18 წლის სტუდენტი, ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც მეათე დღეა ბათუმის იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, იზოლატორიდან წერილს აგზავნის და წერს, რომ მისი ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა.
“ვზივარ ოთხ კედელს შუა და ვფიქრობ, რა სიტყვით შეიძლება მოგმართოთ? საერთოდ მაქვს თუ არა ამის უფლება?
მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, 18 წლის ბიჭი, რიგითი მებრძოლი, თქვენი თანამებრძოლი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და როდესაც მივხვდი, ვისწავლე, რომ თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო, შევედი ამ ბრძოლაში.
ეს ბრძოლა არც ჩვენით დაწყებულა და არც ჩვენით დამთავრდება. ამ ბრძოლას საუკუნეების მანძილზე ეწირებოდნენ ისეთივე გოგო-ბიჭები, როგორებიც ჩვენ ვართ, მათაც თავისუფლება უნდოდათ და ამ ბრძოლაში ჰყავდათ მტრები. მტერი სხვადასხვა იყო, მრავალი, მიზანი კი ერთი.
სწორედ თავისუფლება იყო, არის და იქნება მიზანი მანამ, სანამ ჩვენი გულები ერთხმად სცემს თავისუფლებისთვის, რადგან თავისუფლება ჩვენი გულიდან და გონებიდან მომდინარეობს. თავისუფლების შეგრძნებაა ის, რაც ჩვენს გულს და გონს თანაბრად სურს და ერწყმის ერთურთს მარადიულობის ყიჟინით.
კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ბრძოლა, ბევრის გადატანა, მაგრამ გვიხაროდეს, რადგან, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს! უამრავი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ დიადი მიზნისა და იდეისთვის ვიბრძვით. ამ იდეისთვის იბრძოდნენ და ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, იდეისთვის მსხვერპლის გაღება კი ყველაზე მეტ ძალას სძენს თავად იდეას.
ერთმანეთის იმედი გვქონდეს, რადგან მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ ამ ბრძოლაში გამარჯვებას.
“რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!” – წერს ლუკა ნაცვლიშვილი.
ლუკა ნაცვლიშვილი 26 მაისს დააკავეს ბათუმში, აქციის მონაწილესთან ხმამაღალი საუბრის გამო. მოგვიანებით მის ბრალში გაჩნდა ბრალდება, რომ ის თითქოს აგინებდა მას, შემდეგ კი წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. არც ლუკა ნაცვლიშვილი და არც ფაქტის შემსწრე სხვა ადამიანები, პოლიციის ვერსიას არ ადასტურებენ.
მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა არ მიიღო მტკიცებულებები, არ გაიზიარა დაცვის მოწმეების ჩვენებები, სრულად დაეყრდნო პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებას და ლუკა ნაცვლიშვილი 12 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2 სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს, 6 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადგენილი რადიუსის ფარგლებში მყისიერად დაიწყო დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია. ამ დროისთვის 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული.
„საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის დაკვლა და ხორცის გამოყენება, ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯილეხი მწვავე ინფექციური, ზოონოზური დაავადებაა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი და ა.შ.
ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.
ჯილეხით ადამიანის დაავადების სამი ფორმა არსებობს: კანის, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვის. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.
თანამშრომლობისძირითადმიზნებსბათუმისსახელმწიფოსაზღვაოაკადემიისმიერშემოთავაზებულიიახტებისმართვისადასერტიფიცირებისპროგრამებისსაერთაშორისო, ფართოაუდიტორიისთვისწარდგენა წარმოადგენს. აღნიშნულისასწავლოკურსის დახმარებით, ნებისმიერიდაინტერესებულიპირითეორიულცოდნასადაპრაქტიკულუნარებსდაეუფლება, რაცსაბოლოოდმცურავისაშუალებებისმართვისმოწმობის, 14 დღეში, მიღებისშესაძლებლობასიძლევა.
„ამბასადორის კუნძულზე” საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბის მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური საწვრთნელი სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ, კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, ექსკლუზიურ შესაძლებლობას მისცემს, გაიარონ იახტების და სხვა მცურავი საშუალებების მართვის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ახალი უფროსი დიმიტრი ოლისოვი აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციაზე მუშაობას გააგრძელებს.
ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტული მედია „ტასსი“ წერს და ოლისოვს ციტირებს:
„რუსული ენის პოპულარიზაცია რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა საზღვარგარეთ.
ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე უნივერსალური თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა, ენის შესწავლის, რუსულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინტერესთა სექცია, მისი მთელი შემადგენლობა, გააგრძელებს ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა ოლისოვმა რუსული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც „ტასსის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, თბილისში გაიმართა.
ოლესოვმა ასევე აღნიშნა, რომ ცნობილი ქართველი მწერლების მრავალი ნაწარმოები რუსულ ენაზეა დაწერილი, რომლებიც „არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ რუსულად აზროვნებდნენ კიდეც“.
რუსეთი რუსული ენის დღე 6 ივნისს აღნიშნავს.
ოლისოვმა რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის მოვალეობა ორ ივნისს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე დიმიტრი ტროფიმოვი შეცვალა.
დღეს, 6 ივნისს, „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განცხადება გაავრცელა და კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიციირებული მორიგი ცვლილებები, რომელიც მათი განცხადებით, კომუნიკაციების კომისიას საბანკო ინფორმაციის მიღებაზე გაფართოებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს.
„წარმოდგენილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, მიმართოს სასამართლოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ინფორმაციას თავად არ მიაწვდის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარეგულირებლისთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა საერთოდ არ არსებობს. მეტიც, დამატებითი უფლებები სცილდება ზოგადად უწყების მანდატს.
კომისიისთვის საბანკო კონფიდენციალურობის დარღვევის შესაძლებლობის მინიჭება მედიაზე ფინანსური ზეწოლისა და შანტაჟის ახალი იარაღია. აღნიშნული ცვლილებები არ ითვალისწინებს მკაფიო კრიტერიუმებსა და ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მექანიზმებს.
„ქართული ოცნება” ბოროტად იყენებს საკუთარ გავლენებს პოლიტიზებულ სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის მარეგულირებელზე, მედიის საქმიანობის შესაზღუდად.
კომუნიკაციების კომისია არ არის მიუკერძოებელი ინსტიტუტი, ის „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანოა, ხოლო მისი თავმჯდომარე რეპრესირებული რეჟიმის მხარდაჭერის გამო არის დასანქცირებული“- აცხადებს მედიაკოალიცია.
ორგანიზაციის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მედიის სისტემური დევნა მიმდინარეობს.
„ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება პირველი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი, მიღებულია ათობით ანტიდემოკრატიული კანონი, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები გამოუძიებელია, გრძელდება მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობა უკანონოდ ათავისუფლებს პროფესიონალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ხურავს გადაცემებს და ა.შ.
წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს, OSCE/ODIHR-ისა, ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს, რომელიც კრძალავს მარეგულირებელი მექანიზმების პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოყენებას.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობისკენ, სადაც მედიის დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება სისტემურად ირღვევა. დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება, ინფორმაციის მოძიება თუ გავრცელება, ასევე კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა“ – აცხადებს კოალიცია.
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის,მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გამოეხმაურა.
მან მზია ამაღლობელის პატიმრობას და ამავე დროს ნიღბიანების მხრიდან ჟურნალისტებზე დაუსჯელ ძალადობას უსამართლობა უწოდა.
„ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა. ეს ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდათ, რომ მიუსაჯონ.
ამბობენ, რომ ამან დაარღვია, პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ, 5-7 კაცი ურტყამდა, ქუსლებით სცემდნენ დავარდნილს. ახლა ვიკითხოთ – რომელია უფრო დამნაშავე?
თუ ეს დამნაშავეა იმიტომ, რომ ამ პოლიციელს ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდნენ და გადარჩნენ (ეს ადამიანები) ღვთის ნებით, ღვთის წყალობით, თორემ მათი ხელებიდან უკვე მკვდარი იყვნენ.
დასვით კითხვა, რომელია მართალი?
ამათ ციხე ეკუთვნით და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილები?
აი, ასეთი უსამართლობები, რომ ხდება, ამ უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით მთელი ცხოვრება.
ძალიან საინტერესო სიტყვები წერია ბალაამზე [ბიბლიური პერსონაჟი], ერთი მოგვი კაცი იყო და მასზე წერია, როცა ეცემოდა, მაგრამ თვალები ღია რჩებოდაო.
გესმით, რას ნიშნავს? როცა ცუდ რაღაცას ჩაიდენ, მაშინაც თვალი არ უნდა დაგეხუჭოს, ანუ გონება უნდა ხედავდეს, სად არის სამართალი, რომელია მართალი.
შენ რომ დაეცე, უნდა ხედავდე, რომ დაცემული ხარ და დღეს რომ ასეთი უსამართლობა ხდება, იმათგან, ვინც სამართლის დამცველები არიან, ამას უნდა ხედავდეთ და არა მხოლოდ ხედავდეთ, უნდა ამბობდეთ, რომ ეს არის უსამართლობა.
ამბობს ბევრი, ხედავს ბევრი.
ამიტომ ვამბობ, რომ ის ადამიანები, ვინც ამას აპროტესტებენ მართლები არიან, სიმართლეს მიჰყვებიან, ხოლო ვინც დუმს, მასთან არ მოვა ჭეშმარიტება შემდეგში.
როცა შენ მოგადგება ბოროტება, ვერ დაინახავ, რომ ის ბოროტებაა. იმიტომ, რომ ერთხელ მიიღე“ – ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
5 ივნისს, თურქეთში, ქალაქი დიარბაქირში, 13-სართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.
დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა და მისი 12, 10 და 4 წლის შვილები.
თურქული მედიის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, მოქალაქეების ნაწილი შეეცადა სახლი კიბეებით დაეტოვებინათ, თუმცა მხუთავმა კვალმა ისინი დააზიანა. ოფიციალური ინფორმაციით, საავადმყოფოში 17 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 4-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივნისის 21 საათიდან 7 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში:
დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 8 და 9 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმის აეროპორტში დღეს, 6 ივნისს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში [9:30 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა.
თვითმფრინავი [THY5ET] ვერც მეორე მცდელობაზე დაჯდა აეროპორტში და ზღვის თავზე მანევრირებს. ბორტი დაჯდომას ამ წუთებშიც [9:50 სთ] ცდილობს.
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი „ქარის უეცარი ცვლილება გახდა“.
განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 10:12 საათზე დაჯდა
თვითმფრინავი [THY5ET] ბათუმის თავზე / 6.06.2025სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი [THY5ET] ბათუმის აეროპორტში პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა / 6.06.2025
თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერც მეორე მცდელობისას დაჯდა / 6.06.2025
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 993 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
ტანკი – 10 889 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 22 685 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 28 794 ერთეული [+44]
MLRS – 1 406 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 180 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 413 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 39 193 ერთეული [+174]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 271 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 50 913 ერთეული [+101]
სპეცტექნიკა – 3 907 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
61 316 უპილოტო საფრენი აპარატი
610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 749 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 566 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
25 696 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 441 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსული პროპაგანდისტული მედია „ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება.
„ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთის მეთაურმა, მახმუდ-ალი კალიმატოვმა, ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან, იური ბალაშოვთან, ქალაქ მაგასში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
„მხარეებმა განიხილეს ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე რეგიონში საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება“, – წერს პროპაგანდისტული მედია, ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„ინგუშეთი, თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით, შესანიშნავი პლატფორმა იქნება ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. ჩვენ შევქმნით ყველა პირობას ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის პროდუქტიული დიალოგისთვის“, – განაცხადა კალიმატოვმა.
„ინტერფაქსის“ ცნობით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღონისძიების თარიღებსა და პროგრამას განსაზღვრავს და „საერთაშორისო ფორუმის მთავარი აქცენტი კულტურულ გაცვლაზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერაზე იქნება გამახვილებული“.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობითასეთი ფორუმი 2018 წელსაც ჩატარდა რუსეთში, კერძოდ მოსკოვში. კრემლის პროპაგანდისტი გამოცემა „სპუტნიკი“ წერს, რომ ამ ფორუმზე მოსკოვში საქართველოდან დაახლოებით 30-კაციანი დელეგაცია ჩავიდა, რომელშიც შედიოდნენ ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ახალგაზრდა მეწარმეები და სტუდენტები.
დელეგაცია საქართველოდან 2024 წელსაც მონაწილეობდა რუსეთის მიერ ორგანიზებულ „მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე“, რომელიც გასულ წელს ჩატარდა რუსეთის ფედერალურ ტერიტორიაზე „სირიუსი“, სოჭთან ახლოს.
_______________________________________________
მთავარ ფოტოზე კადრი 2018 წელს ჩატარებული რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმიდან
„რა ვქნათ, ადგილი ვერ ვიპოვეთ“ – გვითხრა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა, როცა პარკინგის წესების დარღვევაზე ვკითხეთ –მან მანქანა ტროტუარზე ჩააყენა.
ამ ამბიდან ორი წელი გავიდა. ინსპექციის თანამშრომლები კი როგორც ჩანს, ისევ წვალობენ მანქანის დასაყენებელი ადგილის საპოვნელად, თუმცა, ხშირად – უშედეგოდ.
„ადგილი არ არის“ – ამ ლოგიკით თავად მაკონტროლებელი აჩერებს მანქანას შუა ქუჩაში, ყველა წესის დარღვევით.
ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, არასწორად გაჩერებული მუნიციპალური ინსპექციის მანქანააქ ალბათ ისიც დაგაინტერესებთ, რატომ დგას 2 ურნა ზებრაზე. ეს უკვე სხვა სამსახურის, შპს „სანდასუფთავების“ კომპეტენციაა. ამ საკითხზე პასუხს ველოდებით და თუ მოგვაწვდიან აქვს გამოვაქვეყნებთ.
2025 წლის პირველი კვარტალი დასრულდა, თუმცა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია პარკირების წესების დარღვევაზე რეაგირების ახალი სტატისტიკა. უწყებას გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ გასული წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ინსპექციის პარკირების ზედამხედველობის სამსახურს 2024 წელს 74511 სამართალდარღვევა გამოუვლენია.
მათ შორის:
50148 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა.
8375 – ტროტუარზე დგომა.
7140 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა.
5135 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა.
1089 – ველობილიკზე არასწორი პარკირება.
299 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა.
ბათუმის მერიის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ 856 ათას 100 ლარი შევიდა. ეს საპატრულო ჯარიმებია და არა მუნიციპალური და არ ასახავს საპატრულო პოლიციის [ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერების] მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემებს, რადგან კანონის შესაბამისად ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში.
ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში გამოწერილი საპატრულო ჯარიმების ოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა.
თიბისი კამპუსი განათლების პროგრამაა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია.
თიბისიმ შექმნა უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის დასრულების შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას.
თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია აღნიშნავს: „თიბისი კამპუსში ვისწავლე მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება. ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი, რაც სტარტაპების შექმნასა და მენეჯმენტს უკავშირდება. თიბისი კამპუსმა შემძინა რწმენა, რომ გონივრული იდეა არასოდეს უნდა დარჩეს განუხორციელებელი. სწორი დაგეგმარებისა და მოტივაციის პირობებში, ინვესტიციის მოპოვება და იდეის რეალობად ქცევა, სრულიად შესაძლებელი ხდება“.
თიბისის გუნდის სპეციალისტების და მოწვეული პროფესიონალ ლექტორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, თეორიულ ცოდნასთან ერთად, კამპუსის კურსდამთავრებულებს, აძლევს შესაძლებლობას, დარგში არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, გაუმკლავდნენ თანამედროვე საბაზრო გამოწვევებს, დასაქმდნენ და მათთვის საინტერესო იდეები რეალობად აქციონ.
როგორც ნუგო აღნიშნავს: „კურსი, რომელიც გავიარე ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. ყველაზე ღირებული ჩემთვის ის იყო, რომ ორი წარმატებული ბიზნესმენისგან მათი წარმატების ისტორია, რჩევები და მიდგომები მოვისმინეთ, რაც პირადად მე, საკუთარ საქმეში ძალიან დამეხმარა. კურსი იმდენად მომეწონა, რომ თიბისი კამპუსის ახალ ნაკადსაც შევუერთდი და ტექნოლოგიური პროექტების მართვის კურსზე ვაპირებ სწავლას“.
ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია.
განათლებით შენს ამბავს ქმნი, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
დღეს, 5 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] საქართველოში დარჩენაზე. ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში ვერ გასაჩივრდება.
თუმცა თემურ ქათამაძის საქმეზე შესაძლოა ე.წ. დროებითი ღონისძიება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგის სასამართლომ აამოქმედოს. ბათუმელი მედროშის უფლებების დასაცავად ევროსასამართლოს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიმართავს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად იცავს თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ინტერესებს.
ბათუმელ მედროშეს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად ზუსტად 5 დღე აქვს – 11 ივნისის დადგომამდე მან საქართველო უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ქვეყნიდან გააძევებენ. თემურ ქათამაძე საქართველოს ნებით დატოვებს თუ ძალით, ის მაინც თურქეთში აღმოჩნდება, სადაც ფეტულა გიულენთან კავშირს ედავებიანდა პატიმრობა ელის.
ბათუმელი მედროშე რომელიმე სხვა ქვეყანაში ვერ წავა, რადგან მას მხოლოდ თურქეთის მოქალაქეობა აქვს, თურქეთის მოქალაქის პასპორტი კი ვადაგასულია.
„შესაძლოა, ამ 5 დღეში მოასწროს ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების ამოქმედება და ძალიან სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ ყველაშვილმა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. ის აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა. თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
თემურ ქათამაძეს ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ სასამართლომ უარი უთხრა 2025 წლის 29 აპრილს, თუმცა მან სასამართლოს ხელახლა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიისშემდეგ მიმართა, რომლის მიხედვითაც მედროშეს თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დაპატიმრება ელოდება.
თურქეთის სხვადასხვა ოფიციალური უწყების, მათ შორის, ორდუს სახელმწიფო პროკურატურის დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, „ბათუმელ მედროშეს“ თურქეთში დაპატიმრება ელის. „ბათუმელებს“ აღნიშნული დოკუმენტები ინფორმირებულმა პირმა მოაწოდა. უფლებადამცველის, თამთა მიქელაძის შეფასებით, ეს დოკუმენტები ახალაღმოჩენილი გარემოებაა და სწორედ ამ საფუძვლით ხელახლა მიმართეს სასამართლოს.
„ეს ახლადაღმოჩენილი გარემოებები მივაწოდეთ სასამართლოს და ვითხოვდით საერთოდ გაუქმებულიყო მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხი. „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიით და ამის შემდეგ ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით პირდაპირ ჩანს, რომ თემურ ქათამაძის მიმართ დაკავების ორდერია გამოცემული.
თურქეთი ასევე ითხოვდა თემურ ქათამაძის შესახებ ინფორმაციას საქართველოდან: შიმშილობაზე, სად არის მოთავსებული და ასე შემდეგ.
ჩვენ ოფიციალური დოკუმენტები წარვუდგინეთ სასამართლოს და შუამდგომლობით მოვითხოვეთ ასევე საკითხის გადადება, რომ თავად მოსამართლე გასცნობოდა ამ მასალებს, რომ გვეთარგმნა ეს მასალები და წარგვედგინა, მაგრამ არც ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
შსს-ს მიგრაციის სამსახურსაც ხელახლა მივმართეთ „ბათუმელებში“ მიერ გამოქვეყნებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თუმცა ისევ უარი გვითხრეს. დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია.
ასევე, უცნობია სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა.
იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა.
თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.
დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
დღეს, 5 ივნისს, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი „ბათუმელების“ მენეჯერის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის თემას კვლავ გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი 145-ე დღეა უკანონო პატიმრობაშია.
„მინდა, ყურადღება მივაპყრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კონკრეტულ საქმეს. ის უკვე 145 დღის განმავლობაში უკანონო პატიმრობაშია და მე ნამდვილად მაშფოთებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
მინდა, მისი სახელი ჩვენს დღის წესრიგში შევიტანოთ, მის საქმეს ყურადღებით დავაკვირდეთ. ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვართ მის გარშემო მყოფ ყველა ჟურნალისტთან“, – განაცხადა ლენა შილინგმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სხდომაზე.
ლენა შილინგი 16 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესსაც დაესწრო ბათუმში. „ევროპა გიყურებთ. ჩვენ ამაზე თვალს არ დავხუჭავთ“ – განაცხადა მან.
ავსტრიელი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს შესაძლებლობების გამოყენებას ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის.
ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი როსტო ზარანდია დღეს, 5 ივნისს, უკვე მესამედ დააჯარიმეს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო.
„სამართალდამრღვევი ვარ ისევ, მესამედ. ორი წუთით ადრე დაიწყო უსამართლემ და ხუთ წუთში მორჩა.
თავისუფლება მზიას“- წერს როსტო ზარანდია ფეისბუქზე.
როგორც როსტო ზარანდია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამჯერად ის მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააჯარიმა 3 000 ლარით სტენსილის დახატვისთვის.
„პირველ-ორ სასამართლოზე ფატი ფურცხვანიძემ დამაჯარიმა, ამჯერად – აბშილავამ. სულ ხუთჯერ დავხატე მზიას სტენსილი, მაგრამ სამზე შემიდგინეს ოქმი.
მხოლოდ პროკურატურაზე არ ვახატავ მზიას, სხვა კედლებზეც ვხატავ, სადაც მივწვდები… მზია რეჟიმის სანიმუშო მსხვერპლია, ამიტომ ცდილობს სისტემა დანაშაულებრივად ჩაახშოს ერთი ჟურნალისტის ხმა. სასამართლო პროცესები კი არა შაპიტოა, იურისპრუდენციას ნახერხი მოაყარეს ამ უგვანოებმა.
„თავისუფლებას“ უფრთხიან, იმდენჯერ გადაღებეს. მეც ამიტომ ვხატავ. ეს შემიძლია და სანამ შემიძლია, ყოველთვის ვიტყვი სათქმელს.
თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა ტყვეს!“ – ამბობს როსტო ზარანდია.
„მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივრებზე, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ შეიტანა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ირაკლი კობახიძის ნდობით აღჭურვილმა პირმა.
საიას განცხადებით, საჩივრის საფუძველია კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები, ხოლო შინაარსობრივად საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა “არალეგიტიმური პარლამენტი”, “ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”, “ქართული ოცნების რეჟიმი”, “რეჟიმის პატიმარი”, ასევე ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიებას.
„მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლი „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს, რომელიც, თავისი შინაარსით, არის ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი, მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით, რაც, უნგრეთში მსგავსი მოწესრიგების გამო გაკრიტიკებული აქვს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას.
შესაბამისად, ეს მუხლი, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას. ასევე, მისი პრაქტიკაში შინაარსობრივი კონტროლის მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში – კონვენცია) მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ვრცელდება მედია თავისუფლებაზე.
მუხლი იცავს არა მხოლოდ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ზოგადად დადებითად მიიღება საზოგადოების მიერ, არამედ იცავს ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეიძლება უსიამოვნო, შოკისმომგვრელი ან მიუღებელი იყოს კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ დაცულია მედიის სარედაქციო თავისუფლება და გარანტირებულია მედიის მხრიდან გადაწყვიტონ მათი რეპორტაჟის ფორმა.
მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ფართო დისკრეციას უტოვებს მედია საშუალებებს სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში და იცავს, მათ შორის, პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიის შესახებ შედარებით მკვეთრი ტერმინებით გაკეთებულ კომენტარებს და სადავო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას მანამ, სანამ მათ წვლილი შეაქვთ საჯარო პოლიტიკურ დისკურსში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს პრესის თავისუფლებას, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითაც სახელმწიფოს ეკრძალება ცენზურის დაწესება და ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების მიღება, რომლებიც დისპროპორციულად ერევა მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში“ – აცხადებს საია.
ორგანიზაციის განცხადებით, მედიის თავისუფლება მოიცავს აზრების გავრცელებას სახელმწიფო ცენზურის გარეშე და ის განუყოფელია დემოკრატიისაგან, ვინაიდან „უნდა ემსახუროს ხალხს და არა მმართველებს” (The press was to serve the governed, not the governors).
„კანონის 54-ე მუხლი არის ფართო და ბუნდოვანი და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ერთის მხრივ დისპროპორციულად ჩაერიოს მაუწყებლობის შინაარსში და ასევე მსუსხავი ეფექტის გამოყენებით ირიბად დაუწესოს ცენზურა მაუწყებლობებს.
საჩივარი არის იმ ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რომლის დროსაც აქტიურად ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების (განსაკუთრებით პროტესტების დროს), მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ჟურნალისტები და სხვა მედია აქტორები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ეფექტიანად შეასრულონ საკუთარი როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, სადაც საზოგადოება პლურალისტური, ხოლო ინდივიდი – ღირსებადაცულია, როდესაც ექნებათ რწმენა იმისა, რომ შეეძლებათ იმუშაონ სახელმწიფო ჩარევისა და ძალმომრეობის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს გამოხატული იქნება ეს ინფორმაციული მასალის ცენზურაში, დაუსაბუთებელ დაკავებასა თუ დევნაში, ასევე სტრატეგიულ სამართალწარმოებაში საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPPs).
აქედან გამომდინარე, ცენზურის აკრძალვა გულისხმობს, არა მხოლოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შედეგთან სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ფორმის ჩარევის აკრძალვას, არამედ ამგვარი საქმიანობისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებასაც“ – აცხადებს საია.
დღეს, 5 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმელი აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმე განიხილა.
ციალა ქათამიძე ერთი და იმავე ქმედებისთვის, სტიკერის გაკვრისთვის მოსამართლემ მეორედ დააჯარიმა, ამჯერად 1000 ლარით.
2025 წლის 27 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ გაყალბებული საქმის მიუხედავად ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
„სტიკერის გაკვრის საქმეზე“ ციალა ქათამაძე, მედიამენეჯერ და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მსგავსად, სასამართლოში ხელახლა დაიბარეს.
სტიკერის – „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო ციალა ქათამიძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს– მან სტიკერი საჯარო სივრცეში, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან, ასფალტის საფარზე გააკრა. აქტივისტი ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას, თუმცა ასკ-ის150-ე მუხლის საფუძველზე პოლიციას არ აქვს ვინმეს დაკავების უფლება.
ამიტომაც, ისევე, როგორც მზია ამაღლობელის საქმის შემთხვევაში, ციალა ქათამიძის დაკავება პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს და გამოიგონეს ფაქტი: ციალა ქათამიძე და მზია ამაღლობელი თითქოს ერთნაირი ფრაზებით შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და თითქოს ისინი სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს – რაც აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეოკადრებში მკაფიოდ ჩანს – არამედ პოლიციელების შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის [ასკ-ის 173-ე მუხლი] გამო.
2025 წლის 11 იანვრის აქციიდან სამ თვე-ნახევრის გასვლის შემდეგ – 2025 წლის 28 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ პატაკი დაწერა: მოქალაქე ციალა ქათამიძემ სტიკერი დააკრა პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთანო.
2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა. სხვა პოლიციელების მსგავსად, პოლიციის ხელმძღვანელიც გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატებმა. გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც [იერსახის დამახინჯება], მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს ასეთი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და, რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…,“ – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
ასკ-ის 150-ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმი არც ციალა ქათამაძის მიმართ არსებობდა, თუმცა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომიდან 2 დღეში, 2025 წლის 30 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, [სწორედ მასზე სილის გაწვნის გამო ედავებიან მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას] პატაკით მიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს, გიორგი ბუხრაშვილს.
პოლიციელებმა ოქმში ჩაწერეს, რომ ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძემ კი არ დააკავა, რაც კადრებით დასტურდება, არამედ სხვა პოლიციელებმა. ამ საქმეზე ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ და მარიანა ფომაევამაც უარი თქვა.
დღეს, 5 ივნისს, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა ირაკლი გორგილაძემ თქვა, რომ შლაგბაუმთან ციალა ქათამიძემ სტიკერი გააკრა იმის მიუხედავად, რომ მას ირაკლი დგებუაძემ მოუწოდა, არ გაეკრა სტიკერი სამმართველოს შესასვლელთან.
ეს ამბავი 11 იანვარს მოხდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, ირაკლი გორგილაძეს კი, სტიკერის გაკვრაზე ახსნა-განმარტება 28 აპრილს შეუდგენია.
„იყო მსგავსი ფაქტები…“- დაიწყო თხრობა პოლიციელმა, თუმცა ის მოსამართლემ შეაჩერა, შეურაცხყოფის შემთხვევა უკვე განიხილა სასამართლომო.
მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენლის, თეა ლაღაძის პოზიცია გაიზიარა, რომლის მიხედვითაც ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს – რაც ვიდეო კადრში ჩანს – არამედ განარიდეს და სტიკერის გაკვრის საქმეს არ აქვს შემხებლობა პოლიციელების შეურაცხყოფასთან.
პოლიციელმაც თავის ცრუ ჩვენებაში თქვა, ციალა ქათამიძე ი არ დააკავეს, არამედ განარიდესო, თუმცა ვერ განმარტა, რა პროცედურაა ეს სამართლებრივად.
მოსამართლეს სამუშაო მაგიდაზე უკვე სახალხო დამცველის ამიკუსი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელის და ცუალა ქათამიძის საქმეებში განმეორებითი მსჯავრდების ნიშნები ჩანს, რაც კანონით და ევროსასამართლოს მიერ დადგენილი ნორმებით დაუშვებელია.
„შეურაცხყოფას მაყენებს, ჩემს განცხადებებს ეხმაურება – „ვაა“ და ასე შემდეგ წამოძახილებით…“- მოსამართლეს მიმართა შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ დარბაზში მყოფი მოქალაქის, თედო ზოიძის შესახებ.
მოსამართლემ სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დარბაზიდან თედო ზოიძე გააძევა.
ფოტო: „ბათუმელები“
მალევე პოლიციელს დაემშვიდობნენ და შემდეგი მოწმე – ისევ პოლიციელი თენგიზ კვირკველია გამოიძახეს.
„რატომ არ დატოვეთ მოწმე დარბაზში, ვიდრე მორიგი მოწმე შემოვა? რა გარანტია არსებობს, რომ მათ შორის კომუნიკაცია არ შედგება?“- დარბაზიდან შეკითხვით მოსამართლეს აქტივისტმა გოჩა მჟავანაძემ მიმართა.
„სასამართლო უზრუნველყოფს ამას“- დარბაზს გამოხედა მოსამართლემ, თუმცა არ უთქვამს, რა გამორიცხავს მოწმეებს შორის კომუნიკაციას.
თენგიზ კვირკველია ციალა ქათამიძის მიმართ სამართალდამრღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელია.
„სად არის დაშვებული სტიკერის გაკვრა? რატომ ჩათვალეთ, რომ იქ (საჯარო სივრცეში, პოლიციის შესასვლელთან) სტიკერის გაკვრა არ შეიძლებოდა?“- პოლიციელს მიმართა ადვოკატმა ირმა აბაშიძემ.
„ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული,“- დაბნეულობა დაეტყო მოწმეს. მან ვერ განმარტა და ვერც განმარტავდა, რატომაა სამართალდარღვევა სტიკერის გაკვრა მით უმეტეს საჯარო სივრცეში, შენობის შესასვლელთან, ასფალტის საფარზე.
„აძვრა ეს სტიკერი, თუ დარჩა დაზიანებული იერსახე?“- ირონია დაეტყო ციალა ქათამიძეს.
„ეს არ ვიცი“- ისევ შეიშმუშნა მოწმე.
ფოტო: „ბათუმელები“
სამართალდამცველმა ისიც თქვა, რომ სტიკერის გაკვრა, მისი შეხედულებით, „გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდებოდა“.
საიას იურისტი, ირმა აბაშიძე დაინტერესდა ამ მუხლით, რომელიც შენობის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს, სხვა შემთხვევებზე ოქმი თუ შეუდგენია ოდესმე შსს-ს.
არსებული პრაქტიკის მიხედვით, იერსახის დამახინჯებაზე ოქმებს მერიის მუნიციპალური ინსპექცია ადგენს.
„კი, ასეთი ოქმები არსებობს, მეც შემიდგენია“,- კონკრეტიკას ისევ აარიდა თავი პოლიციელმა თენგიზ კვირკველიამ.
საიას იურისტმა ირმა აბაშიძემ შემაჯამებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა მოწმე პოლიციელზე – ირაკლი ელიაძეზე, რომელმაც ჩვენება სასამართლოს მაშინ მისცა, როცა ციალა ქათამიძე იგივე ქმედების გამო პირველად გაასამართლეს.
„…მაშინ მისი გაფრთხილება შსს-ს წარმომადგენლებმა ვერ მოასწრეს და მან სასამართლოს ის უთხრა, რაც რეალურად მოხდა და რაც კადრებში ჩანს: ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრის გამო დავაკავეთო,”- აღნიშნა ირმა აბაშიძემ.
იურისტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბათუმის მერიისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია: სად შეიძლება სტიკერის გაკვრა, სად არის ამისთვის გამოყოფილი ადგილი, მაგალითად, ბათუმში?
ბათუმის მერიამ ეს შეკითხვები პასუხგაუცემელი დატოვა.
იურისტმა თამარ წულუკიძემ კი, მოსამართლეს ვრცლად ესაუბრა იმაზე, როგორ დასტურდება ერთი და იგივე ქმედების გამო რომ გასამართლდა ციალა ქათამიძე.
თამარ წულუკიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დაკავების დროს – რასაც შსს განრიდებად ასაღებს – ციალა ქათამიძეს ჩამოართვეს ტელეფონი.
„ვიცი, რომ არსებობს ერთი სიმართლე… ქვაფენილზე სტიკერის გაკვრა რომელი ნორმითაა სამართალდარღვევა?“- იკითხა სხდომის დასასრულს ციალა ქათამიძემ.
აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას.
„ბათუმელები“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.
ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.
მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით.
დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.
მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ“ – წერს ელჩი დანიგანი.
რობინ დანიგანი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2023 წლის 14 იანვარს წარადგინა.
რობინ დანიგანი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ 600 მმ-იან ქსელზე არსებული დაზიანების გამო გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდა წყალმომარაგება.
„ბათუმელებმა“ კომპანიაში დააზუსტა, რა ქუჩებზეა შეზღუდული წყლის მიწოდება.
ამ დროისთვის წყალი გათიშულია: პუშკინის, ჭავჭავაძის, გიორგი ბრწყინვალეს, ჩაიკოვსკის, ბესიკის, სევასტოპოლის, მამია ვარშანიძის, ჩოლოყაშვილის [ქუჩა და მეორე შესახვევი], ბალაძის, გურამიშვილის, ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბა ორბელიანის, ლევან გელაძის, სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ შამილაძის, მელიქიშვილის [ მათ შორის – ჩიხი და მეორე შესახვევი], ლუკა ასათიანის [ქუჩა და ჩიხი], აჭარისწყალის შესახვევი, გენერალ ასლან აბაშიძის, ვაჟა ფშაველას, თევრათ გორგილაძის, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩებზე.
ასევე, „ბათუმის წყლის“ ცნობით, წყალი არ მიეწოდებათ აბონენტებს პეტრე ბაგრატიონის ჩიხსა და ურეხის შესახვევში.
კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდება აღდგება დღეს, 5 ივნისს, დაახლოებით 23 საათზე.
„დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევა“ – იუწყება „ბათუმის წყალი“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-ში შესვლას აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ზღუდავს კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლას.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში შესვლა აკრძალულია ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეებისთვის.
აკრძალვა ძალაში 9 ივნისს შევა.
აშშ-ში შესვლა ნაწილობრივ შეზღუდულია ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, ვენესუელას და თურქმენეთის მოქალაქეებისთვის.
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე რუსული შეიარაღებული ძალების დრონით თავდასხმას ემსხვერპლა ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსის ოჯახი – ცოლი და 2 შვილი.
„მისი ოჯახი დაიღუპა. მისი ცოლი, ქალიშვილი, პოლიციის პატრულის თანამშრომელი და მისი ერთი წლის ვაჟი“, – წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკო ტელეგრამზე.
დღეს, 5 ივნისს, უკრაინის ქალაქ პრილუკიში რუსეთის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
3 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე.
რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს და წელს მას რეკორდული რაოდენობის — 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა და მისმა მოკავშირე 8 ქვეყანამ: ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვატორული გვინეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, სუდანმა და ზიმბაბვემ.
49 ქვეყანამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მათ შორისაა საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი.
2008 წლიდან დღემდე, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის.
2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე და ისიც საქართველოს საწინააღმდეგოდ. ჩინეთს საქართველოს რეზოლუციისადმი პოზიცია არც თბილისთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ შეუცვლია.
იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც თავი შეიკავეს, არის არაბთა გაერთიანებული საამიროებიც, რომლის სასარგებლოდაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დათმო.
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე, გაეროში მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ირანმაც, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
საქართველოში ახალი ფორმის პასპორტის და პირადობის მოწმობის გაცემა 2025 წლის პირველი აგვისტოდან დაიწყება.
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები, იუსტიციის მინისტრის 2025 წლის მარტის ბრძანებით, მიმდინარე წლის 4 ივნისიდან უნდა შეცვლილიყო.
მარტის ბრძანებაში ცლილება 30 მაისს შეიტანეს. ამ ახალი ბრძანებით ვადასთან ერთად გარკვეული ცვლილებები შევიდა მოწმობების ტექნიკურ მახასიათებლებშიც. მაგალითად:
ახალი მოწმობა დამატებით უნდა შეიცავდეს „ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური“;
ახალი ბრძანებით, „მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს [სემგს] რეგისტრაციის ნომერი“;
მოწმობა უნდა შეიცავდეს ასევე: „სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია მოწმობის ან/და მასზე დატანილი [ჩაწერილი] მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის,“ ასევე „მფლობელის თითის ანაბეჭდს“.
ამასთან, „ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შესაძლოა შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს;
ასევე, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, რომლებიც დაიტანება [ჩაიწერება] მხოლოდ მფლობელის მოთხოვნით.“ – აღნიშნულია ახალ ბრძანებაში.
ძალაში კვლავ რჩება აკრძალვა, რომ ელექტრონული მოწმობების ინდივიდუალური ნომრის ნიშნებში ციფრების კომბინაცია არ შეიძლება იყოს ისე, რომ იკითხებოდეს რიცხვი 666 [მაგალითად, ბარათის ნომერში არ შეიძლება იყოს ასეთი კომბინაციები − 666XX, X666X ან XX666].
რაც შეეხება პასპორტს, იუსტიციის მინისტრის 2025 წლის აპრილის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ახალი ფორმის გარდა დამტკიცდა ასევე „ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები“.
აღნიშნული დოკუმენტებიც შეცვლილი ფორმით, 2025 წლის ივნისის ნაცვლად აგვისტოდან უნდა გაიცეს.
ამასთან, აგვისტომდე გაცემული ყველა დოკუმენტი [პირადობა, პასპორტი და სხვა] მისთვის განსაზღვრული ვადით იმოქმედებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 992 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930]
ტანკი – 10 887 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 22 680 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 28 750 ერთეული [+39]
MLRS – 1 406 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 177 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 413 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 39 019 ერთეული [+95]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 271 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 50 812 ერთეული [+82]
სპეცტექნიკა – 3 907 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
61 316 უპილოტო საფრენი აპარატი
610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 749 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 566 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
25 696 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 441 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
24 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, ბოლო 10 დღეში, ბათუმსა და ხელვაჩაურში 3 კაცი მოკლეს.
ბოლო შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა– ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში, მდინარე ჭოროხის პირას 32 წლის ბესო ბოლქვაძე სავარაუდოდ ავტომატის მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს. განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
რამდენიმე დღის წინ – 2025 წლის 25 მაისს, ბათუმში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 2 ადამიანს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.
24 მაისს კი, ისევ ბათუმში ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა. დაჭრილი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 4 ივნისს, ბათუმში, გონიოს ხიდთან. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მოპედის მძღოლი.
ამ დროისთვის [20:10 სთ] ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია [ბათუმი-სარფის მაგისტრალზე მოძრავი ტრანსპორტი დროებით ე.წ. მახოს ხიდით გადაადგილდება].
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„ქართული ოცნება“ აპირებს თავისუფალ მედიას გაუკონტროლოს სიტყვები და ტერმინები და ის, რაც პარტიას არ მოსწონს, მედიის სტანდარტების დარღვევად გამოაცხადოს.
3 ივნისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლატელეკომპანია „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორიცაა: „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ასე შემდეგ.
„ოცნება“ მოითხოვს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ აღნიშნულ ტელევიზიებს და სანქცირების აღსრულების დროებითი წესი ამოქმედდეს. მეტიც, დოკუმენტებში ჩანს, რომ საჩივარი არა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით გასულ, არამედ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფრაზებსაც ეხება.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მიიჩნევს, რომ ეს მედიაზე ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობაა.
„კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ იმყოფება“ – აცხადებს კოალიცია.
„როცა მიიღეს ცენზურის კანონმდებლობა [„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში რეპრესიული ცვლილებები], ვამბობდით, რომ ეს მიზნად ისახავდა არა მედია გარემოს გაჯანსაღებას, არამედ მედიის კონტროლს კომუნიკაციების კომისიის გავლით.
„ოცნებას“ სურს მედიამ არ ისაუბროს თემებზე, რომელიც მათთვის მიუღებელია, ცალკეული სიტყვებიც არ უნდა გამოიყენონ.
სრული პაკეტია სანქციების შემუშავებული და როცა მიტაცებულია სახელმწიფო, არათუ ბოლო ცვლილებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ჩადებული გარანტიების გამოყენებაც კი ამ სასამართლო პირობებში ბოროტად ხდება.
ეს იმისთვის კი არ მიიღეს, რომ პროფესიული სტანდარტები გაიზარდოს და ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არამედ იმისთვის რომ დააცენზურონ მედია, არ თქვა, არ ისაუბრო იმაზე, რაც პარტიას არ მოსწონს,“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
მამუკა ანდღულაძე
მისი თქმით, როგორც მზია ამაღლობელის ან სინდისის სხვა პატიმრების სასამართლო პროცესებზე ვხედავთ ბრალდების უსუსურობას, მიკერძოებას და ცრუ მოწმეებს, მარეგულირებელ კომისიაზეც, თუკი დაიწყებენ ტელევიზიების წინააღმდეგ განხილვებს, ცხადად გამოჩნდება ამ უწყების მიკერძოებულობა.
„თუკი, რა თქმა უნდა, კომისია დაეთანხმება ამ საჩივარს“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
რის საფუძველზე სთხოვს „ოცნება“ მედიას, რომ არ უწოდონ მას მაგალითად არალეგიტიმური ხელისუფლება? – ვკითხეთ მამუკა ანდღულაძეს.
მისი შეფასებით, უკანონობას ვერ დაასაბუთებ.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ კანონი უნდა იყოს სამართლიანი და მეორე, კანონიც უნდა განმარტო. ცუდი კანონი მიიღეს, ცუდი აღმსრულებლებიც არიან, ამიტომ უკანონობას კანონიერად როგორ გაასაღებ?! შეუძლებელია.
ჟურნალისტმა არ ისაუბროს იმ თემებზე, სიტყვებზე და ტერმინებზე, რაც არ მოსწონს პარტიას – ამას სამართლებრივად ვერ დაასაბუთებს „ოცნება“.
თუ მიიღებს გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია ტელევიზიების წინააღმდეგ, ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მთელი რიგი პაკეტი რეპრესიული კანონმდებლობისა, მედიაორგანიზაციებმა მაინც უნდა გააგრძელონ საზოგადოების ინფორმირება.
„გამოწვევა სერიოზულია და როგორ ყველა გამოწვევის დროს, ისევე როგორც შარშან, შარშანწინ, აქტივისტები იქნებიან, სინდისის პატიმრები თუ სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, უნდა გააგრძელონ წინააღმდეგობა, რადგან ჟურნალისტების პროფესიული მოვალეობის განხორციელება არა მხოლოდ თქვენი უფლებების განხორციელებაა, არამედ, რასაც აკეთებთ, ქვეყნისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, იმ რეალურ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა და თითოეული მოქალაქე დგას.
„როსკომნადზორს“ [რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო] აქვს სია, თუ რა ტერმინები უნდა გამოიყენოს მედიამ და რა არა და ეს სია ყოველდღე იზრდება. „ოცნების“ შთაგონების წყარო ამ საკითხშიც არის ოკუპანტი სახელმწიფო. თუმცა, მგონია, რომ ისინი საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწევენ“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
„რაც მედიის წინააღმდეგაა, ის ხალხის წინააღმდეგაც არის“
„კომუნიკაციების კომისია „ქართული ოცნების“ რუპორია და ის აუცილებლად იმას გადაწყვეტს, რაც უნდა „ოცნებას“ და გადაწყვეტს ისე და იმ ფორმით, რა ფორმის ცვლილებებიც შეიტანა მაუწყებლის კანონში „ქართულმა ოცნებამ“.
ეს უნდოდა კომუნიკაციების კომისიასაც და იმიტომ იყო ავტორი ამ საკანონმდებლო ცვლილების, რომ მთლიანად, ყველაფერი ის, რაც მედიის შინაარს შეეხება, იყოს კომუნიკაციის კომისიის გასარჩევი და გადასაწყვეტი“ – ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ცვლილებები „ოცნებამ“ იმიტომ მიიღო, რომ მარეგულირებელი კომისია გადაქცეულიყო ცენზორად.
„ასეთი საჩივრები ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო დაეწერა, მაგრამ პირველი საჩივარი მედიის წინააღმდეგ დაწერა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ანუ პირდაპირ ირაკლი კობახიძემ მიუგზავნა კომუნიკაციების კომისიას ვინმე ბოკუჩავა იმისთვის, რომ დაიწყოს საქმის წარმოება მედიის წინააღმდეგ.
ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ტვ პირველს“ და „ფორმულას“. ვგულისხმობ ასევე „მთავარს“, რომლის ვებგვერდის მისამართითაც ხდება მსგავსი წარმოება.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კომუნიკაციების კომისია თავის მარეგულირებელ ფუნქციებს საერთოდ დაივიწყებს და მთლიანად გადაერთვება შინაარსის კონტროლზე, იმიტომ, რომ ეს ფუნქცია დააკისრეს. ის უნდა გახდეს „მთავლიტის“ მემკვიდრე, რომელიც იყო საბჭოთა პერიოდის ცენზურა საქართველოში“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის ფუნქცია არ არის არკვიოს, ჟურნალისტი როგორი ტიპის შეფასებას მისცემს ამა თუ იმ მოვლენას.
„თუ ჟურნალისტი პრინციპულად არღვევს აუდიტორიის ინტერესებს, მაშინ მომხმარებელმა ამ ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭოში უნდა იდავოს, ეს იყო კანონის სულისკვეთება ყოველთვის, ეს დაანგრია „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა ჩვენ უნდა მივცეთ კომუნიკაციების კომისიას უფლება, რომ მან შინაარსში შეაღწიოს და რაც მათ არ მოეწონებათ და არ იქნება მათთვის მისაღები, ყველაფერს გაასაჩივრებენ.
კომუნიკაციების კომისია, რა თქმა უნდა, კობახიძის საჩივარს დააკმაყოფილებს, ჯერ გააფრთხილებს, შემდეგ ფინანსურად დასჯის, ბოლოს – ავტორიზაციას შეუჩერებს“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
ზვიად ქორიძე
მას ვკითხეთ, მაშინ რა უნდა უწოდოს ჟურნალისტმა „ოცნების“ პარლამენტს თუ არა არალეგიტიმური, რადგან ფაქტია, რომ „ოცნების“ პარლამენტს არ აქვს სათანადო აღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც.
ზვიად ქორიძის თქმით, საქართველოს პარლამენტში კანონით 150 დეპუტატი უნდა იყოს წარმოდგენილი, დღეს პარლამენტს ჰყავს 86 დეპუტატი, 64 ადგილი ცარიელია, რადგან ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და მათი უფლებამოსილება არ არის ცნობილი, შესაბამისად, ასეთი პარლამენტი არ არის სრულფასოვანი.
„შესაბამისად, როდესაც ჟურნალისტი იტყვის, რომ ეს ე.წ. პარლამენტია, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი იტყუება თუ არა, ეს არავინ უნდა გადაწყვიტოს, გარდა მაყურებლისა, რომელსაც ჟურნალისტი ეუბნება, რომ მე ასე ვუყურებ ამ პარლამენტს ფაქტობრივ მონაცემზე დაყრდნობით. რადგან ეს არ არის სრულფასოვანი საქმიანობა პარლამენტის და ამიტომ არის „ე.წ. პარლამენტი“.
ეს რომ თქვას ჟურნალისტმა, ამით ის არ არღვევს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს და თუ კონკრეტულ მაყურებელს მიაჩნია, რომ აქ არის დარღვევა, მან უნდა იჩივლოს მაუწყებლის თვითრეგულირებაში, მაგრამ ეს „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს.
დღეს ბიძინა ივანიშვილის დიქტატურაზე ვსაუბრობთ და არა დემოკრატიული მმართველობის წესზე. ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ჟურნალისტმა გააკეთა შეფასება, აღწერა ფაქტი, რაც რეალურად არის, ეს არ მოსწონს ივანიშვილს, რადგან ეს რეალობა ეწინააღმდეგება იმ სტატუს კვოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოსწონს.
ამიტომაც ის ამბობს, სიტყვა „რეჟიმი“ არ გამოიყენოო, მაგრამ ის, რომ რეჟიმია ქვეყანაში, ჟურნალისტმა უნდა აღწეროს. ამ რეჟიმს აქვს სასამართლო, რომელიც მთლიანად კლანურ პრინციპზეა დამყარებული და ეს კლანი არის დამოკიდებული ივანიშვილის ნებაზე. ეს არის ამბავი, რომელიც ჟურნალისტმა საზოგადოებას არ უნდა დაუმალოს.
ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს სასამართლო, პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებაა და შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან. ეს იქნება ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დასჯა თუ სისხლის სამართლის წესით პოლიტიკურად დევნილი ადამიანების მიმართ… იმიტომ არიან ისინი დღეს საპატიმრო დაწესებულებაში, რომ ამ რეჟიმმა დაატყვევა. ამ რეჟიმისთვის მიუღებელია ამ ადამიანების საქმიანობა.
მაგრამ ის, რომ ეს ფაქტი ფაქტად მიაწოდოს მედიამ საზოგადოებას, არ მოსწონს „ქართულ ოცნებას“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელიც ივანიშვილის ქვეშევრდომი უწყებაა, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც სურს „ოცნებას“.
„ბიძინა ივანიშვილს კი უნდა, რომ მედია გააჩუმოს. ამიტომ დაწერა ბოკუჩავამ, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული ტერმინი „სახელმწიფოს მიტაცება“.
მაგრამ თუ მოქალაქეს არ მოეწონება მაგალითად, „იმედის“, „პოსტ-ტვ“-ის ან „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტები და დაწერს საჩივარს, მათ შემთხვევაში მარეგულირებელი იტყვის, რომ არა, ეს ტელეკომპანიები იქცევიან კარგად, რადგან ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიაც და ეს კანონიც პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.
უნდა დავინახოთ, რომ დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ბიძინა ივანიშვილს აქვს მიტაცებული და იმ მედიის გაუქმება სურს, რომელიც არ მოსწონს, რომელსაც ვერ აკონტროლებს, ვერ ერევა მის სარედაქციო პოლიტიკაში“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, რა დარჩა თავისუფალ მედიას თავისი უფლებების დასაცავად? – ვკითხეთ ზვიად ქორიძეს.
მისი აზრით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიამ საზოგადოებას ზუსტად მიაწოდოს ინფორმაცია:
„უნდა ვთქვათ სინამდვილე. ეს სინამდვილე დააყენა „ქართულმა ოცნებამ“, ეს რეალობა შექმნა ივანიშვილმა და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ვდგავართ დიქტატურის პირისპირ. ჩვენ ამას მოვერევით ან დიქტატურა გადაყლაპავს ყველაფერს.
დღეს ივანიშვილმა მაღალეთიკური ჟურნალისტიკის კეთების შესაძლებლობა მოუსპო ტელევიზიებს, გაზეთებსა და ონლაინ პლატფორმებს, რადგან შექმნა ისეთი გარემო, რომ ჟურნალისტები გამოიყვანა მათი საქმიანობის ჩარჩოებიდან და აქცია აქტივისტებად.
ჟურნალისტიკის ეშინია ბიძინა ივანიშვილს, მას ურჩევნია დაანგრიოს ეს სისტემა ასეთი ფსევდოკანონებით, ეს არის მისი ამოცანა და ჩვენ ამ თამაშში არ უნდა ჩავყვეთ“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი აზრით, ჟურნალისტებმა საზოგადოებას მკაფიოდ უნდა უთხრან, რომ კანონები, რომელიც თითქოსდა ხალხის ინტერესებით მიიღო ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, თვალთმაქცობაა.
„ივანიშვილს ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი, გაანადგუროს, გააუქმოს მედია. ეს კანონი როდესაც შემოიტანა, ამოქმედებიდან მეორე დღესვე მოქმედებაში მოიყვანა და დააწერინა ვინმე ნათია ბოკუჩავას საჩივრები, რომლითაც ხდება დევნა სატელევიზიო მედიის, შემდეგ გადავლენ ონლაინ მედიაზე, რადგან კახა ბექაურს და კომუნიკაციების კომისიას ყოველთვის ჰქონდა ამის სურვილი და მცდელობა, ეკონტროლებინა ონლაინ მედიაც საქართველოში.
ეს არის დიქტატურის ფორმულა და ეს მედიამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რადგან დღეს ყველაზე მთავარი პარტნიორები დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ არის საზოგადოება და მედია.
თუ ეს კავშირი დაიკარგება, გარწმუნებთ, რომ დიქტატურა გაიმარჯვებს. თუ საზოგადოება მართლა დაინახავს იმას, რაზეც დღეს მედია ელაპარაკება და სწორად გაიაზრებს ამას, მაშინ აუცილებლად ერთად მოვერევით დიქტატურას. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ფორმულა – საზოგადოება და მედია.
და ეს პროტესტი და გზავნილი უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რომ საქართველოში ჩვენ არ დავუშვებთ დიქტატურას და ყველა მეთოდით დავუპირისპირდებით. სხვა შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ადვილად მოერევა დიქტატურა.
ჩვენი ამოცანაა, არ გავუშვათ ერთმანეთს ხელი – საზოგადოებამ და მედიამ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დიქტატურა ქვეყანაში დამარცხდეს და დავუბრუნდეთ ნორმალურ, დემოკრატიული მართვის წესებს“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
დღეს, 4 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო არსებითი განხილვა საქმეზე – „აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამინ კასიმოვი და სხვები (სულ, 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
საქმე ეხება საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების სარჩელს, რომელთა ნაწილი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ სურთ მათ გვარებს რუსული დაბოლოება ჩამოშორდეს, რადგან ამას საბჭოთა და რუსული ოკუპაციის არასასურველ ანდერძად მიიჩნევენ.
ამ იდეის შესაბამისი კამპანია, სახელწოდებით –გვარი დამიბრუნე, 2020 წლის დასაწყისში წამოიწყო სამოქალაქო პლატფორმა „სალამმა“. სწორედ ამ პლატფორმის თავმჯდომარემ, აიჰან ჰასანლიმ კომენტარის სახით განმარტა „ბათუმელებთან“, თუ რას და რატომ ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოსგან:
„რა გვარი უნდა ვატაროთ – ეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საკითხია.
ადამიანს აქვს უფლება ატაროს ის გვარი, რომელთანაც აქვს იდენტური, ისტორიული ან კულტურული კავშირი. ჩვენ იძულებული ვართ ვატაროთ გვარი, რომელთანაც არანაირი კავშირი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ის მხოლოდ ფარატინა ფურცელზე წერია.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ოკუპაცია მხოლოდ მიწისა და ტერიტორიების დაკავებაა. ის არის იდენტობის, ენის, კულტურის, პიროვნული ნაწილისა და ყოველდღიურობის ხელყოფაც. გვარების ოკუპაცია სწორედ იდენტობის ოკუპაციაა, პროცესი, რომელიც რუსეთმა და საბჭოთა კავშირის იმპერიულმა ძალებმა განახორციელეს.
ჩვენი გვარებიდან რუსული დაბოლოებების ჩამოშორება ისტორიული უსამართლობის გამოსწორების მოთხოვნაა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ნიშნავს იმ ისტორიული ჭრილობის მოშუშებას, რომელიც საუკუნეებია გრძელდება.
„გვარი დამიბრუნე“ ნიშნავს, დაასრულე ამ ქვეყანაში, საქართველოში, რუსეთი და საბჭოთა კავშირის გადმონაშთები. „გვარი დამიბრუნე“ ნიშნავს, აღადგინე სამართლიანობა და გაიმარჯვე ბოროტებაზე.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა დაასრულოს ეს ისტორიული ოკუპაცია, იდენტობის შელახვა, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ქვეყანაში საბჭოთა კავშირი და აღადგინოს თითოეული ადამიანის უფლება, იცხოვროს თავისუფალი იდენტობით, მისთვის სასურველი გვარით.
ეს რუსული დაბოლოებები საბჭოთა ოკუპაციის არასასურველი ანდერძია. ამ ანდერძს ჩვენ არ ვაღიარებთ და ადრე თუ გვიან, შევცვლით, თუმცა რაც უფრო ადრე მოხდება, მით უფრო სწრაფად დასრულდება ისტორიული უსამართლობა და საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში“ – მიიჩნევს აიჰან ჰასანლი.
4 ივნისს, ღამით, უკრაინის რამდენიმე რეგიონზე რუსეთის სამხედრო ძალებმა მასიური საჰაერო თავდასხმები განახორციელეს დრონებითა და მრავალჯერადი რაკეტების გამშვები მოწყობილობების გამოყენებით.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული საჰაერო დარტყმების ძირითადი არეალი ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და დონეცკის რეგიონები იყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის შეტევის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ხარკოვის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 5. დარტყმები განხორციელდა ქალაქ ხარკოვისა და ხარკოვის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტზე.
სუმის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სუმში დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაიჭრა 28 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვია.
როგორც სუმის რეგიონული ადმინისტრაცია იუწყება, 3 ივნისის დილიდან 4 ივნისის დილამდე რუსულმა ჯარებმა თითქმის 110 თავდასხმა განახორციელეს რეგიონის 13 ტერიტორიულ თემში არსებულ 27 დასახლებაზე. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი შენობები, მანქანები და სამედიცინო დაწესებულებები.
„სუმის თემზე გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ექვსი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის სამი ბავშვია. საერთო ჯამში, 30 ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. ამჟამად 16 დაშავებული საავადმყოფოშია“ – წერს სუმის რეგიონული ადმინისტრაცია ტელეგრამ არხზე.
4 ივნისის ღამეს რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა ოდესის ოლქზეც.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ტელეგრამზე წერს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სამიზნეების უმეტესობა გაანეიტრალეს. ოდესაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და რკინიგზის სადგურები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 4 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინას „შაჰიდის“ ტიპის 95 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონებით შეუტია.
__________________
მთავარი ფოტო: ხარკოვის ოლქის რეგიონული ადმინისტრაცია
წუხელ ღამით, 3 ივნისს, ხელვაჩაურში 32 წლის ბესო ბოლქვაძე მოკლეს. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობა, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან წილის დათმობის მოთხოვნას და უარის მიღების შემდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.
პირველადი ინფორმაციით, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.
ოჯახის ახლობლებმა მოკლული კაცის ცხედარი მანქანაში დღეს დილით იპოვეს – მდინარეში გადაგდებული ავტომანქანა სავარაუდოდ ქვას წამოედო და წყალში ნახევრად ჩაიძირა.
ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია, ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ღამღამობით იგი მდინარე ჭოროხის პირას საკუთარ ავტომანქანაში ათევდა ღამეს. როგორც ინფორმირებული პირები „ბათუმელებს“ უყვებიან, ბესო ასე იმიტომ იქცეოდა, რომ კატერი და მის მიერ მოწყობილი ნავმისადგომი არავის დაეზიანებინა.
შს სამინისტრო მომხდარის შესახებ ამ დრომდე არაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით.
განზრახ მკვლელობის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკუთარი კატერის გაქირავებით დაკავებულ ბესო ბოლქვაძეს დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დაუკავშირდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს კონკრეტული წარმომადგენლები, რომელთა ვინაობა ცნობილია და წილის დათმობა მოსთხოვეს, ასევე მოსთხოვეს ის, რომ ბესო ბოლქვაძეს მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი სხვა კატერისთვის დაეთმო.
ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ბესო ბოლქვაძეს უარით გაუსტუმრებია. ინფორმირებული პირების ვარაუდით, მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს.
ამ ეტაპზე ცნობილი არაა, ჰყავს თუ არა ახალგაზრდა კაცის ავტომატით ჩაცხრილვას თვითმხილველი – შემთხვევის ადგილის ირგვლივ საცხოვრებელი სახლები არ არის. საგულისხმოა, რომ ამ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანა პატრულირებს.
„ბათუმელები“ ცდილობს მომხდარის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას და დაზუსტებას. შსს-ს ოფიციალურ ვერსიას კი, მიღებისთანავე გაგაცნობთ.
ადგილი მდინარე ჭოროხთან, სადაც გუშინ ღამით ავტომანქანაში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს
ბათუმში, მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, იქ, სადაც სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი“ დაანგრიეს, სამშენებლოდ მონიშნული მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში კომპანია მასშტაბური შენობისთვის საძირკველს აწყობს, მეორე ნაწილში მდებარე ორსართულიან ავარიულ სახლში კი ოცდაათამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
სამუშაოების შედეგად ავარიული სახლი პერიოდულად ირყევა, აქ მცხოვრებები გვიყვებიან, რომ სახლის რყევით გამოწვეულ რეაქციას ბავშვებთან არ გამოხატავენ და მათთან ამაზე არ საუბრობენ, თუმცა ძალიან ეშინიათ.
„მუნიციპალური ინსპექცია გამოვიძახეთ, მერიასაც მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ, რეაგირებას დღემდე ველოდებით“ – გვიყვებიან ავარიულ სახლში მცხოვრებები.
ბათუმი, მელიქიშვილის 42-ში მდებარე ავარიული სახლიბათუმი, მელიქიშვილის 42- ში მდებარე ავარიული სახლის შიდა ეზობზარი სახლის ფასადზე
პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასთან მდებარე 5960 კვ.მეტრზე მერიამ მშენებლობის ნებართვა სწორედ მას შემდეგ გასცა, როცა მშენებელმა კომპანია, შპს „უნივერსამმა“ ორსართულიანი ავარიული სახლი და მასთან დაკავშირებული ფართობი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ფართობს შეუერთა და ორი საკადასტრო კოდი გააერთიანა. გარდა ამისა, კომპანიამ ამ გზით მოახერხა, მისი პროექტი ავარიული სახლების პროგრამაში განეხილათ – ასე კომპანია პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებდა ნებართვის მიღებისას.
ავარიული სახლების ათვისებისების შემთხვევაში მერიას შეუძლია, სამშენებლო კოდექსის გვერდის ავლით, რიგი შეღავათების გათვალისწინებით გასცეს სამშენებლო ნებართვა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროექტს გაუზარდოს კ2 კოეფიციენტი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში სხვაგვარად მერია წინააღმდეგი იყო აქ იმ მასშტაბის მშენებლობაზე, როგორიც კომპანიას სურდა.
მერის ბრძანების ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ თავის ნაკვეთზე, 4161 კვ მეტრზე მოთხოვნილ პროექტზე ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა კომპანიას უარი უთხრა.
ამის შემდეგ კომპანია მომიჯნავედ არსებული სახლისა და მასთან დაკავშირებული ნაკვეთის მფლობელებს შეუთანხმდა და უკვე ავარიული სახლების ათვისების პროგრამით მიმართა მერიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად. კომპანიამ უკვე გაზრდილ ფართობზე, ავარიული სახლის ათვისების სანაცვლოდ, სამი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა.
2023 წლის სექტემბერში მერმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც შპს „უნივერსამს“ მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაუმტკიცა და მისცა რეკომენდაცია 2 მიწის ნაკვეთი ერთ საკადასტრო ერთეულად გააერთიანებინა საბოლოო ნებართვის მისაღებად.
კომპანიამ მერიის რეკომენდაცია შეასრულა, ორი ნაკვეთი ერთ საკადასტრო კოდზე გააერთიანა და ამის პარალელურად პროექტის კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა 17.0 მდე. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია ნამატი ფართობის ათი პროცენტი მერიას გადასცეს საკუთრებაში. კომპანიამ ეს ვალდებულება აიღო.
წითლად მონიშნულია საპროექტო ტერიტორია
პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც შეითანხმა.
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, კომპანია მელიქიშვილის 42- სა და პუშკინის N132ბ-132გ-132დ -ში მულტიფუნქციური კომპლექსის ABG – ბლოკებს ააშენებს.
A ბლოკი-მოიცავს ერთ სარდაფის სართულს (G0), 3 კომერციული სართულს (G1,G2,G3), 2 საპარკინგე სართულს(P7, P8) და 34 საცხოვრებელ სართულს. B ბლოკი მოიცავს ერთ სარდაფის სართულს (G0), 3 კომერციულ სართულს (G1,G2,G3), 2 საპარკინგე სართულს (P7, P8) და 34 საცხოვრებელ სართულს. G საცხოვრებელი სართული 1-ლიდან მე-33 სართულის ჩათვლით არის საცხოვრებელი ფართობები.
პროექტის რენდერი
პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ცათამბჯენის მშენებლობა ისე დაიწყეს, რომ ორსართულიან ავარიულ სახლში მცხოვრებებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი არ შეუთავაზებიათ.
რამდენიმე ოჯახს აქ საკუთრებასთან დაკავშირებული დავა აქვს, თუმცა ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრობს და აქვს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებაც, თუმცა საკუთრებას ვერ იბრუნებს [ეს ცალკე საკვლევი საკითხია და ამაზე „ბათუმელები“ მუშაობას გააგრძელებს]. აქ ცხოვრობენ ისინიც, ვისაც კომპანიასთან შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვთ.
იმის დასადასტურებლად, რომ ორსართულიანი ავარიული სახლი მომიჯნავედ დაწყებული სამუშაოების გამო ნადვილად ირყევა, ერთ-ერთმა რესპონდენტმა დაჟინებით მოგვთხოვა ეს ადგილზე შეგვემოწმებინა. რესპონდენტის სახლში 1 საათი დავყავით, რყევები პერიოდულად ნამდვილად იგრძნობოდა, თუმცა რისკების შეფასება ჩვენი კომპეტენცია არ არის.
რამდენად უსაფრთხოა ცხოვრება სამშენებლო მოედანზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, შესაძლებელია თუ არა სამშენებლო მოედნის ერთ ნაწილში მშენებლობა მიმდინარეობდეს და მეორე ნაწილში მოსახლეობამ ცხოვრება უსაფრთხოდ გააგრძელოს? – ამ კითხვებზე პასუხს ბათუმის მერიისგან რამდენიმე დღე უშედეგოდ ველოდეთ.
ვცადეთ კომპანიასთან დაკავშირებაც, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად კომპანიაში არავინ გვიპასუხა.
შპს „უნივერსამი“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100 პროცენტსაც ბიზნესმენი ავთანდილ ჯუმუშაძე ფლობს. კომპანიის დირექტორი თამილა ებრალიძეა.
სამშენებლო მოედანზე განთავსებულ ბანერზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე გაყიდვების მენეჯერები პასუხობენ, ერთ-ერთმა გვითხრა, რომ ვერ დაგვეხმარებოდა კომპანიის ხელმძღვანელებთან დაკავშირებაში, მეორემ იურისტის ნომერი მოგვცა, თუმცა ამ ნომერზე საერთოდ არ გვიპასუხეს.სამშენებლო მოედანი პუშკინის ქუჩის მხრიდან
___________________
მთავარ ფოტოზე: რენდერი – რა უნდა აშენდეს ყოფილი უნივერსამის ადგილას
მკვლელობა მოხდა წუხელ ღამით ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან. „ბათუმელების“ ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი საკუთარ მანქანაში ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე ჩაცხრილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 991 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020]
ტანკი – 10 884 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 22 678 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 28 711 ერთეული [+88]
MLRS – 1 402 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 176 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 413 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 38 924 ერთეული [+176]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 271 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 50 730 ერთეული [+123]
სპეცტექნიკა – 3 907 ერთეული [+2]
„ბრწყინვალე შედეგი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ივნისს უკრაინის შეტევას რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომებზე. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სპეცოპერაციაისტორიის წიგნებში შევა. განადგურებულ თვითმფრინავებს შორისაა სტრატეგიული ბომბდამშენები, როგორიცაა Tu-95 და Tu-22M.
უკრაინის გენშტაბმა ამ სპეცოპერაციის შედეგად გუშინ საბოლოოდ 41 თვითმფრინავი დაამატა რუსეთის სამხედრო დანაკარგებს.
„სხვადასხვა წყაროებიდან დამატებითი ინფორმაციის დამუშავებისა და გადამოწმების შემდეგ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, მოგახსენებთ, რომ ოკუპანტის საერთო დანაკარგებმა 41 სამხედრო თვითმფრინავი შეადგინა, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები და სხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.“ – დაწერა უკრაინის გენშტაბმა.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
61 316 უპილოტო საფრენი აპარატი
610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 749 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 566 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
25 696 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 441 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში 2024 წლის აგვისტოში ბაქოს მოთხოვნით დააპატიმრეს, საქართველოსა და აზერბაიჯანის – ორი ავტორიტარული ხელისუფლების მსგავსებაზე გვესაუბრება.
აფგან სადიგოვი ამბობს, რომ მედიის დევნა, როგორც დიქტატურის ერთ-ერთი მახასიათებელი, აზერბაიჯანში შედარებით გვიან დაიწყო, საქართველოში კი დიქტატურის დამყარება დაიწყო სწორედ მედიის მიზანში ამოღებით.
„აზერბაიჯანში დიქტატურის დამყარებისას შეცდომები დაუშვეს, მაგრამ აქ, საქართველოში, ეს უკვე პროფესიონალურად ხდება“ – გვითხრა აფგან სადიგოვმა.
აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად 161 დღე შიმშილობდა ქართულ ციხეში, მან 40 კილოგრამი დაიკლო და იმდენად იყო დასუსტებული, რომ ეტლით გადაადგილდებოდა. იგი პატიმრობიდან 16 აპრილს გათავისუფლდა. მისი ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს – ეს პროცესი კი, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.
ბატონო აფგან, პირველ რიგში, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს ახლა საქართველოში?
აქ არ არის უსაფრთხო.
ყველამ იცის, ივანიშვილი განგსტერია. მე კარგად ვიცი აზერბაიჯანული და ქართული პოლიტიკა, ისინი იმიტომ არ აკეთებენ არაფერს ჩემს წინააღმდეგ, რომ უბრალოდ ჯერ ახალია ეს ამბავი, ყველა საუბრობს აფგანზე, მის გათავისუფლებაზე… ალბათ ელოდებიან, როდის გადაივლის ეს ამბავი, დაავიწყდება ხალხს, დაუბრუნდება ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმს და არ ვიცი – ორ-სამ-ხუთ თვეში შეიძლება ავტოკატასტროფაში მოვყვე, ან ქუჩაში ვიღაცამ მომკლას, მაგალითად ფული მომთხოვოს ან რამე მიზეზით მეჩხუბოს…
აქ საფრთხეში ვარ.
სულ რამდენი ხანი გაატარეთ პატიმრობაში? რა გაძლევდათ ძალას ამდენ ხანს შიმშილობისას?
აზერბაიჯანში ორჯერ ვიყავი პოლიტპატიმარი, პირველად წლინახევრის განმავლობაში, მეორედ – ორი წლისა და 15 დღის განმავლობაში. სამჯერ დამაკავეს ადმინისტრაციულად – 30 დღით, შემდეგ კვლავ 30 დღით და მესამედ -22 დღით.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში არის ბანდიტიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება, რომელმაც მე მომიტაცა. ჩვენთან მას „გესტაპოს“ ეძახიან, იქ აწამებენ ადამიანებს. მე რატომ წამიყვანეს, არ ვიცი, მათ სარდაფში ვიყავი 6 დღე, სადაც, რა თქმა უნდა, იყო წამება, ელექტროშოკი. ითხოვდნენ, რომ გავჩერებულიყავი, მაგრამ რომ გამოვედი, უფრო ხმამაღლა ვილაპარაკე, დავწერე და გამოვაქვეყნე.
აქ, საქართველოში, პატიმრობაში ვიყავი 8-ნახევარი თვე.
როდესაც პირველად ვშიმშილობდი, მაშინაც მკითხეს, თუ საიდან მაქვს ასეთი ძალა? მაშინ ვუპასუხე, რომ მტრის, დიქტატორის წინაშე ბრძოლაში არ მინდოდა დანებება. ასევე ვფიქრობდი, რომ თუ არ მოვკვდები, ღმერთი მომცემს ძალას, რომ გავაგრძელო ცხოვრება და ისევ დავეხმარო ხალხს. სხვა პატიმრებმაც მითხრეს – „აფგან, შენ არ შეგიძლია მოკვდე, რადგან ხალხი გელოდება“.
ეს მაძლევს ძალას.
საქართველოში შიმშილობის დროს, ექიმმაც მკითხა, რა მაძლევდა ძალას. ვუთხარი, რომ მე შინაგანი ძალა მაქვს, რაც ყველაზე მთავარია და ასევე მომავლის გეგმა – რას ვაპირებ, რატომ ვცხოვრობ…
ეს ძალიან მეხმარებოდა.
მედიის დევნა რეჟიმების მახასიათებელი ნიშანია. როგორ და რატომ დაიწყო ეს პროცესი აზერბაიჯანში და რა შედეგები მოჰყვება ამას ქვეყნისთვის, ხალხისთვის?
როცა აზერბაიჯანში დიქტატურა დაიწყო, ისინი შეეცადნენ ხალხი დაეტვირთათ ფინანსური პრობლემებით. ეს იყო ბანკის ვალები, ძალიან მაღალი პროცენტები და ხალხი არ ფიქრობდა საკუთარ უფლებებზე, დემოკრატიაზე, ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ იმისთვის, რომ შვილები არ დარჩენოდათ მშიერი.
შემდეგ, როცა რეჟიმმა დაინახა, რომ ვინც ხმას იმაღლებდა, ჩიოდა ამაზე და ამის შესახებ ინფორმაციას მედია აქვეყნებდა, დაიწყეს უკვე მასიური, სერიული დაპატიმრებები და ახლა აზერბაიჯანში უკვე ასეულობით პოლიტპატიმარია, მათგან დაახლოებით 40 ჟურნალისტია, მათგან 10 – ქალია.
როცა რაღაც პრობლემაა, იქ თუ ჟურნალისტი არ იქნება, ვინ გაასაჯაროებს ამას?! მედია ხალხის ხმაა და ის ჩაახშეს.
ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანში სამოთხე გვაქვს, დემოკრატიაა, ჩვენ, ჟურნალისტები კი ვწერთ, რომ ის იტყუება, რადგან მის ჩინოვნიკებს მილიარდობით დოლარი აქვთ, ხალხი კი შიმშილობს.
რა მსგავსებას და სხვაობას ხედავთ აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობაში?
ბაქოში ასეთი სიტუაციაა – პოლიცია ქუჩაში ხელსახოცების გამყიდველსაც კი ართმევს ფულს, 5-10 რუბლს, ვინმეს თუ სასწორის დადგმა მოუნდება ქუჩაში, მისგანაც იღებს ფულს, ყველგან ქრთამს იღებს, ეს უკვე ჩვეული რამ არის. ჩვენთან ასეა, პოლიციელი რომ მოვა და იტყვის, ეს ხელსახოცი თეთრი კი არა შავიაო, თუ არ დაეთანხმება ვინმე, პირდაპირ ქუჩაში სცემს.
საქართველოს მთავრობამ დიქტატურის დამყარება გვიან დაიწყო და ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. აზერბაიჯანში პირველად 32 წლის წინ დაიწყეს და შეცდომები დაუშვეს, მაგრამ აქ ეს უკვე პროფესიონალურად ხდება.
დიქტატურა ასე მუშაობს – თავიდან უმუშევრობაა, ხალხი მშიერი და დაშინებულია, ფიქრობენ – „რამე თუ მოხდება და მე წამიყვანენ, ჩემ შვილებს ვინ აჭმევს?“ გარდა ამისა, სულ არაფრის ან რაიმე პატარა დანაშაულისთვის რომ წაიყვანოს პოლიციამ ვინმე, მას იქ სცემენ, იმიტომ, რომ პოლიციის უნდა გეშინოდეს, მათ ასე უნდათ.
თქვენთან, საქართველოში, გვიან დაიწყეს და აქ იმაზე უარესი ვითარება იქნება, ვიდრე აზერბაიჯანშია, მე ამას ვხედავ. ისინი ნელ-ნელა გააკეთებენ ისე, რომ წარმოგვაჩინონ, თითქოს ჩვენ [ჟურნალისტები], ხალხის მტრები ვართ.
არის ევროკავშირი და არის დიქტატორთა კავშირი, რომლის მეთაურიც საერთაშორისო დიქტატორი პუტინია. დიქტატორთა შორის არიან ლუკაშენკო, ერდოღანი, ალიევი… ისინი ყველანი ერთმანეთს უჭერენ მხარს და საქართველოს მთავრობასაც მათთან სურს.
თქვენ ესწრებოდით მზია ამაღლობელის სასამართლოს და ალბათ თვალს ადევნებთ სხვა პოლიტპატიმრების პროცესებსაც, როგორ შეაფასებთ საქართველოს სასამართლო სისტემას, მის დამოუკიდებლობას და თუ ხედავთ მსგავსებას აზერბაიჯანის სასამართლოსთან?
ბაქოში ვაჭრობენ ისე, როგორც ბაზარში, მოსამართლეს არ ეშინია და პირდაპირ ითხოვს ქრთამს, რომც არ გინდოდეს, გაიძულებენ, რომ მიიტანო. თქვენთან შეიძლება ჯერ ფულს/ქრთამს არ ითხოვენ, მაგრამ პოლიტიკურ შეკვეთას ნამდვილად იღებენ და ასრულებენ.
როცა ქვეყნის პირველი პირი დიქტატორია, ის თავის ირგვლივ იკრებს თავისიანებს, ბანდიტებს, მკვლელებს, რა თქმა უნდა, მასთან ნორმალური არ იმუშავებს და აქაც [საქართველოში] ასეა, იუსტიციის მინისტრი იქნება ის თუ სხვები, რასაც უბრძანებს დიქტატურა, იმას აკეთებენ.
აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე
სასამართლოში თქვეს, რომ მზია ხელით შეეხო პოლიციელს, თავად სცემენ ადამიანებს და მათ პასუხს არავინ სთხოვს. როგორც აზერბაიჯანში, მოიპარავენ 100 მილიონ დოლარს და შენ გადანაშაულებენ, ის კი პატიოსანი ადამიანია. ეს არის დიქტატურა.
როგორ ფიქრობთ, იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც ახლა საქართველოშია, რეპრესიები, მედიის დევნა, რამ შეიძლება გააძლიეროს წინააღმდეგობა?
პროტესტები, შიმშილობა – ამ ყველაფერმა შეიძლება დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმუშაოს, მაგრამ საქართველოში…
მე რამდენჯერმე ვთხოვე, მოვუწოდე კიდეც ქართველ ხალხს, რომ დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ ჟურნალისტებს. დამოუკიდებელი ჟურნალისტები ხალხის ხმაა. სწორედ ამიტომ, საქართველოში უკვე თავიდანვე დაიწყეს ჟურნალისტების დევნით. დამოუკიდებელი მედიის გარეშე ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ ჩანს და არ საჯაროვდება.
აი, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა. იქ ჟურნალისტები არ არიან, არავინ არაფერს წერს და არავინ იცის რა ხდება. ასე იქნება – დიქტატორი ლაპარაკობს, რომ ყველაფერი კარგადაა და არავინ იცის სიმართლე.
მათ დაუშვეს შეცდომა ბაქოში, როცა პირველად გათელეს ხალხი, ჟურნალისტები უკვე პრობლემა გახდა, რადგან როცა ხალხი დააპატიმრეს, ჟურნალისტებისგან უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ აზერბაიჯანში რეპრესიებია. აქ, საქართველოში, პირდაპირ ჟურნალისტებიდან დაიწყეს.
ყოველ დღე ჟურნალისტების დაპატიმრება არ შეიძლება, ეს უკვე საჯარო პრობლემა იქნება, რეპრესიები, ამიტომ ისინი ქმნიან ფინანსურ პრობლემებს. მაგალითად, აფგანი 2-3 თვეს იმუშავებს მედიაში, შემდეგ გაუჭირდება შემოსავლის გარეშე, ან მშენებლობაზე ვიმუშავებ, ან სხვაგან და ჟურნალისტად უკვე ვეღარ ვიმუშავებ; ჟურნალისტების ნაწილს, ვინც მათ არ დაეთანხმება, დაიჭერენ და ასე შემდეგ.
აი, მზია დაიჭირეს – ეს მუქარაა სხვებისთვის – „ნახეთ, თქვენც შემიძლია ასე მოგექცეთ“. თქვენ არ შეგეშინდებათ, მაგრამ იქნებიან ადამიანები, ვისზეც ეს იმოქმედებს.
ფინანსური პრობლემების შექმნა მათ უკვე დაიწყეს. ჩვენთან, აზერბაიჯანში, 30 წელი დასჭირდა ამას, თქვენთან ამდენი დრო არ იქნება, ვფიქრობ, ერთი ან ორი წელი ეყოფა. მათ იციან, გათვლილი აქვთ დრო, 2028 წელი ხომ თქვა კობახიძემ, 2028 წლამდე თქვენთან უკვე იქნება დიქტატურა.
აზერბაიჯანში თავიდან წელიწადში ან ორ წელიწადში ერთ ჟურნალისტს აკავებდნენ, ერთ პოლიტპატიმარს, მაგრამ უკვე 32 წელი გავიდა და მათ დაინახეს, რომ ჟურნალისტებია მათთვის ყველაზე მთავარი საფრთხე, ოპოზიციაზე მეტადაც კი, რადგან ჟურნალისტების გარეშე არაფერი გამოვა, ადამიანი ყვირის, ყვირის და არაფერი… ადვოკატსაც ჟურნალისტი იღებს, თუ არავინ გადაიღო, ვინ გაიგებს მის ხმას.
ხომ იცით, მედია მეოთხე ხელისუფლებაა, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჩვენთან მათ დაინახეს, რომ შეეშალათ, თავიდან ჟურნალისტები უნდა ყოფილიყო სამიზნე, იმიტომ, რომ ხალხიც რომ დაიხოცოს, ჟურნალისტების გარეშე ვერავინ გაიგებს. ამიტომ აქ, საქართველოში დაიწყეს ჟურნალისტებით, ეს არის მათი გეგმა, შექმნან ფინანსური პრობლემები ორგანიზაციულად, რომ ვერავინ დაიცვას ხალხი და მარტივად მოერიონ ადამიანებს.