მთავარი,სიახლეები

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში პოლიციის ახალი შენობისთვის შსს 3 მილიონს დახარჯავს

26.01.2025 •
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში პოლიციის ახალი შენობისთვის შსს 3 მილიონს დახარჯავს

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს, რისთვისაც 3 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტიდან გამოყოფილი. პოლიციის განყოფილება დღეს ხუცუბანში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული.

„ხუცუბანში 1-ელი ქუჩის N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის სადემონტაჟო, პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე“ ტენდერი სამინისტრომ 3 014 265 ლარით გამოაცხადა.

ადგილი ხუცუბანში, სადაც ამ შენობას დაანგრევენ და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობას ააშენებენ / ფოტო ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 25 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება.

პირობის მიხედვით, სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერს თან ახლავს ახალი შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტები.

პოლიციის ადმინისტრაციული შენობა და მიმდებარე ტერიტორია – ესკიზები პროექტიდან

ხუცუბანში 1 586 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ორსართულიანი ძველი შენობა უნდა დაანგრიონ, დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის 2022 წლიდან შსს-ზე სარგებლობაშია გადაცემული [მანამდე ეს ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტის, შემდეგ კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო].

კორპუსი ხუცუბანში, სადაც დღეს პოლიციის განყოფილებაა განთავსებული [წითელი ფერით] და საპროექტო ტერიტორია [მწვანე ფერით] სადაც პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა უნდა ააშენონ.

ამავე თემაზე:

შსს ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს ბათუმშიც სტადიონის მიმდებარედ, სადაც ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება განთავსდება. ამ ტენდერში შსს-ს სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად შპს „გეგუ“ გამოავლინა, რომელიც სამინისტროს მომსახურებას 3 277 777 ლარად სთავაზობს [ტენდერი 3 816 644 ლარით იყო გამოცხადებული], თუმცა ხელშეკრულება ამ დროისთვის [25 იანვარი] გაფორმებული არ არის. ვრცლად:

ბათუმის პოლიციის I განყოფილება ტაბიძის ქუჩიდან სტადიონთან გადავა – 3 მილიონი ახალი ოფისისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: