„მე მზად ვარ, საქართველოსთვის თავი გავწირო, აბა, ვნახოთ ჩემნაირი მამულიშვილისთვის ივანიშვილის რეჟიმმა რა უნდა გაიმეტოს?
ქუჩაში ვინც გამოდიხართ, ყველა მიყვარხართ.
დღეს ჩემი ქართველობის და სამშობლოს ბრძოლა უკვე დაგვირგვინებულია. ძალიან ამაყი ვარ. მთელ ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა, მე დღემდე ისე ვიცხოვრე, რომ საქართველოს სიყვარულის გარდა, არაფერმა ჩემი ხელები ვერ დამიბორკილა,“ – წერს თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშე საემიგრაციო ციხიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
თემურ ქათამაძე, იგივე გაფარ ილმაზი, ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. იგი თურქეთის მოქალაქეა, ბოლო 13 წელი კი, ბათუმში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშედეგოდ ცდილობს. თემურ ქათამაძე დაკავებამდე ბათუმის საპროტესტო აქციებზე მუდმივად დროშით ხელში ჩნდებოდა. მას „მედროშე ბაბუ“ შეარქვეს.
თემურ ქათამაძეს ხელისუფლება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება და მის გაძევებას ცდილობს. პროტესტის ნიშნად თემურ ქათამაძემ 2025 წლის 17 იანვარს შიმშილობა დაიწყო.
„2012 წლიდან ჩვენებურთა უფლებების დასაცავად მუდმივი ცხოვრებისთვის საქართველოში ჩამოვედი, 13 წელია განუწყვეტლივ აქ ვცხოვრობ და ვაგრძელებ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც 13 წელია მიზანმიმართულად, დისკრიმინაციული პოლიტიკის საფუძველზე, მასობრივად თურქეთის, ირანის და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობას არ გვანიჭებს,“ – წერს თემურ ქათამაძე.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.
თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.
„…ქართულმა ოცნებამ“ 11 იანვრის აქციაზე უკანონოდ დამაკავა, მე აქციის შუა გულში, წინა ხაზიდან 20 მეტრში ვიდექი, ხელში დროშით და პირში სასტვენით, წინ დაკავებები მიდიოდა. მე წინა ხაზზე მიმდინარე დიალოგებს ვერ ვგებულობდი. 10 პოლიციელი შემოვარდა ხალხში ერთი დაკავების შემდეგ და ჩემკენ წამოვიდნენ, ერთი პოლიციელი შემახტა და ჩემი ქართული დროშის ტარი შუაზე ჩამიტეხა.
იმ წუთას მომესმა „მედროშე ბაბუაც დააკავესო…“
ძირში დამაგდეს, ფეხებით და გრძელი თმით შემათრიეს სამმართველოს შენობაში. 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდა, უცენზურო შეურაცხყოფას მაყენებდნენ, გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ სახეზე და თავზე და ამავდროულად ორი პოლიციელი მდივანზე ხელებს მიჭერდა. ბრძანებას აძლევდა ირაკლი დგებუაძე და გელა ბასილაძე.
მე აქციაზე ვინმე პოლიციელზე სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არც „რუსებო“ და „ღორებო“ არ მითქმია. მარტო მე კი არა, ვინმეს არ უთქმია, არც ერთ პროტესტანტს, ეგ სიტყვები თვითონ პოლიციელებმა შეკერილ ოქმებში მოიგონეს…
ვაპირებ თურქეთის მოქალაქეობაზე ნატურალიზაციის გზით მიღების შეთავაზებას. მე ამ ნაბიჯებით „ქართულ ოცნებას“ და ქართველ საზოგადოებას ვაჩვენე, რამდენად მიყვარს ჩემი სამშობლო და ასევე მინდა, რომ გავხდე საქართველოს მოქალაქე. ამის შემდეგ ვნახოთ, ივანიშვილის რეჟიმი რომელ ნაბიჯს გადადგამს?
ჩემი შეფასებით ჯერ ბათუმში აქციაზე უკანონო დაკავება, შემდეგ გაძევების მიზნით ხელახლა დაკავება იყო პოლიტიკური დაკვეთა „ქართული ოცნების“ მიერ ჩემზე შურისძიების მიზნით,“ – წერს თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], მე-13 დღეა შიმშილობს. როგორც საიას ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, მან თემურ ქათამაძე 28 იანვარს მოინახულა იზოლატორში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თემურ ქათამაძის დაცვის საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, როცა ის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავა. ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.
„ახლა უკვე მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხი დგას დღის წესრიგში და ამ ნაწილში რაც იყო გასაჩივრებული, ჩვენ ვეხმარებით. გაძევებაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა თემურ ქათამაძე წინა კვირას თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდა და მოითხოვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება და ამ საკითხზეა საია ჩართული, თუმცა უარი ეთქვა ამ მოთხოვნაზე. ამის გასაჩივრებაშიც დავეხმარებით, ერთი თვის ვადა აქვს ამისთვის. გარდა ამისა, იზოლატორში რომ მოათავსეს გაძევების გადაწყვეტილებამდე, ესეც გასაჩივრებული გვაქვს“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
ამ თემაზე: