თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე და სინდისის კიდევ 7 პატიმარი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე დასანქცირებულმა მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა დღეს, 2 მაისს მიიღო.
მოსამართლემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების საფუძვლად „ახალი დანაშაულის“ ჩადენის შესაძლო რისკი დაასახელა.
„აქამდე სასამართლოებზე მე არაერთხელ გამიჟღერებია წინააღმდეგობის იდეა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს გავაჟღერე სამართლებრივ ჩარჩოში, რადგანაც ეს არის ღვთისგან ბოძებული უფლება, რომელსაც სახელმწიფო აღიარებს და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ანარქიას. ეს პირიქით გულისხმობს იმას, რომ სასამართლო ინსტიტუტს და ზოგადად მოსამართლის ინსტიტუტს ზოგადად პატივს უნდა სცემდე.
…მიმალვის შემთხვევაში მოცემულობა ის იყო, რომ პოლიციასთან, კრიმინალურ პოლიციასთან წინააღმდეგობა საერთოდ არ ყოფილა. სახლში მოსვლის დროს თავად გავუღე კარები. პოლიციელთან დაძაბული კომუნიკაციაც კი არ ყოფილა. არც ერთი პოლიციელი არ ამბობს წინაღმდეგობა გამიწიაო და მაშასადამე კანონმორჩილად ჩატარდა ჩემი მხრიდან ეს პროცესი.
თუ ფიზიკური სივრცის შეზღუდვაა თვითმიზანი მიმალვასთან დაკავშირებით, წინასწრი პატიმრობა იმდენად რადიკალური ფორმაა, რომ ჩარჩოებში არ ჯდება,“ – უთხრა ზვიად ცეცხლაძემ მოსამართლეს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღევანდელ სხდომაზე არაერთგზის შეაწყვეტინა სიტყვა სინდისის პატიმარს, პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ვეფხია კასრაძეს.
კასრაძე ცდილობდა მიემართა ბიძინა ივანიშვილისა და პროკურატურისთვის და აკრიტიკებდა გადაწყვეტილებას ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არანაირი აუცილებლობა არ არის, რომ ბრალდებულები ციხეებში დარჩნენ და მათი ოჯახის წევრები ამის გამო გამწარებულები იყვნენ. კასრაძის თქმით, ყველა ბრალდებული სასამართლოში სახლიდანაც გამოცხადდება და ჩვენებას მისცემს.
ბრალდებულებს შორის ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალდობის ორგანიზებას ედავება. მათ ბრალის დადასტურების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებს: გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ე.წ. სასამართლოს კლანთანაა დაკავშირებული. მათივე ინფორმაციით, ის „კლანის” ერთ-ერთ ლიდერად მოაზრებული, არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძის პარტნიორის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია [„სტუდია მონიტორის” გამოძიების მიხედვით, ჭანია და მურუსიძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან].
თავად მჭედლიშვილი ლიეტუვის მიერაა სანქცირებული. მურუსიძე და კლანის სხვა წევრებად მოაზრებული მოსამართლეები უარყოფენ სასამართლოში არაფორმალური გავლენის არსებობას.
ამ თემაზე:






