„ქუჩაში ვინც გამოდიხართ, ყველა მიყვარხართ“ – ბათუმელი მედროშე 13 დღეა შიმშილობს

„მე მზად ვარ, საქართველოსთვის თავი გავწირო, აბა, ვნახოთ ჩემნაირი მამულიშვილისთვის ივანიშვილის რეჟიმმა რა უნდა გაიმეტოს?

ქუჩაში ვინც გამოდიხართ, ყველა მიყვარხართ.

დღეს ჩემი ქართველობის და სამშობლოს ბრძოლა უკვე დაგვირგვინებულია. ძალიან ამაყი ვარ. მთელ ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა, მე დღემდე ისე ვიცხოვრე, რომ საქართველოს სიყვარულის გარდა, არაფერმა ჩემი ხელები ვერ დამიბორკილა,“ – წერს თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშე საემიგრაციო ციხიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

თემურ ქათამაძე, იგივე გაფარ ილმაზი, ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. იგი თურქეთის მოქალაქეა, ბოლო 13 წელი კი, ბათუმში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშედეგოდ ცდილობს. თემურ ქათამაძე დაკავებამდე ბათუმის საპროტესტო აქციებზე მუდმივად დროშით ხელში ჩნდებოდა. მას „მედროშე ბაბუ“ შეარქვეს.

თემურ ქათამაძეს ხელისუფლება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება და მის გაძევებას ცდილობს. პროტესტის ნიშნად თემურ ქათამაძემ 2025 წლის 17 იანვარს შიმშილობა დაიწყო.

„2012 წლიდან ჩვენებურთა უფლებების დასაცავად მუდმივი ცხოვრებისთვის საქართველოში ჩამოვედი, 13 წელია განუწყვეტლივ აქ ვცხოვრობ და ვაგრძელებ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც 13 წელია მიზანმიმართულად, დისკრიმინაციული პოლიტიკის საფუძველზე, მასობრივად თურქეთის, ირანის და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობას არ გვანიჭებს,“ – წერს თემურ ქათამაძე.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.

თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.

„…ქართულმა ოცნებამ“ 11 იანვრის აქციაზე უკანონოდ დამაკავა, მე აქციის შუა გულში, წინა ხაზიდან 20 მეტრში ვიდექი, ხელში დროშით და პირში სასტვენით, წინ დაკავებები მიდიოდა. მე წინა ხაზზე მიმდინარე დიალოგებს ვერ ვგებულობდი. 10 პოლიციელი შემოვარდა ხალხში ერთი დაკავების შემდეგ და ჩემკენ წამოვიდნენ, ერთი პოლიციელი შემახტა და ჩემი ქართული დროშის ტარი შუაზე ჩამიტეხა.

იმ წუთას მომესმა „მედროშე ბაბუაც დააკავესო…“

ძირში დამაგდეს, ფეხებით და გრძელი თმით შემათრიეს სამმართველოს შენობაში. 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდა, უცენზურო შეურაცხყოფას მაყენებდნენ, გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ სახეზე და თავზე და ამავდროულად ორი პოლიციელი მდივანზე ხელებს მიჭერდა. ბრძანებას აძლევდა ირაკლი დგებუაძე და გელა ბასილაძე.

მე აქციაზე ვინმე პოლიციელზე სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არც „რუსებო“ და „ღორებო“ არ მითქმია. მარტო მე კი არა, ვინმეს არ უთქმია, არც ერთ პროტესტანტს, ეგ სიტყვები თვითონ პოლიციელებმა შეკერილ ოქმებში მოიგონეს…

ვაპირებ თურქეთის მოქალაქეობაზე ნატურალიზაციის გზით მიღების შეთავაზებას. მე ამ ნაბიჯებით „ქართულ ოცნებას“ და ქართველ საზოგადოებას ვაჩვენე, რამდენად მიყვარს ჩემი სამშობლო და ასევე მინდა, რომ გავხდე საქართველოს მოქალაქე. ამის შემდეგ ვნახოთ, ივანიშვილის რეჟიმი რომელ ნაბიჯს გადადგამს?

ჩემი შეფასებით ჯერ ბათუმში აქციაზე უკანონო დაკავება, შემდეგ გაძევების მიზნით ხელახლა დაკავება იყო პოლიტიკური დაკვეთა „ქართული ოცნების“ მიერ ჩემზე შურისძიების მიზნით,“ – წერს თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], მე-13 დღეა შიმშილობს. როგორც საიას ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, მან თემურ ქათამაძე 28 იანვარს მოინახულა იზოლატორში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თემურ ქათამაძის დაცვის საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, როცა ის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავა. ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.

„ახლა უკვე მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხი დგას დღის წესრიგში და ამ ნაწილში რაც იყო გასაჩივრებული, ჩვენ ვეხმარებით. გაძევებაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა თემურ ქათამაძე წინა კვირას თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდა და მოითხოვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება და ამ საკითხზეა საია ჩართული, თუმცა უარი ეთქვა ამ მოთხოვნაზე. ამის გასაჩივრებაშიც დავეხმარებით, ერთი თვის ვადა აქვს ამისთვის. გარდა ამისა, იზოლატორში რომ მოათავსეს გაძევების გადაწყვეტილებამდე, ესეც გასაჩივრებული გვაქვს“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

ამ თემაზე:

„ცრემლი მომადგა თვალებში, ჩემი სოლიდარობა უთხარით მზიას“ – ბათუმის აქციების მედროშე „ბათუმელებს“ სწერს

თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალებისთვის  

თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი განხორციელდა ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავდა ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რომელთაც აქვთ სურვილი და მოტივაცია, კარიერული განვითარებისთვის, გადადგან პირველი ნაბიჯები კიბერუსაფრთხოების სფეროში.

„მოხარული ვართ, რომ ბრიტანეთის საელჩოს “ქალების კიბერუსაფრთხოებაში” ინიციატივასთან ერთად გავაკეთეთ  პროექტი”, რომელმაც ხელი შეუწყო კიბერსაფრთხოებით დაინტერესებულ ადამიანებს მიეღოთ მეტი ინფორმაცია და გაეღრმავებინათ ცოდნა ამ სფეროში. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება ტექნოლოგიებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კომპეტენციის გაღრმავება“ – თათა ანჯაფარიძე, IT აკადემიის ლიდი.

სპეციალურად TBCxWIC პროექტის მონაწილეთათვის თიბისი IT აკადემიაში შეიქმნა „კიბერუსაფრთხოების & SOC საფუძვლების” პრაქტიკული კურსი. კურსი სრულად ბუთქემფურ ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც 15 მონაწილემ, 6 დღის განმავლობაში, სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.

„მე ვარ მარიამი, ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე და ვმუშაობ Senior IT სპეციალისტის პოზიციაზე. პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მაინტერესებდა კიბერუსაფრთხოების სფერო, თუმცა ზუსტად არ ვიყავი დარწმუნებული, იყო თუ არა ეს ის მიმართულება, სადაც მინდოდა საკუთარი კარიერის გაგრძელება. „კიბერუსაფრთხოების & SOC საფუძვლების“ კურსმა მომცა შესაძლებლობა, უკეთ გამეგო ამ სფეროს სპეციფიკა, შესაძლებლობები და გამოწვევები. კურსის მიმდინარეობისას მივხვდი, რომ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც ნამდვილად მსურს განვითარება. ახლა უკვე მკაფიოდ ვიცი, რომ მაგისტრატურისთვის ისეთ უნივერსიტეტს ავირჩევ, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მომცემს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში“ – მარიამ ბაკარანძე, პროექტი TBCxWIC-ის კურსდამთავრებული.

კურსი მოიცავდა როგორც კიბერუსაფრთხოების საბაზისო სწავლებას, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციის და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოებაზე, ასევე – SOC უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის შესახებ ფუნდამენტური ცოდნის მიღებას, მისი არქიტექტურის, ოპერაციების, როლების და ძირითად ინციდენტებზე რეაგირების გზებზე.

ხელოვნების უნივერსიტეტში ხვალ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევენ

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ხვალ, 30 იანვარს აირჩევენ.

მოვალეობის შემსრულებლის კონკურსზე სულ ორი კანდიდატი დარეგისტრირდა.

სოფიო თავაძე, ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მამუკა ალაფიშვილი, დირიჟორი, რომელიც ამავე უნივერსიტეტში მუშაობს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კანდიდატებს. მათთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ ხედავენ უნივერსიტეტის განვითარებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და სტუდენტების პროტესტის ფონზე, თუმცა ამ თემებზე საუბრის სურვილი კანდიდატებმა არ გამოთქვეს.

მამუკა ალაფიშვილმა თქვა, რომ არჩევნების წინ, არ სურდა კომენტარის გაკეთება. „კომენტარები 30-ში, მანამდე ვერ გავაკეთებ“- გვითხრა მან. სოფიო თავაძემ კი არ უპასუხა „ბათუმელებს“ სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებას.

როგორც დირექტორის მოადგილემ, ინგა ხალვაშმა, „ბათუმელებს“ უთხრა, კანდიდატებს აკადემიური საბჭო 2025 წლის 30 იანვარს, 14:00 სთ-ზე მოუსმენს.

აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს მოვალეობის შემსრულებელს. საბჭოში სულ 5 წევრია.

საბჭოს წევრებია:

ნოდარ კვირკველია- ასოცირებული პროფესორი, მხატვარი.

სერგო გოგოლაძე- ასოცირებული პროფესორი, მხატვარი.

მარიამ ჯახუტაშვილი- პროფესორი, ვოკალისტი.

ნოდარ ვარშანიძე- პროფესორი, ვოკალისტი.

გულნარა გორგილაძე- ასოცირებული პროფესორი, ინგლისური ენის სპეციალისტი.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ხარისხი, მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება და 6-თვიანი სამოქმედო გეგმა.

უნივერსიტეტის რექტორს 6 თვის შემდეგ აირჩევენ.

განახლება.

დღეს, 5:36 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში დაგვიდასტურეს, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა სოფიო თავაძემ, კანდიდატურა მოხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების უნივერსიტეტი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად, ერთკაციან არჩევნებს ჩაატარებს. 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, სოფიო თავაძეს, განცხადებაში არ განუმარტავს კანდიდატურის მოხსნის მიზეზები.

__________________

მთავარ ფოტოზე: სოფიო თავაძე და მამუკა ალაფიშვილი.

მზად ხართ ზიდოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ხელყოფის სიმძიმე? – ანა ნაცვლიშვილი გენპროკურორს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე გენპროკურორს მიმართავა და მზია ამაღლობლის საქმეს გამოეხმაურა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან უკვე 18 დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად.

„ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი უსამართლობის და შეურაცხყოფის პასუხად მე-18 დღეა საპატიმროში შიმშილობს. ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე. არც ერთ ადამიანს, რომელმაც ეს საქმე შეთითხნა, არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამოეფარება ჯგუფურ პასუხისმგებლობას, ამოეფარება რეჟიმს და მომავალში თავს იმით გაიმართლებს, რომ „მაშინ ასეთი დრო იყო“.

მინდა მივმართო გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც სახელისა და გვარის გასწვრივ უწერია, რომ არის საქართველოს გენერალური პროკურორი.

ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მზია ამაღლობელი დღეს არათუ პატიმრობაში უნდა იყოს, არამედ მის წინააღმდეგ საქმე საერთოდ არ უნდა დაგეწყოთ, რადგან კანონით და არა პროპაგანდით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამუშავებს „მზია ამაღლობლის საქმეზე, ქმედება, რომელსაც მას ედავებით, არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას, რომლის გამოც ის გამომწყვდეული გყავთ ციხეში.

პროპაგანდა კი აქტიურად მუშაობს, მაგრამ თქვენ, როგორც იურისტმა, ძალიან კარგად და ზუსტად იცით, რომ ეს პატიმრობა არის აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელი. ამიტომ მინდა მოგმართოთ პირდაპირ ეთერში კითხვით: პირადად თქვენ, მზად ხართ, რომ მთელი ცხოვრება ზიდოთ ამაღლობლის უკანონო პატიმრობისა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფის სიმძიმე? მზად ხართ, რომ ამ სიმძიმით იცხოვროთ?

ამიტომ მოგმართავთ პირს, რომელსაც კანონით გაქვთ შესაძლებლობა: დაუყოვნებლივ დააყენოთ მზია ამაღლობლის გათავისუფლების საკითხი სასამართლოში და ამაღლობლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე, რომელსაც არ გააჩნია არც სამართლებრივი და არც არანაირი ზნეობრივი გამართლება, დაუყოვნებლივ იყოს შეწყვეტილი,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

  • რა ხდება? 

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„მზია ამაღლობელი არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე რეპრესიების წინაშე“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება მზია ამაღლობლის საქმეს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, უკვე 18 დღეა შიმშილობს ციხეში პროტესტის ნიშნად. იგი მხოლოდ წყალს იღებს.

„გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი. ის არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე რეპრესიების წინაშე, რომელიც ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას საქართველო რუსეთში გადაათრიოს“ – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • რა ხდება? 

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 834 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670]
  • ტანკი – 9 886 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 20 597 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 22 395 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 264 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 456 ერთეული [+57]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 35 366 ერთეული [+97]
  • სპეცტექნიკა – 3 721 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 571 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 858 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 010 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 830 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები შენობაში რჩებიან ანრი კაკაბაძის გათავისუფლებამდე

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ არ გათავისუფლდება სტუდენტი ანრი კაკაბაძეც, რომელიც დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

„ბათუმელებს“ სტუდენტებმა უთხრეს, რომ დღეს მე-13 ღამეს გაათევენ უნივერსიტეტის ფოიეში.

„აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან პროტესტს, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი, სანამ არ გათავისუფლდება ანრი კაკაბაძე”, – გვითხრა პროტესტის მონაწილე სტუდენტმა, მართა ბაღდადიშვილმა.

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს იმედი აქვთ, რომ ანრი კაკაბაძეს 11 თებერვალს გაათავისუფლებენ, სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული საქმის არსებითი განხილვა.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე 2024 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. დაკავებულებმა 50 დღე გაატარეს წინასწარ პატიმრობაში, სანამ პროკურატურამ არ მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა.

დღეს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა „4 სტუდენტისა და დეკანის საქმე“ და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები: დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული პიანისტი, კონსერვატორიის სტუდენტი.

  • მეტი ამ თემაზე: 

ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება

ბათუმის აქციების მედროშე 12 დღეა შიმშილობს ციხეში – მას თავშესაფრის მიცემაზეც უარი უთხრეს

ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე [ჯაფარ ილმაზი], მე-12 დღეა შიმშილობს.

როგორც საიას ადვოკატი მარიამ გაბროშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, მან თემურ ქათამაძე დღეს, 28 იანვარს მოინახულა იზოლატორში.

„დღესაც მოვინახულე და როგორც  მითხრა, ექიმის კონტროლის ქვეშ არის და დეტალურად აღარ უსაუბრია“ – ამბობს ადვოკატი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თემურ ქათამაძის დაცვის საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, როცა ის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავა.

„ახლა უკვე მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხი დგას დღის წესრიგში და ამ ნაწილში რაც იყო გასაჩივრებული, ჩვენ ვეხმარებით.

გაძევებაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა თემურ ქათამაძე წინა კვირას თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდა და მოითხოვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება და ამ საკითხზეა საია ჩართული, თუმცა უარი ეთქვა ამ მოთხოვნაზე.

ამის გასაჩივრებაშიც დავეხმარებით, ერთი თვის ვადა აქვს ამისთვის.

გარდა ამისა, იზოლატორში რომ მოათავსეს გაძევების გადაწყვეტილებამდე, ესეც გასაჩივრებული გვაქვს“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.

ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.

17 იანვარს თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

თემურ ქათამაძე ამბობს, რომ დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე წერს წერილში, რომელიც მან „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.

თიბისი კამპუსში თანამედროვე პროფესიის შემსწავლელი კურსები უკვე 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის – თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც  განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს.

ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებაზე მიმართული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.

კურსდამთავრებულთა შეხვედრაზე თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელმა მაკუნა თავბერიძემ, კურსდამთავრებულებთან და ლექტორებთან ერთად თიბისი კამპუსის ძირითადი ღირებულებები განიხილა და განათლების ხელშეწყობის, როგორც თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თიბისი 2025 წელსაც აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინიციატივების ფარგლებში განათლების პლატფორმების გაძლიერებას. გვინდა ახალი თაობისთვის ბევრი საინტერესო პროგრამა შევქმნათ, რათა მეტ ახალგაზრდას მივწვდეთ განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა და მეტად მრავალფეროვანი საგანმანათლებლო დისციპლინები შევთავაზოთ. თიბისი კამპუსის კურსები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უნივერსიტეტში სწავლისა თუ არსებული სამსახურის მიღმა, დაეუფლონ იმ უნარებსა და ტექნიკურ ცოდნას, რაც მათ სამსახურში სხვადასხვა განხრით დასჭირდებათ“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

თიბისი კამპუსი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ 18-24 წლის ახალგაზრდებს, მიუხედავად მათი ინტერესებისა, ბიზნესის მიმართულების შემსწავლელი ონლაინ კურსების გავლას სრულიად უფასოდ სთავაზობდა.

კამპუსის პირველ ნაკადში მონაწილეობით, მთელი საქართველოდან, 6037 სტუდენტი იყო დაინტერესებული. ორეტაპიანი კონკურსის შემდეგ კი 302 სტუდენტი შეირჩა, საიდანაც 202-მა სასურველი კურსები სრულად გაიარა.

თიბისი კამპუსის საგანმანათლებლო პლატფორმაზე სტუდენტები ყველა იმ კურსს აღმოაჩენდნენ, რომლებიც მომავალში მარტივად დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარებათ, ესენია: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, მეწარმეობის და ბიზნესის დაგეგმარება, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO და ციფრული მარკეტინგი. თიბისი კამპუსის კურსების პარტნიორია „კოლაბი“.

თიბისი კვლავ განაგრძობს ახალი თაობის ხელშეწყობას და თიბისი კამპუსის საგანმანათლებლო პლატფორმაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე

დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ განიხილა „4 სტუდენტისა და დეკანის საქმე“ და 50-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან, 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების საფუძველზე გაათავისუფლა ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები: დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული პიანისტი, კონსერვატორიის სტუდენტი.

დეკანსა და სტუდენტებს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. დღეს სასამართლოში ითქვა, რომ ანრი კაკაბაძე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული – სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ სტუდენტი პატიმრობაში.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე 2024 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.

აღკვეთი ღონისძიების შეცვლა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ თავად მოითხოვა.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას 11 თებერვალს დაიწყებს.

  • ნახეთ რეპორტაჟი სასამართლო პროცესიდან: 

ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება

ამავე თემაზე: 

ბათუმში დაპატიმრებული სტუდენტის, პიანისტ ანრი კაკაბაძის შესრულება

 

„დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან კვალიფიციური ექიმები“- ბათუმელი ექიმების განცხადება

დღეს, 28 იანვარს, მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით ბათუმში მედიკოსების ჯგუფმა განცხადება გააკეთა.

ექიმებმა ისაუბრეს შიმშილობით გამოწვეულ საფრთხეებზე და განმარტეს, რატომ უნდა ხდებოდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი.

„რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება? წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან.

ასევე, ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“ – აცხადებენ ექიმები.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს, სადაც საუბარია შიმშილობის შედეგად განვითარებულ რისკებზე.

„მე-17 დღე შიმშილობა, მხოლოდ წყლის, მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ენერგიის უკიდურეს დეფიციტს განიცდის, რაც მრავალფეროვან და ხშირად შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს?

შიმშილობის მე-17 დღეს, შესაძლოა განვითარდეს ორგანოების უკმარისობა – გულის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ირღვევა.

ნერვული სისტემის მხრივ – ტვინი, ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს თავისი ფუნქციების შესუსტებას, რაც იწვევს გონების დაკარგვას, კომას და სიკვდილს.

ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი – ორგანიზმში მნიშვნელოვანი მინერალების დეფიციტი იწვევს გულის არითმიას, კუნთების სპაზმებს და სხვა სერიოზულ პრობლემებს.

იმუნური სისტემის მხრივ – ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ.

პაციენტს წარმოექმნება ფსიქიკური პრობლემები – შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.

შიმშილობის საკითხი პენიტენციარულ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის:

  •  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით;
  •  საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;
  •  მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ (ნელსონ მანდელას წესები).

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აქამდე პენიტენციარული სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ყოველდღიურად უნდა მოეხდინა უზრუნველყოფა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა საზოგადოებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიანი მონიტორინგი.

მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის მაღალეთიკური, უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის, სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის.

მზია ამაღლობელის დახსნა რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის.

თავისუფლება მზიას!

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

თავისუფლებს საქართველოს დიქტატურისგან!“- ნათქვამია ექიმების განცხადებაში.

ბათუმელმა ექიმებმა ასევე განაცხადეს, რომ რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგი უნდა გაუწიონ სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილურმა ექიმებმა.

„დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან კვალიფიციური ექიმები. თითოეული აქ მდგომთაგან მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდეს მზია ამაღლობელთან“ – აცხადებენ ექიმები.

ნახეთ ვიდეო: 

არის ტრიქინელოზის შემთხვევა, არ იყიდოთ ღორის ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილას – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეიძინონ ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე.

სააგენტოს განცხადების საფუძველი გახდა ტრიქინელოზით დაავადების ფაქტი, რომელიც გუშინ, 27 იანვარს, დადასტურდა.

სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

„შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, თუმცა, ამ დროისთვის მას დაავადების ნიშნები არ აღენიშნება). დაავადებული პირი ხორცის და სურსათის გამყიდველის ვინაობას ვერ ასახელებს.

შეტყობინების მიღებისთანავე, რეაგირებისთვის ინფორმაცია მყისიერად გაეგზავნა გურიის რეგიონულ სამმართველოს და ვეტერინარიის დეპარტამენტს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს“ – იუწყება სააგენტო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტი ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის საკვებად მიღებისას. ძირითადი ფაქტორი ღორის ხორცია, თუმცა, რეზერვუარი შესაძლოა, იყოს სხვა გარეული ცხოველი და ცხენი.

„ტრიქინელოზის კლინიკური ნიშნებია: თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, ხველა, სახის და თვალების შეშუპება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კანის ქავილი. პირველ სიმპტომებს შეიძლება ახლდეს დიარეა ან ყაბზობა. დაავადების მძიმედ მიმდინარეობას ახასიათებს კოორდინაციის დარღვევა, გულის და სუნთქვის პრობლემები“ – წერს სააგენტო.

13 დღეა ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

ბათუმში დაკარგული მოზარდი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვრის ღამეს, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.

მოზარდის პირადი ნივთები, ჩანთა და ტელეფონი, ოჯახის წევრებმა ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს. დაკარგულის ძებნა ზღვაში მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოზარდის ძებნა ისევ გრძელდება.

დაკარგული მოზარდის მშობლის ინფორმაციით, გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, თუ რა გარემოებებში გაუჩინარდა მოზარდი.

ოჯახის თქმით, გაუჩინარებამდე მოზარდი ინგლისურის გაკვეთილსა და ვარჯიშზეც იმყოფებოდა, თუმცა შემდეგ მისი კვალი ზღვის სანაპიროსთან გაქრა.

მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 13 დღის წინ გაუჩინარდა.

_____________

მთავარი ფოტო: ბათუმში დაკარგულ მოზარდს, მყვინთავები ზღვაში ეძებენ.

ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბათუმში, კვინიტაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველის თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მისივე ინფორმაციით ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და სახლი სრულად დაიწვა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით ოჯახს დროებით ქირით გადაიყვანენ, ვიდრე შესაბამისი კომისია კომპენსაციის  საკითხს განიხილავს.

 

ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვეს – გადაწყვეტილება დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ მიიღო.

აღკვეთი ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თავად მოითხოვა.

გირაოს თანხა 5 000 ლარია. ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

პატიმრობაში მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე რჩება. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული. სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ანრი კაკაბაძე პატიმრობაში.

საუბარია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევაზე – მას შემდეგ, რაც პროევროპულო კურსის დასაცავად სტუდენტებმა გაფიცვა დაიწყეს, ამ უნივერსიტეტის 4 სტუდენტი და ფაკულტეტის დეკანი – მამუკა ჯორბენაძე სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში 3 დეკემბერს მისულ ირაკლი დევაძეზე და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე იძალადეს. ირაკლი დევაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსანია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმარი.

ამ ინციდენტამდე ხელოვნების უნივერსიტეტს ლექტორს, თეა ცაგურიასა და დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რექტორის კაბინეტთან საპროტესტო ბანერის გაკვრას მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ მამუკა ჯორბენაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნისგან მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღო.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ელოდება დაჯარიმება ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით.

„მზად ვართ შერიგებისთვის, კონფლიქტი იყო…“- მიმართა დღეს, 28 იანვარს, მოსამართლეს პროფესორმა მამუკა ჯორბენაძემ.

ბრალთან დაკავშირებით პოზიცია ბრალდებულებმა არ დააფიქსირეს.

„თავს შევიკავებ“- ერთნაირად გაიმეორეს ბრალდებულებმა მათთვის გამოყოფილი ადგილიდან.

„13 იანვრიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი ამოწურულია,“- მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა შოთა ხორავამ. მან აქცენტი დაზარალებულად მიჩნეული პირების წერილობით დადასტურებულ პოზიციებზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ირაკლი დევაძე და ირაკლი ნაკაშიძე თანახმა არიან, რომ ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნაზეც, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებს სხეულის მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ.

კიდევ ერთმა ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ კი მოსამართლეს მისივე გამოცემული წინა დადგენილებიდან ამოუკითხა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია – „პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული“.

ეს და ევროსაბჭოს სხვა რეკომენდაციები შაბლონურად მეორდება სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

„აბსოლუტურად გეთანხმებით, რასაც წერთ, ასე უნდა იყოს“- ევროსასამართლოს ციტატების წაკითხვის შემდეგ გახედა მოსამართლეს ადვოკატმა ირაკლი შავაძემ. მან მოსამართლეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წერილიც აჩვენა, რომლის მიხედვითაც პროფესორი მამუკა ჯორბენაძე იყო ყველაზე აქტიურად ჩართული ავტორიზაციის პროცესში და მის გარეშე უნივერსიტეტი ავტორიზაციას ვერ გაივლის.

პროტესტის ნიშნად, ამ დრომდე ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტების ნაწილი ღამეს ათენებს – ისინი დაპატიმრებული სტუდენტების: დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის, გიორგი დავითაძის, ასევე პროფესორ მამუკა ჯორბენაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია GRMA სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-17 დღეა შიმშილობს.

„მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, სამედიცინო პერსონალის ჩართულობით, მკაცრ კონტროლზე აიყვანონ მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და უსამართლოა. სოლიდარობა მზია ამაღლობელს!”- წერია GRMA-ს განცხადებაში.


„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მზია ამაღლობელის ინტერესებს BLB და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავენ

ონლაინმედიაგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის უფლებებს მისი უკანონო ბრალდების საქმეში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი დაიცავენ.

„მზია ამაღლობელი, სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი, გამორჩეული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია უკანონოდ.

მზია ამაღლობელს ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 353(პრიმა) მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა).

მე-17 დღეა მზია ამაღლობელი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, საქართველოში სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიული და ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ.

BLB გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის აღსადგენად,“ – ნათქვამია BLB-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც მათ მზია ამაღლობელის ინტერესების დაცვის შესახებ ამცნეს საზოგადოებას.

  • რა ხდება? 

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„ხელისუფლებამ მზია ახლავე უნდა გაათავისუფლოს“ – ამერიკელი კონგრესმენი

დემოკრატი ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი მზია ამაღლობლის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა განცხადება X-ზე გაავრცელა დღეს, 28 იანვარს.

„როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტიკური პატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობლის საქმეს საქართველოში.

მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა ყალბი ბრალდებით. ის არ არის კარგად ციხეში, ხელისუფლებამ მზია ახლავე უნდა გაათავისუფლოს“, – წერს კონგრესმენი.

  • რა ხდება? 

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

______________

ფოტოზე: კონგრესმენი სტივ კოენი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA-EFE/Doug Mills

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი პატიმრობიდან – ოპოზიციის განცხადება ბათუმში

დღეს, 28 იანვარს, აჭარაში მოქმედმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს ონლაინგამოცემა „ბათუმელები„/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

მათი განცხადებით, აჭარაში მედიის თავისუფლების მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს რეპრესიები გაატაროს „ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედიაორგანიზაციის გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ“.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

„კარგად დავინახეთ, როგორ მოხდა აჭარის ტელევიზიაში ხელისუფლების გავლენების ზრდა, დირექტორისა და ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლება, დაიხურა ტვ25, ახლა მიმდინარეობს შეტევა ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედიაორგანიზაციის გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ.

ივანიშვილის ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმის პროვოცირებით მოხდა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობლის დაკავება, მას დაკავებისას პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი დგებუაძე აყენებდა შეურაცხყოფას, რაზედაც არავინ დასჯილა დღემდე.

ივანიშვილის სასამართლომ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა და პატიმრობა შეუფარდეს მზია ამაღლობელს, ის მე-17 დღეა შიმშილობს და მისთვის დღემდე არ გაუწევიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გაეწიოს კვალიფიცური სამედიცინო დახმარება.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს, მიეცეს სათანადო შეფასება და განხორციელდეს რეაგირება, გამოყენებული იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა გადარჩეს მზია ამაღლობლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ასევე, სათანადო შეფასება მიეცეს საქართველოში, მათ შორის, აჭარის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მედიაგარემოს მდგომარეობას. მოვუწოდებთ ამერიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, დაუწესონ სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც ახორციელებენ მედიაზე შეტევას, მზია ამაღლობლის დაკავებასა და მის მიმართ ზეწოლის განხორციელებაში მონაწილე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, რომლებმაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ახორციელებენ სათანადო სამედიცინო სევრისების მიწოდებას  მზია ამაღლობელზე“ – განაცხადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ გუნდს.

მზია ამაღლობლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე განცხადება გაავრცელა  სამმა ოპოზიციურმა პარტიამ  – „ძლიერი საქართველოსთვის“, ენმ და „გახარია – საქართველოსთვის“.

პატიმრობაში მყოფი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის 11-12 იანვარს, ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამის უწყებებს ამომწურავი და სათანადო ინფორმაცია არ მიუწოდებიათ საზოგადოებისთვის.

მზია ამაღლობელის უაკნონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები გააკეთა არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ასევე ევროპარლამენტარებმა.

______________

მზია ამაღლობელი და ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – უილსონი

ესმით, რომ დგებუაძის ქმედებაც და შემდგომი „მეტკინაც“ არის პოლიციის სირცხვილი – მეზვრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქზე განმარტავს, რატომ მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლია.

„როცა „ოცნებისგან“ „არგუმენტად“ მოისმენთ, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს დაესხა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეჟიმი ამით უბრალოდ ცდილობს მზია ამაღლობლის დაცვის კომპლექსი შეგიქმნათ და მისი უკანონო დასჯა გაამართლოს.

იშვიათად მეგულება პოლიციის ჩემნაირი დამცველი და გულშემატკივარი. ბევრჯერ გავმხდარვარ ამის გამო თავდასხმის ობიექტი, თუმცა, ვთვლიდი, რომ სამართლიანად ვიცავდი. პრაქტიკაშიც არაერთხელ მქონია პოლიციაზე თავდასხმის და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტი. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იყო პოლიცია, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას კანონიერად ასრულებდა, რომელიც კანონიერ მოთხოვნას გასცემდა და რომელსაც თავს მართლა ესხმოდნენ.

მზია ამაღლობლის შემთხვევაში პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი მოქალაქეების უფლებებს მასიურად არღვევდა – ანუ სამსახურებრივ მოვალეობას კანონიერად არ ასრულებდა, არც კანონიერ მოთხოვნებს აყენებდა, რომ მოქალაქეს მისი დამორჩილების ვალდებულება ჰქონოდა და არც სილის გაწვნა უდრის თავდასხმას.

არ იყო ეს პოლიცია და არ იყო ეს პოლიციელი და ამას რაც უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა ვიტყვით, მით მეტი ადამიანი იქნება სოლიდარული.

პოლიციაში კარგად ესმით, რომ მოქალაქე დგებუაძის ქმედებაც და შემდგომი „მეტკინაც“ არის პოლიციის სირცხვილი და მზია ამაღლობლის პატიმრობაში ყოფნა პოლიციის მუნდირს ვერ დაიცავს (უფრო პირიქით).

პოლიციაში მითუმეტეს, არავის სჯერა, რომ „ოცნება“ მზია ამაღლობლის დაჭერით პოლიციის მუნდირს უფრთხილდება მაშინ, როცა ივანიშვილმა პოლიციას თავზე დაქირავებული, ნიღბიანი ზონდერები დაასვა და პოლიციის სახელი ისე დაუკავშირა ძალადობას, რომ წლები დასჭირდება ნდობის დაბრუნებას (მაგრამ დავაბრუნებთ).

პროკურატურაშიც იციან, რომ უდიდესი სირცხვილი სჭირთ. იციან, რომ ჰაერზე აქვთ მოთხოვნილი პატიმრობა; იციან, რომ არც ერთი აღკვეთის ღონისძიების საფუძველი არ არსებობს; იციან, რომ ეს საქმე შესაწყვეტია.

ყველამ ყველაფერი იცის.

ამიტომაა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლი. ამიტომ, დაეკისრება მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილთან ერთად გომელაურს, გაბიტაშვილს და მურუსიძე-ჩინჩალაძეს“ – წერს ნათია მეზვრიშვილი.

ამავე თემაზე: 

ფურთხება, უშვერი გინება, ფეხის სახეში ჩარტყმა – როგორ ექცევა დგებუაძე დაკავებულებს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 833 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380]
  • ტანკი – 9 876 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 20 573 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 22 366 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 263 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 399 ერთეული [+72]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 053 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 35 269 ერთეული [+86]
  • სპეცტექნიკა – 3 718 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 571 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 858 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 010 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 830 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

პენიტენციური მზია ამაღლობელზე პირველ განცხადებას ავრცელებს შიმშილობის მე-16 დღეს

მზია ამაღლობლის შიმშილობის მე-16 დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პენიტენციური აცხადებს, მზია ამაღლობელი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

„მზია ამაღლობელი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.

ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს“, – ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

პატიმრობაში მყოფი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მზია ამაღლობელის დახსნა საპყრობილიდან – ნანა ჯანელიძე ილია მეორეს მიმართავს

რეჟისორი ნანა ჯანელიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს მიმართავს.

„ბათუმელები“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, საქართველოს საპყრობილეში მე-16 დღეა შიმშილობს ქალი, ჟურნალისტი, ორი მედიაპლატფორმის დამფუძნებელი, სიმართლისთვის მებრძოლი მზია ამაღლობელი. მას სოლიდარობა გამოუცხადა კიდევ ორმა ახალგაზრდა პატიმარმა, ისინი მე-5 დღეა შიმშილობენ. ეს არის მათი პასუხი უსამართლობაზე, ძალადობაზე, წყვდიადის შემოტევაზე, რაც დღეს საქართველოში ბობოქრობს. დღეს ჩვენს ქვეყანაში განგაშის ზარი რეკს და ეს ზარი ყოველ ჩვენგანს უხმობს.

დღევანდელ საქართველოში დამოუკიდებელმა მედიამ იტვირთა ადამიანთა დაცვის, გადარჩენის ფუნქცია.

მზია ამაღლობელმა შიმშილობას – პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართა, რადგან ყველაზე ძლიერი იარაღი – მართალი სიტყვა – აართვეს. მისი გადაწყვეტილება, იბრძოლოს ბოლომდე, მტკიცე და ურყევია და ყოველი ჩვენგანი ქედს იხრის მის წინაშე.

იგი, იმ დიდებულ ქალთა სულის სიმტკიცის მატარებელია, ვისი სახელი და ნათებაც დღემდე მფარველობს საქართველოს.

თქვენო უწმინდესობავ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ, სამართლისთვის და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანის დახსნა საპყრობილიდან. მხოლოდ თქვენს სიტყვას, სიბრძნეს, ავტორიტეტს, შეუძლია იმოქმედოს „ამა ქვეყნის ძლიერებზე“ და მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

სხვანაირად, მოვლენები შეიძლება საბედისწეროდ განვითარდეს და მართალი ადამიანის მსხვერპლთშეწირვით თავსლაფდასხმულ, ნაბუქოდონოსორის და ჰეროდეს ქვეყანაში აღმოვჩნდეთ. ამის იქით კი უფსკრულია,“ – წერს კინორეჟისორი ღია წერილში.

ნანა ჯანელიძე, კინორეჟისორი

„ეს არის დამანგრეველი ზემოქმედება მის ორგანიზმზე“ – ზურაბ გურული მზია ამაღლობელის შიმშილობაზე

„შიმშილობის მე-16 დღეს, ახლა, მზია ამაღლობელი უნდა იმყოფებოდეს არა საპატიმროში, არამედ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დღეში რამდენჯერმე უნდა ხდებოდეს მისი ჯანმრთელობის მონაცემების მონიტორინგი“- ამბობს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული.

„ბათუმელები“ ზურაბ გურულს შიმშილობით გამოწვეულ რისკებზე ესაუბრა.

  • ბატონო ზურაბ, ალბათ იცით, რომ ჩვენი გამოცემის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს. რა ხდება ორგანიზმში შიმშილობის მე-16 დღეს?

შიმშილობის მე-16 დღეს ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ორგანიზმში და ეს დამოკიდებულია იმაზე, ჯერ ერთი ვინ შიმშილობს, მე ხომ არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქრონიკული დაავადებები შეიძლება ჰქონდეს მოშიმშილე ადამიანს.

ერთია ის, რომ შიმშილობს ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც არანაირი ქრონიკული დაავადება და სხვა პრობლემები არ აქვს და მეორეა შედარებით ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნია.

შიმშილობა, თავისთავად, არის უზარმაზარი სტრესი ორგანიზმისთვის და ამ სტრესს ემატება ფსიქოლოგიური სტრესიც, რადგან ქალბატონი მზია ხომ ამას შეგნებულად აკეთებს, რადგან ეს არის პროტესტის ერთ-ერთი, ფაქტობრივად უკიდურესი ფორმა.

ის აღიქვამს თავის მდგომარეობას როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებას და შესაბამისად, ამიტომ მიმართავს უკიდურეს ფორმას.

ასეთი წინასწარი განწყობა და მდგომარეობა თავისთავად ქმნის ისეთ სტრესულ სიტუაციას, რომელიც იწვევს იმუნური სისტემის უკიდურეს დათრგუნვას.

ამას როცა ემატება შიმშილობაც, რომელიც არის ორგანიზმის ელექტროლიტური და საერთოდ, ყველა სახის ბალანსის აბსოლუტური მოშლა, ცხადია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა მთელ ორგანიზმზე.

ზოგადად, არ ღირს ამ საკითხზე კამათში ჩაბმა, რადგან გამოცდილება მაქვს ამის, როცა სააკაშვილის შიმშილობის თემასთან იყო კამათი, ეგრეთ წოდებული მთავრობის ე.წ. ექსპერტები ცდილობდნენ ჩავერთეთ რაღაც სამედიცინო კამათში, სადაც დაიწყებოდა დეტალებზე პროეცირება. ეს არის არასწორი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, იმიტომ, რომ ეს სამედიცინო დავა, მით უმეტეს როცა არ მაქვს სრული ინფორმაცია, არ იქნება მათთვის მნიშვნელოვანი და ისინი ყველანაირად ცდილობენ ამ თემაზე გადაიტანონ საკითხი.

მაგრამ საკითხი აქ დგას სრულიად სხვაგვარად და სხვა ჭრილში უნდა შევხედოთ. ჯერ ერთი, ის, როგორც მზია ამაღლობელი დააკავეს, როგორ მოეპყრნენ მას, უნდა იყოს აღნიშნული იურისტებთან და ფსიქიატრთან ერთადაც, რადგან ფსიქიატრია ის პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ფსიქოლოგიური წამების ელემენტის ოფიციალურად დადასტურება. ადგილი ჰქონდა წამებას და ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ადამიანი როგორ დააკავეს, რანაირი ზემოქმედება მოახდინა მასზე სახელმწიფომ, ე.წ. მთავრობამ, როგორ ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების სიტუაციაში ჩააყენა და დღესაც, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების ელემენტი ფაქტობრივად და ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი.

ამ მხრიდან რომ მივუდგეთ, როგორც ექიმმა, შემიძლია თავისუფლად გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს არის დამანგრეველი ზემოქმედება მზიას ორგანიზმზე.

  • დეტალები არ გაჟღერებულა, მაგრამ როგორც ვიცი, მზიას აქვს გარკვეული ქრონიკული დაავადებებიც. რომელი ქრონიკული დაავადება მწვავდება ყველაზე მეტად შიმშილობის დროს და რა გართულებებს შეიძლება ველოდოთ?

ნებისმიერი დაავადება და რაც უფრო საშიშია, ავიღოთ თუნდაც არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები, თუ აქვს, მაგალითად, ენდოკრინული დაავადება, დიაბეტი, ყველა ეს დაავადება მოითხოვს და აუცილებელია, რომ ორგანიზმი ბალანსირებული უნდა იყოს.

მე ისიც არ ვიცი, მაგალითად, რა მედიკამენტებს იღებს ქრონიკულად ქალბატონი მზია. რომ ავიღოთ, მაგალითად, ჰიპერტენზიის ან დიაბეტის მედიკამენტები, ნებისმიერმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, რომ ექიმი როდესაც უნიშნავს მედიკამენტს პაციენტს, ყოველთვის ეუბნება – მიიღე ჭამის წინ, ჭამის შემდეგ, რადგან აუცილებლად ბალანსირებული უნდა იყოს ორგანიზმი და ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, წნევის მარეგულირებელი პრეპარატები მიიღოს ადამიანმა, რომელიც არის აბსოლუტურად მშიერი, რომელიც არის დეჰიდრირებული, იმიტომ რომ ელექტროლიტების ბალანსს ცვლის ზოგიერთი მედიკამენტი და როცა ელექტროლიტების ბალანსი იცვლება და ირღვევა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების მკვეთრი მატება და კლება, რამაც შესაძლოა სასიკვდილო არითმია გამოიწვის, გულის ნორმალური მუშაობა დაარღვიოს.

ხედავთ, რამდენი ელემენტია ერთად განმსაზღვრელი ფაქტორი, როდესაც ამ საკითხს განვიხილავთ?! ამას სერიოზული მიდგომა სჭირდება.

როდესაც ორგანიზმში ასეთი პროცესი მიმდინარეობს, საპატიმროს ექიმი უნდა იყოს ამაში ჩართული და ოფიციალური მონაცემები უნდა იყოს ყოველდღიურად კონტროლირებული.

ლაბორატორიული ანალიზები უნდა იყოს ჩატარებული, ხომ უნდა იცოდნენ დაახლოებით მაინც. რა თქმა უნდა, მე ვლაპარაკობ ნორმალურ სახელმწიფოზე, რომელსაც საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას იღებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს მოქალაქე პატიმარია თუ არა.

  • ბოლოს რაც მოვისმინეთ, მაგალითად ომბუდსმენისგან, იყო რომ მზიას მდგომარეობა სტაბილურია. რა ითვლება „სტაბილურ მდგომარეობად“?

ეს არის ძალიან არაპროფესიონალური, რადგან ორგანიზმი არის დინამიკური პროცესი, მე ექიმი ყოველდღიურად ვუყურებ ამას და შეიძლება ადამიანი ნახო და იმ წუთში კარგად იყოს, მაგრამ მეორე წუთში, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის გამო უცებ არითმია განვითარდეს და ადამიანი დაიღუპოს.

ამიტომ, არასამედიცინო პერსონალი, ადამიანი, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს და აცხადებს, რომ პატიმრის მდგომარეობა არის სტაბილური, ეს არის უვიცობა, არაპროფესიონალიზმი და მავნებლობა.

  • ერთ-ერთი მედიკოსი ამბობდა, რომ გრძელვადიანი შიმშილობის დროს, შეიძლება დაიწყოს თირკმელს, ღვიძლს ან გულის უკმარისობა და თუ ასე მოხდება, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს გაკონტროლდეს იზოლატორში?

სწორედ ამის აღნიშვნა მსურდა, როდესაც ვთქვი, რომ პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად უნდა კონტროლდებოდეს.

სისხლის ანალიზი, ელექტროლიტების ანალიზი, წინასწარ განსაზღვრა რომ მოვახერხოთ და პროგნოზირება იმისა, რომ თუ რამდენად მივუახლოვდით ან ვუახლოვდებით კატასტროფას, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ყოველდღიურად ექიმს უნდა ჰქონდეს ამის ლაბორატორიული მონაცემები. თან არ ვიცი, მშრალი შიმშილობაა, ნახევრად მშრალი შიმშილობაა…

  • მხოლოდ წყალს იღებს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია.

ესეც შესასწავლია რა რაოდენობის წყალს იღებს და თუ მხოლოდ წყლის მიღება ხდება, ესეც განაზავებს ამ ელექტროლიტებს, რაც საჭიროა ორგანიზმში ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ერთ დღეს შეიძლება კატასტროფულად დაიკლოს ელექტროლიტების რაოდენობამ ორგანიზმში და ყველაზე საშიში ამ შემთხვევაში არის გული, რადგან თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა შედარებით ნელა ვითარდება.

  • როგორც მედიკოსები ამბობენ, შიმშილობის დროს ხდება ასევე კეტონური სხეულების დაგროვებაც. ეს რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის?

კეტონური სხეულები გროვდება მაშინ, როცა ადამიანი შიმშილობას იწყებს. უხეშად რომ აღვწერო, ამ დროს ადამიანს აცეტონის სუნი ამოსდის პირიდან, ეს ხდება მაშინ, როცა ორგანიზმი იწყებს თავისი სამარაგო ნივთიერებების დაშლას.

ჯერ ცხიმები დაიშლება, შემდეგ ცილების დაშლაზე გადადის და ასე შემდეგ. შეიძლება ამაზე იკამათო, რომ ეს არ არის პათოლოგიური პროცესი, მაგრამ ამ კეტონური სხეულების წარმოქმნა ბუნებრივია ხდება მაშინ, როცა შიმშილობას აქვს ადგილი და ორგანიზმი საკუთარი თავის მონელებას იწყებს.

  • გამოდის, ყველაზე საშიში ელექტროლიტების ბალანსის დარღვევაა?

დიახ, ამას სჭირდება ნამდვილად თვალყურის მიდევნება და კიდევ ვიმეორებ, თუ ადამიანი არის ქრონიკულ მედიკამენტებზე, აუცილებლად გასარკვევია იღებს თუ არა ამ მედიკამენტებს ან მოხდა თუ არა დოზების შესაბამისი შეჯერება, შიმშილობის პროცესის გათვალისწინებით, აი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეიძლება ითქვას.

  • როგორ ფიქრობთ, შიმშილობის მე-16-17 დღე არის საგანგაშო სიგნალი იმისთვის, რომ მოვითხოვოთ მზია ამაღლობლის ჰოსპიტალში გადაყვანა?

რა თქმა უნდა, არის და მზია ახლა უნდა იმყოფებოდეს არა საპატიმროში, არამედ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დღეში რამდენჯერმე უნდა ხდებოდეს მისი ჯანმრთელობის მონაცემების მონიტორინგი.

ჩემი მხრიდან ასევე შეგიძლიათ გადასცეთ მზიას სრული თანადგომა და მხარდაჭერა სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

„მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში“ – განცხადება

ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები მზია ამაღლობლის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი აწერს.

„ონლაინ გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.

მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.

12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა – მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე” – წერია განცხადებაში.

ჟურნალისტების, რედაქტორებისა და მედიამენეჯერების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ:

„ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის „ბრალდებით“ დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.

მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!“

განცხადებაში საუბარია იმ მედიაგარემოზე, რაც ამ დროისთვის საქართველოშია:

„ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო. გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული „რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის  სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან  ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. “ქართული ოცნების” საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეები.

2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით“ და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი“.

 

„ინტერპრესნიუსი“ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს

„ინტერპრესნიუსი“ სოლიდარობას უცხადებს ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

სოლიდარობის შესახებ განცხადება ინტერპრესნიუსმა დღეს, 27 იანვარს გამოაქვეყნა.

“მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, სამედიცინო პერსონალის ჩართულობით, მკაცრ კონტროლზე აიყვანონ მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და უსამართლოა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში დაგროვდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის საკმაოდ ბევრი ფაქტი, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თითოეული ასეთი ფაქტი გამოიძიონ.

სოლიდარობა მზია ამაღლობელს!” – ვკითხულობთ განცხადებაში.

—————————————————

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

 

 

„ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან და რუსეთის 10 ათასზე მეტ მოქალაქეს მიანიჭეს“ – ენმ

დღეს, 27 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განცხადება გააკეთეს საპროტესტო აქცაბზე დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] შესახებ.

„იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რაც არის გათვალისწინებული ორგანული კანონით საქართველოs მოქალაქეობის შესახებ, ეს არის ქართული ენის და ისტორიის ცოდნა, ასევე კულტურული დ მემკვიდრეობითი კავშირები საქართველოსთან, ამის მიუხედავად, მის მიმართ არ ხორციელდება არანაირი მოქმედება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მაშინ, როდესაც, ბოლო სტატისტიკით, 2022 წლიდან დღემდე რუსეთის ათი ათასზე მეტი მოქალაქისთვის აქვთ საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული და 5 000-ზე მეტისთვის ბინადრობის უფლება“ – თქვა ნიკა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვეს ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანისთვის აქვთ მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა „ისინი დღემდე არ გვაწვდიან ამ ინფორმაციას“.

„ამიტომ, ეს არის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არაერთ მედიაში იყო გამოქვეყნებული, რომ რუსეთის მოქალაქეებს ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას, ბატონ თემურს კი უზღუდავენ შესაძლებლობას, რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვროს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომ არ მისცე მოქალაქეობა ადამიანს, რომელიც თავიდან ბოლომდე თავს თვლის ქართველად, თავისუფლად ფლობს ქართულ ენას, რაც დასტურდება მის მიერ მიცემული არაერთი ინტერვიუთი. სტატუსს არ ანიჭებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის აქტიური მოქალაქე და იბრძვის იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის წევრი“ – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.

ნიკა ქაშიბაძე

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ბოლო რვა წელი საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა იუსტიციის სამინისტროს. თუმცა, მოქალაქეობას მინიჭებაზე მას უარს ეუბნებოდნენ.

ამ დროის მანძილზე თემურ ქათამაძე დროებითი ბინადრობის უფლებით სარგებლობდა, რასაც ვადა გაუვიდა.

28 ნოემბრიდან, როცა საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო მოსახლეობამ ახალი არჩევნებისა და ქვეყნის პროევროპული კურსის გაგრძელების მოთხოვნით, რომელიც „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შეაჩერა, თემურ ქათამაძე აქტიურად მონაწილეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში.

მას ქალაქში ბათუმის აქციების მედროშედ იცნობენ.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.

ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.

17 იანვარს თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

გარდა ამისა, დაკავებისას თემურ ქათამაძეზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე წერს წერილში, რომელიც მან „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.

სასამართლოში თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს. საიას იურისტების ინფორმაციით, მოქალაქეობის მინიჭების საკითხი განხილვის სტადიაშია, თუმცა ამჟამად თემურ ქათამაძე უცხოელთა დაკავების განთავსების ცენტრში, 3-თვიან პატიმრობაში იმყოფება.

როგორ არის მზია ამაღლობელი – შიმშილობის მე-16 დღე

დღეს მე-16 დღეა, რაც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს.

მზია ამაღლობელმა სრული შიმშილობა 12 იანვრიდან, ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების იზოლატორში დაიწყო.

საიას ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, „სრული შიმშილობა ნიშნავს, რომ ის იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს“.

როცა ციხეში მყოფი პატიმარი შიმშილობას იწყებს, ამ დროს მოქმედებს შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია მუდმივი ზედამხედველობა ჰქონდეს მოშიმშილის მდგომარეობაზე.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს.

„ოფიციალურად, წერილობით მოგვმართეთ,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში კითხვის პასუხად „როგორი იყო მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იყვნენ თუ არა შესულები მასთან ექიმები“.

„ბათუმელებმა“ პენიტენციურს მიმართა თხოვნით, გაევრცელებინა ოფიციალური განცხადება მზია ამაღლობლის შესახებ. თუმცა სამსახურში განგვიმარტეს, რომ თავად მზია ამაღლობლის ნებართვის გარეშე მისი პერსონალური ინფორმაციის გაჟღერების უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ ისევ წერილობით მიმართვა მოითხოვეს.

მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობლის შიმშილობის შესახებ გახდა ცნობილი, სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო რეჟიმის კიდევ ორმა პატიმარმა – 26 წლის რევაზ კიკნაძე მე-7 დღეა შიმშილობს, ხოლო 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი – მე-6 დღე.

———————————-

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

თავისუფლება მზიას – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორების პროტესტი პარლამენტთან

„ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე და „ნეტგაზეთის“ რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე 26 იანვრის ღამეს პარლამენტის წინ იდგნენ საპროტესტო ბანერებით „თავისუფლება მზიას“.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს „უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად“.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ –  უთხრა მზია ამაღლობელმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 831 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430]
  • ტანკი – 9 871 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 20 561 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 22 339 ერთეული [+16]
  • MLRS – 1 263 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 327 ერთეული [+74]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 053 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 35 183 ერთეული [+59]
  • სპეცტექნიკა – 3 716 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 439 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 843 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 930 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 776 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

“მზიას სიცოცხლე საფრთხეშია! მისი დაპატიმრების ამბავი, თავისუფალი მედიის სიტყვის დაპატიმრების სულ პირველი ნაბიჯია”

ავტორი: თაკო როდონაია, კომუნიკაციების სპეციალისტი


მზიას სიცოცხლე საფრთხეშია!

ამ ტექსტს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მზიას არ მოეწონება და აუცილებლად  მეტყვის, რომ მისთვის მიუღებელია მასზე აქცენტის გაკეთება, რომ ის ერთი რიგითი პატიმარია სხვა უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს შორის.

ამიტომაც, ამ  საყვედურზე არგუმენტებს აქვე მოვუყრი თავს და თან ძალიან მეშინია, რადგან ვინც მზიას ვიცნობთ, ვიცით მისი გადაწყვეტილებების სიმტკიცის, გვეშინია მისი შიმშილობის შეუქცევადი შედეგის.

მზიას სიცოცხლე საფრთხეშია! – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ფრაზის გამოყენება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მომიხდებოდა, რადგან სიტყვა საფრთხე, მზიასთან საუბრისას, აქამდე, მხოლოდ  სხვა ადამიანების გასაჭირის გამო გამოიყენებოდა. თუმცა, თუ მის პროფესიულ გამოცდილებას გადავავლებთ თვალს, საფრთხე მისი ცხოვრების თანმდევი ნაწილია  და  2001 წლიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლების პირობებში, სიმართლის სააშკარაოზე გამოტანის გამო, მუდმივად ახლოს დაყვება.

ამის მიუხედავად, წარსული  წლების არაერთი მუქარის და ფიზიკური ძალადობის გახსენების დროსაც,  მზია სულ ცდილობს მის ირგვლივ არსებულ საფრთხეებს და სასწაულად გადარჩენის ამბებს თვალი არც თვითონ გაუსწოროს და არც სხვებს აძლევს საშუალებას, განსაკუთრებულ მოვლენად წარმოაჩინონ. გეტყვით, რომ ეს მათი მოვალეობაა, რომ  მთავარია გადარჩნენ, მთავარია მუშაობას აგრძელებენ.

ახლა კი  შეიძლება ვერ გადარჩნენ, ახლა შეიძლება ვერც მუშაობა გააგრძელონ, რადგან მზიას დაპატიმრების ამბავი, თავისუფალი მედიის სიტყვის დაპატიმრების სულ პირველი ნაბიჯია. ნაბიჯი, რომელიც თუ მყარი გამოდგა, ყოველი შემდეგი ძალიან მარტივი და ეფექტური აღმოჩნდება. კრიტიკულ მედიას გააჩუმებენ, რაც ყველაზე დამაზიანებელ დუმილად ჩამოწვება თითოეული ჩვენგანის ირგვლივ და მერე შეიძლება ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდეს.

მეტი სიცხადისთვის კი  უხმო მედიის საფრთხე საკუთარ თავზე, ჩვენს ახლობლებთან მიმართებაში შეგვიძლია მოვსინჯოთ, წარმოვიდგინოთ, როდესაც დიდ პრობლემას და უსამართლობას გადავაწყდებით, ჩვენი სატკივარის გასაჟღერებლად კი არაფერი დაგხვდება, შველის  ხმას ვერავის მივაწვდენთ, თავს ვერ დავიცავთ.

აქვე ისიც  გავიხსენოთ, რამდენი   ადამიანის ხმა და ტკივილი მოგვწვდა ბათუმელების და ნეტგაზეთის მედიაპლატფორმით, რამდენი უმწვავესი სოციალური საკითხი, უსამართლო გადაწყვეტილება გახდა აქტუალური და რამდენი ადამიანი გადაურჩა საფრთხეს. ეს ჩამონათვალი ძალიან ვრცელია  და მის უკან, ხშირად, პირადი საფრთხის ფასად, მზიას და მისი გუნდის წევრების დიდი შრომა დგას.

ეს მედიაპლატფორმა სწორედ პირადი საფრთხეების თვალის არიდებით  ჩამოყალიბდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არხად, რომლის დაცვა და გადარჩენა ახლა ყოველი ჩვენგანის  ხმის გადარჩენის ტოლფასია.

მზიას საყვედურებისგან თავდასაცავადაც  ეს პასუხი  მექნება მყარად;  ვეტყვი, რომ მისი უკანონო პატიმრობიდან უვნებელად  დახსნა,  თითოეული ჩვენგანის ხმის გადარჩენად და იმ არხის დაცვად წარმოიდგინოს,  რომელიც არასოდეს მოუყრუებს უსამართლობას და იმ ადამიანების პრობლემებს, რომელთა რიგებში სულ ბოლოს მდგომად  და უმნიშვნელოდ მიიჩნევს თავს!

ფურთხება, უშვერი გინება, ფეხის სახეში ჩარტყმა – როგორ ექცევა დგებუაძე დაკავებულებს

ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ბათუმში აქციაზე დაკავებულები ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებენ.

გინება, ფურთხება, ფეხის სახეში ჩარტყმა, დაკავებულის თავით კედელზე მიხეთქება – ეს ის ბრალდებებია, რაც ირაკლი დგებუაძის მისამართით ისმის. არიან მოწმეებიც, ვინც დგებუაძის მხრიდან ძალადობა საკუთარი თვალით დაინახა. 

  • შეფურთხება, გინება, უარი წყალსა და ტუალეტით სარგებლობაზე – მზია ამაღლობლის საქმე 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან მზია ამაღლობელის ორი ახლობლის დაკავება, რასაც დაპირისპირება და ჭყლეტა მოჰყვა.

მზია ამაღლობლის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. 

ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

ამის შესახებ მზია ამაღლობელმა ჯერ კიდევ სახალხო დამცველის წარმომადგენელს უთხრა დაკავების შემდეგ, შემდეგ კი – ადვოკატებს. დაკავებულისადმი ასეთი მოპყრობა ფასდება, როგორც დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა.

დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული.

„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“ – ისმის დგებუაძის გინება მზია ამაღლობლის დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში.

  • გინება და ცემა დაკავების შემდეგ – მალხაზ ირემაძის საქმე 

დგებუაძის მხრიდან ფიზიკური ძალადობაზე საუბრობს ბათუმში, პროევროპულ აქციებზე კიდევ ერთი დაკავებული, ჯგუფ „პლატინას“ ხელმძღვანელი და პერფორმერი მალხაზ ირემაძე.

მალხაზ ირემაძე 11 იანვარს დააკავეს საპროტესტო აქციაზე, როცა სტიკერის – „იფიცება საქართველო“ – გაკვრას პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებების სერია მოჰყვა. 

„…თვითონ დგებუაძე შემახტა, აჭარის ტელევიზიას აქვს კარგად ჩაწერილი ის კადრი, როცა თვითონ მაკავებს და უკვე რვა ადამიანს მივყავარ.

… ორ პოლიციელს ვეჭირე ხელით და ამ დროს ისეთ უშვერი სიტყვები წამოვიდა, რომ რა ვიცი. ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ და მე ასეთი რაღაც არ გამიგონია, ყველაზე მეტად აი, ამან იმოქმედა. ასაკოვანი დედა მყავს, მამა – გარდაცვლილი და ყველას შეეხო.

ამ დროს, ციალამ თქვა, მე უკვე აღარ მახსოვს, კედელზე მიმარტყმევინა თავი და მერე, უკვე რომ მოვედი [გონს], თითქოს წამიერი იყო ეს ყველაფერი და მერე თქვეს, რომ სადღაც ათჯერ იმოქმედა [ფიზიკურად] და… შემიყვანეს ოთახში, იქაც რა თქმა უნდა გააგრძელა… თვითონ პოლიციელები აშველებდნენ, აკავებდნენ, უკვე ჭკუიდან იყო გადასული…“ – იხსენებს მალხაზ ირემაძე.

დგებუაძის მხრიდან მალხაზ ირემაძეზე დაკავების შემდეგ ძალადობას ორი მოწმე ჰყავს.

აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელიც მალხაზ ირემაძის დაკავების დროს უკვე დაკავებული იყო და სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა, თავადაც შეესწრო ირემაძეზე პოლიციის უფროსის მიერ ძალადობის ეპიზოდს:

„დერეფანია და აქეთ და იქით არის ოთახები… დაკავებული ჰყავდა მალხაზ ირემაძე და გოდერძი ფრანგიშვილი. დავინახე მალხაზ ირემაძე და „ხელოვანი კაციაო“ – მე მგონი მეორე დაკავებული ეუბნებოდა, „ამის ხელოვანიო“ და რაღაც მომენტში ზუსტად იმ კართან ჩამოიარა, სადაც მე ვიჯექი.

აშკარად პოლიციელებიც კი ცდილობდნენ მისი აგრესია და ბრაზი, რომელსაც დგებუაძე გამოხატავდა, შეეჩერებინათ. მე დავინახე ხელი როგორ მიადო [დგებუაძემ ირემაძეს] სახეზე და კარი რომ დამიკეტეს, ხმა გავიგონე კედელზე თავის მირტყმის.

საშინელი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა არა მხოლოდ მალხაზს, არამედ აქციის ყველა, თითოეულ მონაწილეს…

…ყველა ტიპის საზოგადოებრივ ჯგუფებთან მქონია შეხება წლების განმავლობაში, მათ შორის დაკავებულებთან, ქურდული თუ სხვა ტიპის სამყაროს წარმომადგენლებიც ყოფილან ჩემთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას [ციალა ქათამიძე 2 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო აჭარაში – რედაქციის შენიშვნა], ან ჩხუბებს შევსწრებივარ, ბავშვობაში, შემდგომ… და ასეთი ტიპის სიტყვები, გინების ფორმა, რასაც ირაკლი დგებუაძე იყენებდა, მე არასდროს არ მომისმენია. რამდენიმე გინება პირველად გავიგონე ცხოვრებაში, ალბათ ეს მისი გამოგონებაა… ამდენი ზიზღი, აგრესია და სურვილი, რომ დაგჩაგროს, მე არ მომისმენია“ – ამბობს ციალა ქათამიძე.

მალხაზ ირემაძეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოწმე გახდა 11 იანვარს დაკავებული, აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გოდერძი ფრანგიშვილიც. 

„როდესაც შემიყვანეს შენობაში, წინ იდგა მალხაზ ირემაძე, რომელიც ასევე დაკავებული ჰყავდა ორ პოლიციელს. 

ირაკლი დგებუაძე მომშორდა მე და მივიდა ირემაძესთან და ძალიან გამეტებით ურტყამდა თავში, ძალიან სასტიკად. მე დამაყენეს და მაყურებინეს, როგორ სცემდნენ მას. არ მახსოვს კონკრეტულად რას ვამბობდი, მაგრამ მახსოვს, მოვუწოდებდი, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ იყო და არ გაელახათ.

დარტყმის დროს, ცემის დროს, სავარაუდოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, იმიტომ, რომ ნეგატიური სიტყვები მოდიოდა. არ მახსოვს ზუსტად რას ამბობდა, იმიტომ, რომ იმდენად მოულოდნელი იყო თავში დარტყმები, სიტყვებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მალხაზი გაკვირვებული იყო, არანაირად არ ელოდა, რომ ასე ცუდად მოექცეოდნენ. თავში ურტყამდა ძირითადად, მე რაც მახსოვს. 

შემდგომ ეს ადამიანი შეიყვანეს კაბინეტში… [დგებუაძემ] დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც იყო უფრო მძიმე მოსასმენი… ძალიან ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა, კონკრეტულ სიტყვებს ვერ გეტყვით. იყო გინება ყველანაირი ფორმით, ანუ გინებაზე კი არ იყო, დაკნინება და დამცირება იყო, გინებაც იყო, რა თქმა უნდა. …ლანძღავდა ყველანაირად, ცდილობდა, რომ მორალურად გაენადგურებინა და ირემაძე ძალიან შეურაცხყოფილი იყო, რომ ასეთ რაღაცას ეუბნებოდნენ.

ჩემი დაკავების დროს მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა… მე ასე გავიგე, რომ მე მაგინებდა, მაგრამ ეს არაფერი არ იყო, უბრალოდ ამ ადამიანს რომ ასე ცუდად მოექცნენ, ძალიან მძიმე შესახედი იყო ჩემთვის“ – ამბობს გოდერძი ფრანგიშვილი. 

  • ცემა თავსა და სახეში დაკავების შემდეგ – ბათუმის აქციების მედროშის საქმე 

11 იანვარს ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] თქმით, მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძემ, რომელიც ამჟამად დაკავებულია, „ბათუმელებს“ წერილი გამოუგზავნა.

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, მას ბათუმში აქციების მედროშეს ეძახიან.

„11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა“.

თემურ ქათამაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მას აგინებდნენ და „თურქს“ ეძახდნენ.

„ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინა 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით „შენ ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“.

თემურ ქათამაძე ამჟამად საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებითაა დაკავებული. იგი პროტესტის ნიშნად 17 იანვრიდან შიმშილობს.

  • წიხლი სახეში დაკავების შემდეგ – გენრი დოლიძის საქმე 

ირაკლი დგებუაძის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე ჰყვება საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე, გენრი დოლიძე. იგი დგებუაძის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 2023 წელს გახდა, რუსული გემის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ. მაშინ ამის შესახებ „ბათუმელებიც“ წერდა

გენრი დოლიძეს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან ძალადობის ეპიზოდის გახსენება:

თავზე, კისერზე, ყველგან, ფიზიკურად, შეიძლება ითქვას, ადგილი არ მქონდა, სადაც არ მაკავებდნენ. ასე ვიყავი გათოკილი. ამ დროს მესმოდა, რა თქმა უნდა, სხვა აქტივისტების მიმართაც უხამსი და შეურაცხმყოფელი, ყურით გაუგონარი სიტყვები, მათ შორის გარდაცვლილი მშობლების მიმართ, როდესაც ერთ-ერთი ეხვეწებოდა, რომ დედა მკვდარი მყავს და რაც გინდა ის მიქენი, ოღონდ დედაზე ნუ მაგინებო, დედის საფლავის მისამართითაც და ა.შ….

ამ დროს, როდესაც მე ვაგდივარ, ვიღაც მოგვიახლოვდა, თავი ამაწევინეს და ვიცანი ირაკლი დგებუაძე. ეს ბიჭი რომ დავინახე და იქამდე რომ ზუგდიდის და ქუთაისის გდდ რომ მირტყამდა, მე რაღაცნაირად შინაგანი განცდა მქონდა, რომ ეს მაინც არის ნაცნობი, ამან იცის რომ მე არ ვარ ასე ტერორისტულად დასაკავებელი კაცი. მეგონა, რომ რახან ამ ქალაქში მუშაობს ან მინიმუმ შეამსუბუქებდა ჩემზე ზეწოლას, ან იტყოდა რომ დააკავეთ, გადაიყვანეთ, არ ვიცი…

როგორც კი ამაწევინეს თავი – „ეს ვიცი, ამის დედა“… გამოაქანა ფეხი და თვალ-ბუდის არეში მომარტყა წიხლი. შემდეგ თვითონ გდდ-ს ხალხმა [თქვა] – „რას აკეთებ, სახეში?“ გააკავეს, ოღონდ მე არასოდეს არ დამავიწყდება მისი [დგებუაძის] მანიაკური, გავეშებული, გაცხოველებული სახე იმ მომენტში, რომელიც, ჩემი აზრით, არის მისი ნამდვილი სახე.

იმ მომენტში ალყაში ვიყავი ფაქტობრივად პოლიციელების და ჰქონდა აბსოლუტურად კარტ-ბლანში ჩემთან მიმართებაში. შესაბამისად ის იყო ნამდვილი ირაკლი დგებუაძე, რაც არის შინაგანად, მოწოდებით.

 შემდეგ გვერდიდან მირტყამდა წიხლებს ფეხზე, წელზე.

„ამერიკის დროშას გაგიკეთებ უკან“ – ეს დგებუაძემ უთხრა ერთ-ერთ ჩემ შემდეგ დაკავებულს“ – იხსენებს გენრი დოლიძე.

მან გვითხრა, რომ ის ერთადერთხელ დაიბარეს საგამოძიებო სამსახურში, მაგრამ არ გამოჰკითხეს. 

  • დაკავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – გურამ მურვანიძის საქმე 

მზია ამაღლობელის დაკავების დღეს, იმავე საღამოს, უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით აქციაზე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი, გურამ მურვანიძე, რომელიც აქციაზე პროფესიულ მოვალეობას, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა – იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.

„ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ ბათუმელების თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი. ირაკლი დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ამ ბრძანების მოსმენისთანავე ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს მეჩვენებინა, თუ რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე ის,“ – ამბობს გურამ მურვანიძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გურამ მურვანიძემ ფოთის იზოლატორი, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობა გაატარა, 20 იანვარს დატოვა. „ბათუმელების“ ოპერატორი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში 21 იანვარს მივიდა საკუთარი ნივთების წამოსაღებად. გურამ მურვანიძეს დაუბრუნეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი, რომელსაც აღარ ჰქონდა ორმაგი დაცვა, ტელეფონი იყო სრულიად გასუფთავებული, Apple-ის ანგარიშები, რომლებითაც მანამდე სარგებლობდა, აღარ ფიქსირდებოდა ტელეფონში, სისტემა იყო ნულოვან რეჟიმზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გურამ მურვანიძემ უკვე მიმართეს შსს გენერალურ ინსპექციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურორს აღნიშნულთან დაკავშირებით.

  • „შეუჩერდეს დგებუაძეს უფლებამოსილება“ – მოთხოვნა, რომელიც უპასუხოდ რჩება 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები უკვე 10 დღეა მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმირებულია დგებუაძის მისამართით ძალადობის ყველა ეპიზოდის ბრალდებაზე, უწყება დუმს.

მეტიც, მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაა [ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ], ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება შედარებით უფრო მსუბუქი მუხლია [ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე].

ამავე თემაზე: რა მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის საქმეზე

ბათუმში კვირაში რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება ბათუმის პოლიციის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით. აქციები მიმდინარეობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან.

აქციის მოთხოვნა უცვლელია: „შეუჩერდეს ირაკლი დგებუაძეს პოლიციის უფროსის უფლებამოსილება“.

აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში პოლიციის ახალი შენობისთვის შსს 3 მილიონს დახარჯავს

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს, რისთვისაც 3 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტიდან გამოყოფილი. პოლიციის განყოფილება დღეს ხუცუბანში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული.

„ხუცუბანში 1-ელი ქუჩის N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის სადემონტაჟო, პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე“ ტენდერი სამინისტრომ 3 014 265 ლარით გამოაცხადა.

ადგილი ხუცუბანში, სადაც ამ შენობას დაანგრევენ და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობას ააშენებენ / ფოტო ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 25 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება.

პირობის მიხედვით, სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერს თან ახლავს ახალი შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტები.

პოლიციის ადმინისტრაციული შენობა და მიმდებარე ტერიტორია – ესკიზები პროექტიდან

ხუცუბანში 1 586 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ორსართულიანი ძველი შენობა უნდა დაანგრიონ, დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის 2022 წლიდან შსს-ზე სარგებლობაშია გადაცემული [მანამდე ეს ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტის, შემდეგ კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო].

კორპუსი ხუცუბანში, სადაც დღეს პოლიციის განყოფილებაა განთავსებული [წითელი ფერით] და საპროექტო ტერიტორია [მწვანე ფერით] სადაც პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა უნდა ააშენონ.
ამავე თემაზე:

შსს ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს ბათუმშიც სტადიონის მიმდებარედ, სადაც ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება განთავსდება. ამ ტენდერში შსს-ს სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად შპს „გეგუ“ გამოავლინა, რომელიც სამინისტროს მომსახურებას 3 277 777 ლარად სთავაზობს [ტენდერი 3 816 644 ლარით იყო გამოცხადებული], თუმცა ხელშეკრულება ამ დროისთვის [25 იანვარი] გაფორმებული არ არის. ვრცლად:

ბათუმის პოლიციის I განყოფილება ტაბიძის ქუჩიდან სტადიონთან გადავა – 3 მილიონი ახალი ოფისისთვის

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 იანვრის 21 საათიდან 27 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 28 და 29 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში ერთ პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.“ – აცხადებს შსს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ თემაზე:

ბათუმში, ბონი -გოროდოკის უბანში შუახნის კაცი მოკლეს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 830 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 720]
  • ტანკი – 9 868 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 20 549 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 22 323 ერთეული [+14]
  • MLRS – 1 263 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 253 ერთეული [+40]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 053 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 35 124 ერთეული [+53]
  • სპეცტექნიკა – 3 715 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 439 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 843 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 930 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 776 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version