მთავარი,სიახლეები

„ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან და რუსეთის 10 ათასზე მეტ მოქალაქეს მიანიჭეს“ – ენმ

27.01.2025 •
„ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან და რუსეთის 10 ათასზე მეტ მოქალაქეს მიანიჭეს“ – ენმ

დღეს, 27 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განცხადება გააკეთეს საპროტესტო აქცაბზე დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] შესახებ.

„იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რაც არის გათვალისწინებული ორგანული კანონით საქართველოs მოქალაქეობის შესახებ, ეს არის ქართული ენის და ისტორიის ცოდნა, ასევე კულტურული დ მემკვიდრეობითი კავშირები საქართველოსთან, ამის მიუხედავად, მის მიმართ არ ხორციელდება არანაირი მოქმედება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მაშინ, როდესაც, ბოლო სტატისტიკით, 2022 წლიდან დღემდე რუსეთის ათი ათასზე მეტი მოქალაქისთვის აქვთ საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული და 5 000-ზე მეტისთვის ბინადრობის უფლება“ – თქვა ნიკა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვეს ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანისთვის აქვთ მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა „ისინი დღემდე არ გვაწვდიან ამ ინფორმაციას“.

„ამიტომ, ეს არის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არაერთ მედიაში იყო გამოქვეყნებული, რომ რუსეთის მოქალაქეებს ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას, ბატონ თემურს კი უზღუდავენ შესაძლებლობას, რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვროს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომ არ მისცე მოქალაქეობა ადამიანს, რომელიც თავიდან ბოლომდე თავს თვლის ქართველად, თავისუფლად ფლობს ქართულ ენას, რაც დასტურდება მის მიერ მიცემული არაერთი ინტერვიუთი. სტატუსს არ ანიჭებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის აქტიური მოქალაქე და იბრძვის იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის წევრი“ – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.

ნიკა ქაშიბაძე

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ბოლო რვა წელი საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა იუსტიციის სამინისტროს. თუმცა, მოქალაქეობას მინიჭებაზე მას უარს ეუბნებოდნენ.

ამ დროის მანძილზე თემურ ქათამაძე დროებითი ბინადრობის უფლებით სარგებლობდა, რასაც ვადა გაუვიდა.

28 ნოემბრიდან, როცა საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო მოსახლეობამ ახალი არჩევნებისა და ქვეყნის პროევროპული კურსის გაგრძელების მოთხოვნით, რომელიც „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შეაჩერა, თემურ ქათამაძე აქტიურად მონაწილეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში.

მას ქალაქში ბათუმის აქციების მედროშედ იცნობენ.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.

ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.

17 იანვარს თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

გარდა ამისა, დაკავებისას თემურ ქათამაძეზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე წერს წერილში, რომელიც მან „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.

სასამართლოში თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს. საიას იურისტების ინფორმაციით, მოქალაქეობის მინიჭების საკითხი განხილვის სტადიაშია, თუმცა ამჟამად თემურ ქათამაძე უცხოელთა დაკავების განთავსების ცენტრში, 3-თვიან პატიმრობაში იმყოფება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: