მთავარი,სიახლეები

ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება

28.01.2025
ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვეს – გადაწყვეტილება დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ მიიღო.

აღკვეთი ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თავად მოითხოვა.

გირაოს თანხა 5 000 ლარია. ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

პატიმრობაში მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე რჩება. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული. სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ანრი კაკაბაძე პატიმრობაში.

საუბარია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევაზე – მას შემდეგ, რაც პროევროპულო კურსის დასაცავად სტუდენტებმა გაფიცვა დაიწყეს, ამ უნივერსიტეტის 4 სტუდენტი და ფაკულტეტის დეკანი – მამუკა ჯორბენაძე სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში 3 დეკემბერს მისულ ირაკლი დევაძეზე და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე იძალადეს. ირაკლი დევაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსანია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმარი.

ამ ინციდენტამდე ხელოვნების უნივერსიტეტს ლექტორს, თეა ცაგურიასა და დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რექტორის კაბინეტთან საპროტესტო ბანერის გაკვრას მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ მამუკა ჯორბენაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნისგან მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღო.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ელოდება დაჯარიმება ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით.

„მზად ვართ შერიგებისთვის, კონფლიქტი იყო…“- მიმართა დღეს, 28 იანვარს, მოსამართლეს პროფესორმა მამუკა ჯორბენაძემ.

ბრალთან დაკავშირებით პოზიცია ბრალდებულებმა არ დააფიქსირეს.

„თავს შევიკავებ“- ერთნაირად გაიმეორეს ბრალდებულებმა მათთვის გამოყოფილი ადგილიდან.

„13 იანვრიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი ამოწურულია,“- მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა შოთა ხორავამ. მან აქცენტი დაზარალებულად მიჩნეული პირების წერილობით დადასტურებულ პოზიციებზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ირაკლი დევაძე და ირაკლი ნაკაშიძე თანახმა არიან, რომ ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნაზეც, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებს სხეულის მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ.

კიდევ ერთმა ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ კი მოსამართლეს მისივე გამოცემული წინა დადგენილებიდან ამოუკითხა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია – „პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული“.

ეს და ევროსაბჭოს სხვა რეკომენდაციები შაბლონურად მეორდება სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

„აბსოლუტურად გეთანხმებით, რასაც წერთ, ასე უნდა იყოს“- ევროსასამართლოს ციტატების წაკითხვის შემდეგ გახედა მოსამართლეს ადვოკატმა ირაკლი შავაძემ. მან მოსამართლეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წერილიც აჩვენა, რომლის მიხედვითაც პროფესორი მამუკა ჯორბენაძე იყო ყველაზე აქტიურად ჩართული ავტორიზაციის პროცესში და მის გარეშე უნივერსიტეტი ავტორიზაციას ვერ გაივლის.

პროტესტის ნიშნად, ამ დრომდე ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტების ნაწილი ღამეს ათენებს – ისინი დაპატიმრებული სტუდენტების: დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის, გიორგი დავითაძის, ასევე პროფესორ მამუკა ჯორბენაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: