შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

ახალი თაობის ცხოვრებაში, ბოლო ზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღეა.

ბოლო ზარი – ეს მხოლოდ ცხოვრების დასრულებული ეტაპი კი არა, უპირველესად, ახლის დასაწყისია. წინ მთელი ცხოვრებაა – სავსე გამოწვევებით, შანსებით, თავგადასავლებით, სირთულეებითა და გამარჯვებებით. გვჯერა, რომ ეს ის მომენტია, როცა ყველაზე მთავარია საკუთარი თავისა და ძალების რწმენა, რადგან არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა – მთავარია, გჯეროდეს.

თიბისის ახალი ბრენდ პლატფორმითა და გზავნილით – „მთავარია გჯეროდეს“ – გვსურს, ადამიანების გვერდით ვიყოთ ისეთ მნიშვნელოვან მომენტებში, როცა გადაწყვეტილებას იღებენ, რომ ახალ მიზანს და გზას უნდა მიუძღვნან თავი.

ახალი თაობისთვის, სწორედ, ამ მნიშვნელოვანი და გარდამავალი ეტაპისთვის – ბოლო ზარისთვის შევქმენით ბრენდირებული პერანგები, რომლის იდეაც ახალი თაობის (და არამხოლოდ) საყვარელ სპორტსმენთან – გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციით დაიბადა. პერანგებზე დატანილია გიორგის ხელნაწერი “მთავარია გჯეროდეს” და მისი ავტოგრაფი.

ჩვენი პარტნიორობის – თიბისი x გიორგი მამარდაშვილი – ფარგლებში, უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის მხარდაჭერა; იმ თაობისა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რომელიც თავად ქმნის მომავალს.

პერანგი – ყველაზე სიმბოლური და ძვირფასი ნივთია ბოლო ზარზე. მას მნიშვნელოვნად ხდის ბოლო ზარის დღეს მიღებული სურვილები. ამ დღის სამახსოვროდ, სწორედ, პერანგი გრჩება მთელი ცხოვრება.

“არაუშავს, თუ ყველა კითხვაზე ჯერ არ გაქვს პასუხი. შენ იცი, რაზე ოცნებობ და რა გინდა მთელი გულით, მთავარია გჯეროდეს! წინ დიდი აღმოჩენები და თავგადასავლები გელოდება“ – ასეთია თიბისის გზავნილი ახალი თაობისთვის.

ბრენდირებული პერანგების ლიმიტირებული რაოდენობა თიბისის ფილიალებში, შემდეგ ქალაქებში განთავსდება: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახალციხე, ბორჯომი და ბოლნისი. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები კი, ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ, შეძლებენ თიბისის ბოლო ზარის საჩუქრის ფილიალებიდან გატანას.

ქობულეთის მერმა დაწერა, რომ გადადგა

ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა.

“მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხემძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.

მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამინებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი   ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად,” – წერს ლევან ზოიძე.

გუშინ, 13 მაისს, თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

ამავე თემაზე:

რატომ მიდიან მერები? – ინტერვიუ

206 მილიონი დახარჯეს საყიდლებში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებმა I კვარტალში

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებმა 482 100 ვიზიტი განახორციელეს, რაც 77 400-ით ნაკლებია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 481 მილიონი ლარი დახარჯეს, აქედან თითქმის ნახევარი – საყიდლებში.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ თურქეთში – 184,8 ათასი ვიზიტი, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები – 88,5 ათასი ვიზიტი, სომხეთი – 70,2 ათასი ვიზიტი, შემდეგ რუსეთი – 66,6 ათასი ვიზიტი და სხვა ქვეყნები.

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტის მიზნები იყო: უმეტეს შემთხვევაში მეგობრების/ნათესავების მონახულება – 176,4 ათასი ვიზიტი; საყიდლები – 153,6 ათასი; დასვენებისა და გართობის მიზნით საზღვარგარეთ განხორციელდა 89,7 ათასი ვიზიტი, ხოლო სამკურნალოდ – 7,5 ათასი ვიზიტი.

რაც შეეხება პროფესიულ და ეკონომიკურ საქმიანობას, ამ მიზნით საზღვარგარეთ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 45,3 ათასი ვიზიტი განხორციელდა საქართველოდან [13,2 ათასით ნაკლები ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში].

15 და მეტი ასაკის მოქალაქეთა საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ, 2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებული 482 100 ვიზიტიდან 475 200 იყო განმეორებითი ვიზიტი, ხოლო 6 900 შემთხვევაში იყო – პირველი ვიზიტი.

ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ჯამში 481,5 მილიონი ლარი დახარჯეს. ეს ხარჯები კი, კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • საყიდლებში დაიხარჯა – 206,7 მილიონი ლარი,
  • საკვებსა და სასმელში – 123,6 მილიონი ლარი,
  • სასტუმრო/განთავსება – 57,9 მილიონი ლარი,
  • ადგილობრივ ტრანსპორტში – 53,4 მილიონი ლარი,
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 20,4 მილიონი ლარი.

ამავე თემაზე:

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი მერიაში თამაზაშვილმა მიიყვანა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე დანიშნეს. ახალი მმშ ბათუმის მერიაში დღეს, 14 მაისს, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიიყვანა.

ოფიციალურ წარდგენას ესწრებოდა ბათუმის არჩეული და უკვე ყოფილი მერი არჩილ ჩიქოვანიც.

გიორგი მურვანიძე აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

2004-2005 წლებში იყო ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი, ხოლო 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.

ოფიციალური რელიზის თანახმად, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა „არჩილ ჩიქოვანს  მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და გიორგი მურვანიძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა“.

მერის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენა ბათუმის მერიაში

საჯაროდ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, მერის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენას ბათუმის საკრებულოდან არავინ ესწრებოდა.

თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოს მერიის მაკონტროლებლის ფუნქცია აქვს. ბათუმის რეალობაში კი კანონით საკრებულოსთვის განსაზღვრული ფუნქცია აჭარის არალეგიტიმურ მთავრობას აქვს აღებული.

არჩილ ჩიქოვანი, როგორც არჩეული მერი, ვალდებული იყო ახალი ვიცე-მერი თავად წარედგინა მინიმუმ მერიის თანამშრომლებისთვის, მით უფრო, თუ მას თანამდებობიდან წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა.

მერი ასევე ანგარიშვალდებული იყო ბათუმის მოსახლეობასთან, ხალხთან, ვინც გადასახადებს იხდის და ამ გადასახადებით ბათუმის ბიუჯეტი ივსება.

გუშინ, 13 მაისს, არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ გადადგა.

რატომ მიდიან მერები? – ინტერვიუ

მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს, თორნიკე რიჟვაძე მისი მეჯვარეა

გარდაიცვალა ურუგვაის ყოფილი ლიდერი, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ყოფილი ლიდერი ხოსე მუხიკა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს უწოდებდნენ მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო.

ხოსე მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტად 2009 წელს აირჩიეს, ის ქვეყანას 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ახალგაზრდობაში, 1960-იან და 1970-იან წლებში, ის იბრძოდა მემარცხენე რადიკალურ მოძრაობაში, რომელიც კუბის რევოლუციის იდეებით იყო შთაგონებული და ხელისუფლებასთან საბრძოლველად პარტიზანულ მეთოდებს იყენებდა.

მუხიკამ 14 წელი გაატარა ციხეში. სასჯელის უმეტესი ნაწილის განმავლობაში იგი სამარტოო საკანში იმყოფებოდა. ის გაათავისუფლეს 1985 წელს, როდესაც ურუგვაიში დემოკრატია დაბრუნდა.

„ბიბისი“ წერს, რომ მუხიკას და მის მეუღლეს ყვავილები მოჰყავდათ და ჰყიდდნენ. პრეზიდენტობის დროს იგი ხელფასის დაახლოებით 90%-ს ქველმოქმედებას ახმარდა და ფერმის გარდა, მისი ერთადერთი ქონება 1987 წელს გამოშვებული „ფოლკსვაგენი“ იყო.

ხოსე მუხიკას გარდაცვალების მიზეზი საყლაპავის კიბო გახდა, რომელიც სხვა ორგანოებზეც გავრცელდა და ყოფილმა პრეზიდენტმა მკურნალობაზე უარი თქვა.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/Gaston Britos

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 969 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240]
  • ტანკი – 10 804 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 501 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 27 827 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 382 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 165 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35 860 ერთეული [+82]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 48 382 ერთეული [+126]
  • სპეცტექნიკა – 3 884 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 56 944 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 310 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 562 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 791 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 394 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

ცეცხლის შეწყვეტაზე პუტინის თანხმობას უკვე დიდი ხანია აგვიანდება – მერცი

მხოლოდ პუტინს შეუძლია გადაწყვიტოს ომის საკითხი, ამიტომ მოლაპარაკება მასთან უნდა იყოს – ზელენსკი

ზელენსკი: პირადად ველოდები პუტინს თურქეთში

ტრამპი ვარაუდობს, რომ ხუთშაბათს, თურქეთში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს შეუერთდება

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ მიდიან მერები? – ინტერვიუ

ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი დღეს, 13 მაისს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტით გადადგა. უკვე ყოფილ მერს არც თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობის ანგარიში ჩაუბარებია საზოგადოებისთვის და არც წასვლის მიზეზებზე უსაუბრია.

არჩილ ჩიქოვანი მხოლოდ ზოგადი მადლობით შემოიფარგლა და დაწერა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ დიდი ოჯახის ერთგულ წევრად“.

არჩილ ჩიქოვანის გადადგომამდე 4 აპრილს ასევე ფეისბუქზე დაწერილი პოსტით დატოვა თანამდებობა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძის გადადგომისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ თანამდებობას ბათუმის მერსაც დაატოვებინებდნენ. დღეს ეს მოსაზრება ფაქტდა იქცა.

რას ნიშნავს, როცა არჩეულ მერს თანამდებობის დატოვება უწევს ახსნა-განმარტების გარეშე, ისე რომ მისი ამომრჩევლისთვისაც კი უცნობი რჩება გადადგომის მიზეზი, „ბათუმელები“ „საერთაშორისო გამჭვრვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელს მალხაზ ჭკადუას ესაუბრა.

  • უკანასკნელ ერთ თვეში ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი საკადრო ცვლილებები აჭარაში. თანამდებობის პირებმა ახსნა-განმარტების გარეშე დატოვეს პოსტები, ისე, რომ საჭიროდ არ ჩაუთვლიათ იმ ხალხის ინფორმირება, ვინც მათ ხელფასს უხდის. როგორ აფასებთ ამ პროცესს?

„ქართული ოცნება“ აჭარაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით ადასტურებს იმას, რომ არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის, საზოგადოების მიმართ. ანგარიშვალდებულება იგრძნობა მხოლოდ მმართველი ვერტიკალის და ოლიგარქიის მიმართ.

350 ათასი ადამიანი ცხოვრობს აჭარაში და ამ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე როცა მიდის თანამდებობიდან ფეისბუქპოსტით, ეს ნიშნავს შემდეგს: ჩვენ საქმე არ გვაქვს საჯარო პოლიტიკასთან. ნიშნავს, რომ რეალურად გვაქვს ჩრდილოვანი პოლიტიკა, სადაც საკადრო ცვლილებები წყდება არა წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტების გათვალისწინებით, არამედ იმით, თუ ვინ რა ტიპის ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. ან ვის რა პოზიციაზე დააწინაურებენ ან ჩამოაგდებენ მმართველ პოლიტიკურ ელიტაში.

ადამიანი, რომელიც იყო პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე გახდა თავისი აროგანტულობით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, საჯარო თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადებებით, ეს ადამიანი ისე გაქრა საჯარო სივრციდან, რომ მისმა გულმხურვალე თუ არც ისე გულმხურვალე მხარდამჭერმა არ იციან რეალური მიზეზი, რის გამო გაუშვეს.

ცხადი იყო, რომ თორნიკე რიჟვაძის წასვლას თუ გაგდებას საჯარო სივრციდან, ასევე პოლიტიკური პარტიის რიგებიდან, მოჰყვებოდა არჩილ ჩიქოვანის გადაყენება. ასევე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ სხვა მერების გადაყენებაც მოჰყვება. ოღონდ ეს პროცესი ახლა ფორმდება, როგორც გადადგომა მათი ნების საფუძველზე.

ბათუმის მერის გადადგომა რთული გამოსაცნობი არ იყო, რადგან არჩილ ჩიქოვანი პოლიტიკური ჭიპლარით იყო გადაბმული თორნიკე რიჟვაძეზე.

აჭარის გზების დეპარტამენტში მუშაობდა, როცა თორნიკე რიჟვაძე მოიყვანეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, მან დაასაქმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. შემდგომ, როდესაც თორნიკე რიჟვაძემ ლაშა კომახიძე გაუშვა მერის თანამდებობიდან, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მერიაში.

სწორედ ამიტომ ეს საკადრო ცვლილება პრაქტიკულად მიბმულია 100 %-ით თორნიკე რიჟვაძის გაქრობასთან პოლიტიკური სივრციდან.

  • რა როლი აქვს ბათუმის საკრებულოს ამ ყველაფერში, რომელიც რეალური თვითმმართველობის პირობებში მერიას უნდა აკონტროლებდეს?

ჩვენ დავინახეთ ძალიან სუსტი ბათუმის საკრებულო, რომელსაც ამ დრომდე არ გაუკეთებია არავითარი განცხადება. არჩილ ჩიქოვანი თუ ვინმეს უნდა აბარებდეს დღეს ანგარიშს, პირველ რიგში ესენი არიან ბათუმის მოქალაქეები და მათ მიერ არჩეული ხალხი კოლეგიალურ ორგანოში.

2020 წელს, როდესაც ლაშა კომახიძე წავიდა, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს იყო სრული უგულვებელყოფა თვითმმართველობის პრინციპების. სრული უგულვებელყოფა ადგილობრივი დემოკრატიის და საჯარო მმართველობის, იგივე ხდება ახლაც, უფრო დამძიმებულ ფორმებში.

რა ამძიმებს ამ გარემოებას?

ჯერჯერობით დაუდასტურებელია, მაგრამ ბევრი მითქმა-მოთქმა არის საჯარო სივრცეში თორნიკე რიჟვაძის და მამამისის, დავით რიჟვაძის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით კორუფციაზე და სხვა სავარაუდო უკანონო ქმედებებზე.

მანკიერი ტრადიცია გრძელდება – „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები გრძნობენ პასუხისმგებლობას მხოლოდ პარტიული ვერტიკალის მიმართ და ყოველგვარი მცდელობა, რომ დავინახოთ მათ მიერ პატივისცემა საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი ამომრჩევლების, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.

  • ბათუმის ბოლო ორი არჩეული მერის საერთო ბედზე მინდა გკითხოთ. ორივე გადადგა ახალ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და ვერცერთმა ვერ დაასრულა მერობის ვადა.

ლაშა კომახიძესთან დაკავშირებით იყო კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი – ერთი კვირით ადრე რომ დაეწერა განცხადება წასვლის შესახებ, საჭირო იქნებოდა თვითმმართველობის არჩევნებამდე მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. მაგრამ ეს შესაძლებლობაც კი გაუშვა კომახიძემ, რადგანაც ჯერ დაანიშნინეს არჩილ ჩიქოვანი მოადგილედ და მხოლოდ ერთი კვირის მერე დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

რაზე მიანიშნებს ეს? პირველი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ იქცევა 2012 წელს გაცემული დაპირების საპირისპიროდ. ოცნება მაშინ ირწმუნებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ქვეყანაში ფისკალური, ადმინისტრაციული დეცენტრალიზაციისთვის, რომ თვითმმართველობებს გაძლიერებდა, მეტ რესურსებს გაიღებდა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და ამ ყველაფრის საწინააღმდეგო მოიქცა.

მმართველობის სტილითაც კი, ისინი მიზერულ, ძალიან მცირე კრიტერიუმებსაც კი არ აკმაყოფილებენ.

2018 წელს, როდესაც რიჟვაძე მოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, მაშინვე დაიწყო პოზიციონირება, როგორც ამ თვითმმართველობების ხელმძღვანელმა. არადა თვითმმართველობები არ ემორჩილებიან აჭარის მთავრობას, ისინი არიან დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც კაპიტალურ და სპეციალურ ტრანსფერს იღებენ აჭარის მთავრობიდან ინფრასტრუქტურული ან სოციალური პროექტებისთვის. თუმცა ისინი უნდა ყოფილიყვნენ აბსოლუტურად თვითკმარები. ეს ასე არ მოხდა.

მოვიდა დასანქცირებული სულხან თამაზაშვილი, რომელმაც დაიწყო საკუთარი კადრებით გაჯერება სამოხელეო სტრუქტურების. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ეს არის ყველაფერი საწინააღმდეგო იმისა, თუ როგორც უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორ უნდა ხედავდეს მოქალაქე, რომ მის არჩევანს, მის პოზიციებს, პატივს სცემს ბიუროკრატია, მმართველი პარტია.

  • ძალოვანი უწყებებიდან თვითმმართველობაში ხალხის მოყვანა რაზე მიანიშნებს, პოლიციური რეჟიმის გაძლიერდება და პოლიციური მმართველობა გვექნება?

თუ გახსოვთ 2021-შიც ძალიან მცირედით მოუგო არჩილ ჩიქოვანმა გიორგი კირთაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში.

იმიტომ, რომ ბათუმში ოპოზიციური სპექტრი ყოველთვის ძლიერი იყო. მოქალაქეები გრძნობდნენ, რომ ამ ქალაქს სჭირდება გაცილებით სხვანაირი მენეჯერული ადამიანი, ვიდრე პარტიის მიერ დასმული ყოფილი ან მოქმედი ძალოვანია.

ახლა რა პროცესიც მიდის, სულხან თამაზაშვილიც ძალოვან უწყებებზე ააგებს მმართვალობას, პირველივე დღიდან ვიცოდით რომ ასე იქნებოდა. როდესაც ადამიანი შსს-დან მოდის, საკითხს სხვანაირად ვერ უდგება.

ძალოვან უწყებებში დაფრთიანებული თანამდებობის პირები ბლომად გვყავდა. არჩილ ჩიქოვანიც ოდიოზური ფიგურის მოადგილე იყო წლების განმავლობაში და ნაციონალურ მოძრაობაზე როცა მიუთითებს ქართული ოცნება, ე.წ. სისხლიან ცხრა წელზე, პოლიტიკური შეფასების შექმნაში მეგი ქარდავა იყო ერთ-ერთი მთავარი პერსონა და სწორედ მასთან დაკავშირებული პირი იყო არჩილ ჩიქოვანი.

ასევე, ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მერი, პოლიციაში მუშაობდა, ხულოს ყოფილი მერ ვახტანგ ბერიძეც პოლიციელი იყო.

ჩვენი სახელმწიფო ღრმად პოლიციურია. მას არ ესმის მმართველობის სხვაგვარი მიდგომები. არც ძალა და არც უნარი აქვთ სხვაგავარად მართონ. იმიტომ, რომ ასე უფრო უადვილდებათ. ეს საბჭოური სტილია, როდესაც შენ თვითმმართველობებში ადამიანების მუშაობას ახორციელებ სწორედ ძალოვანი უწყებების გავლენით.

პირდაპირ აქვს ნათქვამი ქედის ერთ-ერთ ყოფილ მერს – „რა ვქნა, ძალიან არ მინდა ააიპებში დავასაქმო ადამიანები, მაგრამ სუსი მირეკავს და მეუბნება, რომ ეს ადამიანი ამა და ამ პოზიციაზე უნდა მოიყვანოო“.

ანუ ეს თვითმმართველობები ყოველთვის არის საჯილდაო ქვა და მოქმედების არეალი ძალოვანი უწყებებისათვის. სხვაგვარად არცერთ ხელისუფლებას არ ესმოდა თვითმმართველობა და ნებისმიერი მცდელობა და საუბარი იმაზე, რომ ამ თვითმმართველობებს მიეცეთ მეტი უფლებამოსილება, მეტი ფინანსური რესურსი, მეტი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი მცნება მათთვის, იმიტომ, რომ მათ არ უნდათ ევროპული თვითმმართველობა საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ დღემდე გამოუძიებელია ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების დანაშაულებრივი გარემოებები, სადაც მას პრაქტიკულად აიძულებდნენ პოლიტიკური კუთვნილება, პარტიის წევრობა დაეთმო გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ.

დღემდე გამოუძიებელია ეს საკითხი. სწორედ ამგვარმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა მისცა ქართულ ოცნებას იმის საშუალება, რომ ბათუმის საკრებულო, სადაც პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდა ძალაუფლება, 2021 წელს დაეკომპლექტებინა საკუთარი უმრავლესობით. ეს მოხდა მას შემდეგ რაც რამაზ ჯინჭარაძე წაიყვანეს კანდიდატად იმ უბანში, იმ ოლქში, იმ მაჟორიტარულ ოლქში სადაც მდებარეობს ოცნების ქალაქი და ამ არჩევნებამდე 500 ადამიანი გადაწერეს ერთ მისამართზე, რომ მიეღოთ მეტი ხმა.

სწორედ ამ გზით მიიღეს მათ უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში და საკრებულოს უმრავლესობა ახლა არის ქცეულია ტაშისმკვრელ საზოგადოებად, რომლებიც ამბობენ, რომ ბათუმში ყველაფერი გადასარევადაა, რომელიც ამბობს, რომ რაში გვჭირდება მძიმე ტექნიკა, რომელიც ათ წელიწადში მოსულ დიდ თოვლს გაწმენდს, პრაქტიკულად ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი იყო პარალიზებული.

ბათუმი არის ქალაქი, რომელსაც არ აქვს გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი, წყალმომარაგება და წყალანირება, რომელსაც მოსაცდელებიც კი არ აქვს ნორმალური, და უზარმაზარი უფსკრულია უბნებს შორის განვითარების თვალსაზრისით.

სადაც არ ჰყოფნის მოსახლეობას მუნიციპალური საბავშვო ბაღები, სადაც ადამიანები გვეხოცებიან იმის გამო, რომ მთელი რიგი უკანონო მშენებლობებიდან ავდრის დროს ცვივა ფიცრები და სამშენებლო მასალები, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე წლიდან წლამდე იმატებს უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი.

ლელა სურმანიძე მერიიდან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ თანამდებობა დატოვა. ცვლილება დღეს, 13 მაისს მოხდა, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი.

ლელა სურმანიძე ბათუმის მერიის მოადგილედ 2017 წელს დანიშნა მაშინდელმა მერმა, ლაშა კომახიძემ. ის მერიაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან მივიდა და წლების განმავლობაში სოციალურ საკითხებს კურირებდა.

ლელა სურმანიძემ პოსტი შეინარჩუნა მას შემდეგაც რაც ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გახდა და მერის მოადგილედ მუშაობდა დღემდე.

დღეს, 13 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ მან თანამდებობა დატოვა და უკან, ჯანდაცვის სამინისტროში დაბრუნდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ.

ამავე თემაზე: 

ვინ არის გიორგი მურვანიძე, ვის დანიშვნასაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად აპირებენ 

„ნაკელს გვაჭმევენ და გვასმევენ“ – რა აჩვენა შუახევის წყლის ლაბორატორიულმა კვლევამ

„შუახევის წყალში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები“ – ამბობს შუახევში მცხოვრები ლია ქამადაძე „ბათუმელებთან“, რომელმაც შუახევის წყლის ანალიზი კერძო ლაბორატორიაში საკუთარი ინიციატივით გააკეთა.

მისი თქმით, წყლის ლაბორატორიული ანალიზის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შენიშნა, რომ ონკანიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში მღვრიე წყალი მოდიოდა, შუახევის მერიიდან კი მთელი თვის განმავლობაში ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე – აკმაყოფილებს თუ არა შუახევის წყალი სტანდარტს და ხომ არ არის ის ჯანმრთელობისთვის საშიში.

„ჯანმრთელობის პრობლემები გამიჩნდა. წყლისგანაა ეს გამოწვეული თუ სხვა რამისგან, არ ვიცი, ამიტომ წავედი გამოკვლევაზე თურქეთში.

სამწუხაროდ, ჩვენთან შუახევის წყალი არასდროს იყო ნორმალური, მაგრამ ბოლო ორი წელია კიდევ უფრო საშინელია.

ამაში ვგულისხმობ იმას, რომ წყალი არის ამღვრეული, დააყენებ და საშინელი ნალექი აქვს, ბინძურია ვიზუალურადაც.

ჯერ კიდევ გასულ წელს მივწერე შუახევის მერიას ფეისბუქის გვერდზე წყლის ხარისხთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არავინ გამცა.

წარმოიდგინეთ, მოდის ბინძური წყალი და ისიც გრაფიკით. სკოლაში ვმუშაობ და ათის ნახევარზე წყალი რომ შეწყდება, პირველ საათამდე არ მოდის. წყდება ორზე და მერე ისევ საღამოს ექვსიდან თერთმეტამდე ირთვება. ხვდებით ხომ, რა მდგომარეობა შეიქმნება უწყლოდ, საპირფარეშოებში.

რადგან შარშან არავინ გამომეხმაურა, მივწერე წელსაც მერიას, ისევ ფეისბუქზე. როცა ისევ არავინ მიპასუხა, შემდეგ, შუახევის მერის, ომარ ტაკიძის გვერდს მივწერე და არც იქ მიპასუხა არავინ.

შემდეგ მითხრეს, რომ დავუკავშირდე მერიის სერვისების მართვის სააგენტოს. მოვიძიე ნომერი და ვიკითხე, როგორ შეიძლება ასეთი წყალი მოდიოდეს – მეთქი.

რა თქმა უნდა, არც ანალიზის პასუხები მოუწოდებიათ, არც პასუხი გამცეს. შემდეგ მერთან დავიწყე რეკვა, თუმცა არც ის მპასუხობდა ზარებზე. მივწერე პირად შეტყობინებაშიც, რომ შუახევის წყალი ბინძურია, არავინ მცემს პასუხს და იქნებ რეაგირება მოახდინოთ- მეთქი, თუმცა არც ამ შეტყობინებაზე მიპასუხა მერმა.

ორჯერ მივაკითხე მერიაში და არ არისო მითხრეს. მესამე ვიზიტი დამჭირდა, რომ შემთხვევით მენახა მერი კაბინეტში. ვკითხე, ნუთუ არ შეგიმჩნევიათ ან არ გაწუხებთ შუახევის ბინძური წყალი-მეთქი? ვუთხარი, რომ მქონდა ლაბორატორიის დასკვნა, რომელიც ჩემივე სახსრებით გავაკეთე და გავუგზავნე ეს დასკვნაც“, – ამბობს ლია ქამადაძე.

შუახევის ცენტრალური წყლის სინჯი, რომელიც ყოფილი პანსიონის შენობიდან იყო აღებული, კერძო ლაბორატორია „მეგატესტში“ 2025 წლის აპრილში გაიგზავნა.

ლაბორატორიული კვლევის პასუხში, რომელიც 14 აპრილს გახდა ცნობილი, ნათქვამია, რომ აღებულ სინჯში აღმოჩნდა ისეთი მავნე ბაქტერიები, როგორიცაა „საერთო კოლიფორმული ბაქტერიები“, E.coli, Streptococcus faecalis / Intestinal enterococci, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წყლის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სასმელ წყალში არ უნდა იყოს.

სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სასმელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით, ქიმიური შემადგენლობით – უვნებელი და ჰქონდეს კეთილსასურველი ორგანოლეპტიკური თვისებები.

სასმელ წყალში არ დაიშვება შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი წყლის ორგანიზმებისა და ზედაპირული აპკის არსებობა.

წყლის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სასმელი წყლის ეპიდემიური უსაფრთხოება განისაზღვრება მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლების ზემოთ აღნიშნულ ცხრილში მოცემულ ნორმატივებთან შესაბამისობით.
შუახევის წყალში აღმოჩენილი ბაქტერიები. ანალიზი გაკეთებულია კერძო ლაბორატორია „მეგატესტის“ მიერ.

სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, შუახევის წყალში აღმოჩენილი ბაქტერიების ნორმა შეუსაბამოა წყლის დადგენილ სტანდარტთან.

როგორც ლია ქამადაძე ამბობს, წყლის სინჯები დადგენილი სტანდარტით იყო აღებული, ლაბორატორიულ ჭურჭელში, ონკანის დამუშავების შემდეგ.

„როგორც ამიხსნეს ლაბორატორიაში, იმ სტანდარტით ავიღე წყალი. მითხრეს, რომ არ უნდა ყოფილიყო ახალ დენილი წყალი, რომ ონკანი უნდა ყოფილიყო სუფთა და უნდა ყოფილიყო მომწვარი ცეცხლით, რომ ონკანის ზედაპირზე არსებული ბაქტერიები არ მომხვდარიყო სინჯში.

კი ვიცოდი, რომ ბინძური იყო, მაგრამ პასუხებით გაოცებული დავრჩი. ხუთი კრიტერიუმიდან ოთხს ვერ აკმაყოფილებს ეს წყალი და ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიებია ამ წყალში, საიდანღაც ფეკალიებიც ერევაო, მითხრეს ლაბორატორიაში.

„სანტეს“ და „სოფლის ნობათის“ ამბები ტრიალებდა იმ პერიოდში და პირველი რაც გავიფიქრე, იყო, რომ ნაკელს გვაჭმევენ და ნაკელს გვასმევენ – მეთქი.

ლაბორატორიაში მკითხეს, შუახევის ცენტრალურ წყალს ფილტრი არ აქვს, არ მუშავდებაო? მე არ ვიცი, ისიც კი არ ვიცი, საიდან მარაგდება შუახევი ამ წყლით“, – ამბობს ლია ქამადაძე.

მისი თქმით, კერძო ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ, ის მერიის შესაბამისი სამსახურიდან ითხოვდა ეჩვენებინათ კვლევა, თუკი ჰქონდათ რაიმე ჩატარებული წყლის ხარისხზე ან ამის შემდეგ მაინც ჩაეტარებინათ, რომ გაეგოთ წყლის არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათ ეს კვლევა არც ამის შემდეგ წარმოუდგენიათ.

„ერთმანეთს ეკითხებოდნენ – „ბოლოს როდის გავაკეთეთ?“ – ესეც არ იცოდნენ. ერთადერთი შედეგი ამ ამბის ის არის, რომ მერთან შეხვედრის შემდეგ, მითხრეს, რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს და წყლის ხარისხი გაუმჯობესდებაო. ვიზუალურად მართლაც უკეთესი წყალი მოდის ახლა, ამღვრეული აღარ არის, მაგრამ წყლის მიკრო-ბიოლოგიური ანალიზი გააკეთეს თუ არა, არ ვიცი.

ვითხოვ მაისის თვის წყლის ლაბორატორიულ ანალიზს და ისევ არავინ მპასუხობს, ისევ არავინ მიგზავნის დოკუმენტს“, – ამბობს ლია ქამადაძე.

მისი თქმით, ის კიდევ აპირებს ლაბორატორიული ანალიზის დამოუკიდებლად გაკეთებას მაისში, რომ გადაამოწმოს, შეიცვალა თუ არა რაიმე წყლის ხარისხში.

„85 ლარი დამიჯდა ამ წყლის ანალიზი, მაშინ როცა, სახელმწიფო ვალდებულია მე, როგორც მოქალაქეს, მომაწოდოს ინფორმაცია წყლის ხარისხზე და წარმომიდგინოს ლაბორატორიული კვლევის ანალიზიც.

მე ვიბრძვი ჩემი მოსწავლეების ჯანმრთელობისთვისაც, რადგან ამაზე ხმას არავინ იღებს, მაშინ როცა საქმე ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება.

არაერთხელ იყო სკოლაშიც ფაქტი, როცა მოსწავლე გეუბნება -„მას, მუცელი მტკივა“.

მე არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ბავშვების ჩივილები ამ წყლის ხარისხს პირდაპირ, მაგრამ ფაქტია, რომ წყალი არის უხარისხო და სახელმწიფო ვალდებულია, შეამოწმოს მისი ხარისხი და მომხმარებელს ჰქონდეს წყლის ხარისხზე ზუსტი ინფორმაცია“, – ამბობს ლია ქამადაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შუახევის მერიას და ჰკითხა, თუ აქვთ ინფორმაცია, ბოლოს როდის ჩატარდა სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი და აკმაყოფილებს თუ არა წყალი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სტანდარტს.

შუახევის მერიაში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. მოგვიანებით გამოგვეხმაურა პრესსამსახური, რომელმაც მოგვწერა, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ. „ბათუმელები“ მერიას წერილობითაც მიმართავს. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

__________________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ვინ არის გიორგი მურვანიძე, ვის დანიშვნასაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად აპირებენ 

ბათუმის მერის მოვალეობას სავარაუდოდ გიორგი მურვანიძე შეასრულებს. მისი წარდგენა მერის მოვალეობის შემსრულებლად ხვალ, 14 მაისს იგეგმება.

მერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დღეს, 13 მაისს, ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

არჩილ ჩიქოვანს სამი მოადგილე ჰყავდა – ნუკრი დეკანაძე, რომელიც ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა, სოფო ხალვაში და ლელა სურმანიძე.

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, 13 მაისს თანამდებობა დატოვა ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, რომელიც მერიაში სოციალურ საკითხებს კურირებდა. ის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს სამუშაოდ მინისტრის მოადგილის პოსტზე.

რაც შეეხება ვიცე-მერს, ნუკრი დეკანაძეს, კანონის მიხედვით მას უნდა შეესრულებინა მერის მოვალეობა ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ჯერჯერობით, უცნობია რჩება თუ არა ის თანამდებობაზე. ასევე უცნობია, პროცედურულად როგორ მოხდა, რომ ვიცე-მერის ნაცვლად მერის მოვალეობას ახლად დანიშნული კადრი შეასრულებს.

ნუკრი დეკანაძემ „ბათუმელების“ ზარს უპასუხა, თუმცა კითხვაზე, რჩებოდა თუ არა თანამდებობაზე, პასუხი ვერ მივიღეთ. მან პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, ვინ დარჩა და ვინ წავიდა მერიიდან.

დადასტურებული ინფორმაციით, მერის მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს სოფო ხალვაში.

  • ვინ არის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე

გიორგი მურვანიძის ოფიციალური ბიოგრაფია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საიტზე იძებნება.

მისი კარიერა 2003 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემულ გაზეთში დაიწყო, რომელსაც ერქვა „სრულიად არასაიდუმლოდ“, სადაც გიორგი მურვანიძე იურიდიული განყოფილების უფროსად მუშაობდა.

2004-2005 წლებში იყო ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი, ხოლო 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.

2007 წელს მუშაობა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე განაგრძო. 2014 წლიდან კი ბიუროს უფროსის მოადგილის და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა.

„რა ახალი დანაშაული, მეორედ გაარტყამდა სილას?“ – ექს-მოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

„ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, თავდასხმად შეიძლება მოვიაზროთ სიტყვიერი შეურაცხყოფაც, გარკვეულ დროში ესეც შეიძლება თავდასხმად დააკვალიფიციროს სასამართლომ,“ – მზია ამაღლობელისთვის წარდგენილ უკანონო ბრალდებაზე ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე გვესაუბრა.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი გამოცემების: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.

ქეთევან ერემაძის მოსაზრებით, მზია ამაღლობელის, როგორც დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებლის დასჯა არალეგიტიმური ხელისუფლების თვითმიზანია. მისივე აზრით, სისხლის სამართლის კოდექსში ტერმინი „თავდასხმა“ განჭვრეტადი არ არის და იგი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ უზენაესი სასამართლოს აქამდე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ამ ტერმინის გონივრული განმარტების შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ სილის გაწვნას თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის „სამსახურებრივ საქმიანობაზე“ – ყოფილი მოსამართლის აზრით, მზია ამაღლობელის სილა არ უკავშირდებოდა ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. „მაყურებლის თვალით ეს იყო უფრო მზია ამაღლობელის ემოციური რეაქცია მის შეურაცხყოფაზე, რომელიც მან განიცადა მისი უსამართლო ადმინისტრაციული დაკავების გამო,“ – მიიჩნევს ქეთევან ერემაძე.

„ბათუმელებმა“ ქეთევან ერემაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

  • ქალბატონო ქეთევან, თქვენთვის რას აჩვენებს სამართლებრივად „მზია ამაღლობელის საქმე“, არის ის პოლიტიკური პატიმარი? 

სისხლის სამართლის წესით სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ადამიანებთან ურთიერთობა, ანუ სისხლის სამართლის ნორმების გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც დანარჩენი სამართალი განიარაღებულია შესაძლებლობისგან, გაუმკლავდეს კონკრეტულ პრობლემებს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მზია ამაღლობელის დასჯა არის ხელისუფლების არათუ მიზანი, არამედ თვითმიზნის დონეზე აყვანილი საკითხი.

დიდ სურათში თუ დავინახავთ ამ თემას, ეს არის ჟურნალისტის სანიმუშოდ დასჯა და ამის თვითმიზნად გადაქცევა. ეს არის მთლიანად მედიასთან დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან.

ხელისუფლება არ არის მზად, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები, არ არის მზად, აიტანოს მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ამიტომაც ეძებს გზებს, როგორ გაუმკლავდეს მას. ქალბატონ მზია ამაღლობელთან სისხლის სამართლის წესით საუბარი, დიახ, ერთ-ერთი ფორმაა დამოუკიდებელ მედიასთან გამკლავების.

  • გარდა იმისა, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია და უკანონო, იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემაა „თავდასხმის“ განჭვრეტადობა, რომ ის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა… თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ კუთხით, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ? 

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორი საკითხი: ტერმინი თავდასხმა არის თუ არა განჭვრეტადი ისე, რომ ყოველ ჯერზე მისი სწორად გამოყენება ხდებოდეს და მეორეა: რამდენად იყო მზია ამაღლობელის შემთხვევა დაკავშირებული პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებასთან?

ჩემი აზრით, ორივე საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს სსკ-ის 353-ე პრიმა ერთი მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

ერთი მხრივ, ამ ნორმის განჭვრეტადობის პრობლემა ნამდვილად ხელშესახებია. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს დადგენილი ძალიან მაღალი სტანდარტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობისადმი, მათი განსაზღვრულობის აუცილებლობასთან დაკავშირებით: ადამიანებმა უნდა შეძლონ სწორად გაგება, რა შემადგენლობა ქმნის, როგორი ქმედება ქმნის კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას საიმისოდ, რომ მათ შეძლონ საკუთარი ქმედების მისადაგება კანონის მოთხოვნებთან. მოქალაქეს უნდა შეეძლოს განჭვრიტოს თავისი ქცევის სამართლებრივი შედეგი.

მეორე მხრივ, განჭვრეტადობა ძალიან მნიშვნელოვანია თავად სამართალშეფარდებისთვის, ტერმინი „თავდასხმა“ კი, ძალიან ბევრი ამპლიტუდით მოქმედების საშუალებას აძლევს სამართალშემფარდებელს. ის, როგორც შეცდომის დაშვების, ასევე, მისი თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობასაც ქმნის.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ არა ამომწურავი, მაგრამ გარკვეული ტიპის სტანდარტები ამ დრომდე დადგენილი აქვს უზენაეს სასამართლოს. ამ კრიტერიუმების მიხედვითაც მზია ამაღლობელის მიმართ არ უნდა ხდებოდეს სსკ-ის 353-ე პრიმა ერთი მუხლის გამოყენება.

  • არსებობს რისკი, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ ამ დრომდე დადგენილი პრაქტიკა შესაძლოა არ აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი მზია ამაღლობელის საქმეში? 

საერთოდ ნორმის არაგანსაზღვრულობის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის პრაქტიკა, რომელიც გამოხატავს, რომ წინააღმდეგობრივია ნორმა: პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებები განსხვავებულია.

მართალია, რამდენიმე შემთხვევაში უზენაესმა სასამართლომ შეძლო უკეთესი კრიტერიუმის დადება, მაგრამ, ცხადია, რომ ნორმა იძლევა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

არაფერი გამორიცხავს იმას, რომ ხვალ და ზეგ იმავე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში გაჩნდეს ისეთი კრიტერიუმი, რომელიც უფლების დარღვევის რისკების გამოწვევით ნორმის გამოყენების შესაძლებლობას შექმნის.

ამიტომაც, ამ ნორმას განსაზღვრულობის, განჭვრეტადობის პრობლემა ნამდვილად აქვს.

  • ხედავთ საფუძველს, რომ თავდასხმის ეს ნორმა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში? 

ნამდვილად არსებობს ამის საფუძველი, მაგრამ პერსპექტივა როგორია, ვერ გეტყვით, ბოლო წლების პრაქტიკიდან გამომდინარე. ნორმალურ შემთხვევაში, თუ გვექნებოდა სანდოობა სასამართლოს მიმართ, მათ შორის, განუსაზღვრელობის მიზეზით, შეიძლებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.

ეს იქნებოდა ძალიან კარგი, რადგან ნორმა ახალია, პრაქტიკა – უკვე წინააღმდეგობრივი: არ ვიცით, როგორი იქნება შემდგომი განმარტება.

აქამდე ეს ნორმა როგორც განმარტეს პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებმა, აშკარად არაგონივრული განმარტებები იყო. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, თავდასხმად შეიძლება მოვიაზროთ სიტყვიერი შეურაცხყოფაც და გარკვეულ დროში ესეც შეიძლება თავდასხმად დააკვალიფიციროს სასამართლომ.

ზოგადად ის, რომ წინა ინსტანციების გადაწყვეტილებას ცვლის უზენაესი სასამართლო, ნორმალური ვითარებაა: ინსტანციურობა იმიტომ არსებობს, რომ პირველ ინსტანციაში თუ დაშვებულ იქნა შეცდომა, ზემდგომმა ინსტანციებმა ეს უნდა გამოასწორონ, მაგრამ ნორმა პერსპექტივაში არ გამორიცხავს იმას, რომ, მათ შორის უზენაეს სასამართლოს ჰქონდეს განსხვავებული, ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც უფლებების დარღვევას არ გამორიცხავს. თავად ნორმა არ იძლევა მინიმალურ კრიტერიუმს საიმისოდ, რომ სწორი დიაპაზონის შეგრძნება ჰქონდეს სამართალშემფარდებელს.

  • უზენაესი სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებითაც, სილის გაწვნა არ შეიძლება ჩაითვალოს თავდასხმად? 

როგორც აღვნიშნე, უზენაეს სასამართლოს აქვს რაღაც ტიპის კრიტერიუმები, რომელიც ამომწურავი არ არის, მაგრამ არის კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება განსაზღვრო, რა შეიძლება დაკვალიფიცირდეს თავდასხმად.

ამ სტანდარტითაც რომ იმოქმედოს სასამართლომ, მან უნდა გამორიცხოს თავდასხმა.

ამ ნორმის გონივრული განმარტების პირობებში 353-ე პრიმა ერთი მუხლი არ უნდა გამოყენებულიყო და ამ მუხლით მზია ამაღლობელი არ უნდა გასამართლდეს. ამ პირობებში, როცა არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც უკეთესი განმარტების შესაძლებლობას იძლევა, ესეც საკმარისი უნდა იყოს სასამართლოსთვის, რომ 353-ე პრიმა ერთი მუხლით არ გასამართლდეს მზია ამაღლობელი.

  • წინა სხდომაზე მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა გვითხრა, „არსებითი ზიანი მოჰყვა თუ არა ტკივილს, მნიშვნელობა არ აქვსო“. მას ჩვენ ვკითხეთ, რა ზიანი მიადგა დაზარალებულს სილის გაწვნის შედეგად…

დაზარალებულმა რაღაც ტიპის ზიანი უნდა მიიღოს: ფიზიკური, მატერიალური, მორალური…

რაზეც საუბრობს დაზარალებული, რომ მან ფიზიკური ტკივილი განიცადა, ფორმალურად ეს შეიძლება ჰგავდეს 126-ე მუხლს [ძალადობა] და არცერთ შემთხვევაში 353-ე პრიმა ერთ მუხლს, თუმცა მეორე საკითხია – რამდენად განიცადა დაზარალებულმა ზიანი? რამდენად დამაჯერებელია, რომ ქალის მხრიდან სილის გაწვნა შეიძლება იწვევდეს იმ სიმძიმის ტკივილს, რომ თუ არა სისხლის სამართლის წესით გასამართლება, სხვაგვარად ამ პრობლემასთან გამკლავება შეუძლებელი იქნებოდა.

კონკრეტული ზიანის გარეშე შეუძლებელია დანაშაულის შემადგენლობაზე ვისაუბროთ. მეორეს მხრივ, რა ინფორმაციაც ჩემთვის ხელმისაწვდომია, 353-ე პრიმა ერთი მუხლი აბსოლუტურად უსაფუძვლოა რამდენიმე მიზეზით: ერთია თავად ნორმის განუსაზღვრელობა, მეორეა ის, რომ ამ ნორმის მინიმალურად გონივრული განმარტების შემთხვევაშიც კი, ასეთი კვალიფიკაცია თავიდან უნდა ყოფილიყო აცილებული.

მესამე საკითხია ამ ნორმით გათვალისწინებული „პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობასთან“ კავშირი: მყიფედ გამოიყურება ეს საკითხი, რამდენად იყო დაკავშირებული მზია ამაღლობელის ქმედება პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან? მაყურებლის თვალით ეს იყო უფრო მზია ამაღლობელის ემოციური რეაქცია მის შეურაცხყოფაზე, რომელიც მან განიცადა მისი უსამართლო ადმინისტრაციული დაკავების გამო. ფაქტია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობაც არ იყო იმ ქმედებაში, რასაც ედავებოდნენ მზია ამაღლობელს პირველი დაკავების დროს – სტიკერის გაკვრა არ არის ასკ-ის 173 მუხლის ფორმალური შემადგენლობა [ეს მუხლი გულისხმობს პოლიციელის შეურაცხყოფას, ან მისთვის წინააღმდეგობის გაწევას].

  • პოლიციის მაღალჩინოსნებმა დაარღვიეს მზია ამაღლობელის გამოხატვის თავისუფლება, როცა ის სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს? 

მათ შორის, დაირღვა გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება მოიცავს არამხოლოდ შინაარსს, არამედ ფორმას.

  • რაც შეეხება მზია ამაღლობელის პატიმრობას, ამ ნაწილში რამდენად დასაბუთებული გეჩვენათ სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა მოსამართლემ პროკურორების არგუმენტი გაიზიარა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობსო?

რა ახალი დანაშაული, რომ მეორედ გაარტყამდა სილას? თუ რას გააკეთებდა? ეს წარმოუდგენელია.

საერთოდ, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, ეს იქნება დაკავება, თუ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, ასევე, შემდგომში უკვე საპატიმრო სასჯელი – თავისუფლების შეზღუდვა, უნდა გამოიყენებოდეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა სხვაგვარად პრობლემასთან გამკლავება შეუძლებელია.

აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის საფუძველი რა არის? ეს უნდა იყოს რეალისტური საფრთხეები, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უნდა მტკიცდებოდეს ეს საფრთხეები, რომ პირი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ან პირი მიემალება მართლმსაჯულება, გავლენას მოახდენს მოწმეებზე…

მძიმე დანაშაულის მუხლით ბრალდებაც კი, ან წინარე ნასამართლობაც არაა საკმარისი, რომ ამ საფუძვლით აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა იქნას გამოყენებული.

კობახიძის წერილი დიპლომატიური ჰარაკირია – ინტერვიუ

„რეალურად, სანქციებზე რეაგირება აჩვენებს, რომ ძალიან სერიოზულ ფინანსურ დარტყმას იღებს პარტიის ჩრდილოვანი თუ საპატიო ლიდერი, რომლის მთავარ, ღერძულ ფიგურაზეა დაფუძნებული და აწყობილი მთლიანად პარტიის ფინანსები, რიტორიკა და მერე ქვეყნის მართვის ტემპიც“- ამბობს ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარი.

რა იკითხება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართულ ღია წერილში, რომელიც დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა? – „ბათუმელები“ ნინო სამხარაძეს ამ თემაზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, რა განცდა დაგიტოვათ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, კობახიძის ტრამპთან გაგზავნილმა წერილმა, რაზე მეტყველებს ეს წერილი?

განწყობა, ტონი და ტემპი ისეთი აქვს ამ განცხადებას, გვაგრძნობინებს, რომ ყველა სხვა კომუნიკაციის მცდელობა, თუნდაც მინიმალურ დონეზე, რაც აქამდე ჰქონდა პარტიას ვაშინგტონთან, ამ ეტაპზე არის შეწყვეტილი.

წერილში საუბარი იყო, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ლობიზე ვაშინგტონში, საუბარი იყო ტრამპთან იდეოლოგიურ თანხვედრაზე, საუბარი იყო მინისტრების დონეზე შესაძლო შეხვედრებზე და აი, ყველა ეს კომუნიკაცია ამ ეტაპზე არის ან უკვე ოფიციალურად გაწყვეტილი, ან პარტიისთვის არ არის საკმარისი, რომ პარტიამ თავი გადაირჩინოს, ლეგიტიმაცია შეინარჩუნოს აშშ-ის მხარდაჭერით.

აქედან გამომდინარე, ეს წერილი დიპლომატიური ჰარაკირია ფაქტობრივად, ნებისმიერი მთავრობისთვის, ამ შემთხვევაში „ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ დიპლომატიის გათვლას მე ამაში ვერ ვხედავ. ამომრჩევლისთვის, მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლის საწყისს უფრო ვხედავ.

  • სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა ამ წერილს და თქვა, რომ ეს არის სასოწარკვეთილების წერილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, სასოწარკვეთილია „ოცნება“?

დიახ, ვეთანხმები ამ ფრაზას, რადგან ასე გამოიყურება სასოწარკვეთა და ეს განპირობებულია იმით, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი სერიოზულად აწუხებს პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ ის ამას არ იმჩნევს და ხშირად სარკაზმით პასუხობს.

ნებისმიერ პარტიას სჭირდება ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ სახელმწიფო მართოს. ამ ლეგიტიმაციის მნიშვნელობას პარტიას ძალიან კარგად ხვდება და მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის უფრო ევროპული ნაწილი ლეგიტიმაციას არ აძლევს ამ ფორმაციის მთავრობას, ბოლო იმედი იყო ფაქტობრივად დემოკრატიული სამყაროსგან ამერიკული ლეგიტიმაციის მიღება.

ლეგიტიმაციის სხვა წყაროები, ცხადია, უჭირავს ხელში „ქართულ ოცნებას“, რუსეთიდან, ირანიდან, მეზობელი არადემოკრატიული რეჟიმებიდან, მაგრამ ეს „ქართული ოცნებისთვის“ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახალხო მხარდაჭერა შეინარჩუნოს ისე, რომ ის მორყეული სცენარი, რაც მას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ელის, მყარად შეინარჩუნოს.

აქედან გამომდინარე, დასავლური სამყაროს ლეგიტიმაციის ბოლო იმედიც რადგან დაკარგა, სიტყვა „სასოწარკვეთას“, ძალიან თამამად გამოვიყენებდი მეც.

  • დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დასავლეთი ეხმარება საქართველოს ფინანსურად და ამ დრომდე, იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორიც. კობახიძე აშშ-ს აყვედრის მაგალითად იმას, რომ სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო მაღალი. რას ცდილობს კობახიძე ამის შეხსენებით, მაშინ როცა, თავად დააზიანეს ეს თანამშრომლობა?

კონკრეტულად ამ განცხადებითაც და ზოგადად, პარტიის რიტორიკაშიც ამოცანა არის დევალვაცია მოახდინოს ყველა იმ სარგებლის და ღირებულების, რასაც კარგავს „ქართული ოცნება“ დიდწილად თავისივე ნებით, აგრესიით, კონფრონტაციითა და მისივე ინიციატივით, მაგრამ ეს მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით და უახლოეს მომავალში უფრო კარგად გამოჩნდება ეს დანაკარგები სოფლის მეურნეობის, ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურის, დემოკრატიის მშენებლობის მიმართულებით, თუ რამხელა დანაკარგები განვიცადეთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის ჩახსნით ვაშინგტონთან.

ამიტომ ამ დანაკარგს სჭირდება გამართლება და ამას უდევს საფუძვლად გაუფასურება აქამდე არსებული იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის, რაც აშშ-ს ამ დრომდე გამოუხატავს გნებავთ პოლიტიკურად, გნებავთ კულტურად, ფინანსურად და გნებავთ გეოპოლიტიკურად, საქართველოს მიმართ.

  • წერილში კობახიძე ასევე ახსენებს USAID-ს NED-ს, რომ თითქოს ისინი ექსტრემიზმს აფინანსებენ საქართველოში, ეწევიან ეკლესიის დისკრედიტაციას და ასევ შემდეგ. ამ ორგანიზაციების ხსენებით კობახიძე ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც საერთო პოზიციებს შეიძლება ჩაეჭიდოს ტრამპთან ურთიერთობისას?

„ოცნება“ ცდილობს ბევრი თვალსაზრისით დაამთხვიოს თავისი რიტორიკა ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკას. ხშირად ეს ხელოვნურადაც გამოიყურება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების გადახედვა, არ ნიშნავს დემოკრატიაზე თავდასხმას. ეს ასე არ აღიქმება ვაშინგტონში.

„ოცნების“ მიზანი სხვა არის. ამ შემთხვევაში მას სურს, რომ შეზღუდოს კრიტიკული აზრის და დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში. ვაშინგტონის ამოცანა კი იმ პროგრამების ეფექტურობის გადახედვაა, რომელიც ამერიკელი გადამხდელების მიერ ფინანსდება.

ეს დამთხვევა არის მხოლოდ ხელოვნური, ამიტომ ვერც ამ ნაწილს მოერგო ზუსტად „ქართული ოცნების“ თავდასხმები.

  • კობახიძის და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ სანქციები არ მუშაობს, რომ არაფერს ნიშნავს „მეგობარი აქტი“ და ასე შემდეგ. მაგრამ, ამ წერილში იგრძნობა სხვა რიტორიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც აბსურდულს და მტრულად გამსჭვალულს უწოდებს კობახიძე „მეგობარ აქტს“. ფიქრობთ, რომ რეალურად გაცილებით მტკივნეულად რეაგირებს „ოცნება“ „მეგობარ აქტზე“?

რეალურად, სანქციებზე რეაგირება აჩვენებს, რომ ძალიან სერიოზულ ფინანსურ დარტყმას იღებს პარტიის ჩრდილოვანი თუ საპატიო ლიდერი, რომლის მთავარ, ღერძულ ფიგურაზეა დაფუძნებული და აწყობილი მთლიანად პარტიის ფინანსები, რიტორიკა და მერე ქვეყნის მართვის ტემპიც.

ფაქტია, რომ ზოგი სანქციების საგანია, ზოგი კიდევ ამ სანქციების რისკის წინ დგას, თუმცა ახლა მათთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილს ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობების საფუძველზე ზედმეტი საფრთხეები აღარ შეექმნას ბიზნესის წარმოებაში, მოგებაში და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში.

თუმცა პარტიისთვის კონტრპროდუქტიული იქნება, თუკი საკითხს ასე ღიად დასვამენ, რადგან მათ ძალიან სჭირდებათ ახლა საზოგადოების თუნდაც ნაწილის ან მხარდაჭერა, ან სიჩუმე. ამიტომ მათ ურჩევნიათ, რომ კეთილშობილური სახე მისცენ ტრამპის მიმართ მოლოდინებს, რომ ტრამპს დააკისრონ ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა, რომ ტრამპმა დააფიქსიროს ამ სანქციების აბსურდულობა.

აი, ამის გამოტყუებას ცდილობენ.

  • „ბაიდენის დანაშაულებრივ ქმედებებს დღემდე არ ასწორებთ“ – ასე წერს კობახიძე წერილში. ამაზე აპელირებით ცდილობს ის სანქციებისგან თავის დაღწევას? 

პარტიებსა და ადმინისტრაციებს შორის დაპირისპირების ბუნება „ქართულ ოცნებაში“ ან კარგად არ ესმით, ან უბრალოდ იმის იმედი აქვთ, რომ საქართველოში ამომრჩეველს კარგად არ ესმის და ამ ნაწილს წაუყრუებს.

რა თქმა უნდა, დემოკრატიული ადმინისტრაციები არიან ხოლმე ერთმანეთთან კონფრონტაციაში, მაგრამ ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უწოდო „დანაშაულებრივი“, ეს ფაქტობრივად არის სახელმწიფოს ეროვნულ დონეზე შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დაპირისპირებული ძალაა ბაიდენის ხედვებთან და იდეებთან და ძალიან ბევრი პოლიტიკის რევიზიას აკეთებს. თუმცა საგარეო დონეზე, არა მგონია, რომ დიპლომატიამ და დიპლომატიის წესებმა „ქართულ ოცნებას“ ეს აპატიოს და ჩემი აზრით, ამას „ოცნებაშიც“ კარგად ხვდებიან, თუმცა ახლა მათთვის მთავარია ამომრჩეველი რას წაიკითხავს.

  • როცა კობახიძე ეკითხება წერილში ტრამპს, – „დიფ სთეითის დამარცხებას რეალურად შეძლებთ“? ან ის, რომ თურმე „დიფ სთეითს“ რევოლუციური სცენარი ჯერ კიდევ არ შემოუდია თაროზე, რამდენად სერიოზულად შეიძლება აღიქვან თუნდაც ამის შემდეგ ეს წერილი ვაშინგტონში?

მიუხედავად იმისა, რომ „დიფ სთეითი“ ტრამპისთვის ობიექტურად მნიშვნელოვანია, „დიფ სთეითის“ განმარტებები, საზღვრები და სიძლიერე და „ბრძოლის ველი“, ცოტა სხვანაირად იზომება ვაშინგტონში და აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობს „ქართული ოცნება“ ამის ქვეშ.

რევოლუციური სცენარის საკითხიც არის ამომრჩევლისთვის შემოგდებული, მაგრამ უკვე მოძველებული თემა, ვიდრე ვაშინგტონში სერიოზულად გასაგზავნი.

მე დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაციის ასეთი დონე, არ გვინახავს განცხადებები ვაშინგტონიდან საქართველოსკენ მომართული, ლოგიკა იმას მკარნახობს, რომ ეს არ არის სერიოზულად აღქმადი განცხადება ვაშინგტონში, პოტენციურადაც კი.

  • ამ წერილშიც კობახიძე იმეორებს, რომ რუსეთთან ომი დაიწყო სააკაშვილმა „დიფ სთეითის“ დავალებით.თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს ამ წერილის რეალური ავტორი, კრემლი თუ ივანიშვილი?

კრემლია-მეთქი, ამას პირდაპირ ვერ ვიტყვი მაგრამ, ფაქტია, რომ არა მხოლოდ ეს განცხადება, არამედ ზოგადი რიტორიკა „ქართული ოცნების“ წევრების და განსაკუთრებით ეს წერილი, რადგან ნიშანდობლივია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, ფაქტობრივად თანხვედრაშია, სინქრონშია და ერთმანეთის პარალელურად მიდის მთელი თავისი ნარატივებით, კონსპირაციებით და მათ შორის მუქარებითაც, კრემლის პროპაგანდასთან და კრემლის ამოცანებთან.

აქედან გამომდინარე, ეჭვობს კი არა, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ „ოცნება“ ცდილობს რაც შეიძლება ახლოს იაროს კრემლის ნარატივებთან, კრემლის პროპაგანდასთან.

განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, როცა თავად ვაშინგტონსა და კრემლს შორის არის დაძაბული ურთიერთობები უკრაინის თაობაზე.

აქედან გამომდინარე, მხარის არჩევა ამ წერილითაც ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შორდები ვაშინგტონს, ავტომატურად, ნულოვანი ჯამის თამაშის კონტექსტში, ნებისმიერ შემთხვევაში უახლოვდები მოსკოვს.

ამ წერილამდეც ასე იგრძნობოდა და ამ წერილმა უბრალოდ გააფორმა ეს ტემპი.

  • თუ საბოლოოდ გადაწყვეტილი აქვს „ოცნებას“ კრემლთან დაახლოება, მაშინ რაში სჭირდება ვაშინგტონის აღიარება. რისთვის ცდილობს ამ ლეგიტიმაციის მიღებას?

„ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში სახალხო განწყობა იყო უმთავრესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი.

რადგან საზოგადოებრივი განწყობა პროდასავლურია, ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ ძალას აქვს საფრთხე იმისა, რომ ფეხი წამოჰკრას ხალხს, როგორც გეოპოლიტიკურ მექანიზმს, ასე რომ ვთქვათ.

ეს ათწლეულების მანძილზე ასე იყო ჩვენს ქვეყანაში და სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა სახალხო, სამოქალაქო მედეგობა, პროდასავლური განწყობები, რადგან ზოგისთვის დასავლეთთან დაახლოება უსაფრთხოებაა, ზოგისთვის – ეკონომიკური განვითარება, ზოგისთვის – ღირებულებები, დემოკრატია. ამიტომ ეს მრავალფეროვნება საერთო პროევროპულ ჩარჩოს ქმნიდა ყოველთვის ქვეყანაში.

ამიტომ, რადიკალურად დასავლეთს ჩამოშორდე და მეორე მხარეს წახვიდე, რომელიც ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქმება ჩვენთან, ნებისმიერი პარტიისთვის ძალიან რთულია. თუმცა, სტრატეგიაა ესეც, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა გაძვრეს „ქართული ოცნება“ კრემლისკენ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ უპასუხეს კობახიძეს ვაშინგტონიდან, სერიოზულად არ აღიქვეს?

ჩემი დაკვირვებით, ორი ძირითადი საკითხია. პირველი ის, რომ ზოგადად გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ტრამპი ახლა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობს საგარეო არეალში, სადაც საქართველო არ ჩანს. მე დარწმუნებული ვარ, საქართველო უკრაინასთან თავსებადობაში რომ იყოს, მის მხარდამხარ რომ იბრძოდეს რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევისთვის, თუნდაც ევროინტეგრაციისთვის, უფრო შესამჩნევი იქნებოდა.

ამიტომ, გეოპოლიტიკურად ისე დაალაგა თავად „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ადგილი, ნაცრისფერ ზონას რასაც ვეძახით, უბრალოდ შეუმჩნეველია ტრამპისთვის, თავის მიმდინარე საქმეებში. ამიტომ არ არის ასე ადვილი ვერდიქტის სახით დადო ახალგაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე რაიმე ტიპის დინამიკა ან განვითარება.

ის, რომ კობახიძეს არ უპასუხეს, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საკითხი შიდა დემოკრატიის თვალსაზრისით ასევე ჩახსნილია და რადარს მიღმაა. დარწმუნებული ვარ, ადმინისტრაციაში გარკვეულ ტემპს, ჩვენთან რაც ვითარდება, უყურებენ.

ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები გვყავს აშშ-ში. ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს, რომელიც ეყრდნობა წლებს და ტრადიციებსაც. აქედან გამომდინარე, გნებავთ პროტესტი, გნებავთ სხვა ტექნიკური მახასიათებლები დემოკრატიისა – იქნება ეს პოლიტპატიმრები, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერება, სასამართლოს ფუნქციონირება თუ სხვა, რადარზე ნამდვილად ჩანს. „მეგობარმა აქტმა“ ეს გააქტიურა.

ამიტომ, ტრამპი რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს მაშინ, როცა ვაშინგტონშიც გარკვეული გეოპოლიტიკური კონტურები ჩამოყალიბდება.

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

კომპანია „პრომო ჰაუსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს  პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, ტექსტილის მიმართულებას და პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს. შექმნის იდეა ნატუკა ფოფხაძეს და თეკლა ჭუმბურიძეს მაშინ გაუჩნდათ, როცა წლების გამოცდილების საფუძველზე მიხვდნენ, მხოლოდ პროფესიონალიზმი არაა საკმარისი –  საჭირო იყო სივრცე, სადაც გუნდი ღირებულებებს, ესთეტიკასა და ხედვას თავისუფლად გამოხატავდა.

დროთა განმავლობაში, ეს ემოცია კონკრეტულ მიზნად იქცა — შექმნილიყო ადგილი, სადაც რეკლამა არა მხოლოდ სარეკლამო პროდუქტი იქნებოდა, არამედ ადამიანებთან კავშირის საშუალება. ასე დაიწყო „პრომო ჰაუსის“ გზა. ადამიანებზე ორიენტირებული და ღირებულებებზე დაფუძნებული იდეებით.

„პრომო ჰაუსის კონცეფცია ადამიანებზეა დამყარებული – მათზე, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ და ვისთვისაც ვქმნით. ჩვენს საქმეში მთავარია გულწრფელი დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ძალიან გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, და ეს სიყვარული გუნდის თითოეულ წევრზე გადადის.  სწორედ ამ ერთგულებაში, ენერგიასა და ურთიერთპატივისცემაში იბადება ის უპირატესობა, რაც პრომო ჰაუსს გამოარჩევს. ჩვენთვის რეკლამა არა უბრალოდ პროდუქტია, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაა”, — აღნიშნავს ნატუკა ფოფხაძე, „პრომო ჰაუსის“ თანადამფუძნებელი.

წარმატების გზაზე არაერთ გამოწვევასაც წააწყდნენ. რესურსების დეფიციტი, გუნდის სტაბილურობის შენარჩუნება, განვითარების გზაზე წარმოშობილი დაბრკოლებები — ეს მხოლოდ იმ გამოცდილებების ნაწილია, რომელსაც „პრომო ჰაუსმა“ წინ გადადგმული ნაბიჯებით უპასუხა. მათი ფილოსოფია ყოველთვის ერთსა და იმავეს უბრუნდება — პრობლემაში შესაძლებლობის დანახვა და გუნდური ძალით გამოწვევის გადაჭრა.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამაც. პარტნიორობა ბანკთან კომპანიამ განვითარების რამდენიმე კრიტიკულ ეტაპზე გადამწყვეტად შეაფასა — ფინანსური სტაბილურობა, მოტივაცია და მზარდი ნდობა ერთობლივად დაეხმარა „პრომო ჰაუსს“, რომ საკუთარი მისია კიდევ უფრო თავდაჯერებულად გაეგრძელებინა.

„თიბისის მხარდაჭერა არაერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადამწყვეტი აღმოჩნდა. მათთან პარტნიორობა მეტ სტაბილურობას და მოტივაციას გვაძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა განვითარებისთვის მყარად მდგომი პარტნიორი გჭირდება“. — ამბობს ნატუკა ფოფხაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიაში ახალი მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო ბრენდებთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ.

„არაფერს ვნანობთ, არაფრის გვეშინია“ – სინდისის პატიმრის, ლუკა ჯაბუას წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი, სტუდენტი ლუკა ჯაბუა ციხიდან წერილს აგზავნის. 4 მაისით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც  სტუდენტები არიან, ლუკა ჯაბუა წერს, რომ სჯერა, უპასუხოდ არ დარჩება ის ამბები, რაც ქვეყანაში ვითარდება.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ლუკა ჯაბუას წერილს:

„მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დრო და რესურსი დამითმეთ. მადლობა გვერდში დგომისთვის და ყველაფრისთვის, რაც ამ ყველაზე რთულ დროს გაიღეთ. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს საყვარელ მეგობრებს, კურსელებსა და ლექტორებს, ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში მედგრად და დაუღალავად ებრძვის ამ ბოროტებას, ქუჩაში დგომით, თუ სხვა სახით. ყველაზე დიდი ძალა თქვენში, სტუდენტებშია. მე ამის მჯერა და ეს არაერთხელ დადასტურებულა.

ასევე, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ქალებს და არ აღვნიშნო მათი მნიშვნელობა ამ ბრძოლაში. მათი შემართება და ბრძოლისუნარიანობა, სიმტკიცე, რომელიც მარო მაყაშვილს მომაგონებს, რომლის გმირობაც, ეროვნული ღირსებისა და თავისუფლების სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. მისი დღიური ასახავს იმდროინდელი ახალგაზრდობის სულისკვეთებას, სიყვარულს სამშობლოსადმი, შიშს თავისუფლების დაკარგვისა და დაუღალავ მზადყოფნას ბრძოლისთვის.

არ შემიძლია, რომ პარალელი არ გავავლო დღევანდელ ახალგაზრდობასთან. შეუძლებელია ამას ხედავდე და სიამაყით არ ივსებოდე.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ღირსეული ქვეყნის, ღირსეული შვილები, არასოდეს დავყრით ფარ-ხმალს და ყველა ბრძოლაში გავიმარჯვებთ სახელოვნად!

ჩვენ, პოლიტპატიმრები არცერთი წამით არაფერს ვნანობთ, არაფრის გვეშინია და ვიბრძვით, როგორც ეს შესაძლებელია – რის ძალასაც და მოტივაციასაც თქვენ გვაძლევთ.

მინდა ჩვენი მშობლების დაუღალავ წინააღმდეგობასაც გავუსვა ხაზი – მადლობა გადავუხადო მათ, რომ ჩვენ დაწყებულ ბრძოლას ასე ღირსეულად აგრძელებენ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა.

როდესაც მათ შვილებს ვხვდები, ისინი ღირსებას, სიმტკიცესა და პატრიოტიზმს ასხივებენ. მშობლებს შეუძლიათ, იამაყონ თავიანთი შვილებით, რადგან ისინი ოთხ კედელშიც კი მეტად თავისუფალი არიან, ვიდრე ნებისმიერი ის, ვინც ცდილობს, რომ ისინი გაასამართლოს, სრულიად უკანონოდ, სამშობლოს სიყვარულისთვის.

მახსოვს, როდესაც აქციიდან სახლში ვბრუნდებოდი, მანქანიდან გადმოსვლისას ტაქსის მძღოლმა მითხრა: „იმედია, შემდეგში ერთიან, ევროპულ საქართველოში შევხვდებითო“. მეც ამ სურვილით დაგემშვიდობებით და დავიტოვებ იმედს, რომ ძალიან მალე ერთიან, ევროპულ საქართველოში შევხვდებით.

ის საშინელებები, რაც ჩვენს თავს ხდება, მჯერა, უპასუხოდ არ დარჩება და მჯერა, რომ უკეთესი დღეები ძალიან მალე დაგვიდგება. გისურვებთ მხნეობას და გამძლეობას. მიყვარხართ და მეამაყებით. შეხვედრამდე“.

ლუკა ჯაბუა 2024 წლის 6 დეკემბერს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლუკას წინააღმდეგ საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი ვიდეოჩანაწერი, დაკავების ოქმი და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლითაც ამოღებულია: ტელეფონი, სათვალე და ევროკავშირის დროშა.

ლუკა ჯაბუა თბილისში, „საქართველოს უნივერსიტეტში“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მეორე კურსზე სწავლობს. ისე, ზუგდიდელია, სადაც მისი დედა, ძმა და ბებიები ცხოვრობენ. ლუკას მამა ემიგრანტია, საზღვარგარეთ მუშაობს.

ამავე თემაზე: 

„სამშობლოს ნუ გვიკლავთ, მე აქ ცხოვრება მინდა“ – ვინ არის სინდისის პატიმარი ლუკა ჯაბუა

ბათუმის მერი გადადგა

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მერმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

“მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.
ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – დაწერა არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქზე.

არჩილ ჩიქოვანი 2020 წელს დაინიშნა ბათუმის მერის მოადგილედ, ხოლო მას შემდეგ რაც არჩეული მერი, ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

2021 წელს არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერად აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. თუმცა როგორც მისი წინამორბედის შემთხვევაში მოხდა, ვერც არჩილ ჩიქოვანმა მიიყვანა თავისი მერობის ვადა ბოლომდე.

არჩილ ჩიქოვანის  თანამდებობის დატოვებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა. ბათუმის მერის კარიერულ წინსვლას სწორედ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მხარდაჭერას უკავშირებდნენ.

სანამ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ კი მერი გახდებოდა, არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა თავის დროზე სწორედ ამ ახლო მეგობრული კავშირის გამო განხილვის თემა გახდა.

მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს, თორნიკე რიჟვაძე მისი მეჯვარეა

ბათუმის აეროპორტში თელავივი-ბათუმის რეისი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 13 მაისს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, ორი მცდელობის მიუხედავად ვერ დაჯდა.

თვითმფრინავი [ISR889] ამ წუთებში [12:29 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს.

ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, თვითმფრინავი ნისლის გამო ვერ დაჯდა აეროპორტში.

ბათუმის აეროპორტში თელავივი-ბათუმის კიდევ ერთი თვითმფრინავი [AIZ415] უნდა დაჯდეს, რომელიც ამ წუთებში ასევე ზღვის თავზე მანევრირებს.

განახლება:

ერთი თვითმფრინავი [AIZ415] ბათუმის აეროპორტში 13:02 საათზე დაჯდა.

მეორე თვითმფრინავი [ISR889] კი, ბათუმის აეროპორტში 13:08 საათზე დაჯდა

თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება 13.05.2025. 12:35 სთ
თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება 13.05.2025. 12:44 სთ

თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების პროცესი შეჩერდა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით,  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა საიას შუამდგომლობა და შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევებას, შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

„როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი.

საიამ თემურ ქათამაძის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა გაძევების გადაწყვეტილება და დამატებით მოითხოვა ამ საქმის განხილვამდე გაძევების პროცედურების შეჩერება.

სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე 30 დღის განმავლობაში განიხილავს წარდგენილ სარჩელს“ – წერს საია.

  • რა ხდება?

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა.

თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო და 5 აპრილს შეწყვიტა. ბათუმელი მედროშის თქმით, ხელახლა შიმშილობით მან სოლიდარობა ჭიათურელ მეშახტეებს გამოუცხადა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

  • მთიან რაიონებში:

დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

  • მაღალმთიან ზონაში:

დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 15 და 16 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 968 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
  • ტანკი – 10 802 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 487 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 27 780 ერთეული [+62]
  • MLRS – 1 381 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 162 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35 778 ერთეული [+100]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 48 256 ერთეული [+138]
  • სპეცტექნიკა – 3 884 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 56 944 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 310 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 562 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 791 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 394 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

ზელენსკი: პირადად ველოდები პუტინს თურქეთში

ტრამპი ვარაუდობს, რომ ხუთშაბათს, თურქეთში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს შეუერთდება

„კრემლი უცნაურად დუმს პირდაპირი შეხვედრის შეთავაზებაზე“ – ზელენსკი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„კრემლი უცნაურად დუმს პირდაპირი შეხვედრის შეთავაზებაზე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში 15 მაისს დაგეგმილი შეხვედრის ფონზე რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში.

„სამწუხაროდ, მსოფლიოს ჯერ კიდევ არ მიუღია რუსეთისგან მკაფიო პასუხი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებასთან დაკავშირებით. რუსული დაბომბვები და თავდასხმები გრძელდება.

მოსკოვი მთელი დღის განმავლობაში დუმდა პირდაპირი შეხვედრის წინადადების შესახებ. ძალიან უცნაური სიჩუმე. რუსეთს ომის დასრულება მაინც მოუწევს და უკეთესი იქნება, თუ ეს უფრო ადრე მოხდება. მკვლელობების გაგრძელებას აზრი არ აქვს“ – განაცხადა ზელენსკიმ 12 მაისს, საღამოს.

ზელენსკის განცხადებას წინ უძღოდა კრემლის დუმილი საომარი მოქმედებების 30-დღიანი შეჩერების შეთავაზების შესახებ, თუმცა რუსეთმა განაცხადა, რომ მზადაა კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რომელიც სტამბოლში, 15 მაისს იგეგმება.

ამავე დროს, პუტინის პრესსპიკერმა, პესკოვმა, 12 მაისს ევროპელი ლიდერების მოთხოვნას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ მიუღებელი ულტიმატუმი უწოდა.

კრემლში ასევე არ უპასუხეს ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი მზადაა პირისპირ შეხვდეს პუტინს თურქეთში.

12 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაძლოა თურქეთში გაემგზავროს, რათა ხუთშაბათს, 15 მაისს დაგეგმილ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწროს.

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასწრებას განიხილავს, თუ დაინახავს, რომ მისი იქ ყოფნა შეთანხმებისთვის სასარგებლო იქნებოდა.

მის განცხადებას ზელენსკი X-ზე გამოეხმაურა:

„რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი უკრაინაში დააფასებს, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენთან ერთად იქნება თურქეთში ამ შეხვედრაზე“, – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბინას იყიდით

მოქალაქეები, რომლებმაც ბინა ბათუმში მშენებლობის ეტაპზე იყიდეს, უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი ნაწილი დღემდე ვერ ირეგისტრირებს საკუთრებას სხვადასხვა მიზეზით, მეტწილად კი მაშინ, როცა მშენებელ კომპანიას წილები დაყადაღებული, ქონება კი იპოთეკით დატვირთული აქვს, ან კომპანიის არაკეთილსინდისიერმა მესაკუთრემ ერთი ბინა რამდენჯერმე გაასხვისა, კომპანიამ კორპუსის სახურავი ვერ მოაწყო, ან სათანადოდ ვერ მოაწყო და კორპუსში წყალი ჩადის, ლიფტი დამონტაჟებული არ არის, ან არის და არასოდეს უმუშავია და ასე შემდეგ.

ბევრი მშენებელი კომპანია თავად არის ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ კორპუსის დაყოფის ეტაპზეც ვერ გადადის, ამიტომაც ბინის მესაკუთრეები შესყიდულ ფართობებს ვეღარ ირეგისტრირებენ.

არის ისეთი ახალაშენებული კორპუსებიც, სადაც ბინის მესაკუთრეები ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურს მშენებელი კომპანიის, ანუ იურიდიული პირის სასარგებლოდ იხდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გაცილებით მაღალი ტარიფით უწევთ გადახდა.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კომპანია მშენებარე კორპუსში ბინების სრულად გაყიდვის შემდეგ დასრულებას არ ჩქარობს, რადგან მისი პრიორიტეტი მშენებლობის ახალი ნებართვის მოპოვება და შემდეგ მშენებლობის დაწყებაა, რაც დამატებით შემოსავლის მიღებას გულისხმობს…

პრობლემების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ამ პრობლემებზე „ბათუმელებმა“ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, ამჯერად კი შევაგროვეთ რეკომენდაციები – რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ მშენებარე ან ახალაშენებულ კორპუსში ბინას შეიძენთ.

ამ სტატიაში ასევე გაიგებთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ბინის რეალური მესაკუთრე გახდეთ და არა ფორმალური მყიდველი.

  • პირველი და მთავარი – ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ნაწილი სამშენებლო პროექტიც უნდა იყოს

თუ სასურველი ბინა მშენებარე კორპუსში შეარჩიეთ და კომპანიას გადახდის გრაფიკზეც შეუთანხმდით, შეთანხმება ოფიციალურად ხელშეკრულებით უნდა დაადასტუროთ. ხელშეკრულებაში უნდა აისახოს ყველა დეტალი, რაზეც ზეპირი შეთანხმების დროს მოილაპარაკეთ. ამიტომ არ აჩქარდეთ და დეტალურად წაიკითხეთ ხელშეკრულება, ვიდრე ხელს მოაწერთ. თუ კითხვები მაინც დაგრჩათ, ან რაღაც გეეჭვებათ, აჩვენეთ ხელშეკრულება იურისტს და მიიღეთ რჩევა. აქ მშენებელი კომპანიის იურისტს არ ვგულისხმობთ, თქვენთვის სანდო პირი უნდა შეარჩიოთ.

სასურველია, ამ ხელშეკრულების ნაწილად აქციოთ მშენებლობის პროექტი, სადაც აღწერილია, როგორი კორპუსის მშენებლობაზე იღებს პასუხისმგებლობას მშენებელი და როგორი ბინა უნდა ჩაგბარდეთ თქვენ. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ, პროექტი საკმაოდ სპეციფიკურია და მისი წაკითხვა შესაბამისი ცოდნის გარეშე არც ისე იოლია, კარგია, თუ პროექტს თანდართული ექნება დეტალური და არა ზოგადი განმარტებითი ბარათი, სადაც შინაარსობრივად იქნება აღწერილი პროექტის შესახებ.

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეთ მომავალ მესაკუთრედ. ამან შეიძლება არაკეთილსინდისიერი მშენებელი კომპანიის შემთხვევაში ბინის გადაყიდვის რისკებისგან ვერ დაგაზღვიოთ, თუმცა თუ მომავალში დავას დაიწყებთ სასამართლოში, თქვენ, როგორც რეესტრში რეგისტრირებულ მომავალ მესაკუთრეს, უპირატესობა გექნებათ.

„ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა დამყარებულია გარიგებაზე, ამიტომ მთავარი და არსებითი არის ის, რომ ხელშეკრულება არსებობდეს, სადაც იქნება ორივე მხარის გამოხატული ნება და პირობები. მხარეს შეუძლია ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, თუკი საქმე სასამართლომდე მივა და ამ პირობების შესაბამისად მოედავება მეორე მხარეს. ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ მყიდველი მომავალ მესაკუთრედ დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში.

პრაქტიკაში გვქონდა შემთხვევები, როდესაც პირი არ იყო რეგისტრირებული მომავალ მესაკუთრედ და მხარემ ვალდებულება არ შეასრულა, მისთვის ძალიან რთული იყო დავის დაწყება, რადგან რამდენჯერმე იყო გადაყიდული ეს ბინა. მყიდველი, ფაქტობრივად, იყო თაღლითური სქემის მსხვერპლი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის მომავალ მესაკუთრედ იყოს დაფიქსირებული საჯარო რეესტრში, ბინის ექსპლუატაციის შემდეგ მას მიენიჭება მესაკუთრის სტატუსი“, – განმარტავს საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძე.

მისი თქმით, საიას ფილიალს სხვადასხვა დროს მიმართა არაერთმა დაზარალებულმა, რომლებსაც ბინა მშენებარე კორპუსში ჰქონდათ ნაყიდი.

  • მშენებელი კომპანიის რეპუტაცია

ვიდრე კონკრეტულ გარიგებას დადებთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა რეპუტაციით სარგებლობს მეორე მხარე. თუ კომპანიამ სხვა რამდენიმე შემთხვევაში მოატყუა მომხმარებელი, დიდი ალბათობაა, რომ მოგატყუოთ თქვენც და იმ პირთა სიაში აღმოჩნდეთ, რომლებსაც მშენებელი კომპანიების დირექტორები ნასყიდობის ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ ტელეფონზეც აღარ პასუხობენ.

ასევე მნიშვნელოვანია, ნასყიდობის ღირებულება გადაიხადოთ ჩარიცხვით და დანიშნულებაში მიუთითოთ, რომ ეს არის ბინის საფასური. თუ გადახდის გადანაწილებული გრაფიკი გაქვთ, ყოველ ჯერზე მიუთითეთ, რომ ბინის საფასურს იხდით. დავის შემთხვევაში მშენებელი ვეღარ გეტყვით, რომ ეს ბინის საფასური კი არ არის, რაღაც სხვა თანხაა ან ვალი გქონდათ და ეს დაურიცხეთ, რისი პრაქტიკაც ბათუმში უკვე არსებობს.

დაათვალიერეთ კომპანიის ვებგვერდი, ან ფეისბუქის გვერდი, გაიგეთ, კიდევ სად ააშენა კორპუსი კომპანიამ, რომელთანაც გარიგებას გეგმავთ, გაესაუბრეთ იქ მცხოვრებლებს, დაათვალიერეთ კორპუსი. ასე გაიგებთ, რამდენად გამოცდილ და კეთილსინდისიერ მშენებელთან გაქვთ საქმე.

შეგიძლიათ საჯარო რეესტრის მონაცემებშიც შეიხედოთ, სადაც გაარკვევთ, ხომ არ აქვს წილები დაყადაღებული იმ კომპანიას, რომელთან გარიგებასაც გეგმავთ. თუ რაიმე საეჭვოდ მოგეჩვენებათ, მიმართეთ იურისტს, მომავალში დაზარალებულთა სიაში რომ არ აღმოჩნდეთ.

„ფინანსური და იურიდიული ხასიათის რისკებს დავაზღვევთ იმ შემთხვევაში, თუ დავადგენთ დეველოპერის ვინაობას და გავარკვევთ, რამდენად სანდოა ის. მაგალითად, რამდენად კარგად ჰქონდა მანამდე მას საკუთარი ვალდებულებები შესრულებული; მიიყვანა თუ არა პროექტები ბოლომდე და მიმართა თუ არა აშენებული კორპუსების ექსპლუატაციაში მისაღებად მერიას; არის თუ არა ეს კორპუსები ექსპლუატაციაში მიღებული.“ – განმარტავს თამარ წულიკიძე.

თამარ წულუკიძე

იურისტის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობები ემთხვეოდეს სამშენებლო პროექტის შინაარსს:

„ეს შეიძლება ეხებოდეს ფართობს, ბინა რომელ სართულზეა, რა ნომერია კონკრეტული ბინა და ასე შემდეგ. შეთანხმება უნდა იყოს თანხვედრაში სამშენებლო პროექტთან.

რაც შეეხება არსებით პირობებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოს მხარემ ხელშეკრულებაში – ეს აუცილებლად უნდა იყოს კორპუსის მდებარეობა, სადარბაზოების რაოდენობა, სართულები და ბინა. ასევე, მნიშვნელოვანია კარკასის ტიპის შეთანხმება, რადგან ხანდახან ვერ დგინდება, რა მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს პირს საკუთარი ბინა.

რამდენიმე ტიპის კარკასი არსებობს: შავი, თეთრი ან მწვანე კარკასი, რამდენიმე ვარიანტია, თუმცა ზუსტი განმარტება, რომელი კარკასი რას გულისხმობს, არ გვაქვს ჩამოყალიბებული, ყველა კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს ამას. ამიტომ კარგი იქნება, თუ ხელშეკრულებაში იქნება კონკრეტული ტერმინების განმარტება, შავი კარკასი რას მოიაზრებს, თეთრი და მწვანე კარკასი რას მოიაზრებს, რაიმე ტიპის სხვა ვარიანტიც შეიძლება იყოს განხილული. მათი განმარტებები ზუსტად უნდა იყოს ასახული, რომ სწორი მოლოდინები ჰქონდეს მყიდველს ამასთან მიმართებაში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვადები, როდის დასრულდება კონკრეტული პროექტი და შევა ექსპლუატაციაში, რომ სწორი მოლოდინები შეიქმნას. ბუნებრივია, თუკი ეს ვადები დაირღვევა, დავის დაწყების უფლება აქვს პირს და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა იყოს გათვალისწინებული ხელშეკრულებაში.

  • მშენებლობის ნებართვა

სანამ ყიდვას გადაწყვეტთ, გაარკვიეთ, ნებართვით აშენებს მშენებელი კომპანია თუ უნებართვოდ და ისიც – რამდენსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა აქვს კომპანიას, რადგან შესაძლოა კომპანიას მხოლოდ შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ჰქონდეს და თქვენ ბინა მერვე ან მეცხრე სართულზე მოგყიდოთ. ბათუმის პრაქტიკის გათვალისწინებით, მეტწილად ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სართულებს ვერ ააშენებს, თუმცა შეიძლება დამატებითი სართულების დაკანონება კომპანიამ ვერ მოახერხოს და მომავალში აღმოჩნდეს, რომ უკანონოდ აშენებულ სართულზე მოგიწიოთ ცხოვრება და ისიც შეიძლება, ეს ბინა რეესტრშიც ვეღარ დაირეგისტრიროთ.

თუ კომპანია გვთავაზობს ბინას კორპუსში, რომლის სამშენებლო სამუშაოები ჯერ საწყის ეტაპზეც არ არის, იურისტი თამარ წულუკიძე გვირჩევს მოვიკვლიოთ ინფორმაცია, რამდენად ეკუთვნის მიწის ნაკვეთი კომპანიას, რომელზეც მშენებლობას გეგმავს. ასევე დავინტერესდეთ არამხოლოდ სამშენებლო პროექტით, არამედ მასთან დაკავშირებული კვლევებით და ექსპერტიზის დასკვნებითაც კი. მაგალითად, გავეცნოთ ადგილის სეისმურ დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებს და სხვადასხვა ტიპის სტანდარტის დაცვას.

იმ შემთხვევაში კი, თუ ბინას ახალაშენებულ, უკვე დასრულებულ კორპუსში ვყიდულობთ, კარგად გადავამოწმოთ, რეესტრში ხომ არ აქვს კომპანიას რაიმე ვალდებულებები და შეთანხმებისთანავე დავირეგისტრიროთ ბინა საკუთრებად.

რა შენდება ოჩამჩირეში, პორტი თუ ტერმინალი? – რას ამბობს სუსი და რა ხდება სინამდვილეში

შენდება თუ არა ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტი? – ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკონტეინერო ტერმინალს აშენებს, თუმცა ამ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტები.

„რია ნოვოსტის“ კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესაძლებლობას, ალხას კვიცინიამ, ოკუპირებული აფხაზეთის ელჩმა რუსეთში, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა შენდება.

„თუმცა, მე ამას კლასიკური გაგებით „ახალ ბაზას“ არ დავარქმევდი. ყველაფერი ხდება 2009 წლის მოქმედი ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში ალიანსისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და რუსეთი გამჭვირვალედ განიხილავენ უსაფრთხოების ყველა ასპექტს. რუსული ძალების ყოფნა თავდაცვითი ხასიათისაა და პოტენციური აგრესიის შეკავებას ისახავს მიზნად,“ – უთხრა ალხას კვიცინიამ, ოკუპირებული აფხაზეთის ელჩმა რუსეთში, 24 აპრილს, „რია ნოვოსტის“.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის ანგარიში 29 აპრილს გამოაქვეყნა. 66-გვერდიან ანგარიშში რამდენიმე გვერდი ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებს. იქვე კი საუბარია ოჩამჩირეში მშენებარე პორტზე, თუმცა სუს-ის მტკიცებით ოჩამჩირეში არა სამხედრო პორტი, არამედ საკონტეინერო ტერმინალი შენდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ანგარიშში ვკითხულობთ: „ანექსიური პოლიტიკის ნაწილია ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში დაანონსებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის „მუდმივი ბაზირების პუნქტის“ შექმნის საკითხი. საანგარიშო პერიოდში ადგილზე გარკვეული სამუშაოები დაფიქსირდა. კერძოდ, გაიკაფა ტყის მასივის გარკვეული ზონები და განხორციელდა საზღვაო აკვატორიის გაწმენდითი სამუშაოები. მაღალი ალბათობით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობას. მიმდინარე პროცესი სავარაუდოდ, წარმოადგენს ე.წ. საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს“.

ოჩამჩირის პორტში მიმდინარე მშენებლობის პროცესი, 2024 წლის მარტი

რეალურად რა შენდება ოჩამჩირეში?

უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, ამჟამად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი თეონა აქუბარდია, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ოჩამჩირეში პორტის მშენებლობას ოკუპირებული აფხაზეთის მაღალჩინოსნებიც კი ადასტურებენ, სუს-ი კი ამას არ იმჩნევს.

„მე ვიყავი ის დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში, რომელსაც ჰქონდა ინიციირებული რეზოლუცია, სადაც უნდა შეგვეფასებინა და დაგვეგმო გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერსა და მოსკოვს შორის გაფორმდა სრულიად უკანონოდ, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათ შორის დაგვეგმო ის სამუშაოები, რომელიც ოჩამჩირეში უკვე დაწყებულია.

სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე რეზოლუციის განხილვას. ამ თემაზე მქონდა კონფლიქტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან, რომელიც ახლა სუსში არის მოკალათებული მოადგილის პოზიციაზე.

შარშან სუსის ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ თუ აშენდებოდა ოჩამჩირის სამხედრო პორტი, ეს სტრატეგიული კონტროლისთვის, დამატებითი ბერკეტის გამოყენების შანსებს ზრდიდა.

შარშან სუს-ის საჯარო პოზიცია იყო, რომ დაელოდებოდნენ ამ მშენებლობას. ის, რაც წლევანდელ ანგარიშში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიების თავში რუსეთზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, არის სრულიად გაურკვეველი, ამასთან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის.

ავხსნი რატომ – ალბათობის თეორიით აქვს მოყვანილი ტერმინოლოგიურად ის, რომ არა ბაზა შენდება, არამედ საკონტეინერო გადაზიდვისთვის მზადდება ინფრასტრუქტურა. მე არ მახსენდება სუსის ანგარიში ამ კონტექსტში არასდროს, პირველადაა,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ამბობს, რომ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს გასაჯაროებული მტკიცებულებები, მათ შორის დრონით გადაღებული კადრები, უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და სულ ბოლოს, ალხას კვიცინიას მიერ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუ.

„24 აპრილს, რუსეთის ე.წ. ელჩმა ოკუპირებულ აფხაზეთში დაადასტურა კვლავ, რომ პორტის აშენება ძალაშია და მიმდინარეობს.

სუსი არის ვალდებული, გაანალიზოს ინფორმაცია, მათ შორის მოიპოვოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამის ნაცვლად ალბათობის თეორიის გამოყენება, მაფიქრებინებს, რომ არის მცდელობა რუსეთის გათეთრების. ეს დაიწყო ივანიშვილის სამარცხვინო ბოდიშით ოკუპანტებისადმი, საკუთარ ქვეყანაზე ომის გადაბრალებით და მათ შორის გმირობის გაუფასურების პროცესით, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს.

კიდევ ერთი საშიში ტენდენციაა იმ ძალისგან, რომელიც „იცავს“ სუვერენიტეტს. თუმცა ამ შემთხვევაში სუვერენიტეტი მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის არის და არა საქართველოსი, იმიტომ, რომ მათი არაგონივრული და არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, მით უფრო იმ ფონზე, როცა მტრობა გამოუცხადეს დასავლეთს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი ქვეყნები იყვნენ, მნიშვნელოვნად აკავებდნენ რუსულ ანექსიურ პროცესებს, ეს ყველაფერი გარკვეულწილად იმ პროცესების ჭრილში უნდა განვიხილოთ, რომელიც აქვს ივანიშვილის ოცნებას და არა საქართველოს პოლიტიკის კუთხით, რაც ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ 2024 წლის მარტში გამოაქვეყნა დრონით გადაღებული კადრები. მისი თქმით, კადრებში ჩანს ოჩამჩირის პორტში მიმდინარე მშენებლობის პროცესი

ოკუპირებული ოჩამჩირე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ის დაახლოებით 40 კილომეტრითაა დაშორებული ანაკლიას, ადგილს, სადაც ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს.

ოჩამჩირის პორტი საბჭოთა კავშირის დროს აშენდა. მისი მშენებლობა 1936 წელს დასრულდა. ეს პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რადგან აქ წყალქვეშა ნავების სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოჩამჩირის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობა შემცირდა.

რუსეთმა ოკუპირებული ოჩამჩირის პორტით ღია დაინტერესება 2009 წელს გამოხატა, როცა რუსეთის საზღვაო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის პორტის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ბაზად გარდაქმნას გეგმავდნენ. 2009 წელს ოჩამჩირის პორტში ჩატარდა სამუშაოები, რის შედეგადაც პორტის სიღრმე 3.8-დან 9 მეტრამდე გაიზარდა, ხოლო ტვირთგამტარუნარიანობამ 10 000 ტონას მიაღწია.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო იდეა“ მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნა კვლევა, რომელი კვლევის თანახმადაც არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტს აშენებს.

„რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ოჩამჩირის პორტი კვლავ რუსეთის ყურადღების ცენტრში მოექცა. 2022 წლის შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტოები მიუთითებს, რომ პორტი ფართოვდება, ხოლო მის ტერიტორიაზე სამშენებლო და მიწა სახაპი სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს ოჩამჩირე მრავალფუნქციურ ლოგისტიკურ ჰაბად აქციოს, რომელიც მის სამხედრო და კომერციულ ინტერესებს მოემსახურება,“ – ვკითხულობთ „სამოქალაქო იდეას“ მიერ ჩატარებულ კვლევაში სახელწოდებით – „რუსეთის ექსპანსია შავ ზღვაში“.

კვლევის ავტორები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ყირიმში რუსეთის საზღვაო პოზიციებს სერიოზული ზიანი მიაყენეს, მოსკოვი ალტერნატიული საზღვაო პორტის ძიებაშია. შავი ზღვა კვლავ ერთ-ერთ ყველაზე სადავო საზღვაო ზონად რჩება. ამ კონტექსტში, ოჩამჩირეში პოზიციების განმტკიცების რუსული სტრატეგია შეესაბამება მის უფრო ფართო მიზანს – შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი ინტერესის ფონზე, გააძლიეროს საკუთარი გავლენა რეგიონში.

„სატელიტური ფოტოების ანალიზი მიუთითებს, რომ პორტში სამშენებლო საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობს, რაც მის ინფრასტრუქტურულ განვითარებას და უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჩამჩირის ბაზას მთავარი სამხედრო გემების მიღების შესაძლებლობა არ აქვს, პორტის მოდერნიზაციის მიმდინარე პროცესები ცხადყოფს რუსეთის ამბიციას და სტრატეგიულ მიზანს – მისი გარდაქმნა ლოგისტიკურ და საწვავის შევსების ჰაბად. გარდა სამხედრო ფუნქციისა, ოჩამჩირე კრიტიკულ ჰაბს წარმოადგენს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით. მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ევროკავშირმა რუსულ ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს, მოსკოვი ცდილობს ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების მოძიებას. ამისათვის იგი აფხაზეთის სატრანზიტო პოტენციალს და თურქეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას იყენებს,“ – ნათქვამია „სამოქალაქო იდეას“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.

სქრინი კვლევიდან – „რუსეთის ექსპანსია შავ ზღვაში“

კვლევის ავტორთა აზრით, საქართველოსთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს მისი სუვერენული ტერიტორიიდან ახლო მანძილზე რუსული საზღვაო ბაზის არსებობა, რადგან ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მოსკოვის გავლენას ოკუპირებულ აფხაზეთში.

რა მიზანი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დააჯერონ ქართულ საზოგადოებას, რომ ოჩამჩირეში არ შენდება სამხედრო პორტი და შენდება საკონტეინერო ტერმინალი? – ვკითხეთ თეონა აქუბარდიას.

უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ამბობს, რომ სუსის ანგარიშის მიზანია, დააჯეროს მოსახლეობა, რომ ამ საერთაშორისო იზოლაციის ფონზე საქართველოს რუსეთისგან საფრთხე არ ემუქრება.

„სუსის ანგარიში არ არის რეალურად ის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების ანალიზს აწარმოებს. საუბედუროდ, ეს არის პროპაგანდისტული მიზნით შექმნილი დოკუმენტი, გამომდინარეობს – „აბა, ომი გინდათ“ ნარატივიდან, რომ თითქოს ისინი არიან ქვეყანაში ერთადერთი ძალა, ვინც ქვეყანაში მშვიდობას იცავს. რა თქმა უნდა, ეს არის სიყალბე.

სუს-ს სჭირდება ახლა თქმა, რომ მათი პოლიტიკა სწორედ მშვიდობას იცავს ქვეყანაში.

ამ დროს რა გვაქვს რეალურად? გვაქვს მილიტარიზაცია ოკუპირებულ რეგიონებში, ბიჭვინთის აგარაკების უკანონო ანექსია, სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემა და პირდაპირი ფრენები. გვაქვს ეკონომიკური ანექსია… ამ ყველაფერს „ოცნება“ დუმილით და შესაბამისად თანხმობით ხვდება.

ამასთან, ის სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთშია განთავსებული, არამხოლოდ სახმელეთო ძალების კუთხით, არამედ უკვე საზღვაო პორტის კუთხით, ფრეგატები და რუსული გემი აფხაზეთში საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოებას, მათ შორის სავაჭრო გზასაც, შუა დერეფანს რასაც უწოდებენ. სუსი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ამ მოცემულობით საქართველოს მოჭარბებული და დამატებითი საფრთხე აღარ გააჩნია.

მე არ მგონია ჩვენმა პარტნიორებმა სუსის განცხადება სარწმუნოდ მიიღონ, რადგან ამ ანგარიშს მაინც უფრო პროპაგანდისტული მიზნები აქვს. ისევე, როგორც იმ პროპაგანდის გაგრძელებას, რასაც ოკუპანტებისთვის სამარცხვინო ბოდიში და საკუთარ ქვეყანაზე ომის გადაბრალება ჰქვია,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

„თავისუფლება მზიას“ – ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ

დღეს, 12 მაისს, საღამოს, რუსთავის მეხუთე ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება.

„თავისუფლება მზიას!“ „გილოცავთ!“ – ისმის შეძახილები ციხესთან. მზია ამაღლობელი 50 წლის გახდა. იგი 4 თვეა უკანონო პატიმარია.

რუსთავის ქალთან კოლონიასთან აქციას მართავენ ჟურნალისტები, აქტივისტები და მისი მეგობრები.

რუსთავის ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ
რუსთავის ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ
რუსთავის ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ
რუსთავის ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ
რუსთავის ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ბათუმში ორდღიანი ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება

ფესტივალის – „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზებისთვის წელს აჭარის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა – ცალკე სცენის და ცალკე – სანახაობის მოწყობაზე.

ფესტივალი 2025 წლის ივნისში ჩატარდება თუმცა კონკრეტული დღეები ამ დროისთვის უცნობია.

130 ათასი ლარითაა გამოცხადებული ტენდერი სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, „რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას, სასცენო განათებას, სასცენო ეფექტებს ლაზერებით, სასცენო ცეცხლით ე.წ stage flame – ით, CO და კონფეტის დიდი სკალის აპარატით მომსახურებას, გახმოვანების აპარატურას, ლედ ეკრანებს, ლაივ ჩართვებს და სატელევიზიო სადგურით მომსახურებას, სასცენო დაცვასა და ე.წ. ბექ სტეიჯის მომსახურების უზრუნველყოფას“.

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 16 მაისს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება.

„ღონისძიების ჩატარების ადგილია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, საოცრებათა პარკი, დაახლოებით 2 000 კვ.მ. ტერიტორიაზე. ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში მოეწყობა გრანდიოზული სცენა, შიდა და გვერდითა ლედ ეკრანებით, სასცენო ცეცხლებით, ლაზერული განათებებით, ლაივ ჩართვის სპეციალური ტექნიკური აპარატურით.

ფესტივალის მიზანია ბათუმში საზაფხულო განწყობის შექმნა და საზღვაო სეზონის გახსნის დაანონსება… წარმოდგენილია მრავალფეროვანი დღის და ღამის საკონცერტო პროგრამა, კოსტიუმირებული თეატრალური წამოდგენები, სპეციალურად ამ დღისთვის ეწყობა საზაფხულო დეკორაციები, რომელსაც საზაფხულო განწყობა შემოაქვს ფესტივალზე“ – წერია სატენდერო განაცხადში.

მეორე ტენდერი კი კოსტიუმირებული მსვლელობისა და ადგილზე მცირე შოუების მოწყობაზეა გამოცხადებული, რისთვისაც 98 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ტენდერის პირობის მიხედვით, წარმოდგენა უნდა დაიწყოს მსვლელობით, რომელშიც მონაწილეობენ შემდეგი პერსონაჟები:

„2 გიგანტური მანათობელი მედუზა, 2 მოსიარულე წყალმცენარე [კოსტიუმები დიდი მოცულობისა და მკვეთრი ფერებით, ირგვლივ ეფექტურად ირხევიან], 2 დელფინი მსახიობთან ერთად, 2 მსახიობი ზღვის ვარსკვლავის კოსტიუმში, 2 ცალი ოჩოფეხი რვაფეხა, 1 ცალი ოჩოფეხი მედუზა, მსვლელობას მოჰყვება მოსიარულე ორკესტრი მანათობელი კოსტიუმებით, 10 მუსიკოსის შემადგენლობით.

მსვლელობის ბოლოს პერსონაჟები იკრიბებიან მთავარ საღონისძიებო სივრცეში, სადაც წარმოდგენას უერთდება: ზღვის გიგანტური დედოფალი, 3 მეტრი სიმაღლით, რომელიც დგას მოძრავ კონსტრუქციაზე და 3 მსახიობი მონაცვლეობით განასახიერებს ზღვის დედოფალს.

ასევე გიგანტური პოსეიდონი, 3 მეტრი სიმაღლით, რომელსაც ასევე 3 მსახიობი განასახიერებს მონაცვლეობით, სირინოზი და წყალმცენარის კონსტრუქცია, რომელიც არის სტატიური, 3 მეტრი სიმაღლით და 2 აკრობატი საჰაერო ძელზე, ზღვის თემატიკის კოსტიუმით.

ყველა აღნიშნული პერსონაჟი, რომელიც მთავარ საღონისძიებო სივრცეში მუშაობს, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ორი დღის განმავლობაში. პერსონაჟები და კონსტრუქციები ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს რეფერენს ფოტოებს“ – აღნიშნულია ტენდერში, რომელსაც რეფერენს ფოტოებიც ახლავს.

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 17 მაისს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება.

რეფერენს ფოტოები ტენდერიდან

____________________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

კრემლი მიუღებელ ულტიმატუმს უწოდებს ევროპის მოთხოვნას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე

რუსეთი ევროპელი ლიდერების მოთხოვნას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ მიუღებელ ულტიმატუმს უწოდებს.

დღეს, 12 მაისს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია და რუსეთთან ასეთი ენით საუბარი არ შეიძლება“.

თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროკავშირი აპირებს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.

დღეს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, სტეფან კორნელიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სანქციების მოსამზადებლად, თუ მოსკოვის ხელისუფლება 12 მაისის ბოლომდე არ შეასრულებს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნას.

მანამდე ევროპელმა ლიდერებმა რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, უარის შემთხვევაში კი სანქციებსა და უკრაინის შეიარაღების გაზრდაზე მზაობა გამოთქვეს. ეს იდეა გაჟღერდა კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ვიზიტის დროს.

საპასუხოდ, პუტინმა ბრიფინგი გამართა, სადაც უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, თუმცა, არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწორედ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიონ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ხუთშაბათს, 15 მაისს, თურქეთში.

დღეს, 12 მაისს, კრემლის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს არაფერი უთქვამს თურქეთში დაგეგმილ შეხვედრაში პუტინის პირად მონაწილეობაზე.

საია: ჟურნალისტებზე ძალადობას ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება.

„ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლში სახელმწიფოს ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, მამა სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდა ტელეკომპანიის ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილს, გაიტაცა „TV პირველის“ კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი.

მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა. ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას და აჩენს დაუსჯელობის განცდას.

ისედაც გაუარესებულ მედიაგარემოში, საია გმობს მომხდარს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს, 12 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ნეტგაზეთს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.

ამ თემაზე:

შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაგვისწორდა, წაგვართვა აპარატურა – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი

ვინ დაადებს ოჯახში მოძალადე პოლიციელს ელ. სამაჯურს? – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა მოქალაქე მ.ს.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელი ეხებოდა შემთხვევებს, როცა ძალადობაში თავად პოლიციელს ადანაშაულებენ: ვინ უნდა გამოსცეს ამ დროს შემაკავებელი ორდერი? ვინ უკეთებს პოლიციელს ელექტრონულ სამაჯურს?

თუ პოლიციელს ოჯახში ძალადობაში ამხელენ, მას შემაკავებელი ორდერი კოლეგა პოლიციელმა უნდა შეუდგინოს. მოძალადე პოლიციელს გაუკეთებენ თუ არა ელექტრონულ სამაჯურს, ამასაც პოლიციელი გადაწყვეტს.

ზუსტად ამ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ სასამართლო ამ ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა, მაშინ პარლამენტს არსებული სამართლებრივი რეგულაცია უნდა შეეცვალა.

„როდესაც ოჯახური ძალადობის საქმეზე სავარაუდო მოძალადედ იდენტიფიცირებულია პოლიციელი, ხოლო მსხვერპლის დაცვითი ღონისძიებების გატარებაზე კომპეტენტური ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტროა, წარმოიშობა კოლეგიალური [კორპორაციული] დაინტერესების საფუძველზე გადაწყვეტილების მიკერძოებულად მიღების მომეტებული რისკი.

ასეთ დროს იზრდება იმის ვარაუდი, რომ მსხვერპლის სათანადო დაცვის ვალდებულება არ იქნება სრულყოფილად შესრულებული, ვინაიდან მოძალადე, ისევე როგორც, მსხვერპლის დაცვის ღონისძიებების გამოყენების საჭიროებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი ერთი და იმავე უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. შესაბამისად, არსებული მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, მსხვერპლის დაცვის პროცესში, მოძალადის მიმართ კეთილგანწყობით განმსჭვალული გადაწყვეტილების მიღებისთვის,“ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 28 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პოლიციელი ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული.

ბოლო ასეთ შემთხვევაზე „ბათუმელები“ 2025 წლის 12 მარტს წერდა: „დააკავეს პატრული, რომელიც ცოლზე შვილის თანდასწრებით ძალადობდა“.

საერთო სასამართლოებში კი, ბოლო წლებში იზრდება ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა.

საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილება ამ საქმეზე პირველმა კოლეგიამ [ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, გიორგი თევდორაშვილი] მიიღო. გასაჩივრებული იყო კანონის – „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ – ნორმა, რომლის მიხედვითაც შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე პოლიციელმა კითხვარი უნდა შეავსოს. ამ კითხვარის შედეგის საფუძველზე იღებს პოლიციელი ორდერის გამოცემაზე, ასევე სამაჯურის გაკეთებაზე გადაწყვეტილებას.

„აღნიშნული წარმოშობს თვითნებობის ერთგვარ რისკს, რომ მან არასათანადოდ გამოიყენოს მისთვის მინიჭებული დისკრეცია იმგვარ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო მოძალადეს წარმოადგენს პოლიციელი, მიიღოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ანდა, ფორმალურად გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, მაგრამ არ გაამყაროს ის კონკრეტული მტკიცებულებებით.

თავის მხრივ, იმგვარი შემაკავებელი ორდერის სასამართლოში გასაჩივრებას, რომელიც მტკიცების სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მოჰყვება მისი გაუქმება დაუსაბუთებლობის საფუძვლით.

კორპორაციული დაინტერესება პრაქტიკაში შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. ერთი მხრივ, არ გამოირიცხება, რომ პირადი/კოლეგიალური ურთიერთობიდან გამომდინარე, პოლიციის უფლებამოსილმა თანამშრომელმა მიიღოს მიკერძოებული გადაწყვეტილება და არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი/არ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა სავარაუდო მოძალადის (რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია) მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ლოიალური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს არა უშუალოდ პირადი/კოლეგიალური ურთიერთობიდან გამომდინარე მიკერძოება, არამედ ინსტიტუციური დაინტერესება – დაცულ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყების პრესტიჟი და რეპუტაცია,“ – აღნიშნავდა მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში.

მოსარჩელის პოზიციით, გამართლებული იქნება მსხვერპლის დაცვის ღონისძიებების გატარების უფლება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა შეეძლოს, რომელიც იძიებს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს, მათ შორის, ოჯახში ძალადობას.

პარლამენტი მოსარჩელის ამ პოზიციას არ დაეთანხმა და შსს მინისტრის ბრძანებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც შემაკავებელი ორდერის გამოცემა შეუძლია, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციას.

„აღნიშნული, თავის მხრივ, ამცირებს შესაძლო კორპორაციული განწყობებიდან მომდინარე მიკერძოებული და ლოიალური გადაწყვეტილების მიღების რისკს. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ პრაქტიკაშიც განუხრელად ხორციელდება წესი, როდესაც შემაკავებელი ორდერი, ჩვეულებრივ, გამოიცემა სხვა და არა იმ დანაყოფის თანამშრომლის მიერ, სადაც საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს სავარაუდო მოძალადე,“ – ჩაუწერიათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

პარლამენტის წარმომადგენელმა მოსამართლეებს ასევე უთხრა, რომ შემაკავებელი ორდერის, ასევე ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ გადაწყვეტილებები მონიტორინგდება და ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებაც არის შესაძლებელი.

„შესაბამისად, მსხვერპლს ეძლევა საშუალება, რომ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა გადაამოწმოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე,“ – უთქვამს პარლამენტის წარმომადგენელს.

„საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარესად აღნიშნავს, რომ არსებული ნორმატიული წესრიგის ფარგლებში, უფლებამოსილი პოლიციელის დისკრეცია სავალდებულო ქულათა ჯამის ვერმოგროვების შემთხვევაში, მიზანშეწონილობით გადაწყვიტოს მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოყენების საკითხი – გამოსცეს თუ არა შემაკავებელი ორდერი ან დააწესოს თუ არა ელექტრონული ზედამხედველობა – არ არის აბსოლუტური. ამ დისკრეციის შინაარსობრივი ფარგლები და, შესაბამისად, მისი თვითნებურად და კორპორაციული მიკერძოებით გამოყენების რისკი მცირეა და, ფაქტობრივად, შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ ყალბად გაგებულ კორპორაციულ ინტერესებს, რაზედაც ზემოთ გამახვილდა ყურადღება,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია არსებითი განხილვის სხდომა შსს-ს, ასევე სპეციალური საგამოძიებოს სამსახურის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პრაქტიკაში შემაკავებელ ორდერს გამოსცემს სხვა დანაყოფის თანამშრომელი.

„საკონსტიტუციო სასამართლო იმ აზრისაა, რომ, მართალია, ზემოხსენებული რეკომენდაცია როგორც სავალდებულოდ შესასრულებელი წესი, ნორმატიულ დონეზე არ არის კანონმდებლობაში ასახული, მაგრამ დამკვიდრებული სწორი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს კორპორაციული მიკერძოებისა და ძალადობის მსხვერპლთა დაუცველად დატოვების რისკებს,“ – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

ამ თემაზე:

როცა ქალის მოკვლის საფრთხეა, რატომ არ იყენებს შსს ელექტრო სამაჯურს – ინტერვიუ

რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 5 წლის წინ  უნდა დასრულებულიყო, დღესაც გრძელდება. ინფორმაციას „ოცნების“ მთავრობის ახალშექმნილი ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს და აცხადებს, რომ მინისტრი რევაზ სოხაძე „საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარეობას და გამოწვევებს გურიის მხარეშიც გაეცნო“.

სამინისტრო „გამოწვევებსა“ და მშენებლობის დასრულების ვადებზე ამჯერად არაფერს ამბობს, თუმცა, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მთავარი „გამოწვევა“ ისაა, რომ ეს გზა მაქსიმუმ 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო.

ლანჩხუთი-ხაჯალიის გზის მშენებლობა / ფოტო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფეისბუქგვერდიდან / 11.05.2025

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და 2025 წლის მაისის მდგომარეობით მხოლოდ ორი მონაკვეთია დასრულებული/გახსნილი:

  • ლოტი 1 – სამტრედია-ჯაპანა [დაუსრულებელია]
  • ლოტი 2 – ჯაპანა-ლანჩხუთი [გახსნილია]
  • ლოტი 3 – ლანჩხუთი-ხაჯალია [დაუსრულებელია]
  • ლოტი 4 – ხაჯალია-სუფსა [გახსნილია]

აღნიშნული გზის სამტრედია-ჯაპანის მშენებარე მონაკვეთზე [ლოტი 1] 2023 წლის თებერვალში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. მანამდე, 2 წლით ადრე კი, ამ მონაკვეთის დასასრულებლად ბიუჯეტიდან 72 მილიონი ლარის გამოყოფა გახდა აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დონორების მიერ იყო დაფინანსებული.

რაც შეეხება ლანჩხუთი-ხაჯალიის მონაკვეთს [ლოტი 3] – სამუშაოები აქ 2022 წელს განახლდა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელი ინფორმაციით 2024 წელში უნდა დასრულებულიყო.

ვრცლად ამ თემაზე: ავტობანის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ლანჩხუთში განახლდება – დეპარტამენტი

„გრძელდება სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 12 კმ-იანი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას. ამ ეტაპზე, ყრილის, ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა მიმდინარეობს“ – წერს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2025 წლის 11 მაისს.

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი კომპანია Road Building ALTCOM LLC-ს უნდა აეშენებინა, ხოლო მესამე მონაკვეთი – Todini Costruzioni Generali S.p.A-ს, თუმცა, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ კომპანიებმა თავის დროზე ვალდებულებები არ შეასრულეს. მაშინ „ბათუმელებს“ დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ მათ ყველა სასამართლო დავა მოიგეს:

„რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟში (პარიზი, საფრანგეთი) მოგებულ დავებს, საერთაშორისო არბიტრაჟმა Road Building ALTCOM LLC-ს მიაკუთვნა დაახლოებით 64 მილიონი ლარი, Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 56 მლნ ლარი და Astaldi S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 68 მლნ ლარი. გარდა აღნიშნულისა, გაცნობებთ, რომ მთლიანად საერთაშორისო კონტრაქტორების მიმართ ამოქმედებული გარანტიების ფარგლებში ამოღებულ იქნა 123,7 მლნ ლარი. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურები“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან 2022 წლის ოქტომბერში.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა საბოლოოდ გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთით ქობულეთის შემოვლით გზას უნდა შეუერთდეს, თუმცა, გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კილომეტრიანი გზაც დათქმულ ვადაში არ დასრულდა და ჯამში მხოლოდ 11 კილომეტრია გახსნილი.

„სამუშაოები აქტიურად გრძელდება და დარჩენილ 3 კმ მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2024 წელს გაიხსნება“ – აცხადებდა 2023 წელს გზების დეპარტამენტი.

„გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილია 3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები“ – წერს 2025 წლის 11 მაისს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ვინაიდან ავტომაგისტრალების თითქმის არცერთი მონაკვეთი ხელშეკრულებებით განსაზღვრულ თავდაპირველ ვადებში არ დასრულებულა, ახალშექმნილი ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაუსრულებელი გზების დასრულების ახალ ვადებს აღარ ასახელებს.

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით მთლიანად ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო.

ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

მთავარი ფოტო: ლანჩხუთი-ხაჯალიის გზის მშენებლობა / ფოტო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფეისბუქგვერდიდან / 11.05.2025

ბათუმის აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღე ცხადდება

14 მაისს, 11:00-ზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღეს აწყობს. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, მივიდეს აეროპორტში და საკუთარი კანდიდატურა წარუდგინოს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტს. ნებისმიერ კანდიდატს საშუალება აქვს წარადგინოს რეზიუმე, გაიაროს გასაუბრება და გამოხატოს ინტერესი კონკრეტულ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ამ ეტაპზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კადრებს შემდეგი პოზიციებისთვის: მგზავრთა მომსახურების აგენტები, ჩატვირთვის კონტროლისა და კომუნიკაციების აგენტები, მორიგე ოფიცრები, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, მტვირთავი, თვითმფრინავის დამლაგებელი. ყველა აღნიშნული ვაკანსია სხვადასხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნას ითვალისწინებს. ღია კარის დღეზე დასწრებისა და მონაწილეობის მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, პირდაპირ მოვიდნენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის,  ტავ ჯორჯიასთვის ღია კარის დღის ღონისძიების საშუალებით ახალი კადრების მოძიება და დასაქმება უკვე ჩვეული პრაქტიკაა. ტავ ჯორჯია ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე. კომპანია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი, რაშიც 230 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. კომპანიაში დღესდღეობით 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალო“ – იუწყება სააგენტო.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 967 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 10 800 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 22 473 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 27 718 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 381 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 162 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35 678 ერთეული [+141]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 48 118 ერთეული [+171]
  • სპეცტექნიკა – 3 884 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 56 735 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 276 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 561 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 671 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 262 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

ზელენსკი: პირადად ველოდები პუტინს თურქეთში

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სარაგბო კლუბი “ბათუმი” საქართველოს ჩემპიონი გახდა

სარაგბო კლუბი “ბათუმი” რაგბი დიდი 10-ის ჩემპიონია.

სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის ფინალი დღეს, 11 მაისს, ქუთაისში გაიმართა. “ბათუმი” ქუთაისის “აიას” დაუპირისპირდა და დაამარცხა ანგარიშით 14:10.

“ბათუმმა” საქართველოს ჩემპიონობა მეხუთედ მოიპოვა.

ცნობისათვის, საქართველოს ჩემპიონი რაგბიში 10-ჯერ იყო სარაგბო კლუბი “ლოკომოტივი”, 6-ჯერ სარაგბო კლუბი “ლელო”, 5-ჯერ სარაგბო კლუბი “აია”, 4-ჯერ სარაგბო კლუბი “ბათუმი”, რომელიც დღევანდელი გამარჯვებით “აიას” გაუთანაბრდა, 3-ჯერ სარაგბო კლუბი “ყოჩები”, 2-ჯერ სარაგბო კლუბი “ხარები”, თითოჯერ აქვთ მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა სარაგბო კლუბებს “არმია”, “გუმარი” და “ჯიქი”.

„4-ჯერ მუშტის ჩარტყმა პოლიციელზე თავდასხმა თუ არაა, სილის გაწნა რანაირადაა?“ – სანდრო ბარამიძე

„შსს-ს წარმომადგენლები თავიანთ ტყუილებში თვითონვე დაიბნენ,“ – ეს შთაბეჭდილება აქვს იურისტს სანდრო ბარამიძეს მზია ამაღლობელის ახალ საქმეზე – სტიკერის გაკვრის გამო შსს ჟურნალისტს და მედიამენეჯერს ამჯერად ახალი მუხლით ედავება.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის სიყალბე მისი პატიმრობის საფუძველი გახდა სისხლის სამართლის საქმეზე. იურისტის და სამართლის სპეციალისტის, სანდრო ბარამიძის შეფასებით კი, სილის გაწვნა თავდასხმა კი არა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს მარცხენა ხელით გააწნა სილა.

„როგორც ვიცით, მზია ამაღლობელი არის მემარჯვენე. გამოდის, რომ ის არაწამყვანი – მარცხენა ხელით შეეხო ირაკლი დგებუაძეს. ამას როგორ შეეძლო ტკივილი გამოეწვია?“ – კითხულობს იურისტი.

„ბათუმელებმა“ სანდრო ბარამიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერია. 2012 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე სანდრო ბარამიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი, მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2015-2019 წლებში სანდრო ბარამიძე იყო ვენეციის კომისიის სათადარიგო წევრი საქართველოდან.

სანდრო ბარამიძე კვლავაც განაგრძობს ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას ექსპერტის რანგში. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალობით და იცავდა თავისი კლიენტების ინტერესებს შიდა სასამართლოებსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში.

  • ბატონო სანდრო, მზია ამაღლობელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე უკანონო პატიმრობაში რჩება, ადმინისტრაციულ საქმეზე, ანუ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის გაასამართლეს. ამჯერად მას ახალი მუხლით ასამართლებენ. რას აჩვენებს ეს თქვენთვის? 

ეს აჩვენებს იმას, რომ შსს-ს წარმომადგენლები თავიანთ ტყუილებში თვითონვე დაიბნენ: თავიდან თქვეს, რომ სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, მერე მიხვდნენ, რომ სტიკერს რაც ეხება –  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი – შეიძლება საერთოდ არც იყოს ამ საქმეზე, ამიტომ ადგნენ და მოიგონეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი, როცა ვნახეთ, რომ არანაირ დაუმორჩილებლობას იქ ადგილი არ ჰქონია. ეს ნამდვილად მოიგონეს პოლიციელებმა.

კადრების მიხედვით ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან სტიკერი გააკრა. რამდენიმე პოლიციელი მივარდა და დააკავეს.

გავიდა ხანი და გამოირკვა, რომ თურმე გრიგოლ ბესელიას არ ახსოვდა კვალიფიკაცია რომ შეცვალა და სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განაცხადა, სტიკერის გაკვრისთვის გავაკეთეთ ეს ყველაფერიო, არ ახსოვდა. ახლა მოუხდათ უკანა კარებით ახალი რაღაცის მოფიქრება.

ადამიანი როდესაც ტყუის, სხვა გამოსავალი არ რჩება – შემდეგ იგი ტყუის ახლებურად.

  • სტიკერის გაკვრაზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ ჰქონდა გამოქვეყნებული შეფასება 2025 წლის 14 იანვარს, როცა გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. გამჭვირვალობის შეფასებაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ნორმა, რომელიც განსაზღვრავს სტიკერის გაკვრის გამო პასუხისმგებლობას, არის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული. რას ნიშნავს, როცა სტიკერის გაკვრისთვის, ანუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის გაკავებენ? 

არალეგიტიმურმა პარლამენტმა როდესაც შეიტანა ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილში, სამართალდარღვევად გამოაცხადა  სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების, თვითნებურად შესრულება. თუმცა იქ სტიკერი ნახსენები საერთოდ არ არის. საუბარია ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

რადგანაც ეს აქცია ჩატარდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის  შენობასთან, ანუ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რელევანტური მუხლი ამ შემთხვევაში იქნებოდა 150-ე მუხლის მე-3 ნაწილი, თუმცა აქ სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევად მოხსენებული არ არის.

მზია ამაღლობელის დაკავება სტიკერის გაკვრის გამო გაუგონარი ამბავია. უბრალოდ, სამართალდარღვევის შემადგენლობაც არ არსებობდა.

  • სტიკერის გაკვრისთვის დაკავებული მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის მუხლით ცნო სასამართლომ სამართალდამრღვევად. ამ შემთხვევიდან სამთვენახევრის შემდეგ შეუდგინეს მზია ამაღლობელს იგივე ქმედების გამო ახალი ოქმი, უკვე ასკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. 

რაც შეეხება პირველ ნაწილს, მართლაც არის ჩანაწერი, რომ პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების განთავსება არ შეიძლება ისეთ ადგილებზე, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, მაგრამ ეს არის აშკარად წინასაარჩევნო ხასიათის ჩანაწერი. საარჩევნო კამპანიისთვის მართლაც დადგენილია, რომ გამოყოფილ ადგილებში უნდა განათავსო შესაბამისი სარეკლამო მასალა.

შესაბამისად ასკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაახლოებით 4 თვის შემდეგ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა არის უკანონობა.

  • რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს: პროკურატურის მტკიცებით, სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმაა, რადგან დაზარალებულმა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძემ ტკივილი განიცადა. თქვენი აზრით, რამდენად გვაქვს საქმე თავდასხმასთან? 

მიადგა თუ არა ტკივილი ირაკლი დგებუაძეს, ეს უნდა დადგენილიყო შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც არ არსებობს. ასე რომ, ირაკლი დგებუაძე რას იცრუებს და ეტყვის სასამართლოს, ეს კი არაა მთავარი, არამედ ობიექტური მტკიცებულება, რაც არ არსებობს.

როგორც ვიცით, მზია ამაღლობელი არის მემარჯვენე. გამოდის, რომ ის არაწამყვანი – მარცხენა ხელით შეეხო ირაკლი დგებუაძეს. ამას როგორ შეეძლო ტკივილი გამოეწვია? ეს არის აბსოლუტური აბსურდი.

უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა გონივრულ ეჭვს მიღმა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ირაკლი დგებუაძეს მართლაც მიადგა ტკივილი. რომელი ობიექტური დამკვირვებელი დაიჯერებს, რომ ქალის არაწამყვანი ხელით სახეზე შეხებით ადამიანს შეიძლება მიადგეს ტკივილი?

რომ შევადაროთ ეს ფაქტი სხვა ფაქტებს, რომლებიც საქართველოს სასამართლოების მიერ იქნა განხილული – პოლიციელზე თავდასხმად არ იქნება კვალიფიცირებული ბევრად უფრო საშიში მოქმედებები. მაგალითად, ბოლნისის სასამართლოში ერთ-ერთი საქმე იყო, სადაც თავში ჩაარტყა ხელი ბრალდებულმა პოლიციელს. ეს შემთხვევა არ იქნა კვალიფიცირებული თავდასხმად.

იყო სხვა შემთხვევაც, როცა, მაგალითად, პოლიციელს ოთხჯერ მუშტი ჩაარტყა ბრალდებულმა და არც ის იქნა კვალიფიცირებული, როგორც პოლიციელზე თავდასხმა. ის გაასამართლეს სსკ-ის 126-ე მუხლით [ძალადობა], რაც ნაკლებად მკაცრი მუხლია.

4-ჯერ მუშტის ჩარტყმა პოლიციელზე თუ არაა თავდასხმა, სილის გაწნა რანაირად არის?

  • პოლიციელის დანით დაჭრის შემთხვევაზეც, რაზეც არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შესახებ ვწერდით, სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო პოლიციელზე თავდასხმა…

დიახ. ბევრად მძიმე შემთხვევა და საშიშროების შემცველი ქმედება არ ყოფილა კვალიფიცირებული პოლიციელზე თავდასხმად. რანაირად შეიძლება სილის გაწვნა ყოფილიყო კვალიფიცირებული თავდასხმად, თუ აქ ადგილი არ აქვს პოლიტიკურ შეკვეთას და ანგარიშსწორებას ჟურნალისტის და მთლიანად კრიტიკული მედიის მიმართ? ეს არის სურვილი, რომ დაადუმონ საზოგადოება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მზია ამაღლობელის ღიად სისხლისსამართლებრივი დევნა.

  • თქვენი აზრით, სილის გაწვნა, რასაც ედავებიან მზია ამაღლობელს, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული? 

ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული ზიანის სიმცირის, ან უქონლობის გამო. შესაძლოა, ეს იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

  • რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებზეც „ქართული ოცნება“ მანიპულირებს კონტექსტიდან ამოჭრილი კადრით: აი, ხომ გაარტყა ხელი პოლიციელს? 

ვეტყოდი ამ ადამიანებს, რომ ეს ნამდვილად არ არის კარგი ქმედება და ეს არის სამართლებრივადაც გასაკიცხი ქმედება, მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და დანაშაულს შორის უზარმაზარი ზღვარია, მათ შორის, პასუხისმგებლობის ხარისხის, ფორმის და გასაკიცხობის მასშტაბის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ ისიც, თუ რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი. სილის გაწვნის ეპიზოდამდე მზია ამაღლობელი დააკავეს არაფრის გამო, ისეთი ქმედების გამო, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც არ არის.

რომც მიეჩნიათ პოლიციელს სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევად, ის არ უნდა დაეკავებინათ და არც ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

ამიტომაც მნიშვნელოვანია მთელი ეს კონტექსტი: პოლიციელები თავგასულად ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე, რომლებიც პროტესტის გამოსახატავად მივიდნენ პოლიციის შენობასთან. ამ კონტექსტში მოხდა მზია ამაღლობელის უკანონოდ, თვითნებურად დაკავება და შემდეგ მოხდა შელაპარაკება – ინციდენტი ირაკლი დგებუაძესთან.

სილის გაწვნა არ არის მისასალმებელი ქმედება, მაგრამ ეს არაა დანაშაული. არცერთი მეტ-ნაკლებად ობიექტური მართლმსაჯულების სისტემა ამას არ მიიჩნევდა დანაშაულად.

  • ტერმინი „თავდასხმა“ რამდენად არის მკაფიოდ განმარტებული კანონმდებლობაში? ხომ არ სარგებლობს პროკურატურა იმით, რომ ეს ტერმინი განჭვრეტადი არ არის? 

ჩემი აზრით, ამ მხრივაც კანონი პრობლემურია, რადგან „თავდასხმის“ ობიექტური შემადგენლობა განმარტებული არ არის, რაც იძლევა სასამართლოს მხრიდან თვითნებური ინტერპრეტაციის საშუალებას. ეს თავისთავად პრობლემაა იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ის, რომ კანონი, მით უმეტეს, სისხლის სამართლის კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი და ადამიანს უნდა შეეძლოს, თუნდაც იურისტის დახმარებით, გაიგოს შინაარსი: რას უკრძალავენ მას, რომ შემდეგ იხელმძღვანელოს ამის შესაბამისად.

რა თქმა უნდა, სასამართლო პრაქტიკა მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ სასამართლო პრაქტიკას ეწინააღმდეგება სილის გაწვნის მიჩნევა. აქედან გამომდინარე, ეს უკვე კანონის პრობლემადაც იქცევა, რადგან საიდან შეიძლება სცოდნოდა მზია ამაღლობელს, რომ მის მოქმედებას მოჰყვებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა? მას ამისი მოლოდინი არ შეიძლება ჰქონოდა, რადგან  ამაზე არც სასამართლო პრაქტიკა არ მიუთითებს და არც კანონშია ამის შესახებ განმარტება. შესაბამისად, კანონის ეს ნორმა არ არის განჭვრეტადი.

  • ეს არის პარლამენტის პასუხისმგებლობა?

ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – თუ კანონის არაგანჭვრეტადობა პრობლემაა და ამას დაადგენს სტრასბურგის სასამართლო, ან რომელიმე საერთაშორისო ფორუმი, მაშინ ეს მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ნაწილი იქნება.

  • „მზია ამაღლობელის საქმის“ მოწმე პოლიციელები არაერთ შემთხვევაში სიცრუეში ამხილეს ადვოკატებმა. მაგალითად, ერთმა პოლიციელმა თქვა, მე დავადე მზია ამაღლობელს ბორკილი მესამე სართულზე, მეორემ თქვა, მე დავადე ბორკილი პირველ სართულზეო… რაზე მიანიშნებს პოლიციელების სიცრუე და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები? 

ეს უკვე იქცა მავნე ადმინისტრაციულ პრაქტიკად, როცა პოლიციელები ცხადდებიან სასამართლოში, იქნება ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, თუ სისხლის სამართლის საქმე და თითქმის ყველა შემთხვევაში ცრუობენ. მიუხედავად იმისა, რომ მარტივად ხდება მათი მხილება ცრუმოწმეობაზე, სასამართლოები ამას ყურადღებას არ აქცევენ.

მთლიანობაში მთელი რეჟიმი, სახელმწიფო აპარატი გადაიქცა პოლიტიკურ მანქანად ადამიანის ჩაგვრის და ადამიანის უფლებათა უხეში შელახვის მექანიზმად. ამ სისტემის ნაწილია, მათ შორის, პოლიციელთა ცრუ ჩვენებები.

სასამართლო კი, რომელიც არის ცრუ მართლმსაჯულების ორგანოდ გადაქცეულია, ცხადია, ამაზე არ რეაგირებს.

  • რა არის ყველაზე მკაფიო მაგალითი ამ საქმეში, რაც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია? 

ყველაზე მთავარი არის ის, რომ მზია ამაღლობელი ქმედება არც საშიშროების და არც მისი ზიანის მხრივ არ წარმოადგენს და ვერ სწვდება დანაშაულის ხარისხს, პასუხისმგებლობის ისეთ ხარისხს, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კანონი.

მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა მიანიშნებს იმაზე, რომ მას აქვს პოლიტიკური ხასიათი და ამ დევნის მიზანია არამხოლოდ შურისძიება მზია ამაღლობელზე, არამედ  შურისძიება მთლიანად კრიტიკულ მედიაზე, მთლიანად კრიტიკულ საზოგადოებაზე.

სენაკში ძლიერმა ქარმა 800-წლოვანი ჭადარი გადატეხა

ძლიერმა ქარმა,  სენაკში, 800 წლოვანი ჭადარი გადატეხა.

ჭადარი საქართველოს წითელ წიგნში, ცოცხალი ბუნების ძეგლების კატეგორიაში (დიდხნოვანი ხეები) იყო შეტანილი 1982 წლიდან.

აღმოსავლეთის ჭადარი (ლათ. Platanus Orientalis) სენაკი-მარტვილის დამაკავშირებელ გზაზე იდგა.

სენაკში მდგარი აღმოსავლეთის ჭადრის სიმაღლე 27 მეტრი იყო, მერქნის დიამეტრი 4.40 მეტრი, გარშემოწერილობა 23.7 მეტრი.

ისტორიკოსები აღმოსავლეთის ჭადრის სენაკში დარგვის თარიღად 1184 წელს მიიჩნევენ, თამარ მეფის ტახტზე ასვლის წელს.

1876 წელს ძველ სენაკში იმოგზაურა ბრიტანელმა მოგზაურმა და მწერალმა ჯონ ტეფლერმა, რომელსაც თავის წიგნში აქვს აღწერილი სენაკში მდგარი აღმოსავლეთის ჭადარი.

ხე ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების აღნიშვნის ადგილად იყო ქცეული. მაგალითად, სწორედ აქ იზეიმეს 1918 წელს სენაკელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ხოლო 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

გადატეხილი 800-წლოვანი ჭადარი სენაკში ფოტო: მიხეილ კირცხალია

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 მაისის 21 საათიდან 12 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელ-ჭექი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

  • მთიან რაიონებში:

დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

  • მაღალმთიან ზონაში:

დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 3-4  ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო ორი დღე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა

4 პირი დააკავა  პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვა – გასაღების მომზადების ბრალდებით.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი, 2003 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1978 წელს დაბადებული კ.კ., რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1981 წელს დაბადებული გ.კ. და იორდანიის მოქალაქე 2003 წელს დაბადებული ო.ა.“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულები შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ,,კოკაინი“, „მდმა“, „ლიზერგიდი“, ფსიქოტროპული ნივთიერებები და “მარიხუანა” ამოიღეს. ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფი,“ – წერს შს სამინისტროს პრესსამსახური.

დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 18-260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

Exit mobile version