მთავარი,სიახლეები

„მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – მთავარი არხი განცხადებას ავრცელებს

01.05.2025
„მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – მთავარი არხი განცხადებას ავრცელებს

„მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – ამ სიტყვებით იწყება განცხადება, რომელიც „მთავარმა არხმა“ დღეს, 1-ელ მაისს გამოაქვეყნა ვებგვერდზე.

„5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს “ქართული ოცნება”.

ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ “მთავარი არხის” თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვითა და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა “მთავარი არხი” და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი – სოციალური ქსელები და ვებგვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით “მთავარი არხის” გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო.

მომავალ შეხვედრამდე“ – ნათქვამია განცხადებაში.

15 თებერვლიდან „მთავარმა არხმა“ ყველა გადაცემა შეაჩერა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, რადგან ტელევიზიას ყოველდღიური ოპერირების სახსრები აღარ ჰქონდა. „მთავარი არხის“ განცხადებით, არხის თანადამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა არხს ფინანსური კრიზისი ხელოვნურად შეუქმნა.

„მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა 2019 წლის 9 სექტემბერს დაიწყო. სატელევიზიო არხის გუნდი ძირითადად შედგებოდა „რუსთავი 2“-დან გათავისუფლებული და წამოსული თანამშრომლებისგან.

_______________

ფოტოზე: ილუსტრაცია „მთავარი არხის“ განცხადებიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: