საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამუშაოები 2024 წელს „ძირითადად“ დასრულდება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ „წლის ბოლოსთვის უკვე სრულად იქნება დასრულებული ეს გზა“.
„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზაზე სამუშაოები 2024 წელს ბოლომდე ვერ დასრულდება. არადა, სამუშაოები აქ 2018 წელს დაიწყო და ამ გზის სრული რეკონსტრუქციაც 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო.
- რა ხდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2024 წლის 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს“.
„სამუშაოები 21 კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულია, ხოლო დარჩენილ 26-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე თვეში აქტიურად დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მეწყრულ მონაკვეთებზეც“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ხულო-ზარზმის გზა / 12.06.2024 / ფოტო: გზების დეპარტამენტი
დეპარტამენტისვე ინფორმაციით, „მიმდინარე წელს დაგეგმილია მეწყრული მონაკვეთების ძირითადი ნაწილის, ხოლო საავტომობილო გზის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის სამუშაოების სრულად დამთავრება“.
საქმე იმაშია, რომ ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციაზე ბოლოს მომუშავე კომპანია „სინოჰიდროსთან“ დეპარტამენტმა ხელშეკრულება [ხულო-გოდერძის მონაკვეთზე] 2024 წლის პირველ თებერვალს შეწყვიტა.
შესაბამისად, რომელი კომპანია მუშაობს დღეს გზის ამ მონაკვეთის რეკონსტრუქციაზე და ვინ უნდა დააგოს ასფალტ-ბეტონის საფარი? – ამ კითხვაზე გზების დეპარტამენტში არ გვიპასუხეს.
პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომპანიის სახელის გასაგებად წერილობით, ოფიციალურად უნდა მივმართოთ. გვაინტერესებდა ასევე ამ კომპანიასთან [თუ ასეთი არსებობს] რა თანხაზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება.

ხულო-ზარზმის გზა / 12.06.2024 / ფოტო: გზების დეპარტამენტი
რაც შეეხება „სამუშაოებს მეწყრულ მონაკვეთებზე“, მისი ჩატარების აუცილებლობა ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის დროს დადგა დღის წესრიგში და ცალკე ტენდერი იყო გამოცხადებული.
შესაბამისად, „მეწყრულ მონაკვეთებზე“ კომპანია „არალი“ სხვა ტენდერის/პროექტის ფარგლებში მუშაობს, რომელსაც გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთავარ პროექტთან შეხება არ აქვს.
„არალთან“ ხელშეკრულება 15 204 999 ლარზეა გაფორმებული და სამუშაოები, შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, 2024 წლის მაისში უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ „წელს დაგეგმილია მეწყრული მონაკვეთების ძირითადი ნაწილის დასრულება“.
„ბათუმელებმა“ „არალსაც“ ჰკითხა, პარალელურად მუშაობს თუ არა რომელიმე კომპანია ამ დროისთვის გზის რეკონსტრუქციაზე, თუმცა პასუხი ვერც „არალისგან“ მივიღეთ.
ვიდრე „ბათუმელები“ არკვევს საერთოდ მუშაობს თუ არა რომელიმე კომპანია დღეს ხულო-გოდერძის გზის რეკონსტრუქციაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში 2024 წლის 14 ივნისს განაცხადა, რომ „ხულო-ზარზმის გზა დასრულდება… წელს არსებითად უკვე შუამთობის დღესასწაულისთვის საქმის ძირითადი ნაწილი იქნება დასრულებული, ეს არის ის მოლოდინი იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც იქ არის სამშენებლო სამუშაოებზე. წლის ბოლოსთვის უკვე სრულად იქნება დასრულებული ეს გზა.“
„ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურსაც ჰკითხა, თუ რომელი კომპანია მუშაობს ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციაზე და საიდან აქვთ ინფორმაცია, რომ გზა სრულად დასრულდება, თუმცა პასუხი ვერც აქედან მივიღეთ.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს პროექტს. დეტალები მათ ეცოდინებათ“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან.
- 2 წელზე გაწერილი საქმე მე-6 წელზე გაიწელა
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით დეპარტამენტმა „ტოდინთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.
ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის [დაბა ხულოდან დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მონაკვეთში] რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული.
„სინოჰიდრო“ კი, გამარჯვებულად ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახალ ტენდერებში გამოავლინეს ორივე ლოტზე – დიდაჭარის კაშხლიდან ზარზმამდე მონაკვეთი.
ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანია „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტის შეწყვეტას საქართველოს მთავრობამ მხარი 2024 წლის 15 იანვარს დაუჭირა. ხელშეკრულება 2024 წლის 1-ელ თებერვალს შეწყდა.
ხულო-ზარზმის გზაზე სამუშაოები 2 ლოტად მიმდინარეობდა:
- პირველი [LOT 1]: ხულო-გოდერძის უღელტეხილი – სახელშეკრულებო ღირებულება იყო 57 177 829 ლარი. დაფინანსებული არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ;
- მეორე [LOT 2]: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ამ თემაზე ვრცლად:
ხულო-გოდერძის გზის მშენებლობა დასრულდება 2024 წელს – გზების დეპარტამენტი
2020 წლისთვის „ქართული ოცნება“ არათუ ხულო-ზარზმის გზას, არამედ მთლიანად ქვეყანაში ავტობანის მშენებლობის დასრულებას აანონსებდა:
„დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა.
ამ თემაზე:
„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება
მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზა / 12.06.2024 / ფოტო: გზების დეპარტამენტი