დემოკრატი ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი მზია ამაღლობლის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა განცხადება X-ზე გაავრცელა დღეს, 28 იანვარს.
„როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტიკური პატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობლის საქმეს საქართველოში.
მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა ყალბი ბრალდებით. ის არ არის კარგად ციხეში, ხელისუფლებამ მზია ახლავე უნდა გაათავისუფლოს“, – წერს კონგრესმენი.
- რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
______________
ფოტოზე: კონგრესმენი სტივ კოენი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA-EFE/Doug Mills






