მთავარი,სიახლეები

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მზია ამაღლობელის დახსნა საპყრობილიდან – ნანა ჯანელიძე ილია მეორეს მიმართავს

27.01.2025
მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მზია ამაღლობელის დახსნა საპყრობილიდან – ნანა ჯანელიძე ილია მეორეს მიმართავს

რეჟისორი ნანა ჯანელიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს მიმართავს.

„ბათუმელები“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, საქართველოს საპყრობილეში მე-16 დღეა შიმშილობს ქალი, ჟურნალისტი, ორი მედიაპლატფორმის დამფუძნებელი, სიმართლისთვის მებრძოლი მზია ამაღლობელი. მას სოლიდარობა გამოუცხადა კიდევ ორმა ახალგაზრდა პატიმარმა, ისინი მე-5 დღეა შიმშილობენ. ეს არის მათი პასუხი უსამართლობაზე, ძალადობაზე, წყვდიადის შემოტევაზე, რაც დღეს საქართველოში ბობოქრობს. დღეს ჩვენს ქვეყანაში განგაშის ზარი რეკს და ეს ზარი ყოველ ჩვენგანს უხმობს.

დღევანდელ საქართველოში დამოუკიდებელმა მედიამ იტვირთა ადამიანთა დაცვის, გადარჩენის ფუნქცია.

მზია ამაღლობელმა შიმშილობას – პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართა, რადგან ყველაზე ძლიერი იარაღი – მართალი სიტყვა – აართვეს. მისი გადაწყვეტილება, იბრძოლოს ბოლომდე, მტკიცე და ურყევია და ყოველი ჩვენგანი ქედს იხრის მის წინაშე.

იგი, იმ დიდებულ ქალთა სულის სიმტკიცის მატარებელია, ვისი სახელი და ნათებაც დღემდე მფარველობს საქართველოს.

თქვენო უწმინდესობავ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ, სამართლისთვის და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანის დახსნა საპყრობილიდან. მხოლოდ თქვენს სიტყვას, სიბრძნეს, ავტორიტეტს, შეუძლია იმოქმედოს „ამა ქვეყნის ძლიერებზე“ და მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

სხვანაირად, მოვლენები შეიძლება საბედისწეროდ განვითარდეს და მართალი ადამიანის მსხვერპლთშეწირვით თავსლაფდასხმულ, ნაბუქოდონოსორის და ჰეროდეს ქვეყანაში აღმოვჩნდეთ. ამის იქით კი უფსკრულია,“ – წერს კინორეჟისორი ღია წერილში.

ნანა ჯანელიძე, კინორეჟისორი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: