„ზოგადად, ადამიანებს შიშისა და ტერორით მმართველობის სიტუაციაში სხვადასხვა ტიპის რეაქციები აქვთ. ვიღაც გაიქცევა, რადგან თავის ადგილს ვეღარ იპოვის საზოგადოებაში, ვიღაც აბსოლუტურად დამორჩილდება სისტემას და ვიღაც, ვინც არ შეწყვეტს ბრძოლას, აღმოჩნდება ციხეში, ან შეიძლება ფიზიკურად გაანადგურონ, რადგან ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც ბუნებრივად, ბიოლოგიურად მუშაობს ადამიანში, ამ სამიდან ერთ-ერთი გზის არჩევისკენ გიბიძგებს.
ჩვენ არც ერთი არ გვინდა. და აქ უკვე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ჩვენ ეს როგორმე უნდა გადავიტანოთ“ – ამბობს მაია ცირამუა, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მწერალი.
მაია ცირამუას „ბათუმელები“ ესაუბრა პოლიტიკური კრიზისით გამოწვეულ სტრესსა და მისი დაძლევის გზებზე.
- ქალბატონო მაია, საზოგადოების დიდ ნაწილს ფაქტობრივად უწევს საგანგებო რეჟიმში ცხოვრება. „ოცნების“ ხელისუფლებამ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო 29 აპრილს და უკვე გვიწევს იმის ყურებაც, როგორ უვარდება პოლიცია დილის 9 საათზე ფეხმძიმე ქალს სახლში, როგორ ხდებიან ბავშვები ამ ტერორის შემსწრე. როგორ შეიძლება გადარჩე ასეთ რეალობაში?
რას ნიშნავს გადარჩენა? როგორ გვესმის ჩვენ? – აქ ლაპარაკია ფიზიკურ გადარჩენაზე, კეთილდღეობის შენარჩუნებაზე, შეგუება-ადაპტაციაა გადარჩენა თუ ის, რომ გადაარჩინო შენს თავში ადამიანი, ღირსება გადაარჩინო, გადაარჩინო ფასეულობები?
პასუხი კითხვაზე – როგორ გადავრჩე, უკავშირდება ჩვენს პიროვნებას, ჩვენს ხედვებს, ჩვენს ფასეულობებს.
ჩემთვის გადარჩენა ნიშნავს დარჩე შენი თავისადმი ერთგული, არ დაკარგო ემპათიურობა, არ ჩავარდე მორალურ კოლაფსში, არ დაგვემართოს ის, რაც დაემართა ამ ქვეყანას ერთი საუკუნის წინ, არ დააბეზღო, არ გახდე დამსმენი და არ გახდე ნაწილი ამ სისტემის, როგორი სისტემის შექმნასაც ცდილობენ.
აქედან გამომდინარე, ვიღაც გადარჩება ფიზიკურად, ვიღაც გადარჩება მორალურად და გადარჩება როგორც ადამიანი.
მთავარია, რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, რა არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე გადარჩენა ნიშნავს სწორედ იმას, რომ დარჩე ერთგული შენი ფასეულობების, მორალის და შენი ქვეყნის.
იმიტომ, რომ რა არის თავისუფლება და რა არის დამოუკიდებლობა, ეს საკითხიც კი უკვე რაღაც დევალვირებულ ფასეულობათა სისტემაში შევიდა.
„სუვერენიტეტი“, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, რეალურად, ვინც კარგად ახელს თვალს, კარგად აფასებს მოვლენებს, ხვდება, რომ ეს არის არა სუვერენიტეტი, არამედ იზოლაცია, გამოკეტვა და უკან, საბჭოთა კავშირში დაბრუნება.
ამიტომ ამ ტერორის გარდა, რომელიც არსებობს ჩვენ გარშემო, ბევრი დაბნეულობაცაა ადამიანის ცნობიერებაში, რადგან იარაღი, რომლითაც გვებრძვის რეჟიმი, ერთი – ეს არის შიშზე დამყარებული მმართველობა და მეორე – ეს არის სრული კოგნიტური მანიპულაცია, რომელსაც აწარმოებენ პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, ტროლები, ბოტები და ასე შემდეგ. ამიტომ ამის ანალიზი არის მნიშვნელოვანი, თუკი გადარჩენაზე ვლაპარაკობთ.
რაც 29 აპრილს მოხდა, რაც ხდება სასამართლო დარბაზებში, რაც მოხდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, სრულიად შემზარავია, რადგან ადამიანი (პოლიციის ყოფილი უფროსი) ფაქტობრივად ცრუობს, ყველამ იცის და მე მგონი თვითონაც იცის, რომ სიცრუეს ამბობს და ეს ფრაზა, რომ „ისეთი ხმა იყო [ლოყაზე სილის გაწვნა იგულისხმება], რომ აქცია დაიშალა“ და ამას გიყვება მხიარული გამომეტყველებით, ფაქტობრივად, ამ დამოკიდებულებით გეუბნებიან, რომ მე შემიძლია ნებისმიერი რამე ვთქვა, ნებისმიერი რამე დაგაბრალო და მე ამის ძალა გამაჩნია.
ეს შიშის დათესვის კიდევ ერთი ინსტრუმენტია – ყველაფერი შემიძლია დაგაბრალო, ყველანაირი ისტორია შემიძლია შენზე შევქმნა და შენ თავს ვერ გაიმართლებ.
მერე კიდევ, რაც ახასიათებს ზოგადად შიშით მმართველობას და რაც ძალიან სახიფათოა და რაც ფაქტობრივად მოხდა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, ეს არის ეროზია ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის, როგორიც არის სოლიდარობა.
ფონდების დაყადაღების და სახლების ჩხრეკის ფაქტიც კარგი მეტაფორა იყო ამ სოლიდარობის ეროზიის, რადგან ადამიანებმა, ამ ფონდებმა გამოხატეს სოლიდარობა და მათთან შედის პოლიცია მოტივით – „თქვენ საბოტაჟში ხართ ეჭვმიტანილი“.
- დღეს „ოცნების“ რეჟიმმა ფაქტობრივად ქველმოქმედება და სოლიდარობა დანაშაულად გამოაცხადა, არა?! სისტემის რა მდგომარეობას აჩვენებს ეს?
დიახ, დანაშაულად გამოაცხადა ის, რაზეც დგას ადამიანის უმაღლესი მორალური სტანდარტი. სოლიდარობა წარმოუდგენელია ემპათიის გარეშე და ის, რომ შენ ეხმარები პატიმრის ოჯახს, ეხმარები ადამიანს, რომელსაც 500 ლარი აქვს ხელფასი, შშმ პირს, რომელსაც 5 000-ლარიანი ჯარიმა აქვს, მაშინ, როცა მისი შემოსავალი წელიწადშიც კი არ არის 5 ათასი ლარი, რა უნდა გააკეთოს ამ დროს საზოგადოებამ, არ უნდა დაეხმაროს?
შიშზე დაფუძნებულ მმართველობას აქეთკენ მიჰყავს საზოგადოება, რადგან მერე ადამიანი იწყებს ფიქრს – „მე ვერ შევეწირები სხვას“, „მე თავი მაქვს გადასარჩენი“ და ეს კლავს თანაგრძნობას, ყველაზე ძვირფას უნარს ადამიანში და ეს არის ძალიან საშიში.
გვამყოფებენ გახანგრძლივებულ კრიზისში. მთელი ეს რეპრესიები, რეპრესიული კანონები, მუდმივი ტერორის განცდა, დეზინტეგრაციას იწვევს საზოგადოების და ნორმალური ცხოვრების.
დღეს ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც პროტესტის გამოხატვა, სხვა ადამიანის თანადგომა, განსხვავებული აზრის ქონა უკვე საფრთხედ აღიქმება. ხვალ ეს ყველაფერი ამ ბავშვებს როგორ შემოუბრუნდებათ, რა თქმა უნდა, ამაზე რეჟიმი არ ფიქრობს, მაგრამ ამაზე უნდა იფიქროს საზოგადოებამ.
- ჩვენ ვნახეთ როგორ დატოვეს ჭიათურაში ლუკმაპურის გარეშე მაღაროელები, შემდეგ კი ორი ადამიანი დააპატიმრეს, რადგან ითხოვენ სამართალს. დღეს ოლიგარქიული რეჟიმი დგას ფულზე, ამიტომ ცდილობს რეჟიმი აქტიური მოქალაქეების გაღარიბებას ჯარიმებით, რომ ისინი დარჩნენ მარტო, სოციალურად დაუცველები და სოლიდარობის გარეშე? ამით ცდილობს გატეხოს წინააღმდეგობა?
ეს არის რეჟიმის მცდელობა, მოსპოს აქტიური საზოგადოება, დაიქვემდებაროს, აქციოს მონად, მორჩილად. სიღარიბე ყველაზე კარგი ინსტრუმენტია ადამიანის დასამორჩილებლად, რადგან შიმშილისა და უმუშევრობის შიში გაჩნდა უკვე საზოგადოებაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამოწურვადია ადამიანების მხრიდან სოლიდარობის და დახმარების რესურსიც, ამიტომ „მოთმინებით“ ელოდებიან ამას, რომ საბოლოო ჯამში ყველა გახადონ დაქვემდებარებული.
ზოგადად, ადამიანებს ასეთი შიშისა და ტერორით მმართველობის სიტუაციაში სხვადასხვა ტიპის რეაქციები აქვთ. ვიღაც გაიქცევა, რადგან თავის ადგილს ვეღარ იპოვის საზოგადოებაში, ვიღაც აბსოლუტურად დამორჩილდება სისტემას და ვიღაც, ვინც არ შეწყვეტს ბრძოლას, აღმოჩნდება ციხეში, ან შეიძლება ფიზიკურად გაანადგურონ.
ასე, რომ ჩვენ ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვართ ახლა, ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც ბუნებრივად, ბიოლოგიურად მუშაობს ადამიანში ამ სამიდან ერთ-ერთი გზის არჩევისკენ გიბიძგებს.
ჩვენ არც ერთი არ გვინდა. და აქ უკვე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ჩვენ ეს როგორმე უნდა გადავიტანოთ.
- ბრაზი როგორ მუშაობს ამ დროს?
ბრაზი განლევადია. ბრაზიც რეაქტიული რეაქციაა და ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ადამიანისგან. ჩვენ იმდენ რამეზე ვართ გაბრაზებული, რომ ეს ფაქტორები იწყებს ჩვენ გამოფიტვას და თითქოს რეცეპტორებიც გიჩლუნგდება.
- თუ ყველაფერი განლევადია, მაშინ რისი უნდა ეშინოდეს რეჟიმებს?
ეს საზრისზეა დამოკიდებული. ყველაზე მთავარი, რასაც ახლა ადამიანი შეიძლება ჩაეჭიდოს, არის ის, თუ რისთვისაც ვაკეთებთ ამას და რისთვისაც ვაკეთებთ, ეს არის ძალიან ფასეული და რისთვისაც ჩვენ ასე ვიხარჯებით, ამას აქვს გადამრჩენის ფუნქცია.
ამიტომ რეჟიმი ცდილობს, რომ კოგნიტური მანიპულაციებით გამოაცალოს საზრისი ამ მიზანს.
ჩვენ რის გარშემო ვიყავით გაერთიანებული 28 ნოემბრის შემდეგ, რამ გამოიწვია ამხელა პროტესტი? ევროპასთან ინტეგრაციის ჩაშლის საფრთხე დავინახეთ ხომ? მაგრამ დღეს, რეჟიმის მიერ დევალვირებულია ეს ფასეულობა.
იმდენი იმუშავა პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომ სასწორის სხვადასხვა მხარეს დადო ვიზალიბერალიზაცია და პატრიოტიზმი. წარმოუდგენელია ხომ? რადგან რეალობის ინვერსიას ახდენს ფაქტობრივად ეს პროპაგანდა.
რეალობის ინვერსიაა ის, რომ დღეს ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მშვიდობისთვის კეთდება. ადამიანს, რომელიც თავს სწირავს ამ ფასეულობებისთვის, იმისთვის, რომ ეს რუდუნებით ნაშენები ქვეყანა, რომელსაც საზღვრები, გერბი, დროშა გაუჩნდა და რუკაზე გამოჩნდა, აი, ამ ქვეყნისთვის რომ იბრძვის, იმ ადამიანს უსამშობლოს ეძახიან.
აგენტს ეძახიან ადამიანს, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის.
და პარალელურად იმდენი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომ ადამიანი უკვე დაიღალა ინფორმაციის გაფილტვრით, სად ტყუილია და სად მართალი, ვეღარ ერკვევა უკვე ამაში.
და რას აკეთებენ კიდევ, – მორალურ გაურკვევლობას, მორალურ განურჩევლობას ქმნიან. „ვინ რა იცის სად არის სიმართლე“, – ფიქრობს ადამიანი და ეს მას მოტივაციას ართმევს.
ოპოზიციასთან, აქტივისტებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდება. ეს კეთდება იმისთვის, რომ მორალური გამოფიტვა მოხდეს. რაღაცნაირად, ადამიანისთვის გაუგებარი გახდეს, ვის მხარეს დადგეს.
ასეთი რეალობის შექმნა უნდათ.
- ფიქრობთ, რომ აგებს სიმართლე პროპაგანდასთან?
სიმართლე აუცილებლად უნდა იყოს ყველა იმ კოგნიტური მანიპულაციის, ყველა იმ მითის საპირწონედ, რასაც რეჟიმი იყენებს.
თუ ადამიანი სიმართლეს ვერ დაინახავს, ის ვერ მიხვდება რით იმოძრაოს. როცა შენ იცი სიმართლე, იწყებ ამ სიმართლისთვის თვალის გასწორებას.
- ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ დაიღალნენ, უჭირთ ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის ატანა, შესაძლოა ბევრის მენტალური ჯანმრთელობაც გახდეს მოწყვლადი მუდმივი სტრესის ფონზე, როგორ შეიძლება გადაურჩეს ადამიანი გადაწვას ასეთ გარემოში?
ვერავინ ვერ იქნება მუდმივად შემართული, ყველა ემოცია არის ლეგიტიმური. დიახ, დაიღლები, დიახ, იმედს დაკარგავ, შეიძლება ფიზიკური პრობლემებიც გაგიჩნდეს, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ იზრუნო საკუთარ თავზე. ძალიან ბევრი ადამიანი არ აძლევს საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალებას, ერთი მეორეს უყიჟინებს – „არ გაქვს უფლება დაისვენო, შენ ბრძოლის ველზე უნდა იყო“, მაგრამ ადამიანს სჭირდება ამოსუნთქვა.
უდაბნოს ვერ გაივლი, თუ ოაზისს არ იპოვი და ასეთი ოაზისები აუცილებლად უნდა გვქონდეს.
- ამის დროს გვაძლევს რეჟიმი? ზოგჯერ იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები…
ცხადია, ეს გათვლილი აქვს რეჟიმს, მაგრამ ომის დროსაც კი როტაცია ხდება ადამიანების. ვიღაც წინა ხაზზეა, ვიღაც ზურგში გადმოდის. ძალების გადანაწილებაზე შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამაზე ბევრი ფაქტიც არსებობს, ბევრი კვლევაც არსებობს, მაგრამ ფაქტობრივად ეს არის კონსოლიდაცია, სოლიდარობა საზოგადოებაში, თვითზრუნვა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფის დონეზე და ის, თუ რისთვის იბრძვი, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს.
და იდეაა აქ მთავარი მედროშე. შეუპოვარი იდეის ერთგულებაა, რაც საბოლოო ჯამში გამოფიტავს ხოლმე რეჟიმებს. მარტო ჩვენ არ ვიფიტებით, ისინიც იფიტებიან.
რაღაც ეტაპამდე, როცა მათ ხელშია ძალაუფლება, ყველა ინსტრუმენტი, ისინი ახერხებენ თავიანთი ფრუსტრაცია გადაფარონ სისასტიკით და ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ.
ზოგჯერ მორალურ კოლაფსს ყველა ვერ უძლებს, ვიღაცას ეს ანგრევს, ვიღაცას შვილი აუმხედრდება და თანდათან გამოფიტვას ექვემდებარება ორივე მხარე.
ჩვენ გვაქვს იდეა, მათ არ აქვთ. ჩვენ გვაქვს საზრისი, რომელიც არის ძალიან მომხიბვლელი, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისე მოხდა, რომ ამ ეპოქამ და ამ დრომ, რაც ხდება ახლა საქართველოში, ყველაფერი გააცოცხლა, რაც ისტორიის წიგნებში, რაც მხატვრულ ლიტერატურაში წაგვიკითხავს.
გაცოცხლდა სიტყვა „გმირობა“, გაცოცხლდა სიტყვა „ღალატი“, ყველა სიტყვა ნამდვილი გახდა, ყველა სიტყვამ თავისი საზრისი მოიტანა და რა თქმა უნდა მოიტანა იდეა, რომ ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ.
რა თქმა უნდა, ვიღაცებს უნდათ, რომ ჩვენ ქვეყნის გადარჩება გვესმოდეს როგორც მონობა, მორჩილება, რუსეთის უკანა ეზოდ ქცევა, მაგრამ რეალურად, როცა საკუთარ თავთან რჩება ადამიანი, ყველა ხვდება, რა თამაშს თამაშობს ის დღეს და ყველა მოთამაშე არ დარჩება იმ თამაშში, რასაც დღეს რეჟიმი გვთავაზობს.
ამიტომ ჩვენი მთავარი საზრისი ყოველთვის იქნება გზამკვლევი ამ ომში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ვიბრძვით სიმართლისთვის, დემოკრატიისთვის და რაც უფრო მეტად ცდილობენ ამ ხატების დამახინჯებას, მით უფრო მეტად იმატებს სურვილი, რომ ეს ქვეყანა გადაარჩინო.






