რუსეთი ევროპელი ლიდერების მოთხოვნას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ მიუღებელ ულტიმატუმს უწოდებს.
დღეს, 12 მაისს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია და რუსეთთან ასეთი ენით საუბარი არ შეიძლება“.
თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროკავშირი აპირებს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.
დღეს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, სტეფან კორნელიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სანქციების მოსამზადებლად, თუ მოსკოვის ხელისუფლება 12 მაისის ბოლომდე არ შეასრულებს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნას.
მანამდე ევროპელმა ლიდერებმა რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, უარის შემთხვევაში კი სანქციებსა და უკრაინის შეიარაღების გაზრდაზე მზაობა გამოთქვეს. ეს იდეა გაჟღერდა კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ვიზიტის დროს.
საპასუხოდ, პუტინმა ბრიფინგი გამართა, სადაც უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, თუმცა, არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწორედ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიონ.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ხუთშაბათს, 15 მაისს, თურქეთში.
დღეს, 12 მაისს, კრემლის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს არაფერი უთქვამს თურქეთში დაგეგმილ შეხვედრაში პუტინის პირად მონაწილეობაზე.