დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს განიხილავს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი.
სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ჯუმბერ ქათამაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს დაუსაბუთა, თუ რატომ არ შეუძლია მას გაასამართლოს მზია ამაღლობელი.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ის, რომ ნინო სახელაშვილი ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კონვენციებით დადგენილ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს.
ასევე, მოსამართლე ნინო სახელაშვილს არ გააჩნია სისხლის სამართლის კვალიფიკაცია და ამ თანამდებობაზე არ არის დანიშნული კანონით დადგენილი წესით.
„ქალბატონო ნინო, ვაყენებთ თქვენი აცილების შუამდგომლობას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ა და ე პუნქტების საფუძველზე შუამდგომლობით, რომ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმიდან აცილებულ იქნეს ნინო სახელაშვილი.
ქალბატონო ნინო, თქვენ ვერ აკმაყოფილებთ საქართველოს კონსტიტუციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და საერთაშორისო კონვენციებით გაწერილ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს.
ასევე, არ ხართ დანიშნული თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესით, რაც წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
თქვენ 2025 წლის 14 იანვარს, ერთხელ უკვე მიიღეთ მონაწილეობა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, როგორც პირველი წარდგენის სხდომის მოსამართლემ, სადაც უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეუფარდეთ მზია ამაღლობელს პატიმრობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მსჯელობს კონკრეტულად იმ საკითხზე, როდესაც წინასწარი პატიმრობის გამომყენებელი მოსამართლე საქმეს არსებითად განიხილავს, სასამართლოს განმარტებით, როდესაც წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების მიღება ხდება, საჭიროა ძალიან ნათელი არგუმენტების მოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შეიძლება ეჭვი გაჩნდეს და მიჩნეულ იქნას, რომ მომჩივნის შიში სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ არსებითი განხილვის ეტაპზე ობიექტურად შეიძლება იყოს გამართლებული.
თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ სტანდარტს.
2025 წლის 14 იანვრის განჩინების მიხედვით, თქვენ უაპელაციოდ გაიზიარეთ პროკურატურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ ჰიპოთეზური მოწმეები, ყოველგვარი გარემოებებისა და პიროვნების კონკრეტიკის გარეშე, რომლებზეც მზია ამაღლობელს შესაძლოა მოეხდინა ზეგავლენა.
როგორც 2025 წლის 4 მარტს წინასასამართლო სხდომაზე გაირკვა, ბრალდების მხარეს მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ჰყავს წარმოდგენილი, რითაც დადასტურდა რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობდა. ამიტომ, აღნიშნულზე მითითება პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან ემსახურებოდა შაბლონური, ჰიპოთეზური არგუმენტის ხელოვნურად შექმნის მცდელობას, რათა პატიმრობა უკანონო და რეპრესიული მიზნით გამოგეყენებინათ მზია ამაღლობელის მიმართ.
ამავე განჩინებაში თქვენ უკანონოდ მიუთითებთ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის დასადასტურებლადაც ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე იშველიებთ შაბლონურ თეზისებს ქმედების ხასიათისა და ხერხის შესახებ. სამართლიანობის პრინციპის ყოველგვარი დარღვევით, გამოიყენეთ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ფაქტი მისთვის წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად, გარემოებაზე იმსჯელეთ ცალმხრივად და მიკერძოებულად.
არ გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის დაკავება მოხდა უკანონოდ. იმ ქმედებისთვის, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და დაკავების ოქმში არსებული ყველა გარემოება არის გაყალბებული, რასაც ადასტურებს შემთხვევის ადგილზე გადაღებული არაერთი ვიდეომასალა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წუთამდე არ არსებობს გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და საერთო სასამართლოების მხრიდან სრულიად უკანონოდ ხდება აღნიშნული საკითხის გამოყენება, რათა უსაფუძვლოდ გაგრძელდეს მისი პატიმრობა.
განჩინებაში თქვენ თავი აარიდეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაკისრებულ მოვალეობას და არ იმსჯელეთ იმის შესახებ, რატომ ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთი ღონისძიების მიზნებს სხვა, პატიმრობისგან განსხვავებული უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის მხრიდან შემოთავაზებული იყო გირაო და ამასთან ერთად, თანხმობა იყო გაცხადებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემზღუდავ ღონისძიებებზე, ისეთი, როგორიცაა, ელექტრონული მონიტორინგი, პირადობის ან პასპორტის ჩაბარება, სამართალდამცავ უწყებაში გამოცხადება და სხვა ნებისმიერი შეიძლება გამოგეყენებინათ.
პატიმრობასთან დაკავშირებული თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განჩინებაში მოყვანილი ჰიპოთეზური, შაბლონური და ცალმხრივად შეფასებული გარემოებები ცხადყოფს, რომ თქვენს მიზანს წარმოადგენს არა მზია ამაღლობელის საქმის სამართლიანი განხილვა, არამედ თქვენ ხელთ არსებული უფლებამოსილების რეპრესიული მიზნით გამოყენება.
მნიშვნელოვანი გარემოება აცილებასთან დაკავშირებით ასევე არის ის, რომ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის უკანონოდ შეფარდების გამო, თქვენ მიმართ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფოების მხრიდან გამოყენებულია სავიზო სანქცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ გეკრძალებათ აღნიშნულ სახელმწიფოებში შესვლა.
ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებით, ასევე დასანქცირებულთა სიაში არიან მზია ამაღლობელის საქმის განმხილველი მოსამართლეები. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაასაჯაროვა პირთა სია, რომელთაც სავიზო სანქცია დაედოთ მომიტინგეთა დევნის გამო.
აღნიშნული გარემოება არა მხოლოდ თქვენი მხრიდან წარსული პატიმრობის უკანონო გამოყენებაზე მიუთითებს, არამედ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელყოფს იმას, რომ თქვენი მხრიდან არსებობს დაინტერესება საქმის შედეგის მიმართ, წარმოადგენთ მხარეს და მომავალში ვერ შეძლებთ საქმეს წარუძღვეთ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.
აღნიშნულ პირობებში, მზია ამაღლობელის საქმის თქვენი მხრიდან განხილვა შეუძლებელია ობიექტურ დამკვირვებელს უტოვებდეს იმის განცდას, რომ საქმე მიუკერძოებლად და ობიექტურად განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით აუცილებელია ობიექტური დამკვირვებლისთვის სასამართლო ქმნიდეს დამოუკიდებელი ორგანოს შთაბეჭდილებას.
საქმეში – „შაჰინები თურქეთის წინააღმდეგ“, სასამართლო მიუთითებს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ტოვებს სასამართლო მიუკერძოებელი ორგანოს შთაბეჭდილებას, დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა გააჩნდეს განცდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.
აღსანიშნავია ის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დამოუკიდებელი ორგანოს შთაბეჭდილებას ტოვებს სასამართლო.
მოცემულ შემთხვევაში სასწორზეა დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობა, მათ შორის ბრალდებულის მხრიდანაც. შესაბამისად, ნებისმიერი მოსამართლე, რომელთან დაკავშირებითაც მიზეზი ან ვარაუდია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იქნება მიუკერძოებელი, საქმიდან ჩამოცილებული უნდა იქნეს.
თქვენ მიმართ არსებულ უნდობლობას კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის ის ფაქტი, რომ მოსამართლის თანამდებობაზე კანონით გაწერილი პროცედურების დარღვევით ხართ დანიშნული, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდებზე თქვენ მიერ მიღებული განათლების შესახებ გასაჯაროებულ ინფორმაციაში არ იძებნება უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2010 წელს დაამთავრეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის მაგისტრატურა.
შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებთ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლედ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს, აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხის, უმაღლესი განათლების დიპლომი.
შესაბამისად, აუცილებელია, რომ თქვენს CV-ში მოიძებნებოდეს როგორც უმაღლესი იურიდიული განათლება, ასევე მაგისტრატურის დამადასტურებელი განათლება.
გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული ვებგვერდები, სადაც თქვენ შესახებ ინფორმაცია არის გამოქვეყნებული, მიუთითებს იმაზე, რომ არ გაქვთ კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით. კერძოდ მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული. გაქვთ მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით. სამუშაო გამოცდილება კი 2022 წლამდე მხოლოდ ამავე მიმართულებით გქონდათ, რის გამოც გაუგებარია, რა კრიტერიუმით დაინიშნეთ 2022 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სასამართლო კოლეგიის მოსამართლედ.
აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე არ ხართ გამწესებული კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვით, არ ბრძანდებით მზია ამაღლობელის საქმის ობიექტური და მიუკერძოებელი განმხილველი მოსამართლე და ჩართული ხართ სახელმწიფოს მხრიდან მზია ამაღლობელის უკანონო დევნაში.
რის გამოც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ა და ე პუნქტების შესაბამისად, თქვენი აცილება უნდა მოხდეს“ – ასე მიმართა ჯუმბერ ქათამაძემ მოსამართლეს.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დღეს, არსებით სასამართლო განხილვაზე დაადასტურა, რომ სისხლის სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს, თუმცა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მის აცილებაზე.
სასამართლოს ამ შემადგენლობას [ნინო სახელაშვილმა იგულისხმა საკუთარი თავი] ჩაბარებული აქვს კერძო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ჩარიცხული ვარ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სადაც დეტალურად გავიარე ყველა ის სავალდებულო მოთხოვნები, რაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არის საჭირო. მოქმედი კანონის შესაბამისად, არცერთი ნორმა არ ავალდებულებს, რომ აუცილებლად ჩაბარებული იყოს სისხლის სამართალში საკვალიფიკაციო გამოცდა და ეს არ არის შეზღუდვა“, — აღნიშნა მან.
31 მარტს პროცესზე მოსამართლე სახელაშვილი იმსჯელებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობაზე.
- რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.
სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.