ონლაინმედიაგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის უფლებებს მისი უკანონო ბრალდების საქმეში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი დაიცავენ.
„მზია ამაღლობელი, სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი, გამორჩეული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია უკანონოდ.
მზია ამაღლობელს ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 353(პრიმა) მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა).
მე-17 დღეა მზია ამაღლობელი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, საქართველოში სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიული და ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ.
BLB გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის აღსადგენად,“ – ნათქვამია BLB-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც მათ მზია ამაღლობელის ინტერესების დაცვის შესახებ ამცნეს საზოგადოებას.
- რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.






