მთავარი,სიახლეები

რა შენდება ოჩამჩირეში, პორტი თუ ტერმინალი? – რას ამბობს სუსი და რა ხდება სინამდვილეში

12.05.2025 •
რა შენდება ოჩამჩირეში, პორტი თუ ტერმინალი? – რას ამბობს სუსი და რა ხდება სინამდვილეში

შენდება თუ არა ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტი? – ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკონტეინერო ტერმინალს აშენებს, თუმცა ამ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტები.

„რია ნოვოსტის“ კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესაძლებლობას, ალხას კვიცინიამ, ოკუპირებული აფხაზეთის ელჩმა რუსეთში, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა შენდება.

„თუმცა, მე ამას კლასიკური გაგებით „ახალ ბაზას“ არ დავარქმევდი. ყველაფერი ხდება 2009 წლის მოქმედი ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში ალიანსისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და რუსეთი გამჭვირვალედ განიხილავენ უსაფრთხოების ყველა ასპექტს. რუსული ძალების ყოფნა თავდაცვითი ხასიათისაა და პოტენციური აგრესიის შეკავებას ისახავს მიზნად,“ – უთხრა ალხას კვიცინიამ, ოკუპირებული აფხაზეთის ელჩმა რუსეთში, 24 აპრილს, „რია ნოვოსტის“.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის ანგარიში 29 აპრილს გამოაქვეყნა. 66-გვერდიან ანგარიშში რამდენიმე გვერდი ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებს. იქვე კი საუბარია ოჩამჩირეში მშენებარე პორტზე, თუმცა სუს-ის მტკიცებით ოჩამჩირეში არა სამხედრო პორტი, არამედ საკონტეინერო ტერმინალი შენდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ანგარიშში ვკითხულობთ: „ანექსიური პოლიტიკის ნაწილია ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში დაანონსებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის „მუდმივი ბაზირების პუნქტის“ შექმნის საკითხი. საანგარიშო პერიოდში ადგილზე გარკვეული სამუშაოები დაფიქსირდა. კერძოდ, გაიკაფა ტყის მასივის გარკვეული ზონები და განხორციელდა საზღვაო აკვატორიის გაწმენდითი სამუშაოები. მაღალი ალბათობით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობას. მიმდინარე პროცესი სავარაუდოდ, წარმოადგენს ე.წ. საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს“.

ოჩამჩირის პორტში მიმდინარე მშენებლობის პროცესი, 2024 წლის მარტი

რეალურად რა შენდება ოჩამჩირეში?

უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, ამჟამად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი თეონა აქუბარდია, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ოჩამჩირეში პორტის მშენებლობას ოკუპირებული აფხაზეთის მაღალჩინოსნებიც კი ადასტურებენ, სუს-ი კი ამას არ იმჩნევს.

„მე ვიყავი ის დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში, რომელსაც ჰქონდა ინიციირებული რეზოლუცია, სადაც უნდა შეგვეფასებინა და დაგვეგმო გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერსა და მოსკოვს შორის გაფორმდა სრულიად უკანონოდ, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათ შორის დაგვეგმო ის სამუშაოები, რომელიც ოჩამჩირეში უკვე დაწყებულია.

სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე რეზოლუციის განხილვას. ამ თემაზე მქონდა კონფლიქტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან, რომელიც ახლა სუსში არის მოკალათებული მოადგილის პოზიციაზე.

შარშან სუსის ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ თუ აშენდებოდა ოჩამჩირის სამხედრო პორტი, ეს სტრატეგიული კონტროლისთვის, დამატებითი ბერკეტის გამოყენების შანსებს ზრდიდა.

შარშან სუს-ის საჯარო პოზიცია იყო, რომ დაელოდებოდნენ ამ მშენებლობას. ის, რაც წლევანდელ ანგარიშში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიების თავში რუსეთზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, არის სრულიად გაურკვეველი, ამასთან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის.

ავხსნი რატომ – ალბათობის თეორიით აქვს მოყვანილი ტერმინოლოგიურად ის, რომ არა ბაზა შენდება, არამედ საკონტეინერო გადაზიდვისთვის მზადდება ინფრასტრუქტურა. მე არ მახსენდება სუსის ანგარიში ამ კონტექსტში არასდროს, პირველადაა,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ამბობს, რომ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს გასაჯაროებული მტკიცებულებები, მათ შორის დრონით გადაღებული კადრები, უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და სულ ბოლოს, ალხას კვიცინიას მიერ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუ.

„24 აპრილს, რუსეთის ე.წ. ელჩმა ოკუპირებულ აფხაზეთში დაადასტურა კვლავ, რომ პორტის აშენება ძალაშია და მიმდინარეობს.

სუსი არის ვალდებული, გაანალიზოს ინფორმაცია, მათ შორის მოიპოვოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამის ნაცვლად ალბათობის თეორიის გამოყენება, მაფიქრებინებს, რომ არის მცდელობა რუსეთის გათეთრების. ეს დაიწყო ივანიშვილის სამარცხვინო ბოდიშით ოკუპანტებისადმი, საკუთარ ქვეყანაზე ომის გადაბრალებით და მათ შორის გმირობის გაუფასურების პროცესით, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს.

კიდევ ერთი საშიში ტენდენციაა იმ ძალისგან, რომელიც „იცავს“ სუვერენიტეტს. თუმცა ამ შემთხვევაში სუვერენიტეტი მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის არის და არა საქართველოსი, იმიტომ, რომ მათი არაგონივრული და არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, მით უფრო იმ ფონზე, როცა მტრობა გამოუცხადეს დასავლეთს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი ქვეყნები იყვნენ, მნიშვნელოვნად აკავებდნენ რუსულ ანექსიურ პროცესებს, ეს ყველაფერი გარკვეულწილად იმ პროცესების ჭრილში უნდა განვიხილოთ, რომელიც აქვს ივანიშვილის ოცნებას და არა საქართველოს პოლიტიკის კუთხით, რაც ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ 2024 წლის მარტში გამოაქვეყნა დრონით გადაღებული კადრები. მისი თქმით, კადრებში ჩანს ოჩამჩირის პორტში მიმდინარე მშენებლობის პროცესი

ოკუპირებული ოჩამჩირე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ის დაახლოებით 40 კილომეტრითაა დაშორებული ანაკლიას, ადგილს, სადაც ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს.

ოჩამჩირის პორტი საბჭოთა კავშირის დროს აშენდა. მისი მშენებლობა 1936 წელს დასრულდა. ეს პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რადგან აქ წყალქვეშა ნავების სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოჩამჩირის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობა შემცირდა.

რუსეთმა ოკუპირებული ოჩამჩირის პორტით ღია დაინტერესება 2009 წელს გამოხატა, როცა რუსეთის საზღვაო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის პორტის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ბაზად გარდაქმნას გეგმავდნენ. 2009 წელს ოჩამჩირის პორტში ჩატარდა სამუშაოები, რის შედეგადაც პორტის სიღრმე 3.8-დან 9 მეტრამდე გაიზარდა, ხოლო ტვირთგამტარუნარიანობამ 10 000 ტონას მიაღწია.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო იდეა“ მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნა კვლევა, რომელი კვლევის თანახმადაც არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტს აშენებს.

„რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ოჩამჩირის პორტი კვლავ რუსეთის ყურადღების ცენტრში მოექცა. 2022 წლის შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტოები მიუთითებს, რომ პორტი ფართოვდება, ხოლო მის ტერიტორიაზე სამშენებლო და მიწა სახაპი სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს ოჩამჩირე მრავალფუნქციურ ლოგისტიკურ ჰაბად აქციოს, რომელიც მის სამხედრო და კომერციულ ინტერესებს მოემსახურება,“ – ვკითხულობთ „სამოქალაქო იდეას“ მიერ ჩატარებულ კვლევაში სახელწოდებით – „რუსეთის ექსპანსია შავ ზღვაში“.

კვლევის ავტორები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ყირიმში რუსეთის საზღვაო პოზიციებს სერიოზული ზიანი მიაყენეს, მოსკოვი ალტერნატიული საზღვაო პორტის ძიებაშია. შავი ზღვა კვლავ ერთ-ერთ ყველაზე სადავო საზღვაო ზონად რჩება. ამ კონტექსტში, ოჩამჩირეში პოზიციების განმტკიცების რუსული სტრატეგია შეესაბამება მის უფრო ფართო მიზანს – შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი ინტერესის ფონზე, გააძლიეროს საკუთარი გავლენა რეგიონში.

„სატელიტური ფოტოების ანალიზი მიუთითებს, რომ პორტში სამშენებლო საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობს, რაც მის ინფრასტრუქტურულ განვითარებას და უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჩამჩირის ბაზას მთავარი სამხედრო გემების მიღების შესაძლებლობა არ აქვს, პორტის მოდერნიზაციის მიმდინარე პროცესები ცხადყოფს რუსეთის ამბიციას და სტრატეგიულ მიზანს – მისი გარდაქმნა ლოგისტიკურ და საწვავის შევსების ჰაბად. გარდა სამხედრო ფუნქციისა, ოჩამჩირე კრიტიკულ ჰაბს წარმოადგენს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით. მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ევროკავშირმა რუსულ ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს, მოსკოვი ცდილობს ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების მოძიებას. ამისათვის იგი აფხაზეთის სატრანზიტო პოტენციალს და თურქეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას იყენებს,“ – ნათქვამია „სამოქალაქო იდეას“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.

სქრინი კვლევიდან – „რუსეთის ექსპანსია შავ ზღვაში“

კვლევის ავტორთა აზრით, საქართველოსთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს მისი სუვერენული ტერიტორიიდან ახლო მანძილზე რუსული საზღვაო ბაზის არსებობა, რადგან ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მოსკოვის გავლენას ოკუპირებულ აფხაზეთში.

რა მიზანი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დააჯერონ ქართულ საზოგადოებას, რომ ოჩამჩირეში არ შენდება სამხედრო პორტი და შენდება საკონტეინერო ტერმინალი? – ვკითხეთ თეონა აქუბარდიას.

უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ამბობს, რომ სუსის ანგარიშის მიზანია, დააჯეროს მოსახლეობა, რომ ამ საერთაშორისო იზოლაციის ფონზე საქართველოს რუსეთისგან საფრთხე არ ემუქრება.

„სუსის ანგარიში არ არის რეალურად ის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების ანალიზს აწარმოებს. საუბედუროდ, ეს არის პროპაგანდისტული მიზნით შექმნილი დოკუმენტი, გამომდინარეობს – „აბა, ომი გინდათ“ ნარატივიდან, რომ თითქოს ისინი არიან ქვეყანაში ერთადერთი ძალა, ვინც ქვეყანაში მშვიდობას იცავს. რა თქმა უნდა, ეს არის სიყალბე.

სუს-ს სჭირდება ახლა თქმა, რომ მათი პოლიტიკა სწორედ მშვიდობას იცავს ქვეყანაში.

ამ დროს რა გვაქვს რეალურად? გვაქვს მილიტარიზაცია ოკუპირებულ რეგიონებში, ბიჭვინთის აგარაკების უკანონო ანექსია, სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემა და პირდაპირი ფრენები. გვაქვს ეკონომიკური ანექსია… ამ ყველაფერს „ოცნება“ დუმილით და შესაბამისად თანხმობით ხვდება.

ამასთან, ის სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთშია განთავსებული, არამხოლოდ სახმელეთო ძალების კუთხით, არამედ უკვე საზღვაო პორტის კუთხით, ფრეგატები და რუსული გემი აფხაზეთში საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოებას, მათ შორის სავაჭრო გზასაც, შუა დერეფანს რასაც უწოდებენ. სუსი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ამ მოცემულობით საქართველოს მოჭარბებული და დამატებითი საფრთხე აღარ გააჩნია.

მე არ მგონია ჩვენმა პარტნიორებმა სუსის განცხადება სარწმუნოდ მიიღონ, რადგან ამ ანგარიშს მაინც უფრო პროპაგანდისტული მიზნები აქვს. ისევე, როგორც იმ პროპაგანდის გაგრძელებას, რასაც ოკუპანტებისთვის სამარცხვინო ბოდიში და საკუთარ ქვეყანაზე ომის გადაბრალება ჰქვია,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: