მთავარი,სიახლეები

ბსუ-დან საპროტესტო მარში დაიწყო – სოლიდარობა თეატრალურის სტუდენტებს

15.03.2025
ბსუ-დან საპროტესტო მარში დაიწყო – სოლიდარობა თეატრალურის სტუდენტებს

ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეები დღეს, 15 მარტს, საპროტესტო მარშს უნივერსიტეტის ეზოდან იწყებენ. ამ ფორმით მათ სურთ სოლიდარობა გამოუცხადონ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, უკანონოდ დაჯარიმებულებს და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო აქტივისტებს.

მარშში მონაწილეობენ სტუდენტები, ატივისტები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები

„ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრის, კორუფციის დაძლევის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ სდევნის თავისუფალ სიტყვას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ყოველდღიურად ლახავს. 15 მარტის შეკრება არის ჩვენი წინააღმდეგობის მორიგი მაგალითი ყველა ჩაგრული, უფლებაშელახული მოქალაქისთვის სოლიდარობის გამოსახატად“,  – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მარშის ორგანიზატორებმა ფეისბუქზე გაავრცელეს. 

 

___

10 მარტს, დილით თეატრალური უნივერსიტეტის ათამდე გაფიცულმა სტუდენტმა მეილზე მიიღო შეტყობინება, რომ უნივერსიტეტმა მათ აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.

ამის შემდეგ უნივერსიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ რექტორის ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ იყო გამოცემული. უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეეძლოთ.

გუშინ, 14 მარტს გახდა ცნობილი, რომ  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა ეთიკის კომისიის მიერ 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

„სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა – სტატუსის შეწყვეტა“, – წერია განცხადებაში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: