სინდისის პატიმარი, სტუდენტი ლუკა ჯაბუა ციხიდან წერილს აგზავნის. 4 მაისით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც სტუდენტები არიან, ლუკა ჯაბუა წერს, რომ სჯერა, უპასუხოდ არ დარჩება ის ამბები, რაც ქვეყანაში ვითარდება.
„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ლუკა ჯაბუას წერილს:
„მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დრო და რესურსი დამითმეთ. მადლობა გვერდში დგომისთვის და ყველაფრისთვის, რაც ამ ყველაზე რთულ დროს გაიღეთ. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს საყვარელ მეგობრებს, კურსელებსა და ლექტორებს, ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში მედგრად და დაუღალავად ებრძვის ამ ბოროტებას, ქუჩაში დგომით, თუ სხვა სახით. ყველაზე დიდი ძალა თქვენში, სტუდენტებშია. მე ამის მჯერა და ეს არაერთხელ დადასტურებულა.
ასევე, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ქალებს და არ აღვნიშნო მათი მნიშვნელობა ამ ბრძოლაში. მათი შემართება და ბრძოლისუნარიანობა, სიმტკიცე, რომელიც მარო მაყაშვილს მომაგონებს, რომლის გმირობაც, ეროვნული ღირსებისა და თავისუფლების სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. მისი დღიური ასახავს იმდროინდელი ახალგაზრდობის სულისკვეთებას, სიყვარულს სამშობლოსადმი, შიშს თავისუფლების დაკარგვისა და დაუღალავ მზადყოფნას ბრძოლისთვის.
არ შემიძლია, რომ პარალელი არ გავავლო დღევანდელ ახალგაზრდობასთან. შეუძლებელია ამას ხედავდე და სიამაყით არ ივსებოდე.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ღირსეული ქვეყნის, ღირსეული შვილები, არასოდეს დავყრით ფარ-ხმალს და ყველა ბრძოლაში გავიმარჯვებთ სახელოვნად!
ჩვენ, პოლიტპატიმრები არცერთი წამით არაფერს ვნანობთ, არაფრის გვეშინია და ვიბრძვით, როგორც ეს შესაძლებელია – რის ძალასაც და მოტივაციასაც თქვენ გვაძლევთ.
მინდა ჩვენი მშობლების დაუღალავ წინააღმდეგობასაც გავუსვა ხაზი – მადლობა გადავუხადო მათ, რომ ჩვენ დაწყებულ ბრძოლას ასე ღირსეულად აგრძელებენ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა.
როდესაც მათ შვილებს ვხვდები, ისინი ღირსებას, სიმტკიცესა და პატრიოტიზმს ასხივებენ. მშობლებს შეუძლიათ, იამაყონ თავიანთი შვილებით, რადგან ისინი ოთხ კედელშიც კი მეტად თავისუფალი არიან, ვიდრე ნებისმიერი ის, ვინც ცდილობს, რომ ისინი გაასამართლოს, სრულიად უკანონოდ, სამშობლოს სიყვარულისთვის.
მახსოვს, როდესაც აქციიდან სახლში ვბრუნდებოდი, მანქანიდან გადმოსვლისას ტაქსის მძღოლმა მითხრა: „იმედია, შემდეგში ერთიან, ევროპულ საქართველოში შევხვდებითო“. მეც ამ სურვილით დაგემშვიდობებით და დავიტოვებ იმედს, რომ ძალიან მალე ერთიან, ევროპულ საქართველოში შევხვდებით.
ის საშინელებები, რაც ჩვენს თავს ხდება, მჯერა, უპასუხოდ არ დარჩება და მჯერა, რომ უკეთესი დღეები ძალიან მალე დაგვიდგება. გისურვებთ მხნეობას და გამძლეობას. მიყვარხართ და მეამაყებით. შეხვედრამდე“.
ლუკა ჯაბუა 2024 წლის 6 დეკემბერს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლუკას წინააღმდეგ საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი ვიდეოჩანაწერი, დაკავების ოქმი და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლითაც ამოღებულია: ტელეფონი, სათვალე და ევროკავშირის დროშა.
ლუკა ჯაბუა თბილისში, „საქართველოს უნივერსიტეტში“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მეორე კურსზე სწავლობს. ისე, ზუგდიდელია, სადაც მისი დედა, ძმა და ბებიები ცხოვრობენ. ლუკას მამა ემიგრანტია, საზღვარგარეთ მუშაობს.
ამავე თემაზე:
„სამშობლოს ნუ გვიკლავთ, მე აქ ცხოვრება მინდა“ – ვინ არის სინდისის პატიმარი ლუკა ჯაბუა