მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა 18 მარტს დაიწყება ბათუმის სასამართლოში

17.03.2025 •
მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა 18 მარტს დაიწყება ბათუმის სასამართლოში

ხვალ, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყება.

პროცესი დღის 2 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი თავდაპირველად მხარეების შესავალ სიტყვებს მოისმენს, ასევე, განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს.

უცნობია, ხვალინდელ პროცესზე წარმოადგენს თუ არა მოწმეებს პროკურატურა. პროკურატურის მოწმეების დაკითხვის შემდეგ არსებითი განხილვის მომავალ სხდომებზე მოსამართლემ, წესით, დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს, თუმცა „მზია ამაღლობელის საქმეზე“ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მტკიცებულებების დიდი ნაწილი საქმიდან ამორიცხა. კერძოდ:

მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. 

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

მზია ამაღლობელის საქმის არსებით განხილვას მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაიწყებს. ამ საქმეზე განაჩენს სავარაუდოდ მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ნინო სახელაშვილი დასანქცირებული მოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“, ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.

მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე უვადოდ გაამწესეს.

ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 2025 წლის 18 თებერვალს შეწყვიტა.

  • რა ხდება

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.

სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: