ფესტივალის – „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზებისთვის წელს აჭარის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა – ცალკე სცენის და ცალკე – სანახაობის მოწყობაზე.
ფესტივალი 2025 წლის ივნისში ჩატარდება თუმცა კონკრეტული დღეები ამ დროისთვის უცნობია.
130 ათასი ლარითაა გამოცხადებული ტენდერი სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, „რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას, სასცენო განათებას, სასცენო ეფექტებს ლაზერებით, სასცენო ცეცხლით ე.წ stage flame – ით, CO და კონფეტის დიდი სკალის აპარატით მომსახურებას, გახმოვანების აპარატურას, ლედ ეკრანებს, ლაივ ჩართვებს და სატელევიზიო სადგურით მომსახურებას, სასცენო დაცვასა და ე.წ. ბექ სტეიჯის მომსახურების უზრუნველყოფას“.
ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 16 მაისს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება.
„ღონისძიების ჩატარების ადგილია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, საოცრებათა პარკი, დაახლოებით 2 000 კვ.მ. ტერიტორიაზე. ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში მოეწყობა გრანდიოზული სცენა, შიდა და გვერდითა ლედ ეკრანებით, სასცენო ცეცხლებით, ლაზერული განათებებით, ლაივ ჩართვის სპეციალური ტექნიკური აპარატურით.
ფესტივალის მიზანია ბათუმში საზაფხულო განწყობის შექმნა და საზღვაო სეზონის გახსნის დაანონსება… წარმოდგენილია მრავალფეროვანი დღის და ღამის საკონცერტო პროგრამა, კოსტიუმირებული თეატრალური წამოდგენები, სპეციალურად ამ დღისთვის ეწყობა საზაფხულო დეკორაციები, რომელსაც საზაფხულო განწყობა შემოაქვს ფესტივალზე“ – წერია სატენდერო განაცხადში.
მეორე ტენდერი კი კოსტიუმირებული მსვლელობისა და ადგილზე მცირე შოუების მოწყობაზეა გამოცხადებული, რისთვისაც 98 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ტენდერის პირობის მიხედვით, წარმოდგენა უნდა დაიწყოს მსვლელობით, რომელშიც მონაწილეობენ შემდეგი პერსონაჟები:
„2 გიგანტური მანათობელი მედუზა, 2 მოსიარულე წყალმცენარე [კოსტიუმები დიდი მოცულობისა და მკვეთრი ფერებით, ირგვლივ ეფექტურად ირხევიან], 2 დელფინი მსახიობთან ერთად, 2 მსახიობი ზღვის ვარსკვლავის კოსტიუმში, 2 ცალი ოჩოფეხი რვაფეხა, 1 ცალი ოჩოფეხი მედუზა, მსვლელობას მოჰყვება მოსიარულე ორკესტრი მანათობელი კოსტიუმებით, 10 მუსიკოსის შემადგენლობით.
მსვლელობის ბოლოს პერსონაჟები იკრიბებიან მთავარ საღონისძიებო სივრცეში, სადაც წარმოდგენას უერთდება: ზღვის გიგანტური დედოფალი, 3 მეტრი სიმაღლით, რომელიც დგას მოძრავ კონსტრუქციაზე და 3 მსახიობი მონაცვლეობით განასახიერებს ზღვის დედოფალს.
ასევე გიგანტური პოსეიდონი, 3 მეტრი სიმაღლით, რომელსაც ასევე 3 მსახიობი განასახიერებს მონაცვლეობით, სირინოზი და წყალმცენარის კონსტრუქცია, რომელიც არის სტატიური, 3 მეტრი სიმაღლით და 2 აკრობატი საჰაერო ძელზე, ზღვის თემატიკის კოსტიუმით.
ყველა აღნიშნული პერსონაჟი, რომელიც მთავარ საღონისძიებო სივრცეში მუშაობს, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ორი დღის განმავლობაში. პერსონაჟები და კონსტრუქციები ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს რეფერენს ფოტოებს“ – აღნიშნულია ტენდერში, რომელსაც რეფერენს ფოტოებიც ახლავს.
ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 17 მაისს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება.

რეფერენს ფოტოები ტენდერიდან
____________________
მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.