მთავარი,სიახლეები

არის ტრიქინელოზის შემთხვევა, არ იყიდოთ ღორის ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილას – სააგენტო

28.01.2025
არის ტრიქინელოზის შემთხვევა, არ იყიდოთ ღორის ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილას – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეიძინონ ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე.

სააგენტოს განცხადების საფუძველი გახდა ტრიქინელოზით დაავადების ფაქტი, რომელიც გუშინ, 27 იანვარს, დადასტურდა.

სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

„შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, თუმცა, ამ დროისთვის მას დაავადების ნიშნები არ აღენიშნება). დაავადებული პირი ხორცის და სურსათის გამყიდველის ვინაობას ვერ ასახელებს.

შეტყობინების მიღებისთანავე, რეაგირებისთვის ინფორმაცია მყისიერად გაეგზავნა გურიის რეგიონულ სამმართველოს და ვეტერინარიის დეპარტამენტს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს“ – იუწყება სააგენტო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტი ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის საკვებად მიღებისას. ძირითადი ფაქტორი ღორის ხორცია, თუმცა, რეზერვუარი შესაძლოა, იყოს სხვა გარეული ცხოველი და ცხენი.

„ტრიქინელოზის კლინიკური ნიშნებია: თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, ხველა, სახის და თვალების შეშუპება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კანის ქავილი. პირველ სიმპტომებს შეიძლება ახლდეს დიარეა ან ყაბზობა. დაავადების მძიმედ მიმდინარეობას ახასიათებს კოორდინაციის დარღვევა, გულის და სუნთქვის პრობლემები“ – წერს სააგენტო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: