მთავარი,სიახლეები

“მზიას სიცოცხლე საფრთხეშია! მისი დაპატიმრების ამბავი, თავისუფალი მედიის სიტყვის დაპატიმრების სულ პირველი ნაბიჯია”

26.01.2025 •
“მზიას სიცოცხლე საფრთხეშია! მისი დაპატიმრების ამბავი, თავისუფალი მედიის სიტყვის დაპატიმრების სულ პირველი ნაბიჯია”

ავტორი: თაკო როდონაია, კომუნიკაციების სპეციალისტი


მზიას სიცოცხლე საფრთხეშია!

ამ ტექსტს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მზიას არ მოეწონება და აუცილებლად  მეტყვის, რომ მისთვის მიუღებელია მასზე აქცენტის გაკეთება, რომ ის ერთი რიგითი პატიმარია სხვა უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს შორის.

ამიტომაც, ამ  საყვედურზე არგუმენტებს აქვე მოვუყრი თავს და თან ძალიან მეშინია, რადგან ვინც მზიას ვიცნობთ, ვიცით მისი გადაწყვეტილებების სიმტკიცის, გვეშინია მისი შიმშილობის შეუქცევადი შედეგის.

მზიას სიცოცხლე საფრთხეშია! – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ფრაზის გამოყენება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მომიხდებოდა, რადგან სიტყვა საფრთხე, მზიასთან საუბრისას, აქამდე, მხოლოდ  სხვა ადამიანების გასაჭირის გამო გამოიყენებოდა. თუმცა, თუ მის პროფესიულ გამოცდილებას გადავავლებთ თვალს, საფრთხე მისი ცხოვრების თანმდევი ნაწილია  და  2001 წლიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლების პირობებში, სიმართლის სააშკარაოზე გამოტანის გამო, მუდმივად ახლოს დაყვება.

ამის მიუხედავად, წარსული  წლების არაერთი მუქარის და ფიზიკური ძალადობის გახსენების დროსაც,  მზია სულ ცდილობს მის ირგვლივ არსებულ საფრთხეებს და სასწაულად გადარჩენის ამბებს თვალი არც თვითონ გაუსწოროს და არც სხვებს აძლევს საშუალებას, განსაკუთრებულ მოვლენად წარმოაჩინონ. გეტყვით, რომ ეს მათი მოვალეობაა, რომ  მთავარია გადარჩნენ, მთავარია მუშაობას აგრძელებენ.

ახლა კი  შეიძლება ვერ გადარჩნენ, ახლა შეიძლება ვერც მუშაობა გააგრძელონ, რადგან მზიას დაპატიმრების ამბავი, თავისუფალი მედიის სიტყვის დაპატიმრების სულ პირველი ნაბიჯია. ნაბიჯი, რომელიც თუ მყარი გამოდგა, ყოველი შემდეგი ძალიან მარტივი და ეფექტური აღმოჩნდება. კრიტიკულ მედიას გააჩუმებენ, რაც ყველაზე დამაზიანებელ დუმილად ჩამოწვება თითოეული ჩვენგანის ირგვლივ და მერე შეიძლება ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდეს.

მეტი სიცხადისთვის კი  უხმო მედიის საფრთხე საკუთარ თავზე, ჩვენს ახლობლებთან მიმართებაში შეგვიძლია მოვსინჯოთ, წარმოვიდგინოთ, როდესაც დიდ პრობლემას და უსამართლობას გადავაწყდებით, ჩვენი სატკივარის გასაჟღერებლად კი არაფერი დაგხვდება, შველის  ხმას ვერავის მივაწვდენთ, თავს ვერ დავიცავთ.

აქვე ისიც  გავიხსენოთ, რამდენი   ადამიანის ხმა და ტკივილი მოგვწვდა ბათუმელების და ნეტგაზეთის მედიაპლატფორმით, რამდენი უმწვავესი სოციალური საკითხი, უსამართლო გადაწყვეტილება გახდა აქტუალური და რამდენი ადამიანი გადაურჩა საფრთხეს. ეს ჩამონათვალი ძალიან ვრცელია  და მის უკან, ხშირად, პირადი საფრთხის ფასად, მზიას და მისი გუნდის წევრების დიდი შრომა დგას.

ეს მედიაპლატფორმა სწორედ პირადი საფრთხეების თვალის არიდებით  ჩამოყალიბდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არხად, რომლის დაცვა და გადარჩენა ახლა ყოველი ჩვენგანის  ხმის გადარჩენის ტოლფასია.

მზიას საყვედურებისგან თავდასაცავადაც  ეს პასუხი  მექნება მყარად;  ვეტყვი, რომ მისი უკანონო პატიმრობიდან უვნებელად  დახსნა,  თითოეული ჩვენგანის ხმის გადარჩენად და იმ არხის დაცვად წარმოიდგინოს,  რომელიც არასოდეს მოუყრუებს უსამართლობას და იმ ადამიანების პრობლემებს, რომელთა რიგებში სულ ბოლოს მდგომად  და უმნიშვნელოდ მიიჩნევს თავს!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: