მთავარი,სიახლეები

ესმით, რომ დგებუაძის ქმედებაც და შემდგომი „მეტკინაც“ არის პოლიციის სირცხვილი – მეზვრიშვილი

28.01.2025
ესმით, რომ დგებუაძის ქმედებაც და შემდგომი „მეტკინაც“ არის პოლიციის სირცხვილი – მეზვრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქზე განმარტავს, რატომ მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლია.

„როცა „ოცნებისგან“ „არგუმენტად“ მოისმენთ, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს დაესხა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეჟიმი ამით უბრალოდ ცდილობს მზია ამაღლობლის დაცვის კომპლექსი შეგიქმნათ და მისი უკანონო დასჯა გაამართლოს.

იშვიათად მეგულება პოლიციის ჩემნაირი დამცველი და გულშემატკივარი. ბევრჯერ გავმხდარვარ ამის გამო თავდასხმის ობიექტი, თუმცა, ვთვლიდი, რომ სამართლიანად ვიცავდი. პრაქტიკაშიც არაერთხელ მქონია პოლიციაზე თავდასხმის და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტი. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იყო პოლიცია, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას კანონიერად ასრულებდა, რომელიც კანონიერ მოთხოვნას გასცემდა და რომელსაც თავს მართლა ესხმოდნენ.

მზია ამაღლობლის შემთხვევაში პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი მოქალაქეების უფლებებს მასიურად არღვევდა – ანუ სამსახურებრივ მოვალეობას კანონიერად არ ასრულებდა, არც კანონიერ მოთხოვნებს აყენებდა, რომ მოქალაქეს მისი დამორჩილების ვალდებულება ჰქონოდა და არც სილის გაწვნა უდრის თავდასხმას.

არ იყო ეს პოლიცია და არ იყო ეს პოლიციელი და ამას რაც უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა ვიტყვით, მით მეტი ადამიანი იქნება სოლიდარული.

პოლიციაში კარგად ესმით, რომ მოქალაქე დგებუაძის ქმედებაც და შემდგომი „მეტკინაც“ არის პოლიციის სირცხვილი და მზია ამაღლობლის პატიმრობაში ყოფნა პოლიციის მუნდირს ვერ დაიცავს (უფრო პირიქით).

პოლიციაში მითუმეტეს, არავის სჯერა, რომ „ოცნება“ მზია ამაღლობლის დაჭერით პოლიციის მუნდირს უფრთხილდება მაშინ, როცა ივანიშვილმა პოლიციას თავზე დაქირავებული, ნიღბიანი ზონდერები დაასვა და პოლიციის სახელი ისე დაუკავშირა ძალადობას, რომ წლები დასჭირდება ნდობის დაბრუნებას (მაგრამ დავაბრუნებთ).

პროკურატურაშიც იციან, რომ უდიდესი სირცხვილი სჭირთ. იციან, რომ ჰაერზე აქვთ მოთხოვნილი პატიმრობა; იციან, რომ არც ერთი აღკვეთის ღონისძიების საფუძველი არ არსებობს; იციან, რომ ეს საქმე შესაწყვეტია.

ყველამ ყველაფერი იცის.

ამიტომაა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლი. ამიტომ, დაეკისრება მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილთან ერთად გომელაურს, გაბიტაშვილს და მურუსიძე-ჩინჩალაძეს“ – წერს ნათია მეზვრიშვილი.

ამავე თემაზე: 

ფურთხება, უშვერი გინება, ფეხის სახეში ჩარტყმა – როგორ ექცევა დგებუაძე დაკავებულებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: