უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში 15 მაისს დაგეგმილი შეხვედრის ფონზე რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში.
„სამწუხაროდ, მსოფლიოს ჯერ კიდევ არ მიუღია რუსეთისგან მკაფიო პასუხი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებასთან დაკავშირებით. რუსული დაბომბვები და თავდასხმები გრძელდება.
მოსკოვი მთელი დღის განმავლობაში დუმდა პირდაპირი შეხვედრის წინადადების შესახებ. ძალიან უცნაური სიჩუმე. რუსეთს ომის დასრულება მაინც მოუწევს და უკეთესი იქნება, თუ ეს უფრო ადრე მოხდება. მკვლელობების გაგრძელებას აზრი არ აქვს“ – განაცხადა ზელენსკიმ 12 მაისს, საღამოს.
ზელენსკის განცხადებას წინ უძღოდა კრემლის დუმილი საომარი მოქმედებების 30-დღიანი შეჩერების შეთავაზების შესახებ, თუმცა რუსეთმა განაცხადა, რომ მზადაა კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რომელიც სტამბოლში, 15 მაისს იგეგმება.
ამავე დროს, პუტინის პრესსპიკერმა, პესკოვმა, 12 მაისს ევროპელი ლიდერების მოთხოვნას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ მიუღებელი ულტიმატუმი უწოდა.
კრემლში ასევე არ უპასუხეს ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი მზადაა პირისპირ შეხვდეს პუტინს თურქეთში.
12 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაძლოა თურქეთში გაემგზავროს, რათა ხუთშაბათს, 15 მაისს დაგეგმილ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწროს.
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასწრებას განიხილავს, თუ დაინახავს, რომ მისი იქ ყოფნა შეთანხმებისთვის სასარგებლო იქნებოდა.
მის განცხადებას ზელენსკი X-ზე გამოეხმაურა:
„რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი უკრაინაში დააფასებს, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენთან ერთად იქნება თურქეთში ამ შეხვედრაზე“, – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.