობს იგი.

თხილის სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა მარადიდელების თქმით, მოსავალი წელსაც გააფუჭა ფაროსანამ, შეწამვლას კი საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ. დაახლოებით 3 ლარი ღირს წელს თხილიო, გვითხრეს მარადიდელებმა.

რომელიმე დაპირება თუ გახსენდებათ წინა არჩევნებიდან, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა? – ვეკითხებით ირინე დიდმანიძეს.

„დაპირებები დაპირებებად დარჩა, არაფერი არ გაკეთებულა, არც პარკი, არც გზა და გარეგანათება,“ – გვითხრა ირინე დიდმანიძემ.

„ოცნება“ რითია დაინტერესებული და მარტო ჯიბეებით“ – ორივე ხელი შარვლის ჯიბეებისკენ მიაქვს ისრაფილ მეგრელიძეს. მასაც სოფლის გზაზე შევხვდით. პენსიონერმა კაცმა თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა, დაახლოებით ერთი წლის წინ მივმართე ხელვაჩაურის მერიას სახურავის გამოცვლის მოთხოვნით და ამ დრომდე პასუხი არ მიმიღიაო.

ისრაფილ მეგრელიძე

„რაიონში ვიყავი, დავწერე განცხადება და ველოდები პასუხს, მოვალთ, მოვალთო… რაიონის გამგეობაში რომ მივედი, იქ დაცვა მუშაობს, მითხრა, მაინც ვერ ნახავ სამართალსო, მართალი ხარ-მეთქი, ვუთხარი. ავტომატი მოვიტანო, თუ რა ვქნა?“ – მეზობლებს მიმართავს ისრაფილ მეგრელიძე და გაღიმებას ცდილობს, მერე კი, ამბობს, პენსიონერი ვარ მე და ჩემი ცოლიც, პენსია 415 ლარი გვაქვს და არ გვყოფნის, ყავა ხომ უნდა ვიყიდო აუცილებლადო.

ისრაფილ მეგრელიძეს ქვეყნისთვის ევროპული მომავალი უნდა, თუმცა ხედავს, რომ უკან ვიხევთ.

„ევროპა მინდა, შესვლა კაია, შევალთ ევროპაში, მარა ამ შესვლას მისი წესი აქვს, მაშინ იმ დონეზე უნდა გქონდეს, ბიძგი უნდა ცოტა, რომ გაუთანაბრდე, უკან-უკან რომ ვიხევთ, რა გამოვიდა?

მე რომ ვიყო მეზობელი, მაგალითად, არ მიგიღებ ასე.

ევროპაში წასვლა-მოსვლა მეტი, ანაზღაურება მეტია, ჩვენები მიდიან თურქეთში თხილის საკრეფად და ისინი გერმანიაში გადიან, იქ ანაზღაურება კარგია, კულტურის დონეც მეტია, ქურდობა არაა, მოწესრიგებულია ყველაფერი, ჩვენთან არაა წესრიგი და არც იქნება,“ – გვემშვიდობება ისრაფილ მეგრელიძე.

„ვინ არის კმაყოფილი, არ ვიცი, ქოცაქტივი თუ შეგხვდებათ და გეტყვით, რომ კმაყოფილია… 10 ადამიანი მეეზოვედ დაასაქმეს, 2-3 საფლავების მომვლელად, აქტივს სოციალურები გაუკეთეს… თბილისის მერი რომ იყო, უგულავა, რისთვის გაასამართლეს? მაშინაც წინასაარჩევნოდ დაბერეს შტატები,“ – გვიყვება მარადიდში მცხოვრები თამაზ დიდმანიძე.

ჰესის მფლობელ კომპანიასთან, „აჭარა ენერჯი 2007“- თან სასამართლო დავა აქვს თამაზ დიდმანიძესაც – საფლავების გარდა, დატბორილია მისი თხილის ბაღიც.

თამაზ დიდმანიძე

მარადიდელები გვიყვებიან, რომ წყლის დონემ ბოლო თვეებში კიდევ უფრო მოიმატა. თამაზ დიდმანიძე ამბობს, რომ სახლსაც მიადგა ჭოროხი და ამ გზით კომპანია საკუთრების დათმობას აიძულებს.

უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება თამაზ დიდმანიძის ოჯახს კომპანიასთან „აჭარა ენერჯი 2007“ 2018 წელს გაუფორმებია. ამ ხელშეკრულების მიხედვით, თამაზ დიდმანიძეს სახლ-კარი და მიწის ნაკვეთი უნდა დაეთმო სულ 4873 კვადრატული მეტრი, რაშიც 376 800 ლარს გადაუხდიდნენ.

თუმცა საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებამდე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსი უნდა შეეცვალათ და იგი არასასოფლო-სამეურნეო უნდა გამხდარიყო. თამაზ დიდმანიძე ამბობს, რომ მას წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ჩაურიცხეს, მაგრამ საბოლოო შეთანხმება არ არსებობს, მას, მისი მეზობლებისგან განსხვავებით, უსამართლო თანხა გადაუხადეს და ხელშეკრულების გაბათილება მოითხოვა.

„საფლავებს არ ითვალისწინებდა ეს ხელშეკრულება, საფლავებზე მოლაპარაკება საბოლოო შეთანხმების შემდეგ უნდა ყოფილიყო,“ – განმარტავს თამაზ დიდმანიძე და საჯარო რეესტრის ამონაწერსაც გვაჩვენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ მისი საკუთრებაა.

კომპანიას მოქალაქის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიუმართავს – მიწა დაყადაღებულია, თუმცა თამაზ დიდმანიძე სახლ-კარის დატოვებას არ აპირებს. იგი მიიჩნევს, რომ უსამართლო პირობებით გაფორმებული წინარე ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.

რატომ აწყობს „ოცნების“ ხელისუფლებას დაახლოება რუსეთთან? – ქვეყნის ამბებზეც ვესაუბრეთ თხილის დატბორილ ბაღში თამაზ დიდმანიძეს.

„იმიტომ აწყობთ, რომ 40 პარლამენტარი მილიონერი გახდა, მართლა „კალოშებით“ მისული ხალხი, აწყობთ იმიტომ, რომ მათ გემოზე მართავენ…

აღმოჩენილი არ ვართ უკვე რუსულ ორბიტაზე? რუსეთის ჭკუით ხდება ყველაფერი, რუსეთში ხდება მარტო ამნაირი რამე, ამნაირი რამ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება.

სიკეთეს რომ ბოროტებისგან ვერ გაარჩევ, იქ უკვე საუბარი ზედმეტია. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამდენი გრანტი და დახმარება მივიღეთ ევროპიდან, აშშ-დან, გზებიც ამით გაკეთდა და ამბულატორიებიც. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ერთი 1000 დოლარით არ დახმარებია რუსეთი საქართველოს. ხელისუფლება ხელს კრავს, ვინც გვეხმარება – მოყვარეს და მტერს, ოკუპანტს ეუბნება, მობრძანდიო და თავზე ისვამს.

ისეთი კანონი მიიღეს, რომ მაგ კანონის ყველა გლეხს უნდა ეშინოდეს. მე რომ ახლა გელაპარაკებით, შეიძლება ერთი წლის შემდეგ ასე ვეღარ დაგელაპარაკოთ, დაპატიმრებული ვიყო, ან გაქცეული. გლეხი ვარ, მაგრამ ვხდები, საითაც მიდის ეს კანონი…

ამათ არაფერი არ უნდათ, რა მშვიდობა? აბოლებენ გლახაჭუნებს, თორემ მშვიდობა მათი შექმნილია ქვეყანაში?“ – კითხულობს თამაზ დიდმანიძე.

შევხვდით ისეთ მარადიდელსაც, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას მხარს უჭერს, თუმცა მასაც ევროპა სურს.

როგორ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, როცა „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ევროპისკენ მიმავალ გზას კეტავს? – ვკითხეთ, მაგალითად, დავით დიასამიძეს. მისი აზრით, არასწორია გამოთქმა, „საქართველო რუსეთს უახლოვდება“, ან ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო.

დავით დიასამიძე

„ევროპას უნდა დავუახლოვდეთ, მეტი გზა არაა, მაშინ გარიყული ვიქნებით, როგორმე უნდა მოლაპარაკდნენ, ევროპის კულტურა და განვითარება სხვაა, ეკონომიკურადაც უკეთესია, ყველა მიილტვის ევროპისკენ, ეს ხომ ტყუილი არ არის?“ – გვითხრა დავით დიასამიძემ.

რაც შეეხება სოფლის პრობლემებს, დავით დიასამიძე მიიჩნევს, რომ მარადიდს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი უნდა ჰქონდეს.

„რადგან მცირემიწიანიაა, სასაზღვრო სოფელია, კომუნისტების დროიდან იყო ეს შეღავათი, ახლა აღარაა,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ დავით დიასამიძემ.

სოფლის გზაზე ნიკა მეგრელიძეს ვხდებით. ის თავის დაკვირვებას გვიზიარებს, ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერს შეაგუოს ხალხიო. როგორი იყო მისი რეაქცია, მაგალითად, როცა ნახა, რომ პრემიერი კობახიძე ირანში ჩავიდა და ტერორისტების გვერდით დადგა?

„ჩვენი ხალხი ისეა მიდრეკილი, რომ მიეჩვიოს ყველაფერს – შეგუების პროცესშია, მეც მასე ვიყავი სამწუხაროდ. ახლა ალბათ არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ხალხმა თავისი ძალა უნდა აჩვენოს არჩევნებზე.

უნდა ვიმოქმედოთ თავის დროზე, თორემ ყველაფერი თუ გადაიწურა ამ ქვეყანაში, მერე არაფერი გვეშველება.

ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ის, რომ დაპირებებს არ ასრულებენ. ეს არის ხალხის უგულებელყოფა და მანიპულაცია. ცვლილებებისთვის ახალი ძალაა საჭირო,“ – მიიჩნევს ნიკა მეგრელიძე.

ნიკა მეგრელიძე

დამეწყრილ გზასთან  შემხვედრმა კაცმა კი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა მიგვანიშნა, სათქმელი ბევრი მაქვსო.

„არჩევნების მერე გეტყვით ყველაფერს, შეიძლება უკეთესობა იქნას,“ – მის სახლთან მეწყრის შედეგად ჩამოშლილ გზას გადახედა და ვერ გვითხრა, გზას როდის გაამაგრებენ, ან მეწყრის საწინააღმდეგოდ რამე თუ გაკეთდა მის სახლთან.

„ყველაფერი არ ითქმება, ტყული დაპირებებია, ტყუილი… ჩვენი ლაპარაკით რამე შეიცვლება? არ შეიცვლება,“ – ხელი ჩაიქნია მან და შემდეგ ისევ შეჩერდა, როცა ვუთხარით, რომ კრიტიკას და ხმის ამოღებას, ხალხს დიდი ძალა აქვს.

„ვის ეგონა, რომ კომუნისტები გადავარდებოდა?“ – მგზავრი დამშვიდობებას არჩევს.

დამეწყრილი გზა სოფელ მარადიდში – მოსახლეობის თქმით, მეწყერი აქ რამდენიმე თვის წინ ჩამოწვა, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა

„ჩვენ დაპირებებს აღარ ვიღებთ, ჩვენი ფსიქოლოგია გამომუშავდა, მხოლოდ შედეგი გვინდა,“ – კატეგორიულია ნიკა დიდმანიძე. ის მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მერი „შუამავლად“ არ უნდა მიიჩნევდეს თავს, როცა მარადიდში ცხოვრება უარესდება და ხალხი სოფელს ტოვებს.

ნიკა დიდმანიძე

„ჩვენ, მოქალაქეები არ ვართ ის პირები, რომლებიც საბუთებში ვეძებთ სიმართლეს. ამისთვის გვყავს დანიშნული პირები გამგეობაში, სხვა დაწესებულებებში, რომ მათ დაპირებებზე პასუხი აგონ.

შუამავალი შეიძლება იყოს ვინმე სხვა, მაგრამ შენ მე აგირჩიე იმიტომ, რომ ჩვენზე იზრუნებ,“ – განმარტავს ნიკა დიდმანიძე.

„ორი წელი წყალში იყო ეს ტრანსფორმატორი, სანამ ჩემი უბედური შემთხვევა არ მოხდა – დენმა დამარტყა და ძლივს გადავრჩი,“ – იმ დღეს იხსენებს როინ დიდმანიძე, მდინარეზე სათევზაოდ რომ წავიდა, ბამბუკი გაშალა და დენმა დაარტყა.

მას შემდეგ, რაც ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, ტრანსფორმატორს ადგილი შეუცვალეს, თუმცა როინ დიდმანიძე იმავე ადგილზე მაღალ ელექტროგადამცემ ბოძზე მიგვანიშნებს, რომელიც ჯერ კიდევ მდინარეშია.

 

„რომ მოხდა ეს ამბავი, მეორე დღეს აქ იმდენი მანქანა იდგა, მიხვდნენ, უკვე სხვანაირად წავიდა საქმე, ორი წელია ეს ტრანსფორმატორი წყალშია, თურმე შეიძლებოდა…

ახლა სკვერის მოწყობის სამუშაო განაახლეს მაქვე, ბეტონია ჯერ დასხმული მხოლოდ. საუკუნის დაუსრულებელი სკვერი გახადეს ესეც… ყველაფრის მოგვარება შეუძლია თორნიკე რიჟვაძეს, ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი. არ აქვს აზრი სასამართლოსთვის მიმართვას, რეაგირებას არ მოახდენე, მათ არიან ჩამჯდარი,“ – გვიყვება როინ დიდმანიძე.

როინ დიდმანიძე

როინ დიდმანიძის აზრით,, „ოცნების“ ხელისუფლებას რუსეთთან დაახლოება აწყობს, რომ შემდეგ „თავის ჭკუაზე ატარონ ყველა“, მაგრამ ძალა ხალხშია:

„მთელი საქართველო უკვე რუსეთის ხელშია, ვინაა შემოსული, რას წარმოადგენს, რის ჩამდენია, ვინმე ამის კონტროლს აკეთებს?

რუსეთი რომ ოკუპანტია, იცის მთელმა მსოფლიომ, მარტო საქართველოს გამო კი არაა, როგორც წითელი ზონა, ისეა მონიშნული.

„ოცნებას“ ეს აწყობს, რომ მის ჭკუაზე ატაროს ყველა, რუს შემოიყვანს და ყველაფერში გამოიყენებს, რუსეთიდანაა ივანიშვილიც ჩამოსული და რუსეთმა დასვა, ქართველი არავის აინტერესებს, გინდა? წადი გერმანიაში, თანამდებობები პოლიციელებმაც დატოვეს და წავიდნენ…

ბოლო არჩევნებია მოსული, თუ არაფერი არ ეშველა, ერთი გზა მაქვს – პირდაპირ თურქეთში უნდა გადავიდე, აზრი არ აქვს, აქ ყოფნას.

მაფიოზები რა, აბაშიძე და შევარდნაძე არ იყვნენ? რუსული ლენტი გაავლეს და მაფიზობას თამაშობდნენ, მაგენი გაუშვეს და ესენი ვინ არიან? ხალხმა თუ მოინდომა, პოლიცია კი არა, ვინმე რამეს ვერ უშველის,“ – გვითხრა როინ დიდმანიძემ.

____

ამ თემაზე:

„კარგია აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, ამ მუშაობით მილიონერი ვიქნებოდი“ – რას ამბობს ხალხი მარადიდში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: