მთავარი,სიახლეები

„საბჭოთა რეპრესიების დროს სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ, მე ფორმალური სასამართლო მაინც მაქვს“

18.03.2025
„საბჭოთა რეპრესიების დროს სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ, მე ფორმალური სასამართლო მაინც მაქვს“

დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

„შედარებას გავაკეთებ იმასთან, რომ სტალინური, საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ.

ამ შემთხვევაში ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის,” – თქვა დღეს, 18 მარტს მიმდინარე სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა.

დღეს სასამართლო პროცესი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროცესი 31 მარტამდე გადადო.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო დღეს, დასანქცირებული მოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“, ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.

მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე უვადოდ გაამწესეს.

ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. დღეს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 2025 წლის 18 თებერვალს შეწყვიტა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: