მთავარი,სიახლეები

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – PHR

17.03.2025
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, დღეს 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა არასრულწლოვანის სარჩელი დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ წინააღმდეგ.

საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებს – „ასევე, სასამართლომ სკოლას დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10,000 ლარის ოდენობით“.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ გაბოძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შემთხვევა 2023 წლის დეკემბერში მოხდა.

„საახალწლო ზეიმის ბოლოს ბავშვის დედას გადასცეს საბუთები და უთხრეს, რომ ბავშვი იყო სკოლიდან გათავისუფლებული. გააგდეს ბავშვი სკოლიდან. ეს იყო „პრესქული“, ანუ სკოლის მოსამზადებელი ეტაპი. ბავშვს აქვს აუტისტური სპექტრი და სჭირდება პერსონალური ასისტენტის დახმარება. დედა სთავაზობდა, რომ თვითონ უზრუნველყოფდა პერსონალურ ასისტენტს, მატერიალურად არანაირი ტვირთი არ იქნებოდა ბაღზე, უბრალოდ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ასისტენტს ემუშავა ბავშვთან.

თუმცა, ჩათვალეს, რომ ეს იქნებოდა უცხო ადამიანი და უცხო პირი არ გვჭირდება ბაღშიო. არც თავად შესთავაზეს ასისტენტის სერვისი და არც დედას მისცეს ამის საშუალება, რაც სრულდებოდა დედის ტირილით და დისკრედიტაციით.

ჩვენ მიგვმართა დედამ, რომელიც იყო ძალიან უიმედო და სასოწარკვეთილი, მივმართეთ სასამართლოს. ვითხოვდით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. დავა გაგრძელდა ორი წელი და დღეს სასამართლომ მიიღო ბავშვის სასარგებლოდ გადაწყვეტილება“ – ამბობს თამარ გაბოძე.

ადვოკატის თქმით, ახლა ბავშვი სხვა სკოლაშია, სადაც სარგებლობს პერსონალური ასისტენტის სერვისით.

PHR-ის ინფორმაციით, საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: სოფიკო მენაბდიშვილი, თამარ გაბოძე.

მოსამართლე იყო ლიანა კაჟაშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: