„ქართული ოცნება“ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას 2025 წელსაც განაგრძობს. წელს ამ პროგრამისთვის 103 მილიონ 305 ათასი ლარი დაიხარჯება.
სოციალურად დაუცველ პირებს მარტის დასაწყისში დაურიგეს ახალი ხელშეკრულებები. შესაბამისად, ხელფასს ისევ მიიღებენ, მაგალითად, ქედაში, სოფელ წონიარისში საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი ტანკის დამლაგებლები თუ „ჯოკერისთვის“ სოფელ გულებში მოწყობილი ოთახის დამლაგებელი, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში საბავშვო ბაღში დასაქმებულები, სადაც უკვე 33 ბავშვზე 20 თანამშრომელი მოდის და ა.შ.
სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამის შესახებ „ბათუმელები“ არაერთი სოფლის მაგალითზე წერდა.
40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია.
დასაქმების სააგენტოში 17 მარტს ვერ გვითხრეს, რამდენ სოციალურად დაუცველს გაუფორმდა ამჯერად ხელშეკრულება. აქ გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვეთ თუმცა „ბათუმელებს“ დასაქმების სააგენტომ ამ პროგრამის შესახებ საჯარო ინფორმაცია 2023 და 2024 წლებში არ მიაწოდა. დასაქმების სააგენტოს მიერ მომზადებული საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა საზოგადოებრივ სამუშაოზე.
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა“ 2022 წლის მარტში ამოქმედდა. მაშინ მიღებულ დადგენილებაში არ წერია კონკრეტული ვადა, რა დროის განმავლობაში დასაქმდებოდნენ სოციალურად დაუცველები, თუმცა დასაქმების სააგენტოს მიერ 2022 წელს მომზადებული ვიდეო რგოლის მიხედვით, დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს საარსებო შემწეობა 2025 წლის ჩათვლით არ შეუჩერდებათ.
დასაქმების სააგენტოს პრესცენტრის მონაცემებით, სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა 2026 წლის მარტში დასრულდება, თუ მანამდე სხვა, ახალი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ანატომია“ – კვლევა ამ საკითხზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 2023 წელს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია:
„დღესდღეობით უცნობია, არათუ პროგრამის ხანგრძლივობა, არამედ საზოგადოებრივი შრომის პროგრამა საქართველოში ასევე არ აკონკრეტებს, რა არის ნამუშევარი დღეების ის მინიმალური რაოდენობა ან პროგრამაში ჩართვის ის საერთო ხანგრძლივობა, რომ პროგრამის პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს და ოჯახების სარეიტინგო ქულა 4 წლის ვადით დარჩეს ხელშეუხებელი.
…შესაძლოა, პროგრამა უფრო მეტად იმ მიზანს ემსახურება, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის კრიზისულ პერიოდში შემოსავალი გაზარდოს, ვიდრე გრძელვადიან ამოცანებს უპასუხოს მოქალაქეთა ეკონომიკური გააქტიურებისა თუ საარსებო შემწეობაზე დამოკიდებულების შემცირების კუთხით.
პროგრამის ხანგრძლივობის ცოდნა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროგრამის ბიუჯეტი არ წარმოჩინდეს, როგორც უსაზღვრო რესურსი, რომელიც ნებისმიერი მოცულობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. აღნიშნულ ეტაპზე პროგრამა მოქმედებს სწორედ ამ მოდალობით: ის დააკმაყოფილებს ნებისმიერი რაოდენობის მუშახელს და ნებისმიერი ხანგრძლივობით, თუ მასზე მოთხოვნა იარსებებს. „ულიმიტო“ რესურსის შესახებ თავად პრემიერიც საუბრობს: „შეიძლება, წელს 100 000-მდე გავიდეთ, ლიმიტი არ გვაქვს დაწესებული. 50-ით დავიწყებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი“.
პროგრამა ბუნდოვნად ტოვებს, რა მინიმალური ხანგრძლივობით ჩართვაა საზოგადოებრივ სამუშაოებში აუცილებელი იმისთვის, რომ სარეიტინგო ქულის შესახებ მინიჭებული 4-წლიანი საშეღავათო პერიოდი, არ შეიცვალოს, ანუ ბუნდოვანია, რა ეტაპზე უნდა დაიწყოს ბენეფიციარმა ღია დასაქმების ბაზარზე სამსახურის ძიება, ახლა თუ 4 წლის შემდეგ,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ კვლევაში.
______________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
ამ თემაზე:
„ჩვენ ტვინში ჩაბეჭდილია რა მოხდება, თუ ოცნების წინაშე არასწორად მოვიქცევით“ – სოცდაუცველი