ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის პოლიციის I განყოფილება ტაბიძის ქუჩიდან სტადიონთან გადავა – 3 მილიონი ახალი ოფისისთვის

30.12.2024 •
ბათუმის პოლიციის I განყოფილება ტაბიძის ქუჩიდან სტადიონთან გადავა – 3 მილიონი ახალი ოფისისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის სტადიონთან, გუდიაშვილის ქუჩაზე ახალ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს, რისთვისაც ტენდერი 3,8 მილიონი ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ახალ შენობაში ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება გადმოვა, რომელიც დღეს ტაბიძის ქუჩაზეა განთავსებული.

საპროექტო ტერიტორია გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კუთხეში მდებარეობს და მისი ფართობი 925 კვადრატული მეტრია. ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შსს-ზე სარგებლობის უფლებითაა გადაცემული.

საპროექტო ტერიტორია [მონიშნულია წითელი ფერით] ბათუმში, სადაც შსს ახალ ოფისს ააშენებს ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს I განყოფილებისთვის.

ტენდერი ითვალისწინებს გუდიაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე „შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების N1, N2 და N3-ის ნანგრევების დემონტაჟის, პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვას“.

ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია და ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის ერთი პრეტენდენტი ჩანს – შპს „გეგუ“, რომელიც სამინისტროს მომსახურებას 3 277 777 ლარად სთავაზობს [ტენდერი 3 816 644 ლარით იყო გამოცხადებული]. სატენდერო კომისიამ „გეგუს“ დამატებით დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა.

პროექტის მიხედვით, ახალი „შენობა ორსართულიანი იქნება [გაბარიტებით 44.50X18.10 მ, სიმაღლით 9.10 მ], რკ.ბ. კარკასით; გარე კედლები 400 მმ.

სისქის წვრილი სამშენებლო ბლოკით შეივსება, გარედან 10 სმ. XPS, გაილესება მიუნხენის ლესვით და შეიღებება; ბრტყელი გადახურვით, რომლის პერიმეტრიც შემოსაზღვრული იქნება 0.80 მ. სიმაღლის პარაპეტით. ფასადების შესარბილებლად ნაწილი მოპირკეთდება ტრავერტინით. გარე კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები და ფრამუგები იქნება ალუმინის. შენობაში შესასვლელად იქნება ორი კარი;

შენობაში იატაკები მოპირკეთდება ლამინატით და კერამოგრანიტის ფილებით, სველ წერტილებში კი მეტლახით. ჭერი მოეწყობა ამსტრონგის, სველ წერტილებში კი პლასტმასის შეკიდული.“

პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 დღე.

პოლიციის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილება დღეს ტაბიძის ქუჩის 40 ნომერში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული. განყოფილებას აქ 326.13 კვ.მ ფართობი უკავია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია.

კორპუსი ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, რომლის პირველ სართულზე ქალაქის პოლიციის პირველი განყოფილება მდებარეობს

ახალი შენობის დასრულების შემდეგ ახალ მისამართზე პირველი განყოფილება რომ გადმოვა, „ბათუმელებს“ შსს-ს სატენდერო კომისიაში დაუდასტურეს, თუმცა რას უპირებენ ფართობს ტაბიძის ქუჩაზე, ინფორმაცია შსს-გან ვერ მივიღეთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: