ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

16.03.2025
ბათუმში ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 16 მარტს, ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 16 მარტის დილის [დღის 12 საათის] მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მაჩვენებელი ცუდია.

ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 9 მარტიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის პორტალზე.

ჰაერში აღნიშნული ნაწილაკები დასაშვებ ნორმაზე მეტი რომ არის ბათუმში, ამას აჩვენებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც ორ ადგილზეა განთავსებული – რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და ცენტრალურ პარკში:

წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი

წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი

სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.

ამ რეკომენდაციების მიხედვით:

  • თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“

  • თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:

„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები“.

„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:

თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

 

 

მთავარი ფოტო: ნისლი ბათუმის ბულვარში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: