მთავარი,სიახლეები

ავტორიტარიზმის პირობებშიც მოსვენებას არ მივცემთ ოლიგარქიას -სოლიდარობის პლატფორმის მანიფესტი

15.03.2025
ავტორიტარიზმის პირობებშიც მოსვენებას არ მივცემთ ოლიგარქიას -სოლიდარობის პლატფორმის მანიფესტი

„მუშაობას ავტორიტარიზმის პირობებშიც გავაგრძელებთ და მოსვენებას არ მივცემთ ოლიგარქიას,“ – სოლიდარობის პლატფორმის წარმომადგენელმა დღეს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან მანიფესტი წაიკითხა. სოლიდარობის პლატფორმა ამ მანიფესტით მხარდაჭერას უცხადებს ბათუმელ აქტივისტებს და პოლიტპატიმრებს:

მანიფესტს უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენ, სოლიდარობის პლატფორმის წევრები, მხარდაჭერას ვუცხადებთ თანამებრძოლებს, რომლებიც აჭარაში დემოკრატიისთვის, სამართლიანობისთვის, უფლებებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან. 

ჩვენი პლატფორმა ურყევ სოლიდარობას უცხადებს სინდისის პატიმრებს

მზია ამაღლობელს, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, რომელიც პირველი პოლიტიკური ქალი პატიმარია. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ჩვენთვის უნიკალური მედია გამოცემაა, რომელიც ყველაზე ხშირად აშუქებს ჩვენი და ჩვენი თემის საჭიროებებს.  

თემურ ქათამაძეს, მუჰაჯირების შთამომავალს, რომელიც ქართულ საზოგადოებაში და სახელმწიფოში რეინტეგრაციას ცდილობს და ამ ხელისუფლებამ მოქალაქეობაც კი არ აღირსა და ახლა ქვეყნიდან გაძევებას უპირებს და დასცინის. 

ზვიად ცეცხლაძეს, ანრი კაკაბაძეს, ახალგაზრდა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს, რომლებიც გაბედულობისა და ბრძოლის გამოცდილებას გვაძლევენ

და ასევე ყველა პოლიტპატიმარს.

სოლიდარობის პლატფორმის მანიფესტი ბათუმში

სოლიდარობის პლატფორმის წევრები ვგმობთ  ძალადობას, დევნასა და რეპრესიებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და მიგვაჩნია, რომ ამ ხანგრძლივ ბრძოლაში ყველაზე მეტად სოლიდარობის, თანადგომისა და ერთობის ხმა გაგვაძლიერებს. ეს ერთიანობა ჩვენს მიერ გაიგება, როგორც საზოგადოებრივი ერთობა სადაც ყველა ჯგუფი ვართ წარმოდგენილი, განურჩევლად რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა იდენტობისა. 

ჩვენ არ შევეგუებით ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაძლიერებას და ადამიანების ღირსების, თავისუფლებისა და დემოკრატიული იდეალების ხელყოფას. ჩვენი თაობა იზრდებოდა დემოკრატიული და ევროპული ტიპის ქვეყნის მშენებლობის მოლოდინით და ვერ შეეგუებით, რომ ერთმა ყველაზე მდიდარმა და ხარბმა ადამიანმა და მის მიერ დაქვემდებარებულმა ლიდერებმა ჩვენი არჩევანი და იმედები გაანადგუროს. ვერ შევეგუებით, რომ ჩვენ მრავალფეროვანი ქვეყანა თავისი ჭრელი ეთნიკური, რელიგიური და სოციალური ჯგუფებით, ერთ პარტიას დავუთმოთ.  

ჩვენი პლატფორმა არის ახალგაზრდა აქტივისტების ინკლუზიური სივრცე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს და წლებია ცდილობს არადომინანტური ხმების გაძლიერებასა და სოლიდარობის მშენებლობას. ჩვენ ჩვენს მუშაობას ავტორიტარიზმის პირობებშიც გავაგრძელებთ და მოსვენებას არ მივცეთ ოლიგარქიას.

109-ე დღეა, რაც უწყვეტ წინააღმდეგობას ვწევთ და  გვახსოვს, რომ ეს პროტესტი ქვეყანაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. რეგიონების პროტესტი მნიშვნელოვნად აძლიერებს წინააღმდეგობას თბილისში.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აჭარაში მცხოვრები მოქალაქეების წუხილები გვესმის სხვა რეგიონში მცხოვრებლებს და ვიცით, რომ ჩვენ საერთო ლოგიკა და ძალაუფლება გვჩაგრავს. ჩვენ ვიცით მაღალმთიანი მძიმე და განუვითარებელი ინფრსტრუტურის,  მკაცრი კლიმატური პირობების, არ არსებული სამედიცინო სერვისების შესახებ. ჩვენ ვიცით, ქაოსურ მშენებლობებზე ბათუმში. ვიცით, რომ ჩვენს მუსლიმ თანამებრძოლებს არ ეძლევათ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა. ვიცით,  დაკარგული საკონსტიტუციო სასამართლოსა და მიტაცებულ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე ბათუმში. თქვენი ეს და სხვა წუხილები ჩვენიცაა, საერთოა. 

სოლიდარობა პოლიტპატიმრებს! 

ძალა ერთობაშია! 

გავიმარჯვებთ სახელოვნად!“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: