„შსს-ს წარმომადგენლები თავიანთ ტყუილებში თვითონვე დაიბნენ,“ – ეს შთაბეჭდილება აქვს იურისტს სანდრო ბარამიძეს მზია ამაღლობელის ახალ საქმეზე – სტიკერის გაკვრის გამო შსს ჟურნალისტს და მედიამენეჯერს ამჯერად ახალი მუხლით ედავება.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის სიყალბე მისი პატიმრობის საფუძველი გახდა სისხლის სამართლის საქმეზე. იურისტის და სამართლის სპეციალისტის, სანდრო ბარამიძის შეფასებით კი, სილის გაწვნა თავდასხმა კი არა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს მარცხენა ხელით გააწნა სილა.
„როგორც ვიცით, მზია ამაღლობელი არის მემარჯვენე. გამოდის, რომ ის არაწამყვანი – მარცხენა ხელით შეეხო ირაკლი დგებუაძეს. ამას როგორ შეეძლო ტკივილი გამოეწვია?“ – კითხულობს იურისტი.
„ბათუმელებმა“ სანდრო ბარამიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერია. 2012 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე სანდრო ბარამიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი, მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2015-2019 წლებში სანდრო ბარამიძე იყო ვენეციის კომისიის სათადარიგო წევრი საქართველოდან.
სანდრო ბარამიძე კვლავაც განაგრძობს ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას ექსპერტის რანგში. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალობით და იცავდა თავისი კლიენტების ინტერესებს შიდა სასამართლოებსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში.
- ბატონო სანდრო, მზია ამაღლობელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე უკანონო პატიმრობაში რჩება, ადმინისტრაციულ საქმეზე, ანუ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის გაასამართლეს. ამჯერად მას ახალი მუხლით ასამართლებენ. რას აჩვენებს ეს თქვენთვის?
ეს აჩვენებს იმას, რომ შსს-ს წარმომადგენლები თავიანთ ტყუილებში თვითონვე დაიბნენ: თავიდან თქვეს, რომ სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, მერე მიხვდნენ, რომ სტიკერს რაც ეხება – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი – შეიძლება საერთოდ არც იყოს ამ საქმეზე, ამიტომ ადგნენ და მოიგონეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი, როცა ვნახეთ, რომ არანაირ დაუმორჩილებლობას იქ ადგილი არ ჰქონია. ეს ნამდვილად მოიგონეს პოლიციელებმა.
კადრების მიხედვით ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან სტიკერი გააკრა. რამდენიმე პოლიციელი მივარდა და დააკავეს.
გავიდა ხანი და გამოირკვა, რომ თურმე გრიგოლ ბესელიას არ ახსოვდა კვალიფიკაცია რომ შეცვალა და სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განაცხადა, სტიკერის გაკვრისთვის გავაკეთეთ ეს ყველაფერიო, არ ახსოვდა. ახლა მოუხდათ უკანა კარებით ახალი რაღაცის მოფიქრება.
ადამიანი როდესაც ტყუის, სხვა გამოსავალი არ რჩება – შემდეგ იგი ტყუის ახლებურად.
- სტიკერის გაკვრაზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ ჰქონდა გამოქვეყნებული შეფასება 2025 წლის 14 იანვარს, როცა გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. გამჭვირვალობის შეფასებაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ნორმა, რომელიც განსაზღვრავს სტიკერის გაკვრის გამო პასუხისმგებლობას, არის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული. რას ნიშნავს, როცა სტიკერის გაკვრისთვის, ანუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის გაკავებენ?
არალეგიტიმურმა პარლამენტმა როდესაც შეიტანა ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილში, სამართალდარღვევად გამოაცხადა სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების, თვითნებურად შესრულება. თუმცა იქ სტიკერი ნახსენები საერთოდ არ არის. საუბარია ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.
რადგანაც ეს აქცია ჩატარდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, ანუ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რელევანტური მუხლი ამ შემთხვევაში იქნებოდა 150-ე მუხლის მე-3 ნაწილი, თუმცა აქ სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევად მოხსენებული არ არის.
მზია ამაღლობელის დაკავება სტიკერის გაკვრის გამო გაუგონარი ამბავია. უბრალოდ, სამართალდარღვევის შემადგენლობაც არ არსებობდა.
- სტიკერის გაკვრისთვის დაკავებული მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის მუხლით ცნო სასამართლომ სამართალდამრღვევად. ამ შემთხვევიდან სამთვენახევრის შემდეგ შეუდგინეს მზია ამაღლობელს იგივე ქმედების გამო ახალი ოქმი, უკვე ასკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
რაც შეეხება პირველ ნაწილს, მართლაც არის ჩანაწერი, რომ პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების განთავსება არ შეიძლება ისეთ ადგილებზე, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, მაგრამ ეს არის აშკარად წინასაარჩევნო ხასიათის ჩანაწერი. საარჩევნო კამპანიისთვის მართლაც დადგენილია, რომ გამოყოფილ ადგილებში უნდა განათავსო შესაბამისი სარეკლამო მასალა.
შესაბამისად ასკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაახლოებით 4 თვის შემდეგ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა არის უკანონობა.
- რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს: პროკურატურის მტკიცებით, სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმაა, რადგან დაზარალებულმა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძემ ტკივილი განიცადა. თქვენი აზრით, რამდენად გვაქვს საქმე თავდასხმასთან?
მიადგა თუ არა ტკივილი ირაკლი დგებუაძეს, ეს უნდა დადგენილიყო შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც არ არსებობს. ასე რომ, ირაკლი დგებუაძე რას იცრუებს და ეტყვის სასამართლოს, ეს კი არაა მთავარი, არამედ ობიექტური მტკიცებულება, რაც არ არსებობს.
როგორც ვიცით, მზია ამაღლობელი არის მემარჯვენე. გამოდის, რომ ის არაწამყვანი – მარცხენა ხელით შეეხო ირაკლი დგებუაძეს. ამას როგორ შეეძლო ტკივილი გამოეწვია? ეს არის აბსოლუტური აბსურდი.
უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა გონივრულ ეჭვს მიღმა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ირაკლი დგებუაძეს მართლაც მიადგა ტკივილი. რომელი ობიექტური დამკვირვებელი დაიჯერებს, რომ ქალის არაწამყვანი ხელით სახეზე შეხებით ადამიანს შეიძლება მიადგეს ტკივილი?
რომ შევადაროთ ეს ფაქტი სხვა ფაქტებს, რომლებიც საქართველოს სასამართლოების მიერ იქნა განხილული – პოლიციელზე თავდასხმად არ იქნება კვალიფიცირებული ბევრად უფრო საშიში მოქმედებები. მაგალითად, ბოლნისის სასამართლოში ერთ-ერთი საქმე იყო, სადაც თავში ჩაარტყა ხელი ბრალდებულმა პოლიციელს. ეს შემთხვევა არ იქნა კვალიფიცირებული თავდასხმად.
იყო სხვა შემთხვევაც, როცა, მაგალითად, პოლიციელს ოთხჯერ მუშტი ჩაარტყა ბრალდებულმა და არც ის იქნა კვალიფიცირებული, როგორც პოლიციელზე თავდასხმა. ის გაასამართლეს სსკ-ის 126-ე მუხლით [ძალადობა], რაც ნაკლებად მკაცრი მუხლია.
4-ჯერ მუშტის ჩარტყმა პოლიციელზე თუ არაა თავდასხმა, სილის გაწნა რანაირად არის?
- პოლიციელის დანით დაჭრის შემთხვევაზეც, რაზეც არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შესახებ ვწერდით, სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო პოლიციელზე თავდასხმა…
დიახ. ბევრად მძიმე შემთხვევა და საშიშროების შემცველი ქმედება არ ყოფილა კვალიფიცირებული პოლიციელზე თავდასხმად. რანაირად შეიძლება სილის გაწვნა ყოფილიყო კვალიფიცირებული თავდასხმად, თუ აქ ადგილი არ აქვს პოლიტიკურ შეკვეთას და ანგარიშსწორებას ჟურნალისტის და მთლიანად კრიტიკული მედიის მიმართ? ეს არის სურვილი, რომ დაადუმონ საზოგადოება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მზია ამაღლობელის ღიად სისხლისსამართლებრივი დევნა.
- თქვენი აზრით, სილის გაწვნა, რასაც ედავებიან მზია ამაღლობელს, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული?
ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული ზიანის სიმცირის, ან უქონლობის გამო. შესაძლოა, ეს იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
- რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებზეც „ქართული ოცნება“ მანიპულირებს კონტექსტიდან ამოჭრილი კადრით: აი, ხომ გაარტყა ხელი პოლიციელს?
ვეტყოდი ამ ადამიანებს, რომ ეს ნამდვილად არ არის კარგი ქმედება და ეს არის სამართლებრივადაც გასაკიცხი ქმედება, მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და დანაშაულს შორის უზარმაზარი ზღვარია, მათ შორის, პასუხისმგებლობის ხარისხის, ფორმის და გასაკიცხობის მასშტაბის შესაბამისად.
მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ ისიც, თუ რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი. სილის გაწვნის ეპიზოდამდე მზია ამაღლობელი დააკავეს არაფრის გამო, ისეთი ქმედების გამო, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც არ არის.
რომც მიეჩნიათ პოლიციელს სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევად, ის არ უნდა დაეკავებინათ და არც ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
ამიტომაც მნიშვნელოვანია მთელი ეს კონტექსტი: პოლიციელები თავგასულად ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე, რომლებიც პროტესტის გამოსახატავად მივიდნენ პოლიციის შენობასთან. ამ კონტექსტში მოხდა მზია ამაღლობელის უკანონოდ, თვითნებურად დაკავება და შემდეგ მოხდა შელაპარაკება – ინციდენტი ირაკლი დგებუაძესთან.
სილის გაწვნა არ არის მისასალმებელი ქმედება, მაგრამ ეს არაა დანაშაული. არცერთი მეტ-ნაკლებად ობიექტური მართლმსაჯულების სისტემა ამას არ მიიჩნევდა დანაშაულად.
- ტერმინი „თავდასხმა“ რამდენად არის მკაფიოდ განმარტებული კანონმდებლობაში? ხომ არ სარგებლობს პროკურატურა იმით, რომ ეს ტერმინი განჭვრეტადი არ არის?
ჩემი აზრით, ამ მხრივაც კანონი პრობლემურია, რადგან „თავდასხმის“ ობიექტური შემადგენლობა განმარტებული არ არის, რაც იძლევა სასამართლოს მხრიდან თვითნებური ინტერპრეტაციის საშუალებას. ეს თავისთავად პრობლემაა იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ის, რომ კანონი, მით უმეტეს, სისხლის სამართლის კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი და ადამიანს უნდა შეეძლოს, თუნდაც იურისტის დახმარებით, გაიგოს შინაარსი: რას უკრძალავენ მას, რომ შემდეგ იხელმძღვანელოს ამის შესაბამისად.
რა თქმა უნდა, სასამართლო პრაქტიკა მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ სასამართლო პრაქტიკას ეწინააღმდეგება სილის გაწვნის მიჩნევა. აქედან გამომდინარე, ეს უკვე კანონის პრობლემადაც იქცევა, რადგან საიდან შეიძლება სცოდნოდა მზია ამაღლობელს, რომ მის მოქმედებას მოჰყვებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა? მას ამისი მოლოდინი არ შეიძლება ჰქონოდა, რადგან ამაზე არც სასამართლო პრაქტიკა არ მიუთითებს და არც კანონშია ამის შესახებ განმარტება. შესაბამისად, კანონის ეს ნორმა არ არის განჭვრეტადი.
- ეს არის პარლამენტის პასუხისმგებლობა?
ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – თუ კანონის არაგანჭვრეტადობა პრობლემაა და ამას დაადგენს სტრასბურგის სასამართლო, ან რომელიმე საერთაშორისო ფორუმი, მაშინ ეს მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ნაწილი იქნება.
- „მზია ამაღლობელის საქმის“ მოწმე პოლიციელები არაერთ შემთხვევაში სიცრუეში ამხილეს ადვოკატებმა. მაგალითად, ერთმა პოლიციელმა თქვა, მე დავადე მზია ამაღლობელს ბორკილი მესამე სართულზე, მეორემ თქვა, მე დავადე ბორკილი პირველ სართულზეო… რაზე მიანიშნებს პოლიციელების სიცრუე და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები?
ეს უკვე იქცა მავნე ადმინისტრაციულ პრაქტიკად, როცა პოლიციელები ცხადდებიან სასამართლოში, იქნება ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, თუ სისხლის სამართლის საქმე და თითქმის ყველა შემთხვევაში ცრუობენ. მიუხედავად იმისა, რომ მარტივად ხდება მათი მხილება ცრუმოწმეობაზე, სასამართლოები ამას ყურადღებას არ აქცევენ.
მთლიანობაში მთელი რეჟიმი, სახელმწიფო აპარატი გადაიქცა პოლიტიკურ მანქანად ადამიანის ჩაგვრის და ადამიანის უფლებათა უხეში შელახვის მექანიზმად. ამ სისტემის ნაწილია, მათ შორის, პოლიციელთა ცრუ ჩვენებები.
სასამართლო კი, რომელიც არის ცრუ მართლმსაჯულების ორგანოდ გადაქცეულია, ცხადია, ამაზე არ რეაგირებს.
- რა არის ყველაზე მკაფიო მაგალითი ამ საქმეში, რაც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია?
ყველაზე მთავარი არის ის, რომ მზია ამაღლობელი ქმედება არც საშიშროების და არც მისი ზიანის მხრივ არ წარმოადგენს და ვერ სწვდება დანაშაულის ხარისხს, პასუხისმგებლობის ისეთ ხარისხს, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კანონი.
მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა მიანიშნებს იმაზე, რომ მას აქვს პოლიტიკური ხასიათი და ამ დევნის მიზანია არამხოლოდ შურისძიება მზია ამაღლობელზე, არამედ შურისძიება მთლიანად კრიტიკულ მედიაზე, მთლიანად კრიტიკულ საზოგადოებაზე.