მთავარი,სიახლეები

ბათუმში დაკარგულ მოზარდს მერვე დღეა ეძებენ – „გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს“

23.01.2025
ბათუმში დაკარგულ მოზარდს მერვე დღეა ეძებენ – „გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს“

ბათუმში მერვე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ.

მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.

ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს. შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები ზღვაში და სანაპირო პერიმეტრზე მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ჩართული არიან მყვინთავებიც.

„ბათუმელები“ დაკარგული მოზარდის დედას ესაუბრა და ჰკითხა, ხომ არ აღმოუჩენია პოლიციას ახალი გარემოებები და რა ეტაპზეა გამოძიება.

დედის თქმით, საქმეში სიახლე არ არის.

„გამოძიება ჯერ-ჯერობით ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ გვეუბნება. ზღვაზე გადასვლის ვიდეოა მხოლოდ, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი გამოჰკითხეს, როგორც ვიცი, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ.

ჩანთაში, რომელიც ვიპოვეთ სანაპიროსთან, იყო წიგნები და ტელეფონი. ოღონდ ტელეფონი გამორთული იყო“ – ამბობს დედა.

მისი თქმით, შვილისთვის რაიმე ცვლილება მშობლებს არ შეუმჩნევიათ ბოლოს, ამიტომ მისთვის რთულია იმის თქმა, ჰქონდა თუ არა დაკარგულ მოზარდს რაიმე პრობლემა.

„ტელეფონი შემოწმებულია, ჩვენც ვნახეთ ტელეფონი, ვუზივართ მის ყველა კომენტარს, რაც კი ბოლოს დაუწერია, თუმცა ვერაფერს ვპოულობთ ხელჩასაჭიდს“- ამბობს ალექსანდრეს დედა.

დედის თქმით, მის შვილს არც კონფლიქტი ჰქონია ვინმესთან.

„წინა ღამით, საათ-ნახევარი ვისაუბრეთ და არაფერი ცვლილება არ შემიმჩნევია. მამამისთანაც მქონდა საუბარი და რაიმე ზედმეტი აღელვება, ჩაფიქრება ან განმარტოება არ შეუმჩნევია. იმ დღეს ვარჯიშიც ჰქონდა, მასწავლებელთანაც იყო, ბავშვებიც ნახა იმ დღეს, ინგლისურიდან როცა გამოვიდა და ეს იყო, მეტი არაფერი ვიცით“ – ამბობს მოზარდის დედა.

ბათუმში მოზარდის მოძებნას მოხალისეებიც ცდილობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: