მთავარი,სიახლეები

კობახიძის წერილი დიპლომატიური ჰარაკირია – ინტერვიუ

13.05.2025 •
კობახიძის წერილი დიპლომატიური ჰარაკირია – ინტერვიუ

„რეალურად, სანქციებზე რეაგირება აჩვენებს, რომ ძალიან სერიოზულ ფინანსურ დარტყმას იღებს პარტიის ჩრდილოვანი თუ საპატიო ლიდერი, რომლის მთავარ, ღერძულ ფიგურაზეა დაფუძნებული და აწყობილი მთლიანად პარტიის ფინანსები, რიტორიკა და მერე ქვეყნის მართვის ტემპიც“- ამბობს ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარი.

რა იკითხება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართულ ღია წერილში, რომელიც დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა? – „ბათუმელები“ ნინო სამხარაძეს ამ თემაზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, რა განცდა დაგიტოვათ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, კობახიძის ტრამპთან გაგზავნილმა წერილმა, რაზე მეტყველებს ეს წერილი?

განწყობა, ტონი და ტემპი ისეთი აქვს ამ განცხადებას, გვაგრძნობინებს, რომ ყველა სხვა კომუნიკაციის მცდელობა, თუნდაც მინიმალურ დონეზე, რაც აქამდე ჰქონდა პარტიას ვაშინგტონთან, ამ ეტაპზე არის შეწყვეტილი.

წერილში საუბარი იყო, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ლობიზე ვაშინგტონში, საუბარი იყო ტრამპთან იდეოლოგიურ თანხვედრაზე, საუბარი იყო მინისტრების დონეზე შესაძლო შეხვედრებზე და აი, ყველა ეს კომუნიკაცია ამ ეტაპზე არის ან უკვე ოფიციალურად გაწყვეტილი, ან პარტიისთვის არ არის საკმარისი, რომ პარტიამ თავი გადაირჩინოს, ლეგიტიმაცია შეინარჩუნოს აშშ-ის მხარდაჭერით.

აქედან გამომდინარე, ეს წერილი დიპლომატიური ჰარაკირია ფაქტობრივად, ნებისმიერი მთავრობისთვის, ამ შემთხვევაში „ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ დიპლომატიის გათვლას მე ამაში ვერ ვხედავ. ამომრჩევლისთვის, მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლის საწყისს უფრო ვხედავ.

  • სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა ამ წერილს და თქვა, რომ ეს არის სასოწარკვეთილების წერილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, სასოწარკვეთილია „ოცნება“?

დიახ, ვეთანხმები ამ ფრაზას, რადგან ასე გამოიყურება სასოწარკვეთა და ეს განპირობებულია იმით, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი სერიოზულად აწუხებს პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ ის ამას არ იმჩნევს და ხშირად სარკაზმით პასუხობს.

ნებისმიერ პარტიას სჭირდება ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ სახელმწიფო მართოს. ამ ლეგიტიმაციის მნიშვნელობას პარტიას ძალიან კარგად ხვდება და მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის უფრო ევროპული ნაწილი ლეგიტიმაციას არ აძლევს ამ ფორმაციის მთავრობას, ბოლო იმედი იყო ფაქტობრივად დემოკრატიული სამყაროსგან ამერიკული ლეგიტიმაციის მიღება.

ლეგიტიმაციის სხვა წყაროები, ცხადია, უჭირავს ხელში „ქართულ ოცნებას“, რუსეთიდან, ირანიდან, მეზობელი არადემოკრატიული რეჟიმებიდან, მაგრამ ეს „ქართული ოცნებისთვის“ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახალხო მხარდაჭერა შეინარჩუნოს ისე, რომ ის მორყეული სცენარი, რაც მას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ელის, მყარად შეინარჩუნოს.

აქედან გამომდინარე, დასავლური სამყაროს ლეგიტიმაციის ბოლო იმედიც რადგან დაკარგა, სიტყვა „სასოწარკვეთას“, ძალიან თამამად გამოვიყენებდი მეც.

  • დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დასავლეთი ეხმარება საქართველოს ფინანსურად და ამ დრომდე, იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორიც. კობახიძე აშშ-ს აყვედრის მაგალითად იმას, რომ სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო მაღალი. რას ცდილობს კობახიძე ამის შეხსენებით, მაშინ როცა, თავად დააზიანეს ეს თანამშრომლობა?

კონკრეტულად ამ განცხადებითაც და ზოგადად, პარტიის რიტორიკაშიც ამოცანა არის დევალვაცია მოახდინოს ყველა იმ სარგებლის და ღირებულების, რასაც კარგავს „ქართული ოცნება“ დიდწილად თავისივე ნებით, აგრესიით, კონფრონტაციითა და მისივე ინიციატივით, მაგრამ ეს მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით და უახლოეს მომავალში უფრო კარგად გამოჩნდება ეს დანაკარგები სოფლის მეურნეობის, ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურის, დემოკრატიის მშენებლობის მიმართულებით, თუ რამხელა დანაკარგები განვიცადეთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის ჩახსნით ვაშინგტონთან.

ამიტომ ამ დანაკარგს სჭირდება გამართლება და ამას უდევს საფუძვლად გაუფასურება აქამდე არსებული იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის, რაც აშშ-ს ამ დრომდე გამოუხატავს გნებავთ პოლიტიკურად, გნებავთ კულტურად, ფინანსურად და გნებავთ გეოპოლიტიკურად, საქართველოს მიმართ.

  • წერილში კობახიძე ასევე ახსენებს USAID-ს NED-ს, რომ თითქოს ისინი ექსტრემიზმს აფინანსებენ საქართველოში, ეწევიან ეკლესიის დისკრედიტაციას და ასევ შემდეგ. ამ ორგანიზაციების ხსენებით კობახიძე ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც საერთო პოზიციებს შეიძლება ჩაეჭიდოს ტრამპთან ურთიერთობისას?

„ოცნება“ ცდილობს ბევრი თვალსაზრისით დაამთხვიოს თავისი რიტორიკა ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკას. ხშირად ეს ხელოვნურადაც გამოიყურება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების გადახედვა, არ ნიშნავს დემოკრატიაზე თავდასხმას. ეს ასე არ აღიქმება ვაშინგტონში.

„ოცნების“ მიზანი სხვა არის. ამ შემთხვევაში მას სურს, რომ შეზღუდოს კრიტიკული აზრის და დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში. ვაშინგტონის ამოცანა კი იმ პროგრამების ეფექტურობის გადახედვაა, რომელიც ამერიკელი გადამხდელების მიერ ფინანსდება.

ეს დამთხვევა არის მხოლოდ ხელოვნური, ამიტომ ვერც ამ ნაწილს მოერგო ზუსტად „ქართული ოცნების“ თავდასხმები.

  • კობახიძის და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ სანქციები არ მუშაობს, რომ არაფერს ნიშნავს „მეგობარი აქტი“ და ასე შემდეგ. მაგრამ, ამ წერილში იგრძნობა სხვა რიტორიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც აბსურდულს და მტრულად გამსჭვალულს უწოდებს კობახიძე „მეგობარ აქტს“. ფიქრობთ, რომ რეალურად გაცილებით მტკივნეულად რეაგირებს „ოცნება“ „მეგობარ აქტზე“?

რეალურად, სანქციებზე რეაგირება აჩვენებს, რომ ძალიან სერიოზულ ფინანსურ დარტყმას იღებს პარტიის ჩრდილოვანი თუ საპატიო ლიდერი, რომლის მთავარ, ღერძულ ფიგურაზეა დაფუძნებული და აწყობილი მთლიანად პარტიის ფინანსები, რიტორიკა და მერე ქვეყნის მართვის ტემპიც.

ფაქტია, რომ ზოგი სანქციების საგანია, ზოგი კიდევ ამ სანქციების რისკის წინ დგას, თუმცა ახლა მათთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილს ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობების საფუძველზე ზედმეტი საფრთხეები აღარ შეექმნას ბიზნესის წარმოებაში, მოგებაში და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში.

თუმცა პარტიისთვის კონტრპროდუქტიული იქნება, თუკი საკითხს ასე ღიად დასვამენ, რადგან მათ ძალიან სჭირდებათ ახლა საზოგადოების თუნდაც ნაწილის ან მხარდაჭერა, ან სიჩუმე. ამიტომ მათ ურჩევნიათ, რომ კეთილშობილური სახე მისცენ ტრამპის მიმართ მოლოდინებს, რომ ტრამპს დააკისრონ ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა, რომ ტრამპმა დააფიქსიროს ამ სანქციების აბსურდულობა.

აი, ამის გამოტყუებას ცდილობენ.

  • „ბაიდენის დანაშაულებრივ ქმედებებს დღემდე არ ასწორებთ“ – ასე წერს კობახიძე წერილში. ამაზე აპელირებით ცდილობს ის სანქციებისგან თავის დაღწევას? 

პარტიებსა და ადმინისტრაციებს შორის დაპირისპირების ბუნება „ქართულ ოცნებაში“ ან კარგად არ ესმით, ან უბრალოდ იმის იმედი აქვთ, რომ საქართველოში ამომრჩეველს კარგად არ ესმის და ამ ნაწილს წაუყრუებს.

რა თქმა უნდა, დემოკრატიული ადმინისტრაციები არიან ხოლმე ერთმანეთთან კონფრონტაციაში, მაგრამ ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უწოდო „დანაშაულებრივი“, ეს ფაქტობრივად არის სახელმწიფოს ეროვნულ დონეზე შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დაპირისპირებული ძალაა ბაიდენის ხედვებთან და იდეებთან და ძალიან ბევრი პოლიტიკის რევიზიას აკეთებს. თუმცა საგარეო დონეზე, არა მგონია, რომ დიპლომატიამ და დიპლომატიის წესებმა „ქართულ ოცნებას“ ეს აპატიოს და ჩემი აზრით, ამას „ოცნებაშიც“ კარგად ხვდებიან, თუმცა ახლა მათთვის მთავარია ამომრჩეველი რას წაიკითხავს.

  • როცა კობახიძე ეკითხება წერილში ტრამპს, – „დიფ სთეითის დამარცხებას რეალურად შეძლებთ“? ან ის, რომ თურმე „დიფ სთეითს“ რევოლუციური სცენარი ჯერ კიდევ არ შემოუდია თაროზე, რამდენად სერიოზულად შეიძლება აღიქვან თუნდაც ამის შემდეგ ეს წერილი ვაშინგტონში?

მიუხედავად იმისა, რომ „დიფ სთეითი“ ტრამპისთვის ობიექტურად მნიშვნელოვანია, „დიფ სთეითის“ განმარტებები, საზღვრები და სიძლიერე და „ბრძოლის ველი“, ცოტა სხვანაირად იზომება ვაშინგტონში და აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობს „ქართული ოცნება“ ამის ქვეშ.

რევოლუციური სცენარის საკითხიც არის ამომრჩევლისთვის შემოგდებული, მაგრამ უკვე მოძველებული თემა, ვიდრე ვაშინგტონში სერიოზულად გასაგზავნი.

მე დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაციის ასეთი დონე, არ გვინახავს განცხადებები ვაშინგტონიდან საქართველოსკენ მომართული, ლოგიკა იმას მკარნახობს, რომ ეს არ არის სერიოზულად აღქმადი განცხადება ვაშინგტონში, პოტენციურადაც კი.

  • ამ წერილშიც კობახიძე იმეორებს, რომ რუსეთთან ომი დაიწყო სააკაშვილმა „დიფ სთეითის“ დავალებით.თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს ამ წერილის რეალური ავტორი, კრემლი თუ ივანიშვილი?

კრემლია-მეთქი, ამას პირდაპირ ვერ ვიტყვი მაგრამ, ფაქტია, რომ არა მხოლოდ ეს განცხადება, არამედ ზოგადი რიტორიკა „ქართული ოცნების“ წევრების და განსაკუთრებით ეს წერილი, რადგან ნიშანდობლივია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, ფაქტობრივად თანხვედრაშია, სინქრონშია და ერთმანეთის პარალელურად მიდის მთელი თავისი ნარატივებით, კონსპირაციებით და მათ შორის მუქარებითაც, კრემლის პროპაგანდასთან და კრემლის ამოცანებთან.

აქედან გამომდინარე, ეჭვობს კი არა, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ „ოცნება“ ცდილობს რაც შეიძლება ახლოს იაროს კრემლის ნარატივებთან, კრემლის პროპაგანდასთან.

განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, როცა თავად ვაშინგტონსა და კრემლს შორის არის დაძაბული ურთიერთობები უკრაინის თაობაზე.

აქედან გამომდინარე, მხარის არჩევა ამ წერილითაც ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შორდები ვაშინგტონს, ავტომატურად, ნულოვანი ჯამის თამაშის კონტექსტში, ნებისმიერ შემთხვევაში უახლოვდები მოსკოვს.

ამ წერილამდეც ასე იგრძნობოდა და ამ წერილმა უბრალოდ გააფორმა ეს ტემპი.

  • თუ საბოლოოდ გადაწყვეტილი აქვს „ოცნებას“ კრემლთან დაახლოება, მაშინ რაში სჭირდება ვაშინგტონის აღიარება. რისთვის ცდილობს ამ ლეგიტიმაციის მიღებას?

„ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში სახალხო განწყობა იყო უმთავრესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი.

რადგან საზოგადოებრივი განწყობა პროდასავლურია, ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ ძალას აქვს საფრთხე იმისა, რომ ფეხი წამოჰკრას ხალხს, როგორც გეოპოლიტიკურ მექანიზმს, ასე რომ ვთქვათ.

ეს ათწლეულების მანძილზე ასე იყო ჩვენს ქვეყანაში და სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა სახალხო, სამოქალაქო მედეგობა, პროდასავლური განწყობები, რადგან ზოგისთვის დასავლეთთან დაახლოება უსაფრთხოებაა, ზოგისთვის – ეკონომიკური განვითარება, ზოგისთვის – ღირებულებები, დემოკრატია. ამიტომ ეს მრავალფეროვნება საერთო პროევროპულ ჩარჩოს ქმნიდა ყოველთვის ქვეყანაში.

ამიტომ, რადიკალურად დასავლეთს ჩამოშორდე და მეორე მხარეს წახვიდე, რომელიც ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქმება ჩვენთან, ნებისმიერი პარტიისთვის ძალიან რთულია. თუმცა, სტრატეგიაა ესეც, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა გაძვრეს „ქართული ოცნება“ კრემლისკენ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ უპასუხეს კობახიძეს ვაშინგტონიდან, სერიოზულად არ აღიქვეს?

ჩემი დაკვირვებით, ორი ძირითადი საკითხია. პირველი ის, რომ ზოგადად გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ტრამპი ახლა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობს საგარეო არეალში, სადაც საქართველო არ ჩანს. მე დარწმუნებული ვარ, საქართველო უკრაინასთან თავსებადობაში რომ იყოს, მის მხარდამხარ რომ იბრძოდეს რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევისთვის, თუნდაც ევროინტეგრაციისთვის, უფრო შესამჩნევი იქნებოდა.

ამიტომ, გეოპოლიტიკურად ისე დაალაგა თავად „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ადგილი, ნაცრისფერ ზონას რასაც ვეძახით, უბრალოდ შეუმჩნეველია ტრამპისთვის, თავის მიმდინარე საქმეებში. ამიტომ არ არის ასე ადვილი ვერდიქტის სახით დადო ახალგაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე რაიმე ტიპის დინამიკა ან განვითარება.

ის, რომ კობახიძეს არ უპასუხეს, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საკითხი შიდა დემოკრატიის თვალსაზრისით ასევე ჩახსნილია და რადარს მიღმაა. დარწმუნებული ვარ, ადმინისტრაციაში გარკვეულ ტემპს, ჩვენთან რაც ვითარდება, უყურებენ.

ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები გვყავს აშშ-ში. ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს, რომელიც ეყრდნობა წლებს და ტრადიციებსაც. აქედან გამომდინარე, გნებავთ პროტესტი, გნებავთ სხვა ტექნიკური მახასიათებლები დემოკრატიისა – იქნება ეს პოლიტპატიმრები, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერება, სასამართლოს ფუნქციონირება თუ სხვა, რადარზე ნამდვილად ჩანს. „მეგობარმა აქტმა“ ეს გააქტიურა.

ამიტომ, ტრამპი რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს მაშინ, როცა ვაშინგტონშიც გარკვეული გეოპოლიტიკური კონტურები ჩამოყალიბდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: