„შიმშილობის მე-16 დღეს, ახლა, მზია ამაღლობელი უნდა იმყოფებოდეს არა საპატიმროში, არამედ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დღეში რამდენჯერმე უნდა ხდებოდეს მისი ჯანმრთელობის მონაცემების მონიტორინგი“- ამბობს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული.
„ბათუმელები“ ზურაბ გურულს შიმშილობით გამოწვეულ რისკებზე ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, ალბათ იცით, რომ ჩვენი გამოცემის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს. რა ხდება ორგანიზმში შიმშილობის მე-16 დღეს?
შიმშილობის მე-16 დღეს ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ორგანიზმში და ეს დამოკიდებულია იმაზე, ჯერ ერთი ვინ შიმშილობს, მე ხომ არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქრონიკული დაავადებები შეიძლება ჰქონდეს მოშიმშილე ადამიანს.
ერთია ის, რომ შიმშილობს ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც არანაირი ქრონიკული დაავადება და სხვა პრობლემები არ აქვს და მეორეა შედარებით ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნია.
შიმშილობა, თავისთავად, არის უზარმაზარი სტრესი ორგანიზმისთვის და ამ სტრესს ემატება ფსიქოლოგიური სტრესიც, რადგან ქალბატონი მზია ხომ ამას შეგნებულად აკეთებს, რადგან ეს არის პროტესტის ერთ-ერთი, ფაქტობრივად უკიდურესი ფორმა.
ის აღიქვამს თავის მდგომარეობას როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებას და შესაბამისად, ამიტომ მიმართავს უკიდურეს ფორმას.
ასეთი წინასწარი განწყობა და მდგომარეობა თავისთავად ქმნის ისეთ სტრესულ სიტუაციას, რომელიც იწვევს იმუნური სისტემის უკიდურეს დათრგუნვას.
ამას როცა ემატება შიმშილობაც, რომელიც არის ორგანიზმის ელექტროლიტური და საერთოდ, ყველა სახის ბალანსის აბსოლუტური მოშლა, ცხადია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა მთელ ორგანიზმზე.
ზოგადად, არ ღირს ამ საკითხზე კამათში ჩაბმა, რადგან გამოცდილება მაქვს ამის, როცა სააკაშვილის შიმშილობის თემასთან იყო კამათი, ეგრეთ წოდებული მთავრობის ე.წ. ექსპერტები ცდილობდნენ ჩავერთეთ რაღაც სამედიცინო კამათში, სადაც დაიწყებოდა დეტალებზე პროეცირება. ეს არის არასწორი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, იმიტომ, რომ ეს სამედიცინო დავა, მით უმეტეს როცა არ მაქვს სრული ინფორმაცია, არ იქნება მათთვის მნიშვნელოვანი და ისინი ყველანაირად ცდილობენ ამ თემაზე გადაიტანონ საკითხი.
მაგრამ საკითხი აქ დგას სრულიად სხვაგვარად და სხვა ჭრილში უნდა შევხედოთ. ჯერ ერთი, ის, როგორც მზია ამაღლობელი დააკავეს, როგორ მოეპყრნენ მას, უნდა იყოს აღნიშნული იურისტებთან და ფსიქიატრთან ერთადაც, რადგან ფსიქიატრია ის პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ფსიქოლოგიური წამების ელემენტის ოფიციალურად დადასტურება. ადგილი ჰქონდა წამებას და ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ადამიანი როგორ დააკავეს, რანაირი ზემოქმედება მოახდინა მასზე სახელმწიფომ, ე.წ. მთავრობამ, როგორ ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების სიტუაციაში ჩააყენა და დღესაც, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების ელემენტი ფაქტობრივად და ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი.
ამ მხრიდან რომ მივუდგეთ, როგორც ექიმმა, შემიძლია თავისუფლად გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს არის დამანგრეველი ზემოქმედება მზიას ორგანიზმზე.
- დეტალები არ გაჟღერებულა, მაგრამ როგორც ვიცი, მზიას აქვს გარკვეული ქრონიკული დაავადებებიც. რომელი ქრონიკული დაავადება მწვავდება ყველაზე მეტად შიმშილობის დროს და რა გართულებებს შეიძლება ველოდოთ?
ნებისმიერი დაავადება და რაც უფრო საშიშია, ავიღოთ თუნდაც არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები, თუ აქვს, მაგალითად, ენდოკრინული დაავადება, დიაბეტი, ყველა ეს დაავადება მოითხოვს და აუცილებელია, რომ ორგანიზმი ბალანსირებული უნდა იყოს.
მე ისიც არ ვიცი, მაგალითად, რა მედიკამენტებს იღებს ქრონიკულად ქალბატონი მზია. რომ ავიღოთ, მაგალითად, ჰიპერტენზიის ან დიაბეტის მედიკამენტები, ნებისმიერმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, რომ ექიმი როდესაც უნიშნავს მედიკამენტს პაციენტს, ყოველთვის ეუბნება – მიიღე ჭამის წინ, ჭამის შემდეგ, რადგან აუცილებლად ბალანსირებული უნდა იყოს ორგანიზმი და ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, წნევის მარეგულირებელი პრეპარატები მიიღოს ადამიანმა, რომელიც არის აბსოლუტურად მშიერი, რომელიც არის დეჰიდრირებული, იმიტომ რომ ელექტროლიტების ბალანსს ცვლის ზოგიერთი მედიკამენტი და როცა ელექტროლიტების ბალანსი იცვლება და ირღვევა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების მკვეთრი მატება და კლება, რამაც შესაძლოა სასიკვდილო არითმია გამოიწვის, გულის ნორმალური მუშაობა დაარღვიოს.
ხედავთ, რამდენი ელემენტია ერთად განმსაზღვრელი ფაქტორი, როდესაც ამ საკითხს განვიხილავთ?! ამას სერიოზული მიდგომა სჭირდება.
როდესაც ორგანიზმში ასეთი პროცესი მიმდინარეობს, საპატიმროს ექიმი უნდა იყოს ამაში ჩართული და ოფიციალური მონაცემები უნდა იყოს ყოველდღიურად კონტროლირებული.
ლაბორატორიული ანალიზები უნდა იყოს ჩატარებული, ხომ უნდა იცოდნენ დაახლოებით მაინც. რა თქმა უნდა, მე ვლაპარაკობ ნორმალურ სახელმწიფოზე, რომელსაც საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას იღებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს მოქალაქე პატიმარია თუ არა.
- ბოლოს რაც მოვისმინეთ, მაგალითად ომბუდსმენისგან, იყო რომ მზიას მდგომარეობა სტაბილურია. რა ითვლება „სტაბილურ მდგომარეობად“?
ეს არის ძალიან არაპროფესიონალური, რადგან ორგანიზმი არის დინამიკური პროცესი, მე ექიმი ყოველდღიურად ვუყურებ ამას და შეიძლება ადამიანი ნახო და იმ წუთში კარგად იყოს, მაგრამ მეორე წუთში, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის გამო უცებ არითმია განვითარდეს და ადამიანი დაიღუპოს.
ამიტომ, არასამედიცინო პერსონალი, ადამიანი, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს და აცხადებს, რომ პატიმრის მდგომარეობა არის სტაბილური, ეს არის უვიცობა, არაპროფესიონალიზმი და მავნებლობა.
- ერთ-ერთი მედიკოსი ამბობდა, რომ გრძელვადიანი შიმშილობის დროს, შეიძლება დაიწყოს თირკმელს, ღვიძლს ან გულის უკმარისობა და თუ ასე მოხდება, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს გაკონტროლდეს იზოლატორში?
სწორედ ამის აღნიშვნა მსურდა, როდესაც ვთქვი, რომ პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად უნდა კონტროლდებოდეს.
სისხლის ანალიზი, ელექტროლიტების ანალიზი, წინასწარ განსაზღვრა რომ მოვახერხოთ და პროგნოზირება იმისა, რომ თუ რამდენად მივუახლოვდით ან ვუახლოვდებით კატასტროფას, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ყოველდღიურად ექიმს უნდა ჰქონდეს ამის ლაბორატორიული მონაცემები. თან არ ვიცი, მშრალი შიმშილობაა, ნახევრად მშრალი შიმშილობაა…
- მხოლოდ წყალს იღებს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია.
ესეც შესასწავლია რა რაოდენობის წყალს იღებს და თუ მხოლოდ წყლის მიღება ხდება, ესეც განაზავებს ამ ელექტროლიტებს, რაც საჭიროა ორგანიზმში ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ერთ დღეს შეიძლება კატასტროფულად დაიკლოს ელექტროლიტების რაოდენობამ ორგანიზმში და ყველაზე საშიში ამ შემთხვევაში არის გული, რადგან თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა შედარებით ნელა ვითარდება.
- როგორც მედიკოსები ამბობენ, შიმშილობის დროს ხდება ასევე კეტონური სხეულების დაგროვებაც. ეს რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის?
კეტონური სხეულები გროვდება მაშინ, როცა ადამიანი შიმშილობას იწყებს. უხეშად რომ აღვწერო, ამ დროს ადამიანს აცეტონის სუნი ამოსდის პირიდან, ეს ხდება მაშინ, როცა ორგანიზმი იწყებს თავისი სამარაგო ნივთიერებების დაშლას.
ჯერ ცხიმები დაიშლება, შემდეგ ცილების დაშლაზე გადადის და ასე შემდეგ. შეიძლება ამაზე იკამათო, რომ ეს არ არის პათოლოგიური პროცესი, მაგრამ ამ კეტონური სხეულების წარმოქმნა ბუნებრივია ხდება მაშინ, როცა შიმშილობას აქვს ადგილი და ორგანიზმი საკუთარი თავის მონელებას იწყებს.
- გამოდის, ყველაზე საშიში ელექტროლიტების ბალანსის დარღვევაა?
დიახ, ამას სჭირდება ნამდვილად თვალყურის მიდევნება და კიდევ ვიმეორებ, თუ ადამიანი არის ქრონიკულ მედიკამენტებზე, აუცილებლად გასარკვევია იღებს თუ არა ამ მედიკამენტებს ან მოხდა თუ არა დოზების შესაბამისი შეჯერება, შიმშილობის პროცესის გათვალისწინებით, აი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეიძლება ითქვას.
- როგორ ფიქრობთ, შიმშილობის მე-16-17 დღე არის საგანგაშო სიგნალი იმისთვის, რომ მოვითხოვოთ მზია ამაღლობლის ჰოსპიტალში გადაყვანა?
რა თქმა უნდა, არის და მზია ახლა უნდა იმყოფებოდეს არა საპატიმროში, არამედ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დღეში რამდენჯერმე უნდა ხდებოდეს მისი ჯანმრთელობის მონაცემების მონიტორინგი.
ჩემი მხრიდან ასევე შეგიძლიათ გადასცეთ მზიას სრული თანადგომა და მხარდაჭერა სამართლიანობისთვის ბრძოლაში.