მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან

18.03.2025 •
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან

დღეს, 18 მარტს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში ესწრებიან: გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვას იწყებს.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ყოველ ჯერზე ესწრებიან ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.

4 მარტს სასამართლო სხდომას დაესწრნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მოადგილე და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.

ასევე, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ესწრებოდნენ: ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი და ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.

  • რა ხდება?

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.

სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: