„სასამართლომ არ უნდა აუნთოს მწვანე შუქი რეპრესიებს“ – 16 დეკემბრის აქციის საქმე ბათუმის სასამართლოში

„ეს რა არის?“- იკითხა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე, როცა პასუხისგებაში მიცემული პირის, ირმა ზოიძის ხელში ტრანსპარანტი შენიშნა წარწერით – „თავისუფლება მზიას“.

„ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა“,- იმ ტონით უპასუხა მოსამართლეს ირმა ზოიძემ, რომ ალექსანდრე გოგუაძეს არაფერი უთქვამს.

დღეს, 21 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ირმა ზოიძის საქმე განიხილა. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა კოკისპირული წვიმის მიუხედავად მოქალაქეები მაინც გამოვიდნენ პროევროპულ აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ კი აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა. 

„თავისთავად ეს მოწოდება იყო უკანონო… პოლიციამ ხელოვნურად სცადა კონფლიქტის პროვოცირება“, – აღნიშნა იურისტმა მირზა მამულაძემ, რომელიც სასამართლოში ირმა ზოიძის ინტერესებს იცავს.

შსს-ს ვერსიით, აქციაზე არ იყო „საკმარისი რაოდენობა“, იურისტების განმარტებით კი, ქუჩის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, ასევე პოლიციის მოთხოვნა ერთგვაროვანი უნდა იყოს – სხვა დღეებში, როცა აქციაზე დაახლოებით იგივე რაოდენობა იყო, რაც 16 დეკემბერს, პოლიციას აქციის დაშლა მისი სიმცირის გამო არ უცდია.

საპროტესტო აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 55 დღეა იმართება.

ამ საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე სიცრუეში ამხილეს: შსს-ს მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეოს მიხედვით, ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ იქ დაახლოებით 40 პირია შეკრებილი, ამიტომ მათ ტროტუარი უნდა დაიკავონ, „ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში 16 დეკემბრის აქციაზე კი ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ აქ 5 კაცია, ოქმში პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ აქციაზე 25 პირი იყო შეკრებილი.

სხდომაზე ნახეს სამხრე კამერის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც პოლიციელი ავტომანქანებს განზრახ საპროტესტო აქციის მიმართულებით ამისამართებს მაშინ, როცა არსებობს ალტერნატიული გასასვლელი ქუჩები.

„პოლიციის მიზანი არ ყოფილა აქციის დაშლა“,- უთხრა მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა, ლანა მოდებაძემ. მისივე განმარტებით, აქციის მონაწილეებს ხელოვნურად ჰქონდათ გადაკეტილი ქუჩა.

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რომელზეც დამყარებულია ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეაკავოს ეს ყველაფერი… ჩვენი ღირსება არ უნდა იყოს დამოკიდებული დგებუაძეზე. არასწორია, როცა ყველაფრის მიუხედავად ქარსა და წვიმაში ქუჩაში გამოვდივართ მოქალაქეები და ასე გექცევიან.

თქვენც უნდა გინდოდეთ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება“, – მოსამართლეს მიმართა ირმა ზოიძემ.

„მადლობა“- ირმა ზოიძეს მიმართა მოსამართლემ.

„სასამართლომ არ უნდა აუნთოს მწვანე შუქი რეპრესიებს… რეპრესიები ისეთი რამეა, ის საბოლოოდ მის გამფორმებლებსაც მიადგება,“ – მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს იურისტმა მირზა მამულაძემ.

ირმა ზოიძემ „მზია ამაღლობლის საქმეც“ შეახსენა შსს-ს წარმომადგენელს, ლანა მოდებაძეს:

„იმის გამო, რომ ჩვენ ასე ვექცევით გამოხატვის თავისუფლებას, ირაკლი დგებუაძეს დღეს იქეთ ვედავებით არაადამიანურ მოპყრობას… მისი მხრიდან ჩადენილი ძალადობის გამოძიებას ვითხოვთ უკვე“,- აღნიშნა ირმა ზოიძემ.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის დაპატიმრებულია და შიმშილობს. მზია ამაღლობლის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

„ცირკად ნუ აქცევთ ქვეყანას“, – მოსამართლეს მიმართა ისევ სხდომის ბოლოს ირმა ზოიძემ.

ამ საქმეზეც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს. 16 დეკემბრის საქმეზე შსს 12 პირს ედავება სამართალდარღვევის ჩადენას.

ამავე თემაზე: 

„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან

 

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 21 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 822 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 600]
  • ტანკი – 9 833 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 20 477 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 22 134 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 898 ერთეული [+130]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 051 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 682 ერთეული [+194]
  • სპეცტექნიკა – 3 710 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 034 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 702 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 845 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 540 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უნდათ თავზე დაგვასვან ოცნების დეპუტატი“ – რას ამბობენ ბსუ-ში რექტორის არჩევნების წინ

21 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებია. ამავე დღეს, 13 საათზე, ბსუ-ში სტუდენტური მოძრაობა „პერსპექტივა“ აანონსებს აქციას – „არა რუსულ რეჟიმს ბსუ-ში“.

ბსუ-ს რექტორის არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს: ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე და „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე.

რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, რომლის წევრებიც არიან: პაატა აროშიძე – ასოცირებული პროფესორი; დალი მახარაძე – პროფესორი; ქეთევან ბერიძე – პროფესორი; ინგა დიასამიძე – ასოცირებული პროფესორი; ენვერ ხალვაში – პროფესორი; როსტომ ბერიძე – პროფესორი; მამია ფაღავა – პროფესორი; მერაბ არძენაძე – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; ელზა ფუტკარაძე – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და მარიამ მეტრეველი – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

აკადემიური საბჭოს სწორედ ამ შემადგენლობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ გახდება უნივერსიტეტის რექტორი ახლა, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როცა ბსუ-ს არაერთი სტუდენტი პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დგას. 

სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის „ოცნების“ მიერ უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობა. განსაკუთრებით ღიად ამის შესახებ საუბრობენ ის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

„თავზე უნდა დაგვასვან „ოცნების“ თვითაღიარებული დეპუტატი“- ამბობს სტუდენტი არჩილ ბერიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი. იგი გულისხმობს ტიტე აროშიძეს, „ოცნების“ დეპუტატს, რომელსაც აკადემიური საქმიანობის გამოცდილება არ აქვს და მისი დასახელება რექტორის კანდიდატად მოულოდნელი იყო.

მისი თქმით, ტიტე აროშიძის კანდიდატურა რექტორად არა მხოლოდ იმიტომ არის მისთვის მიუღებელია, რომ ის „ოცნების“ წევრი და თვითაღიარებული უმაღლესი საბჭოს წევრია, არამედ იმიტომ, რომ, არჩილის აზრით, აროშიძე რეპრესიებისთვის ინიშნება, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან გაწმინდოს უნივერსიტეტი.

„კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე – სტუდენტებზე, ლექტორ-მასწავლებლებზე რომ დაიწყოს ზეწოლა, დაშინება, „ოცნების“ მხარდამჭერებს კი მოუწყოს მაქსიმალური კომფორტი – იქნება ეს სამსახური, პროექტების დაფინანსება თუ სხვა.

ჩვენ ადრეც ვაკეთებდით განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოცნება“ აპირებდა რეპრესიების გატარებას უნივერსიტეტში, მაგრამ ახლა ყველაფერს ფარდა აეხადა, სააშკარაოზე გამოვიდა ეს ყველაფერი.

ტიტე აროშიძე ჩემთვის მიუღებელია იმის გამოც, რომ ის გაზაფხულის აქციებზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, სტუდენტებისთვის, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, ჩაეტოვებინათ საგნები და არ დაეწერათ ქულები, სტუდენტებს გვიწოდებდა პოტენციურ მკვლელებს, რომ თითქოს ჩვენ სასწრაფოს მანქანებს არ ვატარებდით [საპროტესტო] მარშების დროს, რაც სიცრუეა, რა თქმა უნდა.

ის ვიცი, რომ გულზე ხელდაკრეფილი არ შევხვდებით ამ ამბავს, გვექნება კონსულტაცია იმ ლექტორებთან, რომლებსაც ასევე არ სურთ ტიტე აროშიძე რექტორად და ასეთები, სხვათა შორის, „ოცნების“ მხარდამჭერებშიც არიან.

მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები უნდა გადაიდოს და ზოგადად, რექტორის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, რადგან რექტორი უნდა აირჩიოს არა აკადემიურმა საბჭომ, არამედ საყოველთაობის პრინციპით უნდა იყოს არჩეული, რადგან უნივერსიტეტი არა პარტიას, არამედ საუნივერსიტეტო საზოგადოებას ეკუთვნის“ – ამბობს არჩილ ბერიძე.

სტუდენტი მიიჩნევს, რომ აკადემიური საბჭოს წევრების დაშინება უფრო მარტივია, ვიდრე მთელი აკადემიური პერსონალის და სწორედ ამიტომ არ შეცვალეს რექტორის არჩევის წესი.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ბსუ-ს აკადემიურ საბჭოში არის ტიტე აროშიძის ძმა, პაატა აროშიძე, ასოცირებული პროფესორი. არჩილ ბერიძე მიიჩნევს, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტია.

„აკადემიურ საბჭოში არის ტიტე აროშიძის ძმა და ბუნებრივია, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა გვეუბნებიან, აცილების ვალდებულება არ გვაქვსო. ესე იგი, ისიც კი არ აქვთ ჩაშლილი არჩევის წესში, რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრმა ხმა არ მისცეს კანდიდატს.

ფაქტია, რომ თავზე უნდა დაგვასვან „ოცნების“ თვითაღიარებული დეპუტატი და ისიც ცხადია, რომ აროშიძე რეპრესიების გასატარებლად მოჰყავთ, რადგან ჯერ კიდევ როდის გამოირჩეოდა ის სტუდენტების მიმართ არაჰუმანური განცხადებებით და არც ერთ კრიტიკულად განწყობილ სტუდენტს მისი რექტორობის პირობებში აღარ ექნება შესაძლებლობა განვითარების, პროექტებში მონაწილეობის, სტიპენდიების მიღების და ყველაფერი იქნება მითვისებული „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ.

ასეთი რექტორის პირობებში რეპრესიები გაიზრდება.

გარდა ამისა, ეს არის პირი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია აქამდე უნივერსიტეტთან და ახლა სურს არა ამ უნივერსიტეტის მართვა, არამედ უნივერსიტეტის გაწმენდა კრიტიკული აზრისგან“ – ამბობს არჩილ ბერიძე.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ სტუდენტს ლარა ქარცივაძეს ესაუბრა. ლარა მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ფორმალურად ტარდება.

„ჩვენ შევეცდებით, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ყველაფერს, ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს სტუდენტური დაუმორჩილებლობა, რომ მოვითხოვოთ არჩევნების გადადება რამდენიმე თვით, სანამ პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, რადგან უნივერსიტეტის რექტორად „ოცნების“ დეპუტატის დასმა არ არის სწორი.

აკადემიური საბჭო ისეთი პირებისგან შედგება, ცხადია, მოიგებს ამ „არჩევნებს“ ტიტე აროშიძე, რადგან მისი ძმაც ამ საბჭოშია“ – ამბობს ლარა ქარცივაძე. იგი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ტიტე აროშიძე უნივერსიტეტიდან იმ ლექტორებს და სტუდენტებს მოიშორებს თავიდან, რომლებიც მკაფიოდ, ღიად გამოხატავენ პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, არჩილ გუჩმანიძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ მას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა შუამავალი მიუგზავნეს და სთხოვეს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიანიშნეს, რომ პრობლემები შეექმნებოდა მას და მისი ოჯახის წევრებს – უხსენეს შვილები, ძმა და ძმის შვილები და დაემუქრნენ.

ხომ არ განმეორდა მუქარები? – ვკითხეთ არჩილ გუჩმანიძეს.

მისი თქმით, იყო მოკითხვები სხვადასხვა პირის მხრიდან, თუმცა არა მუქარის ტონით.

„რამდენიმე შეხმიანება იყო იმ ფორმით, რომ რას ვაპირებდი, დაინტერესება გამოხატეს გარკვეულმა ადამიანებმა, მაგრამ მუქარის ფორმა აღარ განმეორებულა. უბრალოდ გადაამოწმეს, როგორ განწყობაზე ვარ, აზრი ხომ არ შევიცვალე. დახვეწეს მეთოდები და შორიდან შემოვლით ამოწმებენ რაღაც-რაღაცებს.

საერთოდ რაში სჭირდებათ ეს ცირკი, სპექტაკლი, მაგრამ გონს არიან გასული, ამიტომ მათგან არაფერი მიკვირს“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

„ბათუმელები“ რექტორის არჩევნებზე ესაუბრა აკადემიურ პერსონალსაც.

პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უნივერსიტეტში რექტორს ასეთი წესით ნიშნავს მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მაინც აკადემიური საბჭო „ირჩევდა“ რექტორს.

„2015 წელს, გახსოვთ ალბათ, როცა ხელისუფლებამ, სპეცსამსახურებისა და აკადემიური საბჭოს მონაწილეობით ჩაშალა არჩევნები და შემდეგ აღარავინ აყენებდა კანდიდატურას, რადგან აკადემიური საბჭოს მიმართ ნდობა აღარ არსებობდა.

რა თქმა უნდა, კონსტიტუციით დაცულია უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლება, ავტონომია, მაგრამ ამ ქვეყანაში ისეა განათლების და მეცნიერების სისტემა შექმნილი, რომ გავლენის და ზეწოლის შესაძლებლობას აძლევს მთავრობას. ამიტომ, ახლაც იგივე მოხდება, რაც წინა წლებში ხდებოდა“- ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

მაშინ როგორ უნდა გათავისუფლდეს უნივერსიტეტი, თუ აკადემიური პერსონალი ყოველთვის პარტიულ დავალებებს შეასრულებს? – ვკითხეთ მას.

მალხაზ ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება თავად პროფესორების არჩევის წესი უნივერსიტეტში და ზოგადად, როგორია საუნივერსიტეტო საზოგადოება.

„რუსული კანონის მიღება, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება უნივერსიტეტის დიდ ნაწილს საერთოდ არ გაუპროტესტებია და მე მგონი, ახლაც არ გამოუთქვამთ მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ ლექტორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა უნდა მოვინდომოთ და მოვითხოვოთ ეს თავისუფლება.

რატომ არ ინდომებენ? – იმიტომ, რომ საუნივერსიტეტო სისტემა არ ყალიბდება დემოკრატიული წესით. არ არის თავისუფალი არც კონკურსები და არც ერთი პროცესი ავტონომიურად არ ფუნქციონირებს უნივერსიტეტში. შესაბამისად, მთავრობის გავლენა ყოველთვის არის.

იგივე აკადემიური საბჭო, რომელიც ათი წევრისგან შედგება, თავად არ არის არჩეული, ჩემი აზრით, კანონის მიხედვით. ამიტომ, თავად აკადემიური საბჭო უნდა იყოს თავისუფალი, რომ მან თავისუფლად აირჩიოს რექტორი“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

მისი თქმით, მიუღებელია რექტორად დანიშნონ კაცი, რომელიც ემხრობოდა რუსულ კანონს და და მათი პარტიული ლიდერების მსგავსად, მომხრე იყო საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების.

„ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდით გამოირჩეოდა ტიტე აროშიძე და ეს ბევრი სხვა პროფესორისთვისაც მიუღებელია, ამიტომ მათაც უნდა გამოთქვან ღიად ეს პოზიცია.

როცა რექტორობის მეორე კანდიდატი ამბობს, რომ ემუქრებოდნენ თუ არ მოხსნიდა კანდიდატურას და არც ეს უჩენთ პროტესტს, დიქტატურა ხვალ მათაც მიაკითხავს. მით უმეტეს აკადემიური წრიდან არ  მოჰყავთ დავალებების შემსრულებელი“- ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა ასოცირებულ პროფესორს, ლაშა ბაჟუნაიშვილსაც. იგი ამბობს, რომ პარტიული პირის რექტორად დასმა მიუღებელია.

„ადრეც ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით რექტორების დანიშვნა, მაგრამ აი ასე, პირდაპირ პარტიული ნომენკლატურის დასმა რექტორად, მიუღებელია.

ხელისუფლებად წოდებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალის მიერ კიდევ რა მოხდება, არ ვიცი, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან ეს პროცესები არ იმართება პოლიტიკური კანონზომიერებით, არამედ ერთი ადამიანის მიერ, ამიტომ რა დირექტივებს გასცემს ის მომავალში და რას გააკეთებს ახალი რექტორი, პროგნოზირება რთულია. თუმცა ცხადია, რომ უნივერსიტეტში გაიზრდება წნეხი და პოლიტიკური ზეწოლა“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

მისი თქმით, რექტორობის კანდიდატი პარტიული რიგებიდან იმიტომ შეარჩიეს, რომ უნივერსიტეტში „ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებსაც კი არ ენდობიან ბოლომდე.

„ფაქტია, რომ უნივერსიტეტში ვერ მოიძებნა კადრი, ვინც მათ დაკვეთას ბოლომდე შეასრულებდა, ამიტომ მოჰყავთ პოლიტიკური კადრი, რომ შეასრულოს პოლიტიკური დაკვეთა, უნივერსიტეტის პრინციპების და იდეის საწინააღმდეგოდ“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

იგი ამბობს, რომ რექტორობის მეორე კანდიდატს, არჩილ გუჩმანიძეს აქვს სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება, რასაც ვერ ვიტყვით „ოცნების“ კანდიდატზე.

„აროშიძეს საერთოდ არ აქვს ის გამოცდილება და წარსული, რაც მას რექტორად ყოფნის მორალურ და ლეგიტიმურ საფუძველს მისცემს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის რექტორი იყოს კარგი მკვლევარიც, თავისი საქმის პროფესიონალი, აღიარებული როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, იყოს კარგი მაგალითი სხვისთვის და კარგი მენეჯერი.“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხვალ, 15:00 საათზე გაიმართება. რექტორს აკადემიური საბჭო 4 წლის ვადით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით რექტორს ვერ აირჩევს, საბჭომ 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უნდა აირჩიოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმუმ 6 თვით.

„ბათუმელების“ ოპერატორი 8-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს – იგი დგებუაძის მითითებით დააკავეს

დღეს, 20 იანვარს, ფოთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

გურამ მურვანიძე დააკავეს 12 იანვარს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას. მის საქმეში მოწმეები პოლიციელები იყვნენ, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ გურამ მურვანიძემ კანონი დაარღვია.

მეტიც, გურამ მურვანიძემ სასამართლო პროცესზე ტყუილში ამხილა მოწმე პოლიციელი, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაიზიარა პოლიციელის ჩვენება და „ბათუმელების“ ოპერატორს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„გასაჩივრების შემდგომ ჩაგვბარდა სასამართლოს დასაბუთებული დადგენილება, სადაც სასამართლო მხოლოდ ერთი აბზაცით დადასტურებულად მიიჩნევს გურამის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას, ამასთან როგორ მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, არაფერია ნათქვამი, მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებზეც სრული დუმილია და არც საქმეში წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებებია შეფასებული სასამართლოს მიერ.

დადგენილებაშივე რამდენიმე ადგილას გვხვდება სხვა დაკავებულების სახელები და გვარები, რაც გვაფიქრებინებს რომ სასამართლო ამ კატეგორიის საქმეებზე ხელმძღვანელობს ერთი შაბლონით“ – ამბობს მირზა მამულაძე, გურამ მურვანიძის ადვოკატი.

გურამ მურვანიძე დააკავეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავებიდან მეორე დღეს. გურამ მურვანიძის დაკავებაში მონაწილეობდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

ნახეთ ვიდეო: 

„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან

„სამხრე კამერის ამ ჩანაწერში ისმის, პოლიციელი როგორ მოუწოდებს მძღოლს, წავიდეს გამსახურდიას ქუჩის მიმართულებით მაშინ, როცა მძღოლი აქციის მიმართულებით საერთოდ არ მიდიოდა… ეს ადასტურებს იმას, რომ პოლიციამ ხელოვნურად შექმნა პრობლემა,“ – მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს იურისტმა პაატა დიასამიძემ, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ვაჟა დარჩიას ინტერესებს იცავს სასამართლოში.

ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრია „ლელოდან“. ის ანტირუსული აქციების მონაწილეა. შსს ვაჟა დარჩიას და აქციის კიდევ 11 მონაწილეს ქუჩის უკანონო გადაკეტვას ედავება მაშინ, როცა 2024 წლის 16 დეკემბრის საღამოს კოკისპირულად წვიმდა და აქციაზე მოქალაქეები მაინც მივიდნენ. ქუჩის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.

ვაჟა დარჩია 16 დეკემბრის სავარაუდო სამართალდარღვევის შემთხვევაზე სასამართლოში 2024 წლის 30 დეკემბერს დაიბარეს. დღეს, 20 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აქციის სამი მონაწილის საქმე განიხილა: ვაჟა დარჩიას, ლევან გორგილაძის და აზა გაბუნიას. საპროტესტო აქციის მონაწილეების უკვე განხილულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ალექსანდრე გოგუაძე 24 იანვარს აპირებს.

შსს-მ ამ საქმეზე ერთ-ერთი პოლიციელის სამხრე კამერის ჩანაწერი წარმოადგინა მტკიცებულებად იმის საჩვენებლად, რომ აქციის მონაწილეებს ავტომანქანების მოძრაობა გამსახურდიას ქუჩაზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ხელოვნურად ჰქონდათ შეზღუდული, იურისტის პაატა დიასამიძის თქმით კი, პირიქით, ამ ჩანაწერით დასტურდება, პოლიცია განზრახ როგორ უცვლიდა ავტომანქანებს მიმართულებას საპროტესტო აქციისკენ.

16 დეკემბერს, კოკისპირულ წვიმაში, მოქალაქე დარიკო ჩიტაძემაც უამბო „ბათუმელებს“ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში: პოლიციელები გამოვიჭირე, გამსახურდიას და აბაშიძის ქუჩების კვეთასთან დადგნენ, აქციისკენ განზრახ უშვებდნენ მანქანებსო.

დარიკო ჩიტაძეც დაიბარეს სასამართლოში. მისი საქმე უკვე განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

ვაჟა დარჩია ამ ამბის შემდეგ, 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს „სტიკერების საქმეზე“. სტიკერების – „იფიცება საქართველო“ გაკვრის დროს ბათუმში 20 ადამიანი დააკავეს 2 დღის განმავლობაში. ვაჟა დარჩია, დაცვის მხარის მტკიცებით, ამ კითხვის დასმისთვის დააკავეს – „რატომ აკავებთ ციალა ქათამიძეს?“ აქტივისტი ციალა ქათამიძე კი ღია, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ვაჟა დარჩიას მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა 2025 წლის 14 იანვარს შეუფარდა.

„თქვენ, მგონი, რიცხვები – 25 და 40 ერთი და იგივე გგონიათ,“ – შსს-ს წარმომადგენელს, ლანა მოდებაძეს გახედა დღეს ვაჟა დარჩიამ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა, როცა შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო, რასაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე უყურებდა, ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძის მიერ ტყუილის თქმას ადასტურებდა.

შსს-ს მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ 16 დეკემბრის აქციაზე 25 ადამიანი იყო, როცა პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა იქ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოითხოვეს, შსს-ს მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებით კი, ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ აქციაზე 40 პირია.

„შემდეგ ჟურნალისტი ეკითხება, რატომ შლით აქციასო და 5 კაცს არ შეუძლია ქუჩის გადაკეტვაო, პასუხობს „ბათუმელებს“ იგივე ირაკლი დგებუაძე ლაივში,“- აღნიშნა ვაჟა დარჩიამ, როცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერს უყურებდა.

ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია და იურისტი პაატა დიასამიძე

„გზის გახსნა კი არ იყო მიზანი, არამედ პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ იტყოდნენ“, – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მიმართა იურისტმა მირზა მამულაძემ, რომელიც სასამართლოში ლევან გორგილაძის ინტერესებს იცავს. ლევან გორგილაძე პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში.

იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პოლიციის მიდგომა ერთგვაროვანი უნდა იყოს – როცა აქციის მონაწილეები ქუჩას ყოველდღიურად კეტავენ, არ შეიძლება ერთ დღეს მოქალაქეებს უთხრა, რომ მათ ამის უფლება ახლა აღარ აქვთ.

მირზა მამულაძემ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მისი კოლეგის – ხათუნა ბოლქვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა. ხათუნა ბოლქვაძემ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 2021 წელს თემურ გორგაძეს სუს-ის ბათუმის ოფისის შესასვლელის გადაკეტვისთვის. მაშინ თემურ გორგაძე იმ ავტომანქანიანად „დააპატიმრეს“, რომელშიც ის იჯდა.

„ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის შენობას ჰქონდა ალტერნატიული შესასვლელი… ამ შემთხვევაშიც გამსახურდიას ქუჩის ამ მონაკვეთზე არის სხვა მისასვლელები,“ – შეახსენა მოსამართლეს იურისტმა მირზა მამულაძემ.

„დარეკა ვინმემ 112-ში, გადაკეტილია ქუჩა და შევწუხდითო?“ – იკითხა ლევან გორგილაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, მარიამ კაკაბაძემ.

„ამის აუცილებლობა არ არსებობს… პოლიციას აქვს უფლება, რომ ჩარევა განახორციელოს,“ – უპასუხა იურისტს შსს-ს წარმომადგენელმა ლანა მოდებაძემ. მისი განმარტებით, აქციაზე ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო გზის გადაკეტვისთვის.

„რა უფრო მნიშვნელოვანია სიკეთის დასაცავად? ჩაერია პოლიცია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში? არ არსებობდა ლეგიტიმური საფუძველი ამ უფლებაში ჩარევის,“ – შსს-ს იურისტს მიუბრუნდა მირზა მამულაძე, მეორე იურისტმა მარიამ კაკაბაძემ კი, ევროსასამართლოს ერთი მაგალითი გაიხსენა: ლიეტუვაში წლების წინ ფერმერებს გაუმართავთ აქცია, საერთაშორისო მაგისტრალები გადაკეტეს, არათუ გამსახურდიას და აბაშიძის მსგავსი პატარა ქუჩების კვეთა და ამ აქციის დაშლაც კი, გამოხატვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნია ევროსასამართლომო.

„ჩვენ ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, თქვენ კი, ასულდგმულებთ რუსულ რეჟიმს“, – სხდომის დასრულებამდე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს ლევან გორგილაძემ მიმართა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებაზე დასწრებას არ აპირებს:

„მოვედი იმისთვის, რომ მეთქვა, თქვენ ემსახურებით რუსულ რეჟიმს. იმ სიმართლით გაგიმარჯოთ, რა სიმართლითაც მიიღებთ გადაწყვეტილებას.

გაგიმარჯოთ სადღეგრძელოსავით გამომივიდა, ალბათ იმიტომ, რომ 12 იანვარს გიხილეთ კლანის შეხვედრაზე. იმედია, კარგად მოილხინეთ არა საკვებით და სასმელით, არამედ იმ პროტესტით, რომელიც მოგიძღვნათ ქართველმა ხალხმა ლეგიტიმურად.

12 იანვარს, სხვათა შორის, ახალგაზრდა გოგოსთან შეგნიშნეთ – უტიფარს ეძახდით,“ – მოსამართლეს მზერა აღარ მოაშორა ლევან გორგილაძემ.

„ჩვენ აქ კომედიების საქმეს არ განვიხილავთ,“ – პასუხისგებაში მიცემული პირის გაჩუმება სცადა მოსამართლემ.

„დავასრულებ,“ – აღარ შეჩერდა ლევან გორგილაძე და დასძინა:

„იმ გოგონას თვალწინ ნეკნები ჩაუმტვრიეს მის მეგობრებს. თქვენ კი, შვილიშვილის ასაკის გოგოს ეძახდით უტიფარს.

მე არ დავესწრები თქვენი გადაწყვეტილების გამოცხადებას და მას ისე შევხვდები, ამაყი, როგორიც ვიყავი ამ აქციებზე 53 დღის განმავლობაში,“ – დაასრულა ლევან გორგილაძემ.

ლევან გორგილაძის საქმის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ რეპლიკის გაჟღერებისთვის დარბაზიდან გააძევა მოქალაქე გოჩა მჟავანაძე. მიზეზის დაუსახელებლად მან იგივე მოქალაქე არც ვაჟა დარჩიას პროცესზე არ დაუშვა.

16 დეკემბერს 12 პირის დაკავების შემდეგ, 11 და 12 იანვრის საპროტესტო აქციებზე ბათუმში 20 პირი დააკავეს. მათ შორის, გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მის დაპატიმრებას უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრობად აფასებენ. თავდაპირველად მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შს აჭარის სამმართველოს ღობეზე სტიკერის „იფიცება საქართველო“ გაკვრისთვის.

12 იანვარს დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძეც, მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. გურამ მურვანიძე აქციაზე ვიდეოს იღებდა, როცა მას პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დააკავეს.

აქციის დაკავებული მონაწილეებიდან არც ერთი ამ დრომდე მოსამართლეებს არ გაუმართლებიათ. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მოსამართლეები ძირითადად ყველაზე მკაცრ ღონისძიებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას იყენებენ.

ეს არის ჟურნალისტების რუსული დევნის დასაწყისი – ეთერ თურაძე

დღეს, 20 იანვარს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა.

ბრიფინგზე ისაუბრა „ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემაც.

„მე არ მახსოვს, რომ საქართველოში გვყოლოდეს ქალი პოლიტპატიმარი, შეიძლება მეშლება, მაგრამ არ ვიცი, რაც ვნახე და რაც ჩემს ცნობიერებაში არის, ვიცი, რომ ეს არის პირველი ქალი პოლიტპატიმარი, ეს არის პირველი ქალი ჟურნალისტი, პირველი ქალი მედიამენეჯერი, რომელიც სისტემამ გაანეიტრალა, რომელსაც სისტემამ გამოუცხადა სასტიკი ბრძოლა.

არავითარი დასაბუთება და საჭიროება იმის, რომ მზია ამაღლობლისთვის შეეფარდებინათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, არ არსებობდა. არა მხოლოდ, ვთქვათ, ადამიანურად და ჰუმანური მოსაზრებებით, არამედ არც სამართლებრივად, მაგრამ სისტემა, რომელიც არის რეპრესიული, რომელიც ებრძვის ყველაფერ ნათელს, არ ითვალისწინებს არც ჰუმანიზმს და რასაკვირველია, არც სამართალს.

სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა, შესაბამისად ჩვენ, ყველა, ამ ქვეყნის მოქალაქეები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები, ვიქნებით ამ სისტემის სამიზნეები, დარწმუნებული ვარ.

ეს არის ალბათ მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი ბრძოლის, რასაც ჰქვია რუსული მმართველობის სტილი, რასაც ჰქვია რუსული დევნა ჟურნალისტების. ვიცით ჩვენ, გვინახავს, ვადევნებდით თვალს რუსეთში როგორ მიდიოდა მედიების განადგურება, ჩვენ ვართ ამ საფრთხის წინაშე როგორც ჩანს, ამ რისკების წინაშე, ამიტომ გვმართებს უფრო მეტად მობილიზება და უფრო მეტი ხმაური თუ უფრო მეტი აქტივიზმი.

ჩვენ გამოგვიცხადეს ბრძოლა, ჩვენ [„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ ვგულისხმობ] პრინციპში დავრჩით მთავარი ფიგურის გარეშე, ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ამ საქმიანობის გაგრძელება გარწმუნებთ, ძალიან რთული იქნება ადამიანებს იმ სახით მივაწოდოთ ინფორმაცია, რა სახითაც ვაწვდიდით, ანუ საზოგადოების ინფორმირება ობიექტური, გადამოწმებული და ა.შ. ინფორმაციით, როგორც ჩვენი შიდა ეთიკა და რეგულაციები გვავალდებულებს, ეს ყველაფერი იქნება ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ, გავაგრძელოთ ეს ბრძოლა.

ასევე მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა, როგორც თქვენ, ისე საზოგადოებას, ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რომ არ გავჩერდეთ და არ მივცეთ სისტემას იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ შედგეს როგორც ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფო“ – განაცხადა ბრიფინგზე ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა.

  • რა ხდება?

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობლის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

მზია ამაღლობელის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამავე პრესკონფერენციაზე ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა.

საია ასევე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს.“ „ბათუმელები“ საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის გაკვრისას, ადმინისტრაციული წესით თვითნებურად დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლებიდან მალევე, იგი დააკავეს სისხლის სამართლის წესით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსაბუთებლად შეუფარდა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

მზია ამაღლობელის საქმეში სახეზეა არაერთი დარღვევა. მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ადასტურებს:

  • ადმინისტრაციული წესით თვითნებური დაკავება

2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავება. როდესაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი კოლეგა, ციალა ქათამაძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციის მიმდინარეობის ადგილას და ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი, რომელიც გაშალა კედელზე. სწორედ ამ დროს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ხელწერილის საფუძველზე მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს.

საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება.

უწყებას იმისათვის, რომ გაემართლებინა თვითნებური დაკავება, დაკავების ოქმი პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, თუმცა, ამ დრომდე არ არის შედგენილი უშუალოდ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს დაუდასტურებია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ეს გარემოება პროკურატურამ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიყენეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში.

  • მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა

ხელწერილით გათავისუფლების შემდგომ, მზია ამაღლობელმა დატოვა პოლიციის განყოფილების შენობა და ეზოში აღმოჩნდა პოლიციელების კორდონის მხარეს, აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოს გარეთ განაგრძობდნენ პროტესტს. მზია ამაღლობელმა შენიშნა, რომ მისი კოლეგა იმყოფებოდა პოლიციის გარემოცვაში და სურდა მასთან მიახლოება. ჩოჩქოლში ის წაიქცა და რამდენჯერმე მას ფეხი დააბიჯეს სხეულზე. წამოყენების შემდგომ, მან შეძლო კოლეგასთან მისვლა და როგორც გაარკვია, მისი დაკავების პერიოდში პოლიცია კვლავ განაგრძობდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს, მათ შორის, თვითნებურ დაკავებას.

მას შემდგომ, რაც მისი გაშლილი ხელი სახეზე მოხვდა ირაკლი დგებუაძეს, მზია ამაღლობელი დააკავეს სისხლის სამართლის წესით. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა.

პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.

  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე

არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალება. 12 იანვარს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეცნობა მომხდარის შესახებ, რაც საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად.[

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. „მოკვლევის“ პროცესი დაიწყო, რომელიც არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას. მოკვლევის ფარგლებში, 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. სამსახურმა მხოლოდ საიას მიერ ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, დღეს, 20 იანვარს სატელეფონო საუბრისას დაადასტურა გამოძიების დაწყება. ამ დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

  • სისხლის სამართლის უკანონო ბრალდება

პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით. ამ მუხლით ისჯება პოლიციელზე ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს სამსახურებრივ საქმიანობასთან. იმისათვის, რომ ქმედება ამ მუხლად დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს ამ მუხლისათვის დამახასიათებელი საკვანძო გარემოებები:

  • თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი;
  • თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით;
  • თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან.

მზია ამაღლობელის ქმედება – გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს.

თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 3531 მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი.

მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება. ამასთან, მზია ამაღლობელის ქმედებას, არ შეეძლო ფიზიკური ტკივილის გამოწვევაც კი, რაც გამორიცხავს სისხლის სამართლის ბრალდებას არამარტო ამ მუხლით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, უფრო მსუბუქი მუხლებითაც.

ამდენად, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი ბრალდება ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს.

  • პატიმრობის გამოყენება უკანონოდ

2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი წარდგენის სხდომა. პროკურორი დაუსაბუთებლად მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის – პატიმრობის გამოყენებას.

პროკურორის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ბრალდების მხარის აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობაში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი რეალური არგუმენტი თუ გარემოება, რომელიც აღნიშნული რისკების არსებობას დაადასტურებდა.

ერთი მხრივ, პროკურორმა და მეორეს მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთი ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა.

სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხია დადგენილი და არც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ.

  • საჩივრის გაგზავნის დაყოვნება სააპელაციო სასამართლოში

მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შეცვლის შესახებ ადვოკატებმა საჩივარი 2025 წლის 15 იანვარს, 17:45 წუთზე წარადგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარს განიხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, თუმცა, მატერიალური სახით მისი ჩაბარება ხდება პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინების გამომტან სასამართლოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნა არ შესრულდა. სასამართლომ საჩივრის გაგზავნა შეაფერხა 4 დღით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საქმის მასალები დღეს, 12 საათისთვის მიიღო და ახლა იწყებს საჩივრის განხილვას.

  • მოსამართლის კვალიფიკაციის საკითხი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა ჩაატარა და მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2022 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის საქმიანობას შეუდგა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

ამავე საიტზე არ იძებნება ინფორმაცია, როდის მოხდა მისთვის კოლეგიის შეცვლა და როდიდან იხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას შეეცვალა კოლეგია, ეს ადასტურებს იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მოსამართლეებისათვის კოლეგიების განსაზღვრა ხდება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული რა მიმართულებით აქვთ მათ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ეს პრაქტიკა შესაძლოა შეფასდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევადაც.

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

  • პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;
  • მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან;
  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები და დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა;
  • ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება.“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

______________________

  • რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, ის ყველას მოუწოდებს, არ დანებდნენ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება”ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წერილს, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.

“მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა და შეურაცხყოფილმა ქალმა ჟურნალისტმა, “ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ის ყველას მოუწოდებს, არ დათმონ, არ დანებდნენ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

მზია ამაღლობელი დღეს გავრცელებულ წერილში წერს, რომ მისი დაკავება რეპრესიული და ძალადობრივი პროცესების შედეგია, რომელიც ბოლო ერთი წელია ყოველდღიურ ცხოვრებაში იკიდებს ფეხს.

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

თუ ამაღლობელს სააპელაციო აღკვეთს არ შეუცვლის, სტრასბურგს მივმართავთ – ქურდოვანიძე

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა მიეღო, თუმცა ეს მხოლოდ 20 იანვარს მოხდა.

„ეს ვადა უკვე დარღვეულია. შეიძლება დღეიდან აითვალონ [72 საათი] და თქვან, რომ როცა აპელაციაში მოვიდა, აქედან ავითვლითო, რაც იქნება უკანონო. კანონში ცალსახად წერია, რომ საჩივრის შეტანიდან ჯამურად განსაზღვრულია 72 საათი. ეს ვადები იმიტომ არის ასე დადგენილი, რომ დაახლოებით 3 საათი სჭირდება კურიერის მიერ ბათუმიდან ქუთაისში საჩივრის ჩატანას. ეს შეეძლოთ გაეკეთებინათ იმავე დღეს [14 იანვარს]. როდესაც საუბარია თავისუფლების ისეთ უკიდურეს ფორმაზე, როგორიც არის პატიმრობა, სასამართლო ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჩივრის მიწოდება სააპელაციო სასამართლოსთვის. რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა. ეს რატომ არ მოხდა? – იმის გამო, რომ ბათუმის სასამართლომ გვიან გააგზავნა თუ გზაში გაიწელა ჩაბარების პროცესი, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არც კანონმდებლობისთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ ეს საპროცესო ვადა დარღვეულია და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რაც დაემატა დარღვევების ჯაჭვს, რომელიც საქმეშია. შესაძლოა, ეს არის კიდევ ერთხელ წნეხის და დასჯის ფორმა, რომ მზია ამაღლობელს დროულად არ ჰქონდეს პასუხი და იყოს მოლოდინის რეჟიმში.

ჩვენ ამ პროცედურულ დარღვევას და ყველა სხვა შინაარსობრივ დარღვევასთან დაკავშირებით, თუ ქვეყნის შიგნით ამასთან დაკავშირებით არ იქნება აპელაციისგან ადეკვატური პასუხი, რაც იქნებოდა მხოლოდ გაუქმება პატიმრობის და ჩვენ მოველით, რომ უახლოეს საათებში შეცვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის გადაწყვეტილება. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ გამოვიყენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმს და მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. აღკვეთა ცალკე გასაჩივრებას ექვემდებარება. [განხილვის] ვადები მთლიანად სასამართლოზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, რომ ამ საქმეს პრიორიტეტი მიენიჭოს, სწრაფ ვადებში მოხდეს მისი განხილვა. ეს შეიძლება არ მოხდეს რამდენიმე დღეში, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ იმ ვადას, რაც იქნება საკმარისი, რომ საჩივარი დასაბუთებულად და არგუმენტირებულად მიეწოდოს  ევროპულ სასამართლოს“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.


„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ“ – მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს.

დღეს, 20 იანვარს, ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა.

მზია ამაღლობელმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს როგორც დიქტატურა.

არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა.

ჩემ მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება.

იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში.

იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი.

არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“.

მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან
  • რა ხდება?

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

ირაკლი დგებუაძის ტყუილი „16 დეკემბრის აქციის საქმეში“

„თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ამ განცხადებით მიმართა სხდომის დაწყებისთანავე აზა გაბუნიამ დღეს, 20 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აზა გაბუნია სასამართლო სხდომაზე ამავე გზავნილების მქონე მაისურით მივიდა.

აზა გაბუნიას და საპროტესტო აქციის კიდევ 11 მონაწილეს ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან.

საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე, როცა კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქცია მაინც გაიმართა და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის დატოვება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა.

„ეს ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში, მათ შეეძლოთ პროტესტი ამ ფორმით გამოეხატათ“ – მიმართა მოსამართლეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ.

იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აქცია არასამუშაო საათებში, საღამოს იმართებოდა და იქვე მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოს ან აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლებს გადაადგილებაში ხელი ვერ შეეშლებოდათ.

„ვის ვუშლიდით ჩვენ ხელს? რატომ სცადა პოლიციამ ესკალაცია?“- შსს-ს წარმომადგენელს, ლანა მოდებაძეს გადახედა აზა გაბუნიამ და განმარტა, რომ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს მას შემდეგ მიმართა კითხვებით, როცა დაინახა, როგორ შეეხო ფიზიკურად „ბათუმელების“ მთავარ რედაქტორს, ეთერ თურაძეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია.

საქმეში საინტერესოა ციფრები: ადგილზე იმ საღამოს „ბათუმელებს“ ირაკლი დგებუაძემ უთხრა, რომ ხუთმა კაცმა არ შეიძლება გადაკეტოს ქუჩა და ეს ხელოვნურია, იგივე ირაკლი დგებუაძე კი, სხვა ჩანაწერში ადასტურებს, 40 ადამიანი ხართ შეკრებილი პლუს – მინუს 10 კაცში შეიძლება შევცდეო.

ირაკლი დგებუაძემ, რომელსაც აქციის დაკავებული მონაწილეები ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, იმ დღეს კიდევ ერთხელ იძალადა აქციის მონაწილეებზე და მშვიდობიანი აქციის დაშლა სცადა.

ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ტყუილი თავად შსს-ს მიერ შედგენილ ოქმში ჩანს: „…30-მდე კაცი იყო შეკრებილი“- წერია სამართალდარღვევის ოქმში. მანამდე ის „ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ ხუთი კაცი კეტავდა ქუჩას. მოსამართლემ „ბათუმელების“ ვიდეოჩართვის მონაკვეთიც ნახა.

ამ საქმეშია კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც შსს-მ წარმოადგინა – ამ ვიდეოში ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ აქციაზე 40-მდე კაცია და ამიტომაც მოითხოვა მათი ტროტუარზე გადასვლა.

კიდევ უფრო საინტერესო დეტალი ისაა, რომ იმ საღამოს დგებუაძემ პოლიციის ერთი მანქანა და პოლიციელი აქციასთან ახლოს – მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ჩააყენა, მანქანები აქციის მონაწილეებისკენ განზრახ რომ გამოეშვათ. ეს პოლიციელები 16 დეკემბრის აქციაზე მოქალაქე დარიკო ჩიტაძემ ამხილა, მანქანები აბაშიძის ქუჩას მიუყვებოდნენ და პოლიციელმა უთხრა, აქეთ წადით, გამსახურდიაზეო, სადაც აქცია იმართებოდა.

დარიკო ჩიტაძეც დაიბარეს სასამართლოში. მისი საქმე უკვე განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

აზა გაბუნიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს.

16 დეკემბერს 12 პირის დაკავების შემდეგ, 11 და 12 იანვრის საპროტესტო აქციებზე ბათუმში 20 პირი დააკავეს. მათ შორის, გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მის დაპატიმრებას უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრობად აფასებენ.

12 იანვარს დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძეც, მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. გურამ მურვანიძე აქციაზე ვიდეოს იღებდა, როცა მას პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დააკავეს.

აქციის დაკავებული მონაწილეებიდან არც ერთი ამ დრომდე მოსამართლეებს არ გაუმართლებიათ. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მოსამართლეები ძირითადად ყველაზე მკაცრ ღონისძიებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას იყენებენ.

„16 დეკემბრის აქციის საქმეზე“ ახლა [14:00 სთ] მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ლევან გორგილაძის შემთხვევას განიხილავს.

TV 25 – ის განცხადება მზია ამაღლობელის და მაუწყებლობის შეჩერების შესახებ

TV 25 – ის საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ამავე განცხადებაში არხის ხელმძღვანელობა საზოგადოებას აცნობს, რომ არხს 20 დღეა მაუწყებლობა აქვს შეჩერებული.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ “TV 25” – ის  განცხადებას.

„პირველ რიგში ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს.

მოგეხსენებათ, 2025 წლის 01 იანვრიდან ტვ25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებულია. შეჩერებულია ტვ25-ის ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა.

ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვიცავთ თქვენს ინტერესებს,“ – ვკითხულობთ ტელეკომპანიის განცხადებაში.

TV 25 1993 წელს დაარსდა აჭარაში. არხი წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლების დროს, მნიშვნელოვანი კრიტკული პლატფორმა იყო საზოგადოებისათვის.

2004 წლიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე არხზე ყოველდღიურად მზადდებოდა საინფორმაციო პროგრამა „მაცნე”, რომელიც აჭარაში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავდა.

ბოლო 20 დღეა TV 25-ს მაუწყებლობა შეჩერებული აქვს.

 

მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენება უკანონოა და გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა.

„მოსამართლე ნინო სახელაშვილის განჩინება სრულიად მოკლებულია გონივრულობის, კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის. მოსამართლე სახელაშვილის განჩინება მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზსაც შეიცავს“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ორგანიზაციამ მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების ნიუანსური ანალიზიც წარმოადგინა. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ტექსტს.

  • შესავალი

2025 წლის 14 იანვარს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე წარდგენილი ბრალის [პოლიციელზე თავდასხმა] და სასჯელის [4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა] სიმძიმიდან გამომდინარე შექმნილი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა დაზიანების რისკებით გაამართლა.

მოსამართლეს არ მიუთითებია არც ერთ რელევანტურ მტკიცებულებაზე, რომელიც უშუალოდ ამ საფრთხეებს დაასაბუთებდა. სასამართლომ დამატებით გარემოებად მხოლოდ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიუთითა, რომელზეც პასუხისმგებლობა ჯერ არც იყო დამდგარი და შესაბამისად, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არარელევანტურ გარემოებას წარმოადგენდა.

ამასთან, სასამართლომ სრულიად უგულებელყო პატიმრობის შეფარდებისთვის მნიშვნელოვანი გარემოება – მისი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობა და მაღალი რეპუტაცია მაშინ, როდესაც არ მოერიდა მისი პიროვნების „უკიდურესად უარყოფით“ დახასიათებას ჯერ კიდევ დაუდგენელი ბრალიდან გამომდინარე. სასამართლომ ასევე უგულებელყო მზია ამაღლობელის დაკავებით ჟურნალისტური საქმიანობისთვის გამოწვეული „მსუსხავი ეფექტი“.

ეს მიმოხილვა კრიტიკულად აანალიზებს მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ პატიმრობის შეფარდების დასაბუთებას და აჩვენებს, თუ რამდენად მოკლებულია ის გონივრულობის, საკანონმდებლო და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის.

  • დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვი

ნინო სახელაშვილი თავის განჩინებაში საერთოდ არ მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას სილის გაწვნის პოლიციელზე თავდასხმად [სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი] კვალიფიკაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა ამ დანაშაულის შემადგენლობის განმარტებისას ყურადღებას ამახვილებს პირის მიზანზე, თავს დაესხას პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ცხადია, ამ დანაშაულის მიზანი სამართლებრივი სიკეთის – პოლიციელის კანონიერი უფლებამოსილების განხორციელების – დაცვაა. ამ შემთხვევაში, სილის გაწნას პოლიციელის უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია და აღნიშნული კვალიფიკაცია აშკარად დაუსაბუთებელია.

აღნიშნული ქმედების კვალიფიკაცია ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის, ან ყველაზე ფორმალისტური ინტერპრეტაციის შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის [ძალადობა] კვალიფიკაციაში, თუმცა, ამ შემთხვევაში გამოძიებას გაუჭირდება დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების სტანდარტის მტკიცება, რომელიც ამ დანაშაულის აუცილებელი პირობაა. ამასთან სსკ-ის მე-7 მუხლის საფუძველზე ამგვარ ქმედებებზე პირს არ შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომლითაც გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას მზია ამაღლობელს ედავებიან,  სამართლებრივი თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემურია. მას  განუსაზღვრელი შინაარსი აქვს და საგამოძიებო ორგანოებს ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს [უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ეს მუხლი 2011 წლის ივლისს, 2011 წლის 26 მაისს პროტესტანტების მასობრივი დარბევისა და რეპრესიების შემდეგ დაემატა]. ეს მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს პოლიციელსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის, ისე რომ არ განსაზღვრავს თავდასხმის დეფინიციას, მის ინტენსივობასა და მეთოდებს, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობით მოტივირებული ნებისმიერი სახის ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალადობისა და წინააღმდეგობის ამ დანაშაულის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობას იძლევა. სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული განჭვრეტადი ფორმით. ეს კი პრაქტიკაში არაერთგვაროვანი განმარტებებისა და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ამდენად, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, სასამართლო სილის გაწნას იმ სახის აგრესიულ და წინასწარგანზრახულ, დაგეგმილ და მოტივირებულ ქმედებად ვერ ჩათვლიდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის – პოლიციელზე თავდასხმის – უკან მოიაზრება.

ჩადენილი ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის გონივრულობაზე მსჯელობის ვალდებულება მოსამართლეს ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით ეკისრებოდა, რომელიც დაკავების წინაპირობად დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობას ითვალისწინებს.

ევროპული სასამართლო, მათ შორის, ჟურნალისტების სასარგებლოდ გადაწყვეტილ საქმეებზე აკონკრეტებს, რომ დაკავების თვითნებურობის შეფასებისას უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს გონივრული საფუძველი ჩადენილი ქმედების ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიკაციისთვის.

ამასთან, როგორც ევროპული სასამართლო უთითებს, დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი  პირის საქმიანობისთვის დაკავებით გამოწვეული მსუსხავი ეფექტი, რაც გონივრული ეჭვის ჩვეულებრივზე მაღალი სტანდარტით შეფასებას საჭიროებს.

ჟურნალისტების დაკავების განხილვისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სწორედ „მსუსხავ ეფექტზე“, რომელიც შესაძლოა მომჩივნისთვის და ზოგადად მედიაგარემოსთვის შეიქმნას.

  • უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის შემობრუნება

ნინო სახელაშვილი უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციას უგულებელყოფს მსჯელობის ყველა ეტაპზე. ის სილის გაწვნის ფაქტს ჯერ არასწორად აიგივებს პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულთან, შემდგომ კი მზია ამაღლობელის „უკიდურესად უარყოფით“ პიროვნებაზე, არაჯანსაღ დამოკიდებულებასა და არაპროგნოზირებად ქცევაზე მითითებით ასაბუთებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას. უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს ნინო სახელაშვილის მიერ პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად მითითებული ერთადერთი დამატებითი გარემოებაც – მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე,  რომელზეც პასუხისმგებლობა იმ მომენტისთვის არც იყო დამდგარი.

სწორედ უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო პატიმრობის შეფარდებას ზოგად და აბსტრაქტულ არგუმენტებზე დაყრდნობით, საწინააღმდეგო პოზიციის გაუთვალისწინებლად, დაუშვებლად მიიჩნევს და შესაბამისად, მტკიცების ტვირთს ბრალდების მხარეს აკისრებს.

ანტისამთავრობო პროტესტების დროს დაკავებების კონტექსტში სომხეთის და უკრაინის წინააღმდეგ მიღებულ საქმეებზე, ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ დანაშაულის და სასჯელის სიმძიმეზე მითითების საფუძველზე პატიმრობის გამოყენება თავისუფლების თვითნებურ შეზღუდვად შეაფასა. მეტიც, ევროპული სასამართლოს თანახმად, მიმალვის, მტკიცებულებების დაზიანების და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების შესახებ რელევანტური მტკიცებულებების არსებობაც ვერ გაამართლებს თავისუფლების აღკვეთას ავტომატურად, მაგალითად, თუ ისინი ამ რისკების მხოლოდ უმნიშვნელო ზრდაზე მიუთითებენ.

ამასთან, ევროპული სასამართლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას  ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასებისას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადგენილი. მეტიც, ევროპული სასამართლოს სტანდარტით, წინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ავტომატურად არ მიანიშნებს დანაშაულის  ხელახლა ჩადენის რისკზე და ამ ფაქტორის რელევანტურობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში კრიტიკულად უნდა შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ ამავე სტანდარტს იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოც 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ამ სტანდარტების საპირისპიროდ, პატიმრობის შეფარდებისას ნინო სახელაშვილი შემოიფარგლა „სილის გაწვნის“ ეპიზოდის და გარემოებების აღწერით, რაც მან მზია ამაღლობელის პიროვნებაზე და მისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე დასკვნის გამოტანისთვის საკმარის საფუძვლად მიიჩნია.

  • მიმალვის რისკები

ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ნინო სახელაშვილის მტკიცება, რომ გათავისუფლებიდან მალევე პოლიციელისთვის საჯაროდ სილის გაწვნა მიმალვის რისკებზე უთითებს. პირიქით, მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ასეთი ქმედების განხორციელება, როგორც მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ ის შესაძლო პასუხისმგებლობას, უფრო ზუსტად, კი, სახელმწიფო აპარატის ანგარიშსწორებას, არ გაურბის. ამ არგუმენტთან წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსამართლის მოლოდინიც, რომ ბრალდებული მიიღებს მონაწილეობას საპროტესტო შეკრებებში და ანალოგიურად მოიქცევა პოლიციელებთან კომუნიკაციისას, რითაც ის ამჯერად დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკების დასაბუთებას ცდილობს.

  • ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი

რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკს, ამას მოსამართლე ნინო სახელაშვილი ასაბუთებს იმ ფაქტზე მითითებით, რომ სილის გაწვნამდე მის მიმართ უკვე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რასაც მზია ამაღლობელზე შემაკავებელი ეფექტი არ ჰქონია. თუმცა, მზია ამაღლობელი იმ მომენტისთვის სამართალდამრღვევად არც იყო ცნობილი, შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარეც ამ ფაქტის მის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია.

ამასთან, ზემოთ განხილული ევროპული სასამართლოს სტანდარტის საპირისპიროდ, ნინო სახელაშვილს არ გამოუკვლევია ყველა რელევანტური გარემოება.

მაგალითად, ის არ დაინტერესებულა ადმინისტრაციული დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობის ფაქტით, რომელსაც შესაძლოა მისი ქმედება გამოეწვია. როგორც სასამართლოსთვისაც იყო ცნობილი, მზია ამაღლობელი მანამდე პოლიციამ საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, სხვა აქტივისტებთან ერთად. ადგილზე ქალი აქტივისტების დაკავება აგრესიული და უხეში ფორმებით მოხდა, თუმცა, რამდენიმე საათში ისინი პოლიციამ გაათავისუფლა. ადგილზე მყოფი ქალი აქტივისტები გათავისუფლების შემდეგად პოლიციის სამმართველოსთან რჩებოდნენ და დაკავებული სხვა პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რა დროსაც მოულოდნელად პოლიციამ დაიწყო სამმართველოს შენობაში იქვე მდგარი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიზანმიმართული შეთრევა და დაკავება, მათ შორის, იყვნენ ბათუმელების რედაქტორის, ეთერ თურაძის ნათესავები. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, პოლიციის ეს უკანონო და თვითნებური მოპყრობა მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ ადგილზე გააპროტესტეს. ამ დროს პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და როგორც ქალს, უხამსი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელის რეაქცია მყისიერად სწორედ ამ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის 16 დეკემბერს, ერთ-ერთი საპროტესტო შეკრების დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე დაკავებით დაემუქრნენ „ბათუმელების“ რედაქტორს, ეთერ თურაძეს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მზია ამაღლობელის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის 11 იანვარს სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, მზია ამაღლობელი ყვება, რომ ირაკლი დგებუაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში შეაფურთხა და გარკვეული დროის განმავლობაში  წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება არ მისცა.

არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტი კეთილსინდისიერი მოსამართლის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობდა იმის გამო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება უშუალოდ დაკავებიდან გათავისუფლებას – სამართალდამცველების დაქვემდებარებაში ყოფნასა და შემდგომში პოლიციელის მხრიდან მასთან  ღირსებისშემალხავ კომუნიკაციას მყისიერად მოჰყვა. ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ მსგავს ქმედებას არასდროს ჰქონია ადგილი, იმის მიუხედავად, რომ მას პოლიციელების გარემოცვაში და სტრესულ პირობებში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.

  • მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები

მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკების დასაბუთება იმ ფაქტზე მითითებით, რომ მზია ამაღლობელი პირადად იცნობს მოწმეებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის საფუძველი – სილის გაწნა –  ვიდეო-კადრებშია დაფიქსირებული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

  • გადაწყვეტილებით დარღვეული სტანდარტების „ფორმალური“  ციტირება

ბოლოს, სამართლით „მანიპულაცია“ ყველაზე მკვეთრი ნინო სახელაშვილის მიერ ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვაში ჩანს. კერძოდ, მოსამართლე სამართლებრივი დასაბუთების მინიმალური სტანდარტის დაუცველად უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ევროპული სასამართლოს სწორედ იმ პრინციპებზე, რომლებსაც რამდენიმე აბზაცის დაშორებით თავადვე უგულებელყოფს. მეტიც, რიგ შემთხვევებში მოსამართლე ევროპული სასამართლოს სტანდარტს არასწორად წარმოაჩენს.

მაგალითად, მოსამართლე ნინო სახელაშვილის თანახმად, ევროპული სასამართლო არ უშვებს პირის ხანგრძლივ პატიმრობას მხოლოდ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეზე მითითებით. თუმცა, სინამდვილეში, ევროპული სასამართლოს სტანდარტით, არც ხანმოკლე პატიმრობა დაიშვება მხოლოდ შესაძლო დანაშაულის ბუნებაზე და ჩადენის გარემოებებზე აპელირებით.

მოსამართლე უთითებს მიმალვის რისკების შესახებ ევროპული სასამართლოს ანალოგიურ სტანდარტზეც, რომლის თანახმად, ის ვერ დასაბუთდება მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრეზე მითითებით, თუმცა თავად სწორედ ასე ასაბუთებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.

ნინო სახელაშვილი ფორმალურ მითითებას აკეთებს მტკიცების ტვირთის, უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის სტანდარტებზეც, რომლებსაც ასევე არღვევს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებისას. მოსამართლე საუბრობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტზეც, რომელიც სხვა ნაკლებად მზღუდავი აღკვეთის ღონისძიებების არასაკმარისობის დასაბუთებას ეხება, იმის მიუხედავად, რომ თავად საერთოდ არ ახსენებს კონკრეტულ ალტერნატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, არ ეხმიანება დაცვის მხარის მიერ 100 000 ლარის ფარგლებში შემოთავაზებულ გირაოს, არათუ ასაბუთებს მის მიზანშეუწონლობას.

  • შეჯამება

მოსამართლე ნინო სახელაშვილის განჩინება სრულიად მოკლებულია გონივრულობის, კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის.

მოსამართლე სახელაშვილის განჩინება მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზს შეიცავს:

  • სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოება – სილის გაწვნა – არ აკმაყოფილებს პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებს. შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე არ არსებობს ამ დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვის სტანდარტი.

  • განჩინების დასაბუთებულობისა და რისკების შეფასების არათანმიმდევრულობა

განჩინებაში წარმოდგენილი მსჯელობა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებთან დაკავშირებით ლოგიკურად წინააღმდეგობრივია – მოსამართლე ერთდროულად მსჯელობს როგორც მიმალვის, ისე საპროტესტო აქციებზე დასწრებით ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებზე.

  • საპროცესო გარანტიების დარღვევა

მოსამართლემ არ გაითვალისწინა უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავისუფლების ფუნდამენტური უფლება. პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენება, მხოლოდ ბრალდების არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდა.

  • დაცვის მხარის არგუმენტების იგნორირება

განჩინებაში არ არის სათანადოდ შეფასებული ბრალდებულის პროფესიული რეპუტაცია, მისი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობა და შემოთავაზებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

  • მედიის თავისუფლებაზე გავლენა

მოსამართლემ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების პოტენციური გავლენა მედიის თავისუფლებაზე და ის „მსუსხავი ეფექტი“, რაც ჟურნალისტის დაპატიმრებამ შეიძლება გამოიწვიოს.

სასამართლო სისტემის ასეთი სახით გამოყენება მიზნად ისახავს რეპრესიული აპარატის გაძლიერებას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას. ეს პროცესი ხორციელდება არსებული სამართლებრივი ჩარჩოს მიზანმიმართული მანიპულაციის გზით, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება დემოკრატიული პროცესების შეზღუდვასა და ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებას.

ამდენად აშკარაა, რომ განჩინება არ აკმაყოფილებს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების სტანდარტებს და საჭიროებს გადახედვასა და ცვლილებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან.

აქვე უნდა ითქვას, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის შემთხვევა, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და სასამართლო ინსტიტუტების დაკნინების მაგალითია, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას, პოლიტიკური დისკურსის რეპრესიულ შეზღუდვასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფას ასახავს.

ეს შემთხვევა არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, არამედ მასზე პოლიტიკური ანალიზი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება იყენებს ძალაუფლების მექანიზმებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებისთვის. აღნიშნული ვითარება აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

ამასთან, მზია ამაღლობელის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ქმნის „მსუსხავი ეფექტის“ პრეცედენტს, რაც პირდაპირ ემუქრება მედიის დამოუკიდებლობას და აფერხებს მედიის უსაფრთხო ფუნქციონირებას ქვეყანაში“ – წერს სოსიალური სამართლიანობის ცენტრი.

  • რა ხდება? 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად მზია ამაღლობელი დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“ და მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მოკლე ხანში ხელახლა დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

__________

ფოტოზე: მზია ამაღლობელი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის“როგორც მომზადების, ისე გადამზადების პროგრამებზე მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 28 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ. „თეგეტა აკადემია“ პროექტს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: აღნიშნული პროგრამები ბაზრის დეტალური კვლევის შედეგად შევქმენით. რეგიონში საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველების ოპერატორებზე დიდი მოთხვონაა და გვიხარია, რომ ამ პროფესიის შესწავლასა თუ ცოდნის ამაღლებაში მათ „თეგეტა აკადემია“ დაეხმარება. პროგრამებს გაუძღვებიან „თეგეტა აკადემიის“ მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები. გარდა ამისა, იქნებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოწვეული ტრენერები/სპეციალისტები/მასწავლებლები. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში ამ მზარდ მიმართულებაში პროფესინალი კადრები მოვამზადოთ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას“.

პროფესიული მომზადების პროგრამის – „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ – ხანგრძლივობა 12 კვირაა. სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ სიმულაციურ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს პარტნიორი კომპანიის „ტრანსფორდის“ ბაზაზე.

რაც შეეხება  „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის“ პროფესიული გადამზადების პროგრამას, ის პარტნიორი კომპანიის, „ტრანსფორდის“ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხორციელდება. დაინტერესების შემთხვევაში კი მომდევნო ნაკადის მიღებისას შესაძლებელია სხვა კომპანიებთან პარტნიორობაც, რომლებსაც სურთ, თანამშრომლები სპეციალური ტექნიკის მიმართულებით გადაამზადონ.

პროფესიული მომზადების პროგრამები განკუთვნილია იმ პირებისთვის,  რომლებიც ახლა იწყებენ მიმართულების შესწავლას. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა   დადასტურებული საბაზო განათლება და ასაკი მინიმუმ 18 წელი. რაც შეეხება გადამზადების პროგრამას, შექმნილია მათთვის, ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ და უდასტურდებათ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ოპერირების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

„თეგეტა აკადემიამ“ აღნიშნული მასშტაბური პროექტი დასავლეთ საქართველოში USAID-ის მხარდაჭერით დაიწყო. აკადემიამ ფოთისა და ბათუმის ფილიალებში პროფესიული მომზადება/გადამზადების 14 პროგრამის განხორციელების უფლება 3 წლის ვადით მოიპოვა. ორივე ფილიალში მსმენელების პირველი ნაკადი, ჯამში 80 ადამიანი, 2024 წლის ნოემბერში მიიღეს. პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ან კონსულტაციისთვის დაუკავშირდნენ „თეგეტა აკადემიას“. ფოთის ფილიალის თითოეულ პროგრამას 20 მსმენელი დაესწრება. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოსგან აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით.

საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის პროგრამის შემდეგ ფოთის ფილიალში გამოცხადდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები სპეცტექნიკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ექსკავატორები, ექსკავატორ-დამტვირთველები და ფრონტალური დამტვირთველები.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით „უხვი ნალექისა და ავარიულად დაზიანებულ მაგისტრალურ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოების გამო დღეს, 20 იანვარს, წყალმომარაგება შეეზღუდათ:

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიაში, აეროპორტის გზატკეცილზე, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ზღვისპირის, წერეთელის, მაქაცარიას, გოგებაშვილის, ბაქოსა და იმედაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს“.

„წყალმომარაგება ეტაპობრივად ყველა მისამართზე 20 იანვრის 23:00 საათამდე აღდგება.“ – აცხადებს კომპანია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 820 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690]
  • ტანკი – 9 821 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 20 454 ერთეული [+42]
  • საარტილერიო სისტემა – 22 074 ერთეული [+19]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 049 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 768 ერთეული [+153]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 051 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 488 ერთეული [+87]
  • სპეცტექნიკა – 3 706 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 792 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 674 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 800 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 481 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის აეროპორტში 2 თვითმფრინავი ვერ ჯდება

დღეს, 19 იანვარს, ბათუმის აეროპორტში ამ დროისთვის [18:40 სთ] ორი თვითმფრინავი ვერ ახერხებს დაშვებას.

თურქეთისა და ისრაელის ავიახაზების თვითმფრინავები ზღვის თავზე დაფრინავენ და ცდილობენ დაშვებას აეროპორტში.

თვითმფრინავები, სავარაუდოდ, მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ახერხებენ აეროპორტში დაჯდომას, ვინაიდან ბათუმში ქარი და წვიმაა.

ბათუმის აეროპორტში „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს.

ბათუმის აეროპორტსი თვითმფრინავები ვერ ჯდება

განახლება:

თურქული თვითმფრინავი უკან გაბრუნდა [19.01.2025 / 18:53 სთ ]
სტამბოლი-ბათუმის  თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან, თურქეთში გაბრუნდა. თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში დაჯდა.

რაც შეეხება თელავივი-ბათუმის რეისს, თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში [კოპიტნარში] გაფრინდა და დაახლოებით 19:16 საათზე დაჯდა.

თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი კოპიტნარში დაჯდა

ამ დროისთვის [19:10 სთ] ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება კიდევ ერთი, სოჭი-ბათუმის თვითმფრინავიც:

სოჭი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან, სოჭში გაბრუნდა [19:23 სთ]:

სოჭი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმში ვერ დაჯდა და უკან გაფრინდა.
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ხანძარი ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კუთხეში, ორსართულიანი კერძო სახლის მანსარდი დაიწვა.

როგორც სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტრო სადენებს გაუჩნდა.

ხანძარი დღეს, 19 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათისთვის გაჩნდა.

ბათუმში მეოთხე დღეა დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მეოთხე დღეა არასრულწლოვან ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ, რომელიც ახლობლების თქმით, 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

მოზარდი მეცხრეკლასელია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ზღვაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც ფეისბუქში წერენ, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფიც, რომელიც ასევე აპირებს დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩართვას.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იურისტი განმარტავს, რატომ არ არის სწორი მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა

იურისტი, მოძრაობა “ხმის” წევრი ვაკო ნაცვლიშვილი განმარტავს, რატომ არ არის სამართლებრივად სწორი, მზია ამაღლობლის სისხლისსამართლებრივი დევნა. მისი შეფასებით, „ნეტგაზეთი“„/ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით უნდა დაწყებულიყო.

ნაცვლიშვილი პუნქტობრივად ჩამოთვლის არგუმენტებს:

  1. სადავო არავისთვის არ არის, როგორ უნდა აღვწეროთ მისი ქმედება. სილა გააწნა პოლიციელს. შეიძლება, ასეც: ალიყური აჭამა. ეს, არსებითად, სინონიმურია, მაგრამ, რადგან ინციდენტის მონაწილე არის ქალი, ქალის ნათავაზებ ალიყურზე სილის გაწნას უფრო ვიყენებთ. ამაზე ზუსტი აღწერა არ არსებობს;
  2. გაიხსენეთ ქართულ ლიტერატურაში ასეთი სცენები. ქართულ კინოშიც. რეალურ ცხოვრებაშიც. როდის გააწნის ქალი კაცს სილას. მაშინ, როცა ქალი შეურაცხყოფილია, როცა თავს დამცირებულად გრძნობს, ან როცა უნდა, კაცი გონზე მოიყვანოს, შეაჩეროს, გამოაფხიზლოს, ან კაცით იმედგაცრუებულია, მასზე წარმოდგენა დაკარგა;
  3. მე ამ ლიტერატურულ და კინოფრაგმენტებს სასამართლოშიც წარვადგენდი იმიტომ, რომ სამართალიც ამ ენაზე ლაპარაკობს, რა ენაზეც ლიტერატურა და კინო კეთდება. ქალის მხრიდან სახეში სილის გაწვნა ნიშნავს პიროვნებაზე ზემოქმედებას, პიროვნულზე ზემოქმედებას, რადგან სახე, არსებითად, პიროვნებას გამოხატავს;
  4. მზია ამაღლობელს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. რა არის თავდასხმა? თავდასხმა გულისხმობს უეცარ იერიშს, გამოხდომას, თავს დაცემას. ეს ტერმინი გამოიყენება სპორტშიც, სამხედრო ოპერაციებშიც, მედიცინაშიც, სამართალშიც;
  5. სისხლის სამართლის კოდექსი თავდასხმას იყენებს სხვადასხვა დანაშაულთან მიმართებით. ისეთთან, როგორიც არის მაგ. ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ტერორიზმი, მეკობრეობა, შეიარაღებული კონფლიქტი, ადამიანთა ჯგუფის ეთნიკური და რელიგიურ ნიადაგზე დევნა;
  6. განვაზოგადოთ. თავდასხმა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას. უფრო ზუსტად, თავდასხმა ფიზიკურ ზემოქმედებას შეიძლება კი გულისხმობდეს, მაგრამ მთავარი, რაც მას განასხვავებს ფიზიკური ზემოქმედებისგან, არის ის, რომ თავდასხმა იწვევს უეცარი საფრთხის, დაუცველობის, ხიფათის მძაფრ განცდას.
    თავდასხმა, პირველ რიგში, ასეთი ზემოქმედებაა და სავალდებულო არ არის, მას ფიზიკური დაზიანება ახლდეს;
  7. ქალის მიერ კაცისთვის სილის გაწნა ასეთ პანიკას არ აღძრავს, განსაკუთრებით, თუ ეს პოლიციელი კაცია, ინციდენტი ხდება პოლიციასთან ახლოს, პოლიციელთა თავყრილობის შუაგულში.
    მზია ამაღლობელს ვერ ექნებოდა ვერც თავდასხმის განზრახვა, მაგრამ მას უდავოდ ჰქონდა პოლიციელის შეურაცხყოფის განზრახვა. განზრახვის გარეშეც, ამ ქმედებით მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს;
  8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, პოლიციელის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება იწვევს დაჯარიმებას 2000-3000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ამ მუხლით უნდა დაწყებულიყო საქმე. სხვა დანარჩენი უკანონოა. სამართალი მზია ამაღლობელს”, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

———

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 იანვრის 21 საათიდან 20 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით პერიოდულად ქარი 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდება;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 5-6 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 21 და 22 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 19 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 818 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 580]
  • ტანკი – 9 811 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 20 412 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 22 055 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 046 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 615 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 051 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 401 ერთეული [+76]
  • სპეცტექნიკა – 3 700 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 726 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 658 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 764 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 459 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის აქციების მედროშე სამთვიან პატიმრობაში დატოვეს

მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 3-თვიან პატიმრობაში დატოვა.

„დღეს, 18 იანვარს, განიხილებოდა საკითხი გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყოფილიყო თუ არა ბატონი თემური დაკავებული.

შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა სასამართლოს ამ ტიპის საქმეების განსახილველად და სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თემურ ქათამაძე დატოვა დაკავებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქათამაძეს გადაიყვანენ უცხოელთა დაკავების განთავსების ცენტრში, რომელიც თბილისშია.

სამ თვემდე გასცა სასამართლომ დაკავების ბრძანება, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების თაობაზე, ის იქნება 3-თვიან პატიმრობაში, რაც შემდგომში ცალკე განხილვის საგანია და ამაზე ცალკე დაიცავს საია თემურ ქათამაძის ინტერესებს“ – ამბობს ადვოკატი დარეჯან სალდაძე.

ადვოკატის თქმით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება 5 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

„ცხადია გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ“- ამბობს ადვოკატი.

თემურ ქათამაძე უკვე წლებია ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას, თუმცა მას, როგორც ქათამაძე ამბობდა, გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები ექმნებოდა.

დარეჯან სალდაძის თქმით, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. დღეს კი, როგორც ადვოკატი ამბობს, გაძევებასთან დაკავშირებით დაკავების კანონიერების საკითხზე იმსჯელა სამტრედიის სასამართლომ.

თემურ ქათამაძე ორჯერ დააკავა პოლიციამ. პირველად ბათუმში, შემდეგ კი 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ხელმეორედ დააკავეს.

გუშინ, 17 იანვარს თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

_____________

ფოტოზე: თემურ ქათამაძე. ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, 18 იანვარს, ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა.

ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

როგორც შსს-ში გვეუბნებიან, ზღვაში დაღუპულ კაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„მზიას სიმამაცე და შეუპოვრობა ყოველთვის არის შთაგონების წყარო“ – გაიგისიზ გელდიევი

გაიგისიზ გელდიევი, Jnomics Media-ის მმართველი პარტნიორი და უკრაინული გამოცემა „კიევ ინდეფენდენტის“ თანადამფუძნებელი, ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას.

„ღრმად დამწუხრებული და შეწუხებული ვარ ჩემი მეგობრის, მზია ამაღლობელის, დაკავების გამო. ის არის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი „გაზეთი ბათუმელების“ – საქართველოში წამყვანი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის, რომელიც დღეს მართავს ორ ცნობილ ონლაინ პლატფორმას: „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“.

2001 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, მზარდი ტოტალიტარიზმის პირობებში, 26 წლის მზია ამაღლობელმა და მისმა მეგობარმა, ეთერ თურაძემ, დააარსეს „ბათუმელები“, ბეჭდური გაზეთი. ეს ინიციატივა იყო პირდაპირი პასუხი კანონის უზენაესობის დარღვევებზე, ადამიანის უფლებების შეზღუდვებზე და კორუფციის მზარდი დონეზე, რაც ფართოდ იყო გავრცელებული აჭარაში ასლან აბაშიძის ავტოკრატიული მმართველობის ქვეშ.

რუსეთიდან მხარდაჭერილი და საქართველოს სამოქალაქო ომის შემდგომი დასუსტებული ცენტრალური მთავრობის პირობებში, აბაშიძე რეგიონს მართავდა როგორც ნახევრად დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აკონტროლებდა მმართველობის ყველა სფეროს.

წლების განმავლობაში მზიამ წარმოუდგენელი სირთულეები გადაიტანა – სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, დაპატიმრებები, მუქარები და ოფისზე ღია თავდასხმაც კი, რომლის კარებზეც ტყვიების კვალი დარჩა.

მიუხედავად ყველაფრისა, მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა მედიაორგანიზაციამ მრავალი ჯილდო მიიღო უშიშარი ჟურნალისტიკისა და ეთიკური საქმიანობისთვის.

ამავე დროს, ეს ორგანიზაცია გახდა მოსკოვის რისხვის სამიზნე, რომელმაც გამოცემა „ანტისაბჭოთა პროპაგანდის გამავრცელებელ ორგანიზაციად“ შერაცხა, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ მისი აკრძალვა. 2022 წელს, რუსეთის მარეგულირებელმა, როსკომნადზორმა, დაბლოკა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ რუსულენოვანი ვერსიებზე წვდომა.

2024 წელს, საქართველოში წინააღმდეგობებით სავსე „უცხო აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, მზია კვლავ დადგა თავისი ორგანიზაციის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. მიუხედავად რეპრესიებისა, მათ შორის მიუხედავად მზიას დაპატიმრებისა, მისმა მედიამ განაგრძო თავისი მისია, რომელიც დაფუძნებულია მდგრადი და ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებზე.

მე ვიცნობ მზიას, როგორც ადამიანს, რომელიც ყოველთვის სხვებზე ფიქრობს. ის მასპინძლობდა ცენტრალური აზიის ჟურნალისტებს, რომლებიც სიკვდილისა და დაკავების საფრთხეებს გაექცნენ, სთავაზობდა მათ თავშესაფარს და სამუშაო ადგილს ბათუმში. მან შეიძინა დიდი მიკროავტობუსი და გადააქცია მობილურ ბიბლიოთეკად, რათა წიგნები მიეტანა მთის სოფლებში მცხოვრებ ნაკლები შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.

რუსეთთან ომის პირველივე დღეს, სწორედ მზია იყო ის, ვინც პირველმა მომწერა და შემოუერთდა ჩვენს საფონდო კამპანიას, რითაც მილიონობით დოლარი შეგროვდა იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი მედიას შესძლებოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმიანობის გაგრძელება.

წიგნი, რომელიც სასამართლო პროცესის დროს მზიას უჭირავს ხელში, არის მარია რესას „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. ეს მომენტი მისი ცხოვრებისეული მისიის სიმბოლოდ მესახება.

როგორც მისი მეგობარი და კოლეგა, მტკიცე სოლიდარობას გამოვხატავ მზიას მიმართ და მოვუწოდებ ფართო საზოგადოებას, ხმა აიმაღლონ მის მხარდასაჭერად. გამოწვევები, რომლებსაც მზია აწყდება, უზარმაზარია, მაგრამ მისი სიმამაცე და შეუპოვრობა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო“ – წერს გაიგისიზ გელდიევი.

  • რა ხდება? 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად მზია ამაღლობელი დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“ და მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მოკლე ხანში ხელახლა დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ხელის გარტყმა პოლიციელის ღირსების შემლახავ ქმედებაზე რეაქციას წარმოადგენდა – RLC ამაღლობელზე

“კანონის უზენაესობის ცენტრის” შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობა უსაფუძვლოა. ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს როგორც მისთვის პატიმრობის შეფარდებას, ისე წარდგენილ ბრალს.

პროკურატურა ამაღლობელს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მისი საქმიანობიდან გამომდინარე. “კანონის უზენაესობის ცენტრი” განმარტავს, რატომ არ შეესაბამება ეს მუხლი ამაღლობელის ქმედებას.

“ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, დადგინდეს პირის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც ქმედების პოლიციელზე თავდასხმად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. ქმედების შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი განხორციელების ხერხი, საშუალება, ვითარება, რა უძღოდა მას წინ და შემდგომ, ადგილი ხომ არ ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აუცილებელია დადგინდეს, რა შინაარსის ქმედებას ახორციელებდა დაზარალებული – ასრულებდა თუ არა იგი სამსახურებრივ მოვალეობას და პირის მიერ ჩადენილი იქნა თუ არა თავდასხმა დაზარალებულისათვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მინიმუმ უნდა დადგინდეს, რომ თავდასხმა მოხდა დაზარალებულის სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე და რომ არა პოლიციელის სამსახურებრივი და კანონისმიერი ქმედებები, მასზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედებას ადგილი არ ექნებოდა.

საჯაროდ გავრცელებული კადრებით ცალსახად არ დგინდება, რომ მზია ამაღლობელის ქმედება კავშირში იყო ირაკლი დგებუაძის, როგორც პოლიციელის სტატუსთან ან/და მის სამსახურებრივ საქმიანობასთან. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შესაბამისად სახეში ხელის გარტყმა ამ უკანონო და ღირსების შემლახავ ქმედებაზე რეაქციას წარმოადგენდა. შესაბამისად, მზია ამაღლობელი მოქმედებდა მძიმე შეურაცხყოფისგან გამოწვეული წყენის გამო და არა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელის ქმედება არ ყოფილა მიზანმიმართული და იგი არ იყო მოტივირებული პოლიციელის საქმიანობით”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ქართული სამართალწარმოების პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ამ მუხლით დაწყებული გამოძიება გადაკვალიფიცირდა სხვა, 126-ე მუხლზე, რაც ძალადობას გულისხმობს, “სწორედ იმის გამო, რომ ვერ დადასტურდა თავდასხმა პოლიციელის სტატუსიდან ან/და მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე”.

“კანონის უზენაესობის ცენტრი” დაუსაბუთებლად მიიჩნევს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებასაც. მათი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ქმედებებს აქვს რეპრესიული და სადამსჯელო ხასიათი, რაც ძირს უთხრის სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

“სასამართლო სხდომაზე ვერ დასაბუთდა, რატომ იყო აუცილებელი ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება, რომელიც ყველაზე უკიდურესი საშუალებაა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა თუ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. მოსამართლემ თავად გამორიცხა მიმალვის საფრთხის არსებობა და მხოლოდ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკზე აპელირებით გამოიყენა პატიმრობა, რომელიც აბსტრაქტულად, შაბლონურად და სუბიექტურად შეფასდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მოისმინეთ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელის, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას კომენტარი ამ საკითხზე.

მზია ამაღლობელის ინტერესებს დამცველის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე მას არაადამიანურად ექცეოდა. სწორედ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს ამაღლობელი.

“მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.

ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის მოვალეობაა პოლიციელების მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტების გამოძიება, ამის შესახებ 12 იანვრიდანაა ინფორმირებული. ამის მიუხედავად, დღემდე უცნობია, დაიწყო თუ არა უწყებამ გამოძიება.

ამავე თემაზე:

„სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს“ – იურისტი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ მთავარი სამართლებრივი ნონსენსი ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს.

გურო იმნაძე აღნიშნული პოსტით ეხმიანება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის შესაბამისი სტანდარტით.

„სწორედ აქ უშვებს სახალხო დამცველი შეცდომას, როცა პრობლემას მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში ხედავს და არა ზოგადად, მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდებაში.

ცხადია, ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მხოლოდ სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არაა. უფრო სწორად, ეს მხოლოდ მეორეხარისხოვანი პრობლემაა. მთავარი სამართლებრივი ნონსენსი აქ თვითონ ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს.

სისხლის სამართლის კოდექსშივე გვაქვს სპეციალური მუხლი, რომელიც ამბობს, რომ თუნდაც ფორმალურად არსებობდეს დანაშაულის ნიშნები, თუკი ქმედება უმნიშვნელოა, არ შეიძლება მისი ჩადენის გამო ადამიანი სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

ამ შემთხვევაში კი სილის გაწვნას არათუ მცირე მნიშვნელობა ჰქონდა, ის მხოლოდ სიმბოლური რეაქცია იყო პოლიციელის იმ ქმედებაზე, რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი მზიას თუ სხვა მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან. შესაბამისად, შეუძლებელია ეს ქმედება სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულად განვიხილოთ, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესმის, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი სახიფათოდ ბუნდოვანი ტერმინოლოგიით არის დაწერილი და ფართო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომაც ეს ბრალდება უსაფუძვლოა.

ერთ-ერთ ასეთ არგუმენტს თავად სისხლის სამართლის კოდექსივე გვაძლევს: კოდექსის 325-ე მუხლი დასჯადად აცხადებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას, ნორმის დისპოზიციაში კი თავდასხმად მიჩნეულია პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა. ტერმინოლოგიურად ხომ შეუძლებელია, ერთ შემთხვევაში კოდექსი თავდასხმად სხვა რამეს გულისხმობდეს, მეორეში კი – სხვას.

სახალხო დამცველიც სწორედ ამ საკითხებზე უნდა საუბრობდეს და ამ პრობლემაზე მიმართავდეს სასამართლოს.

ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მეტ გამბედაობას და პრინციპულობას მოითხოვს, მითუმეტეს სახალხო დამცველისგან, რომელსაც საჭირო მანდატიც აქვს და საკმარისად კვალიფიციური სტაფიც, რომ ასეთ საკითხებზე არგუმენტაცია მომზადდეს. ამ საქმეზე რომ პატიმრობის გამოყენება უსაფუძვლოა, ამას მეორე კურსის სტუდენტიც დაასაბუთებს“ – წერს გურო იმნაძე.

  • რა ხდება?

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად მზია ამაღლობელი დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“ და მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მოკლე ხანში ხელახლა დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„სამართლებრივად აბსურდული“ — იურისტის შეფასება მზია ამაღლობელის საქმეზე

იურისტი ანი ნასრაშვილი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და სამართლებრივი თვალსაზრისით, წაყენებული ბრალის აბსურდულობის შესახებ წერილს აქვეყნებს, რომელსაცბათუმელები უცვლელად გთავაზობთ.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.


მზია ამაღლობელი რეჟიმის პატიმარია. ის ბათუმში პოლიციამ 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წაუყენა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

  • რა მოხდა 11 იანვარს?

თვითმხილველების გადმოცემით, აქციის დაშლისას მზია ახლობლებთან ერთად იდგა, რა დროსაც პოლიციელების ჯგუფი ყვირილითა და გინებით მივარდა, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო. ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ უხმო კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს რაღაცას უხსნის, ის ზურგს აქცევს ამაღლობელს, ამაღლობელი ქურთუკზე კიდებს ხელს დგებუაძეს, შემდეგ კი სილას გააწნის. ამის შემდეგ მზია ამაღლობელს აკავებენ. უხმო კადრები ტოვებს განცდას, რომ მზიას მოქმედებას წინ გარკვეული გარემოებები უძღვის, რამაც მოვლენების განვითარების პროვოცირება მოახდინა.

  • რას ედავება პროკურატურა მზია ამაღლობელს?

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომლითაც პროკურატურამ მზია ამაღლობელის ქმედება დააკვალიფიცირა, სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. ამ მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის, სასამართლო პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პირის მიზანზე, თავს დაესხას პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მიზანი შეიძლება სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილება, მოწმის მოშორება, შურისძიება თუ სხვა რამ იყოს (თბილისის საქალაქო სასამართლო, 31 იანვარი, 2020 წელი, საქმე #1/3811-19). გარდა ამისა, ქმედება თავდასხმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომელიც აგრესიული აქტია და პირდაპირი განზრახვით ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას, არსებითად ძალადობრივ ქმედებებს მოითხოვს. ქმედების თავდასხმად შეფასებისთვის აუცილებელი ელემენტი სამართლებრივი სიკეთეებისთვის ძალადობრივი აქტიდან მომდინარე სერიოზული საფრთხეა. თავდასხმის აქტი, მეტწილად გულისხმობს გარკვეული ტიპის წინასწარ მომზადებას, ინფორმაციის შეგროვებას, დაგეგმვას, რაზეც მიუთითებს თავად მუხლის შემადგენლობაც — იგი სამართალდამცველის გარდა, თავდასხმისგან იცავს მის საცხოვრებელ შენობას, სატრანსპორტო საშუალებას თუ ოჯახის წევრებს. მართალია, ამ მუხლის შემადგენლობიდან არ გამოირიცხება სპონტანური თავდასხმის შესაძლებლობაც, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალადობის ხარისხი სისხლის სამართლის კოდექსით დაცული სამართლებრივი სიკეთეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მინიმუმ სერიოზულ საფრთხეს უნდა შეიცავდეს.

ამ განმარტების სისწორეს ადასტურებს სისხლის სამართლის კოდექსში სიტყვა თავდასხმის ექსკლუზიური გამოყენება ისეთ დანაშაულებთან, როგორიცაა მაგალითად ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მეკობრეობა, ტერორისტული აქტი. შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედების ხსენებული მუხლით დაკვალიფიცირება იმ ხარისხის სამართლებრივი უვიცობაა, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების და შურისძიების მიზანს აჩვენებს.

სასამართლო პრაქტიკა მნიშვნელოვან ხარვეზებს აჩვენებს, პოლიციელზე თავდასხმის (სსკ-ის 3531-ე მუხლი) შემადგენლობის სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლით (353-ე მუხლი) გათვალისწინებული ქმედებისგან გამიჯვნის კუთხით. ამ უკანასკნელით დასჯადია პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციის ამოსავალი წერტილი (ძალადობით ან ძალადობის მუქარით) წინააღმდეგობის გაწევაა, რომელიც მაგალითად, დაკავებისგან თავის დაღწევას, საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ხელშეშლას, შეწყვეტას შეიძლება ემსახურებოდეს (თბილისის საქალაქო სასამართლო, 31 იანვარი, 2020 წელი, საქმე #1/3811-19).

ხსენებული მუხლის მიზნებისთვის, ძალადობა გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას, ძალადობის მუქარა კი მოიცავს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას. ამასთან მუქარა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს გაუჩნდეს მისი განხორციელების რეალური შიშის საფუძველი. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს მისი პირადი უსაფრთხოება (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, 7 ნოემბერი, 2019 წელი, საქმე № 1ბ/1637-19).

ამ მუხლის შემადგენლობაში მოექცევა სამართალდამცავის კანონიერი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მიმართული საქმიანობის ხელშეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით. პოლიციელის ქმედების კანონიერების ფარგლები ერთი მხრივ და მოქალაქის მხრიდან ძალადობის ან ძალადობის მუქარის არსებობა მეორე მხრივ, სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელი ელემენტებია, რაც ყოველ კონკრეტულ საქმეში სასამართლოს შეფასების საგანი უნდა იყოს.

  • რა უნდა გავითვალისწინოთ?

ძალადობის გარეშე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება არა სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. სისხლის სამართლის კოდექსი ძალადობრივი ქმედების დასჯადობას სხვადასხვა მუხლით, სხვა გარემოებებთან ერთად, ფიზიკურ ტკივილს ან დაზიანების ხარისხს უკავშირებს. ძალადობის ყველაზე მსუბუქი და სისხლისსამართლებრივად დასჯადი ფორმა სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ცემა ან სხვაგვარი ძალადობაა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების გარეშე. დაზარალებულის მხრიდან ტკივილის აღქმა ამ შემთხვევაში, ამ მუხლით დასჯადობის აუცილებელი წინაპირობაა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, საქმე № 1ბ/1616-19 20 იანვარი, 2020 წელი). ცხადია, მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს სამართალდამცავისთვის არ შეეძლო იმ ტიპის ტკივილის გამოწვევა, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ხარისხს მიაღწევდა.

ფიზიკური ტკივილის არარსებობა სამართალდამცავისთვის ქურთუკის მოქაჩვას და სილის გაწვნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში აქცევს.

ამ კოდექსით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი პასუხისმგებლობას პოლიციელის სიტყვიერი თუ სხვაგვარი შეურაცხყოფისთვის აწესებს.

მზია ამაღლობელის ქმედება სამართლებრივად ცალსახად არასწორ კვალიფიკაციას ეფუძნება. ის საერთოდ ვერ აღწევს ქმედების საშიშროების იმ ხარისხს, რომელსაც სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებისთვის სისხლის სამართალში ultima ratio პრინციპი მოითხოვს. მზია ამაღლობელის საქმე სამართლებრივად იმდენად აბსურდულია, რომ აშკარაა მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენების მიზანი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 817 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
  • ტანკი – 9 803 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 20 394 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 22 040 ერთეული [+21]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 046 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 579 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 049 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 325 ერთეული [+69]
  • სპეცტექნიკა – 3 699 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 643 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 650 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 742 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 433 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

წვიმა, ქარი, მთაში ზოგან ძლიერი თოვა – როგორი ამინდი იქნება აჭარაში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 იანვრის 21 საათიდან 18 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა – ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.

მაღალ მთაში ზოგან ქარბუქია მოსალოდნელი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად ქარი გაძლიერდება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 19 და 20 იანვარს მოსალოდნელია წვიმა.

რატომ არ იძიებენ დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს? – საიას თავმჯდომარე საგამოძიებოს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც კანონის მიხედვით პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს, ამ დრომდე არაფერს ამბობს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის შესახებ – დაიწყო თუ არა გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე? გამოჰკითხეს უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე?

ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულების შესახებ ინფორმაცია 2025 წლის 12 იანვარს მიაწოდეს. 11 და 12 იანვარს ბათუმში აქციის 20 მონაწილე დააკავეს, მათ შორის, მზია ამაღლობელი. დაკავებულები საუბრობენ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე.

გამოჰკითხა თუ არა გამოძიებამ ირაკლი დგებუაძე? – ამ შეკითხვით მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღეს, 17 იანვარს. უწყების პრესცენტრი ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარს საერთოდ აღარ უპასუხა.

„მიუხედავად იმისა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მათთან არის 12 იანვრიდან, დანაშაულის შემცველია და გამოძიების დაწყების ვალდებულებას წარმოშობს, ამ დრომდე უცნობია: დაწყებულია თუ არა გამოძიება, თუ დაწყებულია, რომელი მუხლით; თუ არ არის დაწყებული, რა აბრკოლებს გამოძიების დაწყებას; რატომ არ არის ცნობილი დაზარალებულად მზია ამაღლობელი ამ დრომდე? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომ მზია ამაღლობლის მიმართ მომხდარი არასათანადო მოპყრობა გამოძიებული იყოს,“ – წერს „ფეისბუქში“ საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.

საიას თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეებზე სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ არ იძიებს წამების მუხლით.

რაც მთავარია – ამ დრომდე არც ერთი მოძალადე სამართალდამცველის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

„დღეს გავრცელებულ განცხადებაში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ არაფრისმომცემ მონაცემებს აწვდის საზოგადოებას ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობისას დაზარალებული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების საქმეებზე. გამოძიება ისევ არ მიმდინარეობს წამების მუხლით. ამ დროისათვის ისევ არცერთი პირის მიმართ არ არის დაწყებული სისხლის სამართლის დევნა. საინტერესოა ისიც, მოითხოვა თუ არა სახალხო დამცველმა ამ საქმეების მასალებზე წვდომა და თუ შეისწავლა, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე,“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.

„პროკურატურა, თავის შუამდგომლობაში მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე და მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, სასამართლომ კი, ეს არგუმენტი გაიზიარა. აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამ პირობებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა,“ – წერს სახალხო დამცველი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში.

დღეს, 2025 წლის 17 იანვარს სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.

ამ თემაზე:

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რეპრესიები კრიტიკოსთა დასადუმებლად – სახდეპი ამაღლობელზე

„6 თვის ბავშვით მემუქრებიან“ – ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს.

რექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები ემუქრებიან და სთხოვენ, რომ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრება.

„ცოტა შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ რექტორობის კანდიდატობა მათთვის ამხელა პრობლემა იქნებოდა.

განაცხადის შეტანიდან ორ დღეში და პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში მოვიდნენ ჩემთან „კეთილისმყოფელები“, რომლებმაც პირდაპირ მითხრეს, რომ უნდა გამოვიტანო კანდიდატის დოკუმენტაცია რექტორის არჩევნებიდან. ან ყველაზე კარგ შემთხვევაში, თუ არ გამოვიტან, უნდა წავშალო ყველა პოსტი, არანაირი აქტივობა არ უნდა იყოს ჩემი მხრიდან, უნდა მივიდე იქ ჩუმად, ისე, რომ არაფერი ვთქვა და ჩუმად უნდა გამოვიდე იქიდან, ისე, რომ არც ტელევიზიები არ უნდა მივიყვანო, არც არასამთავრობოები, არც გულშემატკივრები, არც აკადემიური წრის წარმომადგენლები.

და თუ მე ამას არ გავაკეთებ, მექნება პრობლემა მე პირადად, ჩემს ოჯახს. საუბარი იყო მათ შორის შვილებზეც. მყავს 6 თვის ბავშვი და 13 წლის გოგონა. 6 თვის ბავშვით მემუქრებიან. ასევე, საუბარი იყო ჩემს ოჯახზე, ძმისშვილებზე, ძმებზე, რომ თუ მე ამას არ გავაკეთებ, იქნება პრობლემები.

რა თქმა უნდა, მე ამას არ გავაკეთებ. არანაირი საბუთის გამოტანა არ იქნება, იქნება ბრძოლა ბოლომდე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არჩილ გუჩმანიძე.

ის ამბობს, რომ დღეს, 17 იანვარს, გამოაქვეყნებს პოსტს, სადაც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ რის გაკეთებას აპირებს მომავალში.

მისი თქმით, მუქარის გადასაცემად მასთან ერთი ადამიანი იყო მისული, რამდენიმე კი ამ პროცესს იღებდა.

შეგიძლიათ დაასახელოთ იმ პირის ვინაობა, ვინც მუქარის შეტყობინება გადმოგცათ? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ არჩილ გუჩმანიძეს. მისი თქმით, დასახელებას აზრი არ აქვს, რადგან ამ პირის უსაფრთხოებასაც უფრთხილდება.

„მოგეხსენებათ, ჩემს ოჯახს ორი დღე აწიოკებდნენ, მაგრამ არავის არაფერი გამოუძიებია. უამრავი განუკითხაობის და უსამართლობის მომსწრე ვარ და ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ მივმართო სამართალდამცავ უწყებებს. ერთადერთი, მივმართავ სახალხო დამცველის აჭარის წარმომადგენლობას და ჩემს განცხადებას დავაფიქსირებ.

იმ ადამიანთან, ვინც მომიგზავნეს, მაქვს დიდი ხნის ურთიერთობა, ფაქტობრივად, ის იყო შუამავალი, ეს არ იყო მისი პირადი აზრი, იყო მითითება იმაზე, რომ მე ახალგაზრდა ადამიანი ვარ და ცხოვრება წინ მაქვს, მყავს შვილები“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

რა შეიძლება იყოს საფრთხე და ვინ ელაპარაკა შუამავალ პირს ამის შესახებ? – ისევ ჩავეკითხეთ მას. გუჩმანიძის თქმით, ამ საუბარში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კონკურსში „ქართული ოცნების“ წევრი და აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი ტიტე აროშიძეც მონაწილეობს. ამიტომ არჩილ გუჩმანიძეს ვკითხეთ, მოდის თუ არა მუქარა, მაგალითად, ტიტე აროშიძისგან ან მასთან დაახლოებული პირებისგან?

არჩილ გუჩმანიმემ ამ კითხვას ასე უპასუხა:

„შეიძლება არიან, შეიძლება არ არიან. მაგრამ ფაქტია ის, რომ ეს არის ერთი ჯგუფი, ეს არის ერთი ხელწერა, ეს არის ერთი გუნდი. კონკრეტულად მან გამოუშვა ეს ადამიანი ჩემთან თუ სხვამ გამოუშვა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ არის შემოთვლა“.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის ორი კანდიდატი მონაწილეობს მხოლოდ, არჩილ გუჩმანიძე და ტიტე აროშიძე.

რექტორი აკადემიურმა საბჭომ 21 იანვარს, ოთხი წლის ვადით უნდა აირჩიოს.

ბათუმის აქციების მედროშემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც პოლიციამ ორჯერ დააკავა, დღეს, 17 იანვარს, შიმშილობა დაიწყო.

თემურ ქათამაძე გუშინ, 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს.

ამჯერად პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს.

თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს. „ბათუმელები“ მის ადვოკატს დარეჯან სალდაძეს ესაუბრა, რომელმაც დღეს. 17 იანვარს, მოინახულა დაკავებული და დაგვიდასტურა, რომ თემურ ქათამაძე შიმშილობს.

„დაკავების დღიდან შიმშილობს, მხოლოდ წყალს სვამს და საკვებზე უარს ამბობს. ის მანამდე აპირებს შიმშილობას, სანამ მის საქმეზე კონკრეტული შედეგი არ დადგება. თუმცა ჯერ სასამართლო პროცესი ჩანიშნული არ არის, ოფიციალურად რაიმე წერილი ჩაბარებული არ აქვს და არც იმაზე მოუწოდებიათ ინფორმაცია, როდის შეიძლება ჩაინიშნოს პროცესი“ – გვითხრა ადვოკატმა.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იმიტომ დააკავეს, რომ ის საქართველოში „არალეგალურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“ იმყოფება.

„ფაქტზე დაიწყო შესაბამისი სამართალწარმოება, რის შემდგომაც გატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად დაკავდა“ – ამბობენ შს სამინისტროში.

ვიდეოში, რომელიც თემურ ქათამაძის დაკავებისას გადაიღო ბათუმის საკრებულოს წევრმა, აკაკი გვიანიძემ, თემურ ქათამაძე ამბობს, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს სასამართლო განიხილავს და მისი ქვეყნიდან დეპორტირება კანონდარღვევაა.

ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძე მის დაკავებას უკავშირებს საპროტესტო აქციებზე აქტივობას. „როგორც ვიცით, დისკრიმინაციული მოტივით მოხდა მისი დაკავება, რადგან თურქეთში მცხოვრებში ქართველების და ჩვენებურების თემის გაძლიერებაზე მუშაობს და ამ ყველაფერს უკავშირებს მის დაკავებას.

სხვა რაიმე ზეწოლაზე, იქნება ეს სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, მას ამაზე არ უსაუბრია“ – ამბობს ადვოკატი.

რა სამართლებრივი ნაბიჯებია გადასადგმელი თემურ ქათამაძის უფლებების დასაცავად? – ვკითხეთ ადვოკატს. მისი თქმით, „პირველ რიგში უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში და შემდეგ, როცა საქმის მასალებს გავეცნობით, გვაქვს კონკრეტული სტრატეგია, რასაც პროცესზეც გავაჟღერებთ, რომ მან შეძლოს საქართველოში ცხოვრება, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებს გავითვალისწინებთ.

„ვალ, წესით, უნდა ჩაინიშნოს სასამართლო“ – ამბობს დარეჯან სალდაძე.

ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძე, შიმშილობის მიუხედავად, ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

თემურ ქათამაძის დაკავებას ბათუმში სტენსილით გამოეხმაურნენ. სტენსილზე, რომელიც დღეს ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოჩნდა, წერია:

„რუსებს მოქალაქეობა, ლაზი მედროშე, ისტორიული სამშობლოს გარეშე. მო*ნთ სამართალი“.

თემურ ქათამაძის მხარდასაჭერი სტენსილი ბათუმში.

ამავე თემაზე: 

„წადი შენს ქვეყანაში“ – რა უთხრეს პოლიციელებმა ბათუმის აქციების მედროშეს

ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება – პეტიცია

სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აქტივისტები ვუერთდებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] განცხადებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც რუსთავის N5 დაწესებულებაში პირადად დაესწრო მზია ამაღლობლის გამოკითხვის პროცესს, აცხადებს, რომ როგორც პოლიციის განყოფილების ეზოში, ასევე განყოფილების შენობაში, მზია ამაღლობლის დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთ ფაქტს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან.

საიას ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა თავს დასხმოდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მზია ამაღლობლისთვის, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ის შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს.

მიუხედავად ამისა, ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობლის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თითოეულ ეპიზოდზე ჩაატაროს დროული და სათანადო გამოძიება და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი
  • ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  • მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  • ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  • შშმ ქალთა ალიანსი
  • სოლიდარობის თემი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საორსა

პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება.

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.

„პროკურატურა, თავის შუამდგომლობაში მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე და მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, სასამართლომ კი, ეს არგუმენტი გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა.

ამ პირობებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა,“ – წერს სახალხო დამცველი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში.

_____________

ფოტოზე: მზია ამაღლობელი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე

„არ ვაღიარებ არალეგიტიმური ხელისუფლების კანონებს“ – მასწავლებელი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

მასწავლებელი მანანა [მიკო] მიქავა, ზუგდიდის სასამართლომ ფეიერვერკის სროლისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა.

მანანა მიქავამ თავის ახსნა-განმარტებაში დაწერა, რომ ის არ აღიარებს არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მის მიერ მიღებულ კანონებს.

„მოგესალმებით ცირკ „შაპიტოს“ მონაწილე პირებს, ქალბატონ მოსამართლესა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს.

მოგახსენებთ, რომ პირველ რიგში, არ ვაღიარებ არალეგიტიმური მთავრობის მიერ დასმული არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონებს. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ 16 იანვარს მე არ ვიმყოფებოდი აქციაზე, პოლიციის სამმართველოსთან მივედი, რათა სამართალდამცავებისთვის ფეიერვერკით მიმელოცა ახალი წელი.

არც ერთი ივენთითა თუ ატრიბუტიკით არ დასტურდება სამმართველოს მიმდებარედ აქცია, ხოლო რამდენიმე ადამიანის თავშეყრას თუ უკვე აქციად აღიქვამთ, იგივე ქმედებისთვის ბაზარსა და კონცერტზეც უნდა დააჯარიმოთ მოქალაქეები პიროტექნიკის გასროლისთვის.

მინდა მოგახსენოთ, რომ მე ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ასწავლის ვაჟას, ილიას, ალუდამ მუცალს მარჯვენა არ მოაჭრა და არ დაემორჩილა თემის დადგენილ კანონებს, რადგან ის იყო კანიბალური და მიუღებელი! ასევეა ჩემთვის მიუღებელი ყაველაშვილის ხელმოწერილი კანონები და თუ აქციაზეც მომეხალისება ფეიერვერკი, აუცილებლად გავისვრი!

თქვენ მე დღეს სამშობლოს სიყვარულისთვის თუ დამაჯარიმებთ 5000 ლარით ან მომისჯით პატიმრობას, ეს ჩემთვის დიდი პატივია. „პატივისცემის ღირსია ყველა, ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს! ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს აღარ დაადგას ქედზე უღელი!”

მონა-მოსამართლემ გვანცა ვარდოსანიძემ დამნაშავედ მცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში და დამაჯარიმა 5000 ლარით, მიუხედავად იმისა, რომ ვერ დაადასტურა ჩემი აქციაზე ყოფნა.

მონა-მოსამართლემ დარბაზში ღიმილის უფლებაც აღგვიკვეთა და გაძევებით დაგვემუქრა! ასე ეშინიათ რეჟიმის მონებს სილაღისა და თავისუფლების“-ასეთი ახსნა-განმარტება დაუწერა მანანა მიქავამ პოლიციას.

16 იანვარს ზუგდიდში ფეიერვერკის გაშვების გამო დააკავეს არტისტი და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა და მარიამ სიჭინავა, „დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

აქტივისტების დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობასთან ხმაური მოჰყვა. შენობასთან დაკავებულების მხარდასაჭერად, სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები მივიდნენ. ზუგდიდის პოლიციის შენობასთან მივიდა მასწავლებელი მანანა მანანა [მიკო] მიქავაც. მან პიროტექნიკა აუშვა. ფეიერვერკის აშვებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს მიკო მიქავაც. დაკავებიდან მოკლე ხანში იგი ხელწერილით გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე: 

სახის დაფარვის გამო ზუგდიდში აქტივისტებს მეორედ და მეოთხედ შეუდგინეს ოქმები – ვიდეო

მის მიმართ წაყენებული ბრალი შურისძიებაა ჟურნალისტობის გამო? — CPJ მზია ამაღლობელის საქმეზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს საქართველოში პასუხისმგებელ პირებს, რომ „გაათავისუფლონ რეპორტიორი გურამ მურვანიძე და გამოიკვლიონ, ხომ არ ემუქრება მზია ამაღლობელს პასუხისგება შურისმაძიებლურად მისი ჟურნალისტობის გამო“.

ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების ხელშეწყობას ემსახურება და ჟურნალისტების უფლებებს იცავს, აღწერს ამაღლობელისა და მურვანიძის დაკავების გარემოებებს და ასევე იმას, რომ არსებობს ვარაუდი, ზოგი კი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, სადამსჯელო ზომაა იმის საპასუხოდ, რომ მზია ამაღლობელის მიერ დაარსებული მედიასაშუალებები რეგულარულად აშუქებენ სახელმწიფო უწყებების, მაღალჩინოსნების, მათ შორის, პოლიციის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას.

„ხანგრძლივი პატიმრობა, რაც მზია ამაღლობელს ემუქრება, არათანაბარზომიერია და ლეგიტიმურად იწვევს შეშფოთებას, რომ მის მიმართ ამ სამართლებრივი დევნის მიზანი იმ მედიასაშუალებების გაჩუმებაა, რომელსაც ის მართავს. მზია ამაღლობელი და რეპორტიორი გურამ მურვანიძე უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება ამაღლობელის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით“, — აცხადებს ორგანიზაცია.

CPJ წერს იმასაც, რომ  წერილობით მიმართეს საქართველოს პროკურატურას, ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტს, და ითხოვეს მათგან კომენტარს ამაღლობელისა და მურვანიძის საქმეებზე, თუმცა, უშედეგოდ, პასუხი არ მიუღიათ.


მზია ამაღლობელი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, როდესაც იგი დემონსტრანტების დაკავებას იღებდა, დააკავეს გურამ მურვანიძეც. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

წაიკითხეთ ასევე:

Exit mobile version