მაღალმთიან აჭარაში წელს უხვი ნალექი მოვიდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრს გასცდა.
რა საფრთხეებს ქმნის უხვი ნალექი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებსა თუ სხვა გართულებებს მომზადებული შეხვდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.
გეოლოგმა ინტერვიუს დასაწყისშივე მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აჭარა ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია მეწყრული მდგომარეობით.
- ბატონო ტარიელ, თქვენი აზრით, რა საფრთხეებს შექმნის წლევანდელი ზამთარი და უხვნალექიანობა მთიან აჭარაში?
მოგეხსენებათ, რომ ყველგან შეცვლილია კლიმატური პირობები დათბობასთან დაკავშირებით – წელს, დეკემბერ-იანვარში ნალექის მცირე რაოდენობა მოვიდა, თებერვალსა და მარტში კი, ხედავთ, რაც მოხდა.
სახეზე გვაქვს შეცვლილი კლიმატური პირობები და ეს გასაკვირი აღარ არის. მაღალმთიან აჭარაში ყოველთვის გვქონდა მეწყრული კერების დიდი რაოდენობა. საქართველოში ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია თავისი მეწყრული მდგომარეობის გამო და [წლევანდელი უხვი ნალექი] რა თქმა უნდა, შედეგს იქონიებს. განსაკუთრებით საშიშია ის ადგილები, სადაც მეწყრული კერები გვქონდა განვითარებული. ამ კერების გააქტიურება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია.
ახლა მთავარია, რომ ძალიან სწრაფი დათბობა არ უნდა მოხდეს და წვიმა არ უნდა მოვიდეს იმ რაოდენობით, რომ ეს მეწყრული პროცესები, თოვლის დნობა დააჩქაროს და ეს გაგიჟებული ნიადაგი უფრო და უფრო გააქტიუროს. ბევრი კლიმატური ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, რომ საშიშროება შეიქმნას მაღალმთიან აჭარაში.
თოვლის დნობა ჯერჯერობით მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა ძალიან მაღალია. მაღალმთიან აჭარაში შენარჩუნებულია ნალექის სისქე. როცა კიდევ უფრო დათბება, ეს საგრძნობლად იმოქმედებს პროცესზე.
ყველაზე მთავარი მეწყრული და სტიქიური მოვლენების განვითარებისთვის არის თოვლის უცბად დნობა, რასაც იწვევს მაღალი ტემპერატურა და ნალექი წვიმის სახით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საშიშროება ჯერჯერობით დიდია.
- ფიქრობთ, რომ მეწყრულმა პროცესებმა თოვლის დნობასთან ერთად შეიძლება კრიტიკული მდგომარეობა შექმნას?
ვერ გეტყვით. საშიშროება ყოველთვის არის. თოვლის რაოდენობა დიდია, დნობა აქტიურია. გამომდინარე აქედან, ამის საშიშროება გვაქვს, მაგრამ სად, როგორ და რანაირად გააქტიურდება, ამის პროგნოზი რთულია.
ყოველ შემთხვევაში, კრიტიკული ზონები გამოყოფილი და მითითებულია გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს რუკაზე. იმ ზონებში, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა ვიყოთ და მაქსიმალური დაკვირვება უნდა დავაკვირდეთ თოვლის დნობას.
- თქვენი ინფორმაციით, ყველაზე საფრთხის შემცველი ზონები სად არის აჭარის რეგიონში?
ამის თქმა ცოტა რთულია იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი უბანია, სადაც გვაქვს მეწყრული კერები. შუახევი, ხულო, თითქმის ერთნაირი განლაგებისაა. ფერდები ძალიან ციცაბო დახრილობისაა. მაგალითად ხულოში, ბეშუმში და კიდევ უფრო მაღლა 4 მეტრამდე თოვლი მოვიდა, რაც ჯერ გამდნარი არ არის. მარტი-აპრილში დაჩქარდება დნობა და მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებაც შეიქმნება.
იქ ახლა მოსახლეობა და მთავრობამ ეს იცის. ის უბნები, სადაც არის საშიშროება, სადაც განვითარებული იყო მეწყერი შარშან და შარშან წინ [ეს ერთი და ორი წლის შედეგი არ არის], ამ უბნებზე მოსახლეობას მიუთითებენ ალბათ, რომ გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას, სანამ თოვლის დნობა დასრულდება და საშიშროება არ გამოირიცხება.
- რა პრევენციული ზონების მიღებაა აუცილებელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად? მოსახლეობამ რა უნდა ქნას, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა არის საგანგაშო, რაც მიუთითებს საფრთხეზე?
დაკვირვება.
ვინც ამ საშიშ ზონებში ცხოვრობს, უნდა დააკვირდეს თოვლი როგორ დნება, ნიადაგის გადაადგილება ხომ არ ხდება. იცით, რომ მეწყერი არის მიწის მასის, ნიადაგის გადაადგილება. გაწყლიანების და სიმტკიცის დაკარგვის შედეგად იღვრება ეს მიწის მასა.
ხეებს უნდა დააკვირდნენ. თუ ხე რაღაცნაირად გადმოიწევა და ფერდის მიმართულებით დაეშვება, აუცილებლად უნდა გადაიყვანონ მოქალაქეები ამ ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილებში.
მეტყევეები და გეოლოგები ძირითადად აკვირდებიან ფერდობებს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უმნიშვნელო ცვლილებებზე, [მიწის] უმნიშვნელო გადაადგილებაზეც კი დაცალოს ტერიტორია. შეატყობინონ მუნიციპალიტეტს, რომ აი, ამ ტერიტორიაზე განვითარდა ესა თუ ის პროცესები: ხე წამოვიდა, წაიქცა, წყაროს წყალი აიმღვრა, სახლის კედლებზე ბზარები გაჩნდა, ბზარები გაჩნდა მიწაზე და ა.შ.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ სახელმწიფო მომზადებული შეხვდეს მოსალოდნელ საფრთხეებს?
ტექნიკა უნდა ჰყავდეს მომზადებული – ტრაქტორები, საწვავი. ტერიტორია გაიწმინდოს.
არის სპეციალური ტექნიკა, რომელიც მეწყრული პროცესების და ფერდების გააქტიურების პროცესში უნდა იყოს მომზადებული. უნდა აცხადებდნენ სტიქიური უბნებს, სადაც 112-ის თანამშრომლები უნდა იყვნენ მობილიზებული და მომზადებულები მეწყრული პროცესებისთვის.
- თუ გაქვთ კომუნიკაცია მერიებთან, თუ გადასცემთ ინფორმაციას, შეტყობინების სისტემა როგორ მუშაობს?
რა თქმა უნდა, გარემოს ეროვნულ სააგენტოში იკრიბება ინფორმაცია, უფრო სწორად, ვინც საშიშ ზონაშია ის წერს განცხადებას, მერიას, გარემოს ეროვნულ სააგენტოს აყენებს საქმის კურსში. ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის მზად არიან, რომ ავიდნენ ადგილზე და შეაფასონ გეოლოგიური სიტუაცია.
ჯაჭვია – ადგილობრივი თუ ამჩნევს ცვლილებებს, მერიაში რეკავს. მერია გარემოს ეროვნულ სააგენტოში. შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გადიან ადგილზე და თუ დროზე მოხდა სიტუაციის შეფასება-გადაფასება, შესაბამისად რეაგირებენ: ტერიტორიის დაცლას, მოქალაქეების სხვა ადგილზე გადაყვანას. ითხრება არხები, რახან დნობის, გრუნტის წყლები მოშორდეს ნიადაგს, რათა არ გააქტიურდეს მეწყრული კერები.
- შემოსულია შეტყობინებები უკვე კონკრეტულ სოფლებთან დაკავშირებით?
კი, კი. ყოველდღიური ინფორმაცია არის, რომ განვითარდა რაღაც პროცესები და აქედან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობას აფასებს გარემოს ეროვნული სააგენტო. შეტყობინება გვაქვს ხულოდან, შუახევიდან, ხელვაჩაურიდან, ქობულეთის მაღალი სოფლებიდან. მეწყრული გადაადგილებებია, გზა ჩაიხერგა… რეაგირება უცებ ხდება შემოსულ განცხადებებზე.