ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია სანაპიროზე 300 ათასი ლარად საგუშაგოებს მოაწყობს და შსს-ს გადასცემს

30.04.2025
ბათუმის მერია სანაპიროზე 300 ათასი ლარად საგუშაგოებს მოაწყობს და შსს-ს გადასცემს

ბათუმის მერია ზღვისპირა ზოლში სტაციონალურ საგუშაგოებს მოაწყობს და მათ შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს გადასცემს. 10 საგუშაგოს მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 390 ათას 243 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2025 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა 10 ჯიხური ივლისამდე უნდა მოაწყოს.

რატომ იხარჯება სამაშველო ჯიხურებში ფული ქალაქის ბიუჯეტიდან და რატომ არ აწყობს მათ შსს? სად უნდა განთავსდეს ეს ჯიხურები? რა პირობებით გადაეცემა ისინი შსს-ს? შეთანხმებულია თუ არა დაგეგმილი სამუშაოები ბათუმის ბულვართან და პასუხობს თუ არა ამ ჯიხურების დიზაინი ბულვარის გენგეგმას? – ამ და სხვა კითხვებზე კონკრეტული პასუხები „ბათუმელებმა“ ამ დრომდე ვერც ბათუმის მერიის სამმართველოდან მიიღო და ვერც ბულვარის ადმინისტრაციისგან.

„სამუშაოს შესრულების კონკრეტული ადგილები/მისამართები შემსყიდველის მხრიდან წერილობითი ფორმით გაეგზავნება მიმწოდებელს“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში. ამასთან, „შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან“.

ქალაქის სამმართველოს ტენდერის მიხედვით საგუშაგოები იმ პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, რომელი პროექტითაც ტენდერი 2019 წელს ბულვარის ადმინისტრაციას ჰქონდა გამოცხადებული. ბულვარმა მაშინ 5 საგუშაგო შეისყიდა და შსს-ს გადასცა.

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საგუშაგოები შსს-ს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით შენდება“ და მათ მერიისთვის პროექტი არ გადაუგზავნიათ. დოკუმენტების მიხედვით აღნიშნული პროექტის მესაკუთრე შინაგან საქმეთა სამინისტროა. „საგუშაგოები ალბათ შსს-ს გადაეცემა“ – გვითხრეს მერიის სამმართველოში.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 2019 წელს ხუთ ცალ საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო შენობაში [კოშკურაში] 118 ათას 835 ლარი გადაუხადა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიკას“. ტენდერი ბულვარს 150 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ნახეთ ამ თემაზე: 

ბათუმის ბულვარი სანაპიროზე სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურებს ააშენებს

 

მთავარ ფოტოზე: საგუშაგო კოშკი ბათუმის სანაპიროზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: