საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა მოქალაქე მ.ს.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელი ეხებოდა შემთხვევებს, როცა ძალადობაში თავად პოლიციელს ადანაშაულებენ: ვინ უნდა გამოსცეს ამ დროს შემაკავებელი ორდერი? ვინ უკეთებს პოლიციელს ელექტრონულ სამაჯურს?
თუ პოლიციელს ოჯახში ძალადობაში ამხელენ, მას შემაკავებელი ორდერი კოლეგა პოლიციელმა უნდა შეუდგინოს. მოძალადე პოლიციელს გაუკეთებენ თუ არა ელექტრონულ სამაჯურს, ამასაც პოლიციელი გადაწყვეტს.
ზუსტად ამ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ სასამართლო ამ ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა, მაშინ პარლამენტს არსებული სამართლებრივი რეგულაცია უნდა შეეცვალა.
„როდესაც ოჯახური ძალადობის საქმეზე სავარაუდო მოძალადედ იდენტიფიცირებულია პოლიციელი, ხოლო მსხვერპლის დაცვითი ღონისძიებების გატარებაზე კომპეტენტური ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტროა, წარმოიშობა კოლეგიალური [კორპორაციული] დაინტერესების საფუძველზე გადაწყვეტილების მიკერძოებულად მიღების მომეტებული რისკი.
ასეთ დროს იზრდება იმის ვარაუდი, რომ მსხვერპლის სათანადო დაცვის ვალდებულება არ იქნება სრულყოფილად შესრულებული, ვინაიდან მოძალადე, ისევე როგორც, მსხვერპლის დაცვის ღონისძიებების გამოყენების საჭიროებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი ერთი და იმავე უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. შესაბამისად, არსებული მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, მსხვერპლის დაცვის პროცესში, მოძალადის მიმართ კეთილგანწყობით განმსჭვალული გადაწყვეტილების მიღებისთვის,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 28 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პოლიციელი ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული.
ბოლო ასეთ შემთხვევაზე „ბათუმელები“ 2025 წლის 12 მარტს წერდა: „დააკავეს პატრული, რომელიც ცოლზე შვილის თანდასწრებით ძალადობდა“.
საერთო სასამართლოებში კი, ბოლო წლებში იზრდება ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა.
საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილება ამ საქმეზე პირველმა კოლეგიამ [ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, გიორგი თევდორაშვილი] მიიღო. გასაჩივრებული იყო კანონის – „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ – ნორმა, რომლის მიხედვითაც შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე პოლიციელმა კითხვარი უნდა შეავსოს. ამ კითხვარის შედეგის საფუძველზე იღებს პოლიციელი ორდერის გამოცემაზე, ასევე სამაჯურის გაკეთებაზე გადაწყვეტილებას.
„აღნიშნული წარმოშობს თვითნებობის ერთგვარ რისკს, რომ მან არასათანადოდ გამოიყენოს მისთვის მინიჭებული დისკრეცია იმგვარ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო მოძალადეს წარმოადგენს პოლიციელი, მიიღოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ანდა, ფორმალურად გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, მაგრამ არ გაამყაროს ის კონკრეტული მტკიცებულებებით.
თავის მხრივ, იმგვარი შემაკავებელი ორდერის სასამართლოში გასაჩივრებას, რომელიც მტკიცების სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მოჰყვება მისი გაუქმება დაუსაბუთებლობის საფუძვლით.
კორპორაციული დაინტერესება პრაქტიკაში შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. ერთი მხრივ, არ გამოირიცხება, რომ პირადი/კოლეგიალური ურთიერთობიდან გამომდინარე, პოლიციის უფლებამოსილმა თანამშრომელმა მიიღოს მიკერძოებული გადაწყვეტილება და არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი/არ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა სავარაუდო მოძალადის (რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია) მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ლოიალური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს არა უშუალოდ პირადი/კოლეგიალური ურთიერთობიდან გამომდინარე მიკერძოება, არამედ ინსტიტუციური დაინტერესება – დაცულ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყების პრესტიჟი და რეპუტაცია,“ – აღნიშნავდა მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში.
მოსარჩელის პოზიციით, გამართლებული იქნება მსხვერპლის დაცვის ღონისძიებების გატარების უფლება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა შეეძლოს, რომელიც იძიებს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს, მათ შორის, ოჯახში ძალადობას.
პარლამენტი მოსარჩელის ამ პოზიციას არ დაეთანხმა და შსს მინისტრის ბრძანებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც შემაკავებელი ორდერის გამოცემა შეუძლია, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციას.
„აღნიშნული, თავის მხრივ, ამცირებს შესაძლო კორპორაციული განწყობებიდან მომდინარე მიკერძოებული და ლოიალური გადაწყვეტილების მიღების რისკს. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ პრაქტიკაშიც განუხრელად ხორციელდება წესი, როდესაც შემაკავებელი ორდერი, ჩვეულებრივ, გამოიცემა სხვა და არა იმ დანაყოფის თანამშრომლის მიერ, სადაც საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს სავარაუდო მოძალადე,“ – ჩაუწერიათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
პარლამენტის წარმომადგენელმა მოსამართლეებს ასევე უთხრა, რომ შემაკავებელი ორდერის, ასევე ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ გადაწყვეტილებები მონიტორინგდება და ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებაც არის შესაძლებელი.
„შესაბამისად, მსხვერპლს ეძლევა საშუალება, რომ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა გადაამოწმოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე,“ – უთქვამს პარლამენტის წარმომადგენელს.
„საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარესად აღნიშნავს, რომ არსებული ნორმატიული წესრიგის ფარგლებში, უფლებამოსილი პოლიციელის დისკრეცია სავალდებულო ქულათა ჯამის ვერმოგროვების შემთხვევაში, მიზანშეწონილობით გადაწყვიტოს მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოყენების საკითხი – გამოსცეს თუ არა შემაკავებელი ორდერი ან დააწესოს თუ არა ელექტრონული ზედამხედველობა – არ არის აბსოლუტური. ამ დისკრეციის შინაარსობრივი ფარგლები და, შესაბამისად, მისი თვითნებურად და კორპორაციული მიკერძოებით გამოყენების რისკი მცირეა და, ფაქტობრივად, შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ ყალბად გაგებულ კორპორაციულ ინტერესებს, რაზედაც ზემოთ გამახვილდა ყურადღება,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია არსებითი განხილვის სხდომა შსს-ს, ასევე სპეციალური საგამოძიებოს სამსახურის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პრაქტიკაში შემაკავებელ ორდერს გამოსცემს სხვა დანაყოფის თანამშრომელი.
„საკონსტიტუციო სასამართლო იმ აზრისაა, რომ, მართალია, ზემოხსენებული რეკომენდაცია როგორც სავალდებულოდ შესასრულებელი წესი, ნორმატიულ დონეზე არ არის კანონმდებლობაში ასახული, მაგრამ დამკვიდრებული სწორი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს კორპორაციული მიკერძოებისა და ძალადობის მსხვერპლთა დაუცველად დატოვების რისკებს,“ – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
ამ თემაზე:
როცა ქალის მოკვლის საფრთხეა, რატომ არ იყენებს შსს ელექტრო სამაჯურს – ინტერვიუ






