პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
დაკავებულნი არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ბურჭულაძის ახლო ნათესავი.
„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი.
გამოძიება გრძელდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაციაში დაასაქმეს.
ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი არალეგიტიმური მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის პოსტზე დანიშნეს.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.
აჭარის მთავრობის აპარატში უფროსის მოადგილის პოსტი აქამდე არ არსებობდა.
მიმდინარე წლის 27 მაისს, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის მიერ გამოცემული დადგენილებით, მთავრობის აპარატის დებულებაში ცვლილება შევიდა, რითაც დამტკიცდა აპარატის უფროსის მოადგილის შტატი. სწორედ ეს თანამდებობა დაიკავა ყოფილმა მინისტრმა.
ჯაბა ფუტკარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად, 2018 წელს დაინიშნა.
ფუტკარაძემ პოსტი სამი თვით მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა.
30 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ ჯაბა ფუტკარაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ედნარ ნატარიძემ ჩაანაცვლა.
ჯაბა ფუტკარაძე ერთ-ერთი იყო იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, ვინც თორნიკე რიჟვაძის დაჭრის შემდეგ თბილისში, საავადმყოფოში ჩავიდა მის მოსანახულებლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 050 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000]
ტანკი – 11 061 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 23 064 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 30 826 ერთეული [+4]
MLRS – 1 450 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 201 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 48 393 ერთეული [+235]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 546 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 56 596 ერთეული [+103]
სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
664 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
73 153 უპილოტო საფრენი აპარატი
624 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 363 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 581 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
27 929 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
38 813 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 27 ივლისს, ქობულეთში დააკავეს სპორტსმენი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლუკა კურტანიძე.
ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა პოლიციელების თვალწინ.
კადრებში, რომელსაც TV პირველი ავრცელებს, ჩანს, როგორც ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს.
კადრებშივე ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. აქვე ისმის მიქაცაძის ხმა, რომელიც პოლიციელს ეკითხება, რატომ არ აკავებენ მოძალადეს. გარდა ამისა, ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა მისი ტელეფონიდან წაშალა ძალადობის ამსახველი ვიდეო.
„ბათუმელებს“ შს სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა [ოჯახში ძალადობა] და 381-ე პრიმა [შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა] მუხლებით მიმდინარეობს.
„ეს არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, არც მეხუთე, არც მეათე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან […]
ლუკა კურტანიძეს. მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული. 9-თვიანი დამცავი ორდერია მის მიმართ გამოწერილი. მოახლოება აქვს აკრძალული […] მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ [ჩემთან] და წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო […]
ეს ადამიანი იმუქრება, რომ მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო და სახელმწიფოს უპირისპირდებიო. მუხლები მაქვს დაზიანებული, ხელზე მაქვს [დაზიანებები]”, – ამბობს ხათუნა მიქაცაძე.
დღეს, 27 ივლისს, ბათუმში, 21;30 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე შედგება დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია ციკლიდან – „სინდისის პატიმრების ამბები ქართველი კინემატოგრაფისტების ფილმებში“.
ნაჩვენები იქნება ფილმები:
„მზია ამაღლობელი“ – რეჟისორი სალომე ჯაში
„გიორგი გორგაძის ნამდვილი ამბავი“ – რეჟისორი ლევან შუბაშვილი
„მათე დევიძის ამბავი“ – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი
„ირაკლი ქერაშვილი“ – რეჟისორი ელენე ნავერიანი
„თემურ ქათამაძე“ – რეჟისორი ანა ძიაპშიპა
„გიორგი ახობაძე“ – რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი
„გიორგი მინდაძე“ – რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი
„ზვიად ცეცხლაძე“ – რეჟისორი თიკუ კობიაშვილი
კინოჩვენება დღეს, ზუსტად იმავე დროს, 21:30 წუთზე, გაიმართება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან.
კინოჩვენების ორგანიზატორია მოძრაობა „კულტურა დემოკრატიისთვის“.
„ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია.
„სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, შესაბამისად, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება კონტრაქტორთან უკვე გაგზავნილია.
ვმუშაობთ, რომ ახალი კონტრაქტის ფარგლებში განახლდეს სამუშაოები და წელს უკვე მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება“ – აცხადებს რევაზ სოხაძე.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს კონტრაქტორის მხრიდან არაერთი ვალდებულების დარღვევა.
„შესაბამისად, გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა და კონტრაქტორისგან მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სახის ზიანის ანაზღაურება“ – წერს სამინისტრო.
გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთზე, რომელიც E70 საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტორის მოთხოვნით პირველადი ვადა ორჯერ შეიცვალა, თუმცა ვალდებულებები ახალ ვადებშიც ვერ შესრულდა.
პროექტი ითვალისწინებს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას.
სამუშაოებს თურქული კომპანია – ერთობლივი საწარმო POLAT YOL & MAPA ახორციელებს.
გრიგოლეთი–ქობულეთის გზის მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში, 228 მილიონი ლარით ფინანსდება.
საბერძნეთში ებრძვიან ერთდროულად რამდენიმე ხანძარს, რომელიც 26 ივლისს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაჩნდა.
ბერძნული გამოცემა „ტო ვიმა“ წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრეების მუშაობის მიუხედავად, ატიკაში, ხანიაში, ევიასა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ხანძარმა სეროზული ზიანი მიაყენა გარემოს და მოსახლეობას, დაიწვა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ხანძარია კუნძულებზე – ევიასა და კითერაზე, სადაც ქარიანი ამინდი მეხანძრეებს ხელს უშლის მუშაობაში. მედიის ცნობით, კითერაზე დაიწვა საცხოვრებელი სახლები და ზეთისხილის ბაღები, კუნძულ ევიაზე კი ხანძარმა ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა და ათასობით ფერმის ცხოველი იმსხვერპლა.
ხანძრების ფონზე საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა იზრდება. ბერძნული მედიის ცნობით, დღეს, 27 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ათენში 40-41 გრადუს ცელსიუსამდე მიაღწევს, ხოლო თესალონიკში 38-დან 39 გრადუსამდე იქნება.
___________
ფოტოზე: სახანძრო ვერტმფრენი და მოხალისეები ებრძვიან ხანძარს, რომელიც ათენის გარეუბანში გაჩნდა 26 ივლისს. ხანძარი ტყისა და საცხოვრებელი ზონის ტერიტორიაზე გავრცელდა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/ EPA/YANNIS KOLESIDIS
არჩევნებამდე 2 თვე-ნახევრით ადრე ბათუმის მერია ასწრებს და ქალაქის ბიუჯეტში ცვლილება შეაქვს.
საკრებულომ ბიუჯეტის სხვა შემოსავლების 10 მილიონით გაზრდას და ამ თანხის სხვადასხვა ღონისძიებისთვის გადანაწილებას მწვანე შუქი 31 ივლისს უნდა აუნთოს, ანუ ცვლილება დაამტკიცოს.
„ოცნების“ მთავრობას თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს აქვს დაანონსებული. საარჩევნო კოდექსი ბიუჯეტში ცვლილებას არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე კრძალავს, იმ მოტივით, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენოს ამომრჩევლის გულის მოსაგებად. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მერია ასწრებს ბიუჯეტში ისეთი ცვლილებების შეტანას, რითაც მერის მოვალეობის შემსრულებელი ბევრი მოქალაქის გულის მოგებას შეძლებს. უკვე საუბრობენ, რომ ის „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი იქნება და ეს „საკითხი ზევით უკვე გადაწყვიტეს“.
ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, ბათუმის მერია ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სხვა შემოსავლების მაჩვენებელს 10 მილიონ 300 ათასი ლარით ზრდის. ნამატი თანხა როგორც ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, ასევე ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდა. დაემატა რამდენიმე ახალი ღონისძიებაც.
საიდან გაჩნდა ბიუჯეტში 10 მილიონი?
მერია განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ბანკში განთავსებულ ფულად სახსრებზე დარიცხული სარგებლის ფაქტიური და საორიენტაციო შესრულების გათვალისწინებით პროცენტები 7 მილიონი ლარით იზრდება. ასევე, 3 მილიონი ლარით იზრდება ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული, როგორც მერია განმარტავს – ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით. ფინანსური დახმარების საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ლარით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურების პროგრამას უნდა მოხმარდეს.
როგორ გადანაწილდება 10 მილიონი ლარი
ცვლილების პროექტის მიხედვით, 360 ათასი ლარით იზრდება სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა დახმარების დაფინანსება, ჯანმრთელობის, სოციალური და სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებულთა დასახმარებლად – „თანხის განკარგვა განხორციელდება საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“
1 მილიონ 500 ათასი ლარით იზრდება გაგარინის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების დაფინანასება ასლან აბაშიძის ქუჩამდე. ამ პროექტის საერთო ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია.
იზრდება კიდევ რამდენიმე დაგეგმილი და უკვე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მერია ახალი ღონისძიების სახით ამატებს ნადიმ ნიჟარაძის ქ. N10-ის მიმდებარედ ხიდის მოწყობის სამუშაოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში 2 მილიონ 533 386 ლარი გაითვალისწინა. 1 მილიონ 495 670 ლარით გაზარდეს ნაპირსამაგრი კედლების სამუშაოების დაფინანსებაც.
2 მილიონ 944 766 ლარით იზრდება დაფინანსება მრავალბინიან კორპუსებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ლიფტების მონტაჟისთვის, მერიის ინფორმაციით უკვე შერჩეულია 35 მისამართი, სადაც ლიფტები უნდა შეცვალონ.
500 ათასი ლარით იზრდება ავარიული სახლების დემონტაჟი- მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამა. გარდა ამისა 200 ათასი ლარი გაითვალისწინეს ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ავარიული სახლების ექსპერტიზის დასაფინანსებლად. მერია განმარტავს, რომ ღონისძიების დაფინანსება მოქალაქეების მოთხოვნის გათვალისწინებით გაზარდეს.
ჯამში 3 მილიონამდე ლარი გაითვალისწინეს ბათუმში, გ. ტაბიძის ქუჩა N31, N33, N35, N37, N39-ის მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაციისათვის.
572 159 ლარი გაითვალისწინეს ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების პროექტის დასაფინანასებლად. ბათუმის მერია ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებას 2023 წლიდან გეგმავს. პროექტის განსახორციელებლად კერძო საკუთრება გამოსყიდეს.
ბიუჯეტის ცვლილების პროექტით გავიგეთ ისიც, რომ მერია საკრებულოსთვის 61 ათასი ლარის ღირებულების ახალ ავეჯს შეისყიდის.
120 000 ლარით იზრდება შშმ პირებისა და შეძენილი შშმ სტატუსის მქონე [ომში და ომის შემდგომ] ომის ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ სტატუსის მქონე 35
წლის ჩათვლით ასაკის პირების, სოციალურად დაუცველი [100 001-მდე სარეიტინგო ქულების მქონე] ხუთი და მეტი მრავალშვილიანი ოჯახების და მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების კლიმატოთერაპიის კურსის დაფინანსება. მ
მერიის ინფორმაციით მომართვიანობიდან გამომდინარე ამ პროგრამით ბენეფიციართა რაოდენობა 200 ერთეულით გაიზრდება.
9 000 ლარით იზრდება გულის კორონაროგრაფიის დაფინანსება, მერია განმარტავს, რომ ბენეფიციართა რაოდენობა 30 ერთეულით გაიზრდება.
ონკოპაციენტებისათვის იმუნო, თარგეტ და ციტოსტატიკური თერაპიის (ბსჟ) სერვისის (ინფუზიის) დაფინანსება 50 400 ლარით იზრდება – შედეგად 240-ით იზრდება ბენეფიციართა რაოდენობა.
100 000 ლარით იზრდება 30 წლის ასაკის ჩათვლით მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირთა მატერიალური დახმარება ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით – ბენეფიციართა რაოდენობა 280 ერთეულით იზრდება.
50 000 ლარით იზრდება 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით – ბენეფიციართა რაოდენობა 200 ერთეულით იზრდება.
მოხუცებულთა სავანეში სერვისის მიმღებ პირთა დახმარება 60 500 ლარით გაიზრდება, მერიის განმარტებით ნამატი თანხის ფარგლებში ბენეფიციარის სხვადასხვა საჭიროებისათვის გამოყოფილი დღიური თანხა იზრდება 3 ლარით მომართვის საფუძველზე.
300 000 ლარი დაამატეს შშმ პირებისათვის პერსონალური ასისტენტების მიერ სპეციალიზებული და რეგულარული ასისტირების სერვისის მიწოდების პროგრამას.
შშმ პირთა მშობლების ფსიქოლოგიური დახმარების ღონისძიება [80 პირი] 12 800 ლარით გაიზრდება.
საერთო ჯამში, ცვლილების შემდეგ, ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი 564 მილიონ 300 ათას ლარს მიაღწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივლისის 21 საათიდან 28 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო
ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 ივლისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 049 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
ტანკი – 11 057 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 063 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 30 822 ერთეული [+10]
MLRS – 1 449 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 201 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 48 158 ერთეული [+199]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 546 ერთეული [+11]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 56 493 ერთეული [+122]
სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
664 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
72 950 უპილოტო საფრენი აპარატი
624 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 348 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 581 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
27 874 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
38 764 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 26 ივლისს, თურქეთში, ქალაქ შანლიურფაში, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს, 55 გრადუსს მიაღწია – წერს თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“.
შანლიურფა სამხრეთ ანატოლიაში მდებარეობს და თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქალაქად ითვლება. „ანადოლუ“ წერს, რომ ხელისუფლება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანდაზმულებსა და ბავშვებს ურჩევს სახლიდან არ გავიდნენ საღამომდე.
ამავე დროს თურქეთში უკვე სამ დღეზე მეტია ტყის ხანძრებს ებრძვიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ბოლო ცნობების თანახმად, ქვეყანაში ტყის ხანძრის 11 კერაა, მათგან 7 ხანძრის კერა ექვს რეგიონში, ხელისუფლების განცხადებით, უკვე კონტროლს ექვემდებარება.
ასევე, ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები მიმდინარეობს ანტალიაში, ქარაბუქსა და მერსინში.
თურქული მედია ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის ახალი კერების გაჩენას ქარი და მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. რიგ ადგილებში განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმი 2025 წელს კიდევ 18 ერთეულ ახალ ავტობუსს იყიდის, ამისთვის ბიუჯეტში 4 მილიონ 681 ათასი ლარი გაითვალისწინეს.
ბიუჯეტში ცვლილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაგეგმილია 18 ერთეული ავტობუსის შეძენა, პროექტი 2025-2027 წლებში უნდა განხორციელდეს, რომლის ბიუჯეტიც საერთო ჯამში 11 მილიონ 702 456 ლარია.
ბათუმს, ავტოპარკის არაერთხელ განახლების მიუხედავად, საკმარისი მუნიციპალური ავტობუსები არ აქვს. ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო კი, არაერთი ავტობუსის მარშრუტია შეცვლილი.
არჩევნებამდე 2 თვე-ნახევრით ადრე ბათუმის მერია ასწრებს და ბიუჯეტში ცვლილება შეაქვს. საკრებულომ ბიუჯეტის სხვა შემოსავლების 10 მილიონით გაზრდას და ამ თანხის სხვადასხვა ღონისძიებებში გადანაწილებას მწვანე შუქი 31 ივლისს უნდა აუნთოს, ანუ ცვლილება დაამტკიცოს. მერია ამ ნამატი თანხიდან გეგმავს ასევე ახალი ავტობუსების შესყიდვის დაფინანსებას.
„ოცნების“ მთავრობა ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო სესხის ასაღებად უცხოურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა 2025 წლის 24 ივლისს გამოსცა. არადა, „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ეს ავტობანი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს.
„გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“ ტექსტის მიღების მიზნით“ – აღნიშნულია 2025 წლის 24 ივლისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად რომ შესაბამისი პროცედურების დაწყება იგეგმებოდა, ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან „ბათუმელებს“ 6 თვის უკან მოგვწერეს.
„გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოვლითი-სარფის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვების მიზნით იგეგმება შესაბამისი პროცედურების დაწყება, რის დასრულების შემდეგაც, ეტაპობრივად განხორციელდება სატენდერო პროცედურები“ – ეწერა გზების დეპარტამენტიდან 2025 წლის 20 იანვარს მიღებულ ინფორმაციაში.
საქართველოში მარტო ავტობანის მშენებლობაში მილიარდობით ლარია დახარჯული, რაც უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული შეღავათიანი სესხია. მათ შორისაა აზიის განვითარების ბანკი (ADB); ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); მსოფლიო ბანკი (WB); აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) და სხვა.
რაც შეეხება ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზას, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 048 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
ტანკი – 11 056 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 23 059 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 30 812 ერთეული [+35]
MLRS – 1 448 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 201 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 47 959 ერთეული [+125]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 535 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 56 371 ერთეული [+158]
სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
664 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
72 402 უპილოტო საფრენი აპარატი
624 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 324 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 581 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
27 815 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
38 681 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ღიად საუბრობენ უკვე რუსი ჩინოვნიკები, რომ ეკონომიკური და რესურსების პრობლემები აქვთ. ჯერჯერობით ომის ეკონომიკა მუშაობს, მაგრამ მათ აუცილებლად ექნებათ ეკონომიკური პრობლემები უფრო მწვავედ, უფრო სერიოზულად ექნებათ ადამიანური რესურსის პრობლემაც,“ – გვიყვება პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მას რუსეთ-უკრაინის ომზე ვესაუბრეთ: რა იცვლება ფრონტის ხაზზე?
სამხედრო ანალიტიკოსს სამხრეთ კავკასიაზეც ვკითხეთ: სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გავლენის სფეროს ტოვებენ კავკასიაში. როგორ აისახება ეს რუსეთზე?
„ვხედავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანმა პანჩურით გამოდევნა რუსული გავლენა – ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს… რუსეთი ახლო აღმოსავლეთიდან გამოაგდეს ფაქტობრივად, შუა აზიიდან მანამდე ჩინეთმა გამოდენა, კავკასიიდან გამოდევნეს, უკრაინაში ომს ვერ იგებს და მარცხდება, დასავლეთში უკვე პირდაპირ მტერია რუსეთი… ამ მოცემულობაში რუსეთი განწირულია მარცხისთვის. ამას მარტო ვერ ხედავენ იდიოტები და ბიძინა ივანიშვილი,“ – მიიჩნევს ლაშა ბერიძე.
„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილეა.
ბატონო ლაშა, წუხელ აფეთქებები იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონში. უკრაინელებმა დაარტყეს სოჭში ნავთობის ბაზასაც. რა გათვლებით მოქმედებს უკრაინა?
უკრაინა ძირითადად ირჩევს ლოჯისტიკური და სამხედრო მნიშვნელობის ობიექტებს. ამით უკრაინა ცდილობს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები შეასუსტოს და დეგრადირება მოახდინოს.
უკრაინელები არჩევენ ისეთ ობიექტებს, რომელიც ნაკლებადაა დაცული, ასე ვთქვათ, სუსტ წერტილებს არჩევენ. სოჭშიც ამგვარ სამიზნეებზე იქნა მიტანილი იერიში.
მანამდე რუსებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს უკრაინაში ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო ოდესაზე. რუსეთს ისევ აქვს იმედი, რომ უკრაინას ამით უკან დაახევინებს?
რუსებს იმის იმედი აქვთ, რომ გამოფიტოს და დაღალოს უკრაინა მაქსიმალურად. რუსეთი ცდილობს, უკრაინას ყურადღება გადაატანინოს სხვადასხვა მიმართულებაზე. ამ თავდასხმებით რუსეთს იმის იმედი არ აქვს, რომ ომს მოიგებს.
რუსეთი ცდილობს, ზიანი მიაყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას – თვლიან, რომ უკრაინას ამ გზით მოუწევს რესურსის გაფანტვა, მაგალითად, ოდესა ხომ ისეთი დაცული არაა, როგორც კიევი, მაგრამ თუ ამ დაუცველ ადგილებზე იქნება ხშირი თავდასხმები, უკრაინას მოუწევს რესურსების გადანაწილება.
ეს ომი უპირველეს ყოვლისა რესურსების ომია – ეს უნდა გვახსოვდეს!
სტამბოლში გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებს შორის. რა გაირკვა ამ შეხვედრით?
არაფერი არ იყო ახალი. მხოლოდ ტყვეების მორიგ გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის მომენტმა უკვე ჩაიარა, რომლის თეორიული შანსიც არსებობდა: მიეღწიათ შეთანხმებისთვის პირობების გარეშე, მაგრამ რუსეთი კატეგორიულად უარს ამბობს. ეს უარიც არაა რუსეთის ინტერესებში, მაგრამ რუსეთი არარაციონალურად იქცევა. ცეცხლის შეწყვეტის საკითხი ახალი მოლაპარაკების მაგიდაზე არც ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქტიურად ცდილობს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია.
თქვენი აზრით, რას ელოდება ტრამპი 50 დღის შემდეგ, რა ვადაც მან 14 ივლისს პუტინს მისცა?
არ ვიცი, ტრამპს რის იმედი აქვს – თავის ჩვენებას აწვება, მაგრამ არა მგონია, ამან შედეგი მოიტანოს. ვფიქრობ, დიდ ომთან გვაქვს საქმე, რომელიც დიდხანს გაგრძელდება.
ცეცხლის შეწყვეტას რაც შეეხება, პუტინის და რუსეთის მხრიდან ვხედავთ მხოლოდ არარეალისტურ, არარაციონალურ მოთხოვნებს, რასაც რუსეთს არავინ დაუთმობს.
როგორც ჩანს, ტრამპს იმედი აქვს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაზრდა გადააფიქრებინებს პუტინს პოზიციას, მაგრამ არა მგონია, რომ ამან შედეგი მოიტანოს.
რეალურად რამდენად იზრდება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები?აშშ-მ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 322 მლნ დოლარი ღირებულების სარაკეტო სისტემების და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიყიდვას.
რა თქმა უნდა, უკრაინას აწვდიან ყველა იმ საშუალებას, რაც სჭირდება. ეს აძლებინებს უკრაინას ამდენი ხანი. ამ დახმარების მიწოდება უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
შესაძლოა უკრაინამ იფიქროს კონტრშეტევაზე უახლოეს პერსპექტივაში?
როცა კონტრშეტევასა და შეტევით ოპერაციებზე ვსაუბრობთ, რეალურად ეს ომი შეტევით და თავდაცვით არ დამთავრდება. ეს ომის არის გამძლეობაზე – რესურსების ომია: ვინც პირველი გატყდება, იმას ჩამოეშლება ფრონტის ხაზი.
არ არის ასე, რომ უკრაინა კონტრშეტევას დაიწყებს და ამხელა ფრონტის ხაზს კონტრშეტევით გაათავისუფლებს. არაფერი ჯერ უკრაინას არ გაუთავისუფლებია კონტრშეტევით. უკრაინამ გარკვეული ტერიტორიები გაათავისუფლა იმით, რომ რუსებმა ვეღარ შეძლეს ბრძოლის გაგრძელება ამა თუ იმ მიმართულებაზე.
ფიქრობთ, რომ ამჯერადაც ოკუპირებულ ტერიტორიებს თავისი სურვილით დატოვებენ რუსები?
დიახ, ძალიან ლამაზად დატოვებს – ვეღარ შეძლებს შენარჩუნებას და ნელ-ნელა დათმობს. თავისი ნებით დათმო რუსეთმა კიევის შემოგარენი, თავისი ნებით გავიდა ხერსონიდანაც და ჯარი მდინარის მეორე სანაპიროზე გადაიყვანა, ხარკოვის ოლქიც თავისით დათმეს, ყველაფერი თავისი ნებით დათმეს რუსებმა.
შეიძლება ითქვას, რომ თავისი ნებით არ დაუთმია – ბრძოლა გრძელდებოდა, მაგრამ ეს არ იყო კონტრშეტევის შედეგი.
ფრონტის ხაზზე რა ხდება, რა იცვლება კონკრეტულად?
არაფერი არ იცვლება. მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებია, რომელსაც პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს: ერთი სოფელი აქეთ არის თუ იქეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
პუტინს აქვს მოლოდინი, რომ ასე გამოფიტავს უკრაინას?
დიახ, მაგრამ ამის რესურსი რეალურად არ ეყოფა რუსეთს. მას აქვს პრობლემები ამ ომის დაწყებიდან და ეს პრობლემები რუსეთში იზრდება.
ზოგადად, ხანგრძლივი ომი დიდ სახელმწიფოს არც ერთხელ არ მოუგია – დიდ სახელმწიფოში დიდი მოთხოვნებია. რუსეთს კიდევ ისეთი მხარდაჭერა არ აქვს, როგორც უკრაინას: არც ავღანეთს და არც ერაყს ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონია. დიდ სახელმწიფოს გაცილებით მეტი პრობლემები ექმნება გლობალურ შეჯიბრებაში.
რუსეთს სურს უკრაინის ბოლომდე დაპყრობა, რეალურად კი, რუსეთს მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია, პირიქით, უკან დაიხია ბევრ პოზიციაზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად გამოიფიტება რუსეთი რესურსებისგან.
ღიად საუბრობენ უკვე რუსი ჩინოვნიკები, რომ ეკონომიკური და რესურსების პრობლემები აქვთ. ჯერჯერობით ომის ეკონომიკა მუშაობს, მაგრამ მათ აუცილებლად ექნებათ ეკონომიკური პრობლემები უფრო მწვავე, უფრო სერიოზულად ექნებათ ადამიანური რესურსის პრობლემაც.
რას მიუთითებს ეს თქვენთვის, როცა რუსეთში ჩინოვნიკებმა ღიად საუბარი დაიწყეს ეკონომიკურ პრობლემებზე?
იმას, რომ ეკონომიკური რეცესია ელით. იმას, რომ 21-ე საუკუნეა და ასე ყველაფერს ვერ დამალავ.
ვერ გეტყვით, რისთვის არსებობს მზაობა რუსეთში, სადაც ახლაც არარაციონალურად მოქმედებენ. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო ცუდია ეს რუსეთისთვის. ეს რუსეთშიც ესმის ბევრს, მაგრამ რამდენად შეძლებს ვინმე პუტინს აზრი გადაათქმევინოს, არ ვიცი. ამ ეტაპზე არავითარი ცვლილება არ ჩანს.
როგორ აისახება რუსეთზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მისი გავლენის სფეროდან გასვლა? შუშის გლობალური მედია ფორუმის მონაწილეებთან შეხვედრაზე ალიევმა განაცხადა, უკრაინა არ უნდა შეეგუოს ოკუპაციასო.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნები: სომხეთი და აზერბაიჯანი საკმაოდ წარმატებულად გადიან რუსეთის გავლენის სფეროდან, საქართველოზე იმავეს ვერ ვიტყვი. ეს რთული პროცესია, მაგრამ ვხედავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანმა პანჩურით გამოდევნა რუსული გავლენა – ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს პროცესები რუსეთზე: რუსეთი ახლო აღმოსავლეთიდან გამოაგდეს ფაქტობრივად, შეიძლება თამამად ითქვას, შუა აზიიდან მანამდე ჩინეთმა გამოდენა, კავკასიიდან გამოდევნეს, უკრაინაში ომს ვერ იგებს და მარცხდება, დასავლეთში უკვე პირდაპირ მტერია რუსეთი. დარჩა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა.
ჩინეთიც კი არ არის რუსეთის მოკავშირე. ის უფრო თავისი თავის მოკავშირეა: სანამ აწყობს ეხმარება რუსეთს. ჩინეთი დაელოდება მომენტს და ეს მომენტი როცა დადგება, მაშინ ყველაზე ეფექტურად სწორედ ჩინეთი გამოიყენებს რუსეთის დანგრევას.
გამოდის, რუსეთი მხოლოდ დამარცხებას უნდა ელოდეს?
დიახ, ამ მოცემულობაში რუსეთი განწირულია მარცხისთვის. ამას მარტო ვერ ხედავენ იდიოტები და ბიძინა ივანიშვილი.
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა აღარ იქნება კარგი და გულწრფელი… არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი ნდობით ჩვენ არ მოგვეკიდებიან, მით უმეტეს, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმაც ძალიან კარგად იციან, რა სურს რუსეთს. რუსეთის მუდმივი ინტერესია კონფლიქტის გაღვივება და მისი შენარჩუნება,“ – მიიჩნევს კავკასიოლოგი გიორგი მამულია. მას სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებულ პროცესებზე საუბრის დროს ვკითხეთ: რა როლს იძენს აზერბაიჯანი და რა ურთიერთობა გვექნება მასთან, თუ საქართველო რუსეთის აგენტ ქვეყნად იქცა?
კავკასიოლოგი და პოლიტოლოგი გიორგი მამულია დარწმუნებულია, რომ საქართველოში არასწორი წარმოდგენა არსებობს გეოპოლიტიკურ უპირატესობაზე – საქართველოს და მისი პორტების გარეშე სამხრეთ კავკასიაში რა უნდა განვითარდეს?
„არავითარი გეოპოლიტიკური მდებარეობა ჩვენ არ გვიშველის… 1979 წლამდე ირანი იყო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში თავისი ნავთობის რეზერვებით, გამორჩეული იყო მისი მდებარეობა, სპარსეთის ყურე და ასე შემდეგ…,“ – გვითხრა გიორგი მამულიამ.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი მამულიასთან ჩაწერა, იგი საფრანგეთის უმაღლეს კვლევათი სკოლის დოქტორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის და საქართველოს ისტორიის სპეციალისტი და პოლიტოლოგია.
ბატონო გიორგი, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის ჩრდილიდან გადიან. თქვენი დაკვირვებით, რა როლს იძენს აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში?
რამდენიმე გარემოებამ განაპირობა ის, რომ აზერბაიჯანი გამოდის რუსეთის ჩრდილიდან და დამოუკიდებელ მოთამაშედ გვევლინება. ფაქტობრივად, აზერბაიჯანი საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას.
უპირველესი ფაქტორი არის ის, რომ აზერბაიჯანმა წარმატებით დაასრულა ყარაბაღის ომი და ის უკვე აღარაა დამოკიდებული რუსეთზე. აქამდე აზერბაიჯანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთის პოზიციას, ვინაიდან იქ იყო რუსული ჯარი, როგორც ე.წ. მშვიდობისმყოფელები, ამჟამად კი, სიტუაცია შეიცვალა: აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი ყარაბაღზე და ტერიტორიული მთლიანობა. ეს ყველაფერი მოხდა თურქეთის დახმარებით.
რუსეთის ნეიტრალიტეტი აიხსნება ორი გარემოებით: ომობს უკრაინაში და არ ჰქონდა საშუალება, რომ აქტიურად ჩართულიყო აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში. მეორე ფაქტორია ის, რომ სომხეთის ხელისუფლებაში მოვიდა ფაშინიანის მთავრობა, რომელიც პუტინის მიერ თავიდანვე განიხილებოდა ანტირუსულად – პუტინისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია სწორედ ის მთავრობები, რომელთა ლეგიტიმაციაც უშუალოდ გამომდინარეობს ხალხის არჩევანიდან.
ამიტომაც, მან გადაწყვიტა ფაშინიანის დასჯა ალიევის ხელით.
ალიევმა კი, მოხერხებულად ისარგებლა ამ სიტუაციით, ამავდროულად, ისარგებლა თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო მხარდაჭერით – აზერბაიჯანმა ოსტატური მანევრირებით აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა.
რამდენადაც პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს პროცესი მომგებიანი აღმოჩნდა სომხეთისთვისაც: დაკარგა ის მძიმე ტვირთი, რომელიც მას მუდმივად ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – ყარაბაღი იყო ტერიტორია, რომლითაც რუსეთი სომხეთს აშანტაჟებდა. სომხეთიც რჩებოდა რუსეთის გავლენის სფეროში.
აქ მთავარია უკრაინის მოვლენები – უკრაინის გარეშე ეს პროცესი ასე ვერ დასრულდებოდა.
გიორგი მამულია
რა სტრატეგიით მოქმედებს ალიევი, თქვენი დაკვირვებით?
ჩემი აზრით, ალიევმა გადადგა ძალიან სწორი პოლიტიკური ნაბიჯი, როცა მან სომხეთს შესთავაზა მოლაპარაკებები, პროექტები და თანამშრომლობა ახალ რეალობაში. ამ პროექტებს შორის ზანგეზურის დერეფნის პროექტი.
მაგრამ ამ პროექტების წარმატება, მათ შორის, ზანგეზურის დერეფნის პერსპექტივა გულისხმობს სომხეთის თურქეთთან დაახლოებას. ფიქრობთ, რომ ეს მისაღები იქნება სომხეთისთვის ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით?
სომხეთს სხვა გამოსავალი არ აქვს. ფაშინიანი აბსოლუტურად მართალია და მივესალმები მის პოლიტიკას, რადგან ფაშინიანი უპირველესად კავკასიის სომხეთის პრეზიდენტია.
აქამდე სომხეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობა და იგივე თურქეთთან დამოკიდებულება არაზუსტად იყო განსსზღვრული. ამაზე სომხეთის დიასპორამაც იქონია გავლენა, რომელსაც დიდი ეკონომიკური საშუალებები აქვს. კავკასიის სომხები კი არ არიან მდიდრები – სომხეთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაც კია თავისი რესურსებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რუსეთის ზეწოლით ხელოვნურად ხდებოდა ამ საკითხებით გააქტიურება.
დღეს ეს სიტუაცია შეიცვალა და ფაშინიანი ამჟამად სწორედ იმ პოლიტიკას ატარებს, რაც ობიექტურად შედის სომხეთის ინტერესებში.
თურქეთის, როგორც რეგიონული ლიდერის გამოკვეთა მთავარი ფაქტორია, რის გამოც რუსეთი ვეღარ შეძლებს სამხრეთ კავკასიაში არეულობა სცადოს და გავლენა დაიბრუნოს?
მეორე ვარიანტიც არის: ზანგეზურის დერეფნით ევროკავშირი და აშშ-ც არიან დაინტერესებული, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირი და აშშ პლაცდარმს იღებენ ირანის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული რისკიცაა, მაგრამ სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არსებობს, ვინაიდან რეგიონი ტურბულენტურ ზონაშია…
რაღაცნაირად ახალი ბალანსი და ახალი ურთიერთობები ყალიბდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ქართველებმა. ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ავტომატურად გვტოვებს რუსეთის ჩრდილში. „ოცნების“ პოლიტიკა იწვევს ჩვენს გარიყვას იმ ინტეგრაციული პროცესებიდან, რომლის კონტურებიც ისახება სომხეთ-აზერბაიჯანის დაახლოებით.
რამდენად რეალურია სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავი დააღწიონ რუსეთის გავლენას საქართველოს გარეშე?
ჩვენ გვჭირდება ევროპის და აშშ-ს დახმარება, რომ შევინარჩუნოთ ის როლი, რასაც ადრე ვთამაშობდით რეგიონში – კავკასიის ცენტრი ჩვენ ვიყავით, გეოგრაფიულადაც საქართველო ცენტრშია მოქცეული, მეორე მხრივ, ჩვენი უშუალო მეზობელია სომხეთი და აზერბაიჯანი.
ჩემი აზრით, ახლა საუკეთესო სიტუაცია იქმნება იმ სამხრეთ-კავკასიური გაერთიანების შესაქმნელად, რომლის ისტორიული მცდელობაც არსებობდა. არ უნდა დავივიწყოთ 1918 წელი, როცა არსებობდა ამიერკავკასიის გაერთიანება. სამწუხაროდ, ეს ხანგრძლივვადიანი არ აღმოჩნდა და სულ ნახევარი წელი იარსება, მაგრამ არსებობდა მსგავსი გაერთიანება. მერე რესპუბლიკაც იყო ერთი თვე და დაიშალა პირველი მსოფლიო ომის მოვლენების გამო. ეს პროცესი დასრულდა ამიერკავკასიის გასაბჭოებით 1920-1921 წლებში.
არ უნდა დავუშვათ ამ პროცესში შეცდომები – უნდა შევცვალოთ პოლიტიკა. აუცილებელია, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია – ოპოზიციის და კრიტიკული აზრის დევნა, ახალგაზრდების უსაფუძვლოდ დაჭერა, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ მივექანებით რუსეთის გავლენის ქვეშ. პუტინი ემყარება იმას, რომ ქვეყანა არ იყოს დემოკრატიული.
ამბობენ, რომ თითქოს პუტინი რუსი იმპერიალისტია და რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნებით ხელმძღვანელობს. ჩემი აზრით, ეს არ არის მართალი: პუტინისთვის უპირველესია ძალაუფლების შენარჩუნება, მისი მთავარი მიზანიც ეს არის. პუტინის მიზანია გარს ერტყას საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები, სადაც ხელისუფლება არ ეკუთვნის ხალხს და ლეგიტიმაცია მოდის უშუალოდ ავტორიტარიზმისგან, ტოტალიტარული სისტემისგან და არა ხალხის მიერ გამოხატული ნებისგან.
არ უნდა გვეგონოს, რომ შინაგანი ავტორიტარიზმი არ გამოიწვევს გარეშე პოზიციების შესუსტებას. ეს შინაგანი ავტორიტარიზმი ავტომატურად მიგვიყვანს რუსეთთან, რადგან ეს არის იგივე სისტემა, რაც რუსეთშია. დემოკრატიული სისტემა კი, ავტომატურად მიგვიყვანს დასავლეთში. მით უმეტეს ახლა, როცა რეგიონს ასეთი მნიშვნელობა აქვს, იგივე ახლო აღმოსავლეთის მოვლენების კონტექსტში, შავი ზღვისპირეთის გეოპოლიტიკის კონტექსტში და ასე შემდეგ.
ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა ვსაუბრობდით საქართველოს სომხეთით ჩანაცვლებაზე, მკითხველებმა კომენტარები დატოვეს: კი მაგრამ სომხეთს ხომ ზღვა არ აქვსო. რეალურად რა უპირატესობა აქვს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას?
რა თქმა უნდა, შავ ზღვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გასათამაშებელი კარტი სწორედ შავი ზღვის პორტების არსებობაა, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამეც – თუ ჩვენთან არ იქნება ელემენტარული დემოკრატიული ნორმები დაცული, როცა უშუალოდ ხელისუფლება ირჩევა ხალხის მიერ და ხალხს აქვს საშუალება, შეცვალოს ხელისუფლება დემოკრატიული გზით, არავითარი გეოპოლიტიკური მდებარეობა ჩვენ არ გვიშველის.
დააკვირდით, მაგალითად, ირანს – მე არ ვადარებ საქართველოს და ირანს, სრულიად სხვადასხვაა და არც ხელისუფლებებს ვადარებ, თუმცა საერთო ტენდენციები იკვეთება – 1979 წლამდე ირანი იყო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში თავისი ნავთობის რეზერვებით, ახლო აღმოსავლეთში გამორჩეული იყო მისი მდებარეობა, სპარსეთის ყურე და ასე შემდეგ.
დასავლეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მთავრობის ლეგიტიმაცია მოდიოდეს ხალხის თავისუფლად გამოხატული ნებისგან. როცა ეს პრინციპი ირღვევა, იქ უკვე გეოპოლიტიკაც ვერ გვიშველის.
ეს მკაფიოდ გამოჩნდა რუსეთშიც: ვიდრე პუტინის ავტორიტარული ტენდენციები და ექსპანსიური გეგმები გამოაშკარავდებოდა, ევროკავშირი ბევრ რამეს უთმენდა რუსეთს – მას უზარმაზარი რესურსები აქვს: ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი, უკრაინის ომის შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა.
რა ჩანს რუსეთის რეაქციიდან, როცა აზერბაიჯანი რეგიონული ლიდერი ხდება? თქვენი აზრით, რატომ არჩიეს რუსებმა აზერბაიჯანულ დიასპორაზე თავდასხმა – აზერბაიჯანზე გავლენის შენარჩუნება ხომ რუსეთის ინტერესია?
დიასპორის მეშვეობით ხშირად ახდენს გავლენას რუსეთი აზერბაიჯანზე – ემუქრებიან, გავაძევებო.
არსებობს ასევე ლეგენდა, რომ თითქოს მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს რუსეთში.
ამას გარდა, აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა – სოფლის პროდუქტები ტრადიციულად გააქვთ რუსეთის ბაზარზე. ამ ბაზარს რუსეთი ხშირად იყენებს გავლენის შესანარჩუნებლად და საქართველოშიც ბევრჯერ გვინახავს იგივე. აზერბაიჯანთან რუსეთს როგორც კი დაეძაბებოდა ურთიერთობა, ახლაც მახსოვს ე.წ. სანიტარი იყო – ონიშენკო, გამოვიდოდა და იტყოდა, რომ მაგალითად, აზერბაიჯანულ ვაშლში მავნე პესტიციდებია.
რამდენიმე დღის წინ ალიევმა „შუშის ფორმუმზე“ ძალიან სწორი რჩევა მოგვცა: არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეგუოთ ოკუპაციასო, იდეურად უნდა იმუშაო ამაზე და ოკუპაცია ადრე თუ გვიან დასრულდებაო. მართალია, აზერბაიჯანის შემთხვევაში იმუშავა რუსეთ-უკრაინის ომმა, იყო ფაშინიანის ფაქტორი და თურქეთი, მაგრამ აზერბაიჯანი ხომ მუდმივად ემზადებოდა ამისთვის? დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი აზერბაიჯანში და ყველგან მხვდებოდა ლოზუნგები: ყარაბაღი დაბრუნებულია, ყარაბაღი ჩვენია! სომხურ აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც წარმოებდა მთელ მსოფლიოში, აზერბაიჯანმა დაუპირისპირა თავისი პროპაგანდა და მოუგო კიდეც.
ამჯერად რა იქნება ალიევის, როგორც ავტორიტარული ლიდერის იდეოლოგიური საყრდენი, რა იკვეთება?
მიმაჩნია, რომ ალიევის რეჟიმი არის ოპტიმალური ამ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ალიევი ავტორიტარული ლიდერია, მაგრამ გვაქვს ისლამიზმის საფრთხე, რომელიც უშუალოდ ირანიდან მოდის, ან პრორუსული რეჟიმი – რუსეთიც არ დარჩება ასე და ეცდება, საკუთარი კანდიდატი დასვას ბაქოში, თუ იქ ალიევი არ იქნება.
მეორე მხრივ, ნებისმიერ ავტორიტარულ ლიდერს სჭირდება მიღწევები საერთაშორისო ფრონტზე. ამის გარეშე ავტორიტარიზმი იკუმშება და საკუთარ პოზიციას ვერ ასრულებს.
ჩემი აზრით, ალიევი ეცდება, რომ საერთო სამხრეთ-კავკასიური ლიდერის როლი ითამაშოს – ეს იქნება მისი მთავარი გეოპოლიტიკური მიზანი, რათა აზერბაიჯანელ ხალხს უჩვენოს საკუთარი ქვეყნის მნიშვნელობა, ის, რომ მისი პოლიტიკა წარმატებულია.
სამხრეთ კავკასიის რეგიონი უნდა იყოს ერთიანი – თუ დააკვირდებით ამ სამი ქვეყნის რესურსებიც ერთმანეთს ავსებს: აზერბაიჯანი რესურსებით ყველაზე მდიდარია სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს გადასარევი სოფლის მეურნეობა აქვს, ბუნება, ტურისტული პოტენციალი, პორტები და კომუნიკაციები, სომხეთს კი, მშრომელი მოსახლეობა – ხელები. ისტორიულად ასე ითვლება, რომ სამხრეთ კავკასიაში შრომა სომხებს ყველაზე კარგად გამოსდით და შეუძლიათ.
ამ გაერთიანებით იქნება შესაძლებელი კეთილდღეობის გაზრდა. საბოლოო ჯამში ხომ ყველას ინტერესი ესაა – კეთილდღეობის მიღწევა. გასათვალისწინებელია, რომ ეთნიკური კონფლიქტები ღარიბ მოსახლეობაში ხდება – მდიდრებს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვთ.
მნიშვნელოვანია ასევე ქალაქის და სოფლის ცხოვრების დონის გათანაბრება. ევროპის ქვეყნებს სწორედ ამ გათანაბრებამ მისცა კეთილდღეობა და სტაბილურობა.
რა ურთიერთობა ექნება აზერბაიჯანს საქართველოსთან, თუ საქართველო რუსეთის აგენტი ქვეყანა გახდება? მაგალითად, რას შეიძლება ველოდოთ იგივე დავით გარეჯის საკითხზე?
დავით გარეჯის თემა სრულიად ხელოვნური იყო და ეს ყველასთვის ნათელი გახდა.
დღეს ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია ტერიტორიის გაცვლის გზით, ან მეგობრული შეთანხმებით, რისთვისაც აუცილებელია, რომ საქართველოს ჰყავდეს რეალური ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც იმოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. იმ მთავრობასთან კი, რომელსაც არ აქვს სახალხო მხარდაჭერა, კაციშვილი არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან.
ფორმალურად ცუდი შეიძლება არ იყოს მაინც ურთიერთობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, მაგრამ ეს ურთიერთობა არ შეიძლება იყოს კარგი და გულწრფელი.
არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი ნდობით ჩვენ არ მოგვეკიდებიან, მით უმეტეს,
როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმაც ძალიან კარგად იციან, რა სურს რუსეთს. რუსეთის ტრადიციული პოლიტიკა რა არის? გორჩაკოვი მე-19 საუკუნეში ამბობდა, რუსეთს არ ჰყავს მუდმივი მეგობრები, რუსეთს აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესებიო. რუსეთის მუდმივი ინტერესია კონფლიქტის გაღვივება და მისი შენარჩუნება.
გამორიცხავთ, რომ რუსეთმა განზრახ დაძაბოს საქართველოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან?
ისტორიულად ამას ცდილობს რუსეთი და უპირველესად რელიგიური ფანატიზმის გრძნობებს იყენებს. დავით გარეჯის თემაც ამის მაგალითია. ყველაფერში, რაც დაკავშირებულია რელიგიურ ფანატიზმთან, აშკარად იკვეთება რუსული კვალი. რელიგია მთავარი ფაქტორია, რითაც რუსეთი ცდილობს საქართველოზე გავლენას.
ვხედავთ, რუსი პროპაგანდისტები როგორი მოწიწებით საუბრობენ ქოცებზე? ეს ნამდვილი სუვერენული ხელისუფლებააო და ასე შემდეგ. რა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა – ფაქტობრივად რუსული წყობა გვაქვს შექმნილი. არავითარი დემოკრატია ჩვენთან არ არსებობს.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრიდან შესაბამისი დასკვნების გაკეთება.
გეოპოლიტიკური ცვლილებები სამხრეთ კავკასიაში, გამოიწვევს ცვლილებებს ჩრდილოეთ კავკასიაში?
ეს პერსპექტივა პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის ომის შედეგზე.
აქ არსებობს კიდევ ერთი საკითხი: პუტინის შემდეგ რა მოუვა რუსეთს? მე, მაგალითად, არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება დაიშალოს კიდეც. შესაძლოა თვითონ რუსები – დამარცხების და პუტინიზმის ჩამოშლის შემთხვევაში – მივლენ იქამდე, რომ არ არის მიზანშეწონილი ჩრდილოეთ კავკასიის შენარჩუნება, რომელიც დოტაციური რეგიონია და ფაქტობრივად ძალით უნდა შეინარჩუნო, უამრავი ფული ჩაყარო.
უკრაინაში სიტუაცია იმ ზღვარზეა, პუტინისთვის მშვიდობიან გამოსავალს უფრო და უფრო ნაკლებად ვხედავ. რუსები პუტინს სამხედრო დამარცხებას უკრაინაში არ აპატიებენ: რის გულისთვის ჩააწვინეს მილიონი ადამიანი აღმოსავლეთ უკრაინის მიწაში? ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ რუსებს. მეორე მხრივ, რასაც პუტინი ამ ეტაპზე უკრაინაში უმიზნებს, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ხსნიან, იმის მიღწევას არსებული ტემპით მინიმუმ 10 წელი დასჭირდება.
ამავდროულად, დრო არ თამაშობს რუსული არმიის და პუტინის სასარგებლოდ – იფიტებიან და მოსახლეობას ლატენტურად უჩნდება პროტესტის გრძნობა. ასე რომ, რა მოხდება რუსეთში, არავინ იცის.
მნიშვნელოვანია, რა პირობას დააყენებს ევროპა და აშშ რუსეთს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, მოხვდება თუ არა მათ შორის, ჩვენი რეგიონების დეოკუპაციის საკითხი. ეს აუცილებლად მიმაჩნია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. თავისთავად ქოცები რუსებს ვერ გაანაწყენებენ.
საქართველომ, როგორც კავკასიის ცენტრმა, ჩრდილოეთ კავკასიასთანაც უნდა ითანამშრომლოს ეფექტურად. უნდა გამოიცემოდეს შესაბამისი წიგნები, იბეჭდებოდეს სტატიები, სადაც მეცნიერულად იქნება დასაბუთებული: საქართველო არის სამხრეთ კავკასიის ცენტრი და ვალდებულია, იყოს სამხრეთ კავკასიის ტენდენციების შუა გულში. ის უნდა იყოს საერთო კავკასიური ინტეგრაციული პროცესების ერთ-ერთი კი არა, მთავარი ინიციატორი. ეს არ შეიძლება არ აისახოს ჩრდილოეთ კავკასიაზეც.
რა ელოდება ტურისტულ ბიზნესს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს, ლაშა ბერეკაშვილს ესაუბრა.
ლაშა ბერეკაშვილის თქმით, თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებენ, ტურისტული ბიზნესი მყისიერად ჩავარდება, ფუნქციას დაკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც.
„პრობლემა გაჩნდება ბევრი მიმართულებით, რა თქმა უნდა.
ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, როცა ვიზალიბერალიზაცია არ იყოს სრულად ამოქმედებული, მგზავრთა გამტარობა იყო 400 ათასი ადამიანი. 2024 წელს კი, პიკის პერიოდს რომ ეძახიან, ქუთაისის აეროპორტმა გაატარა 1 700 000 მგზავრი.
ანუ უვიზო რეჟიმის პირობებში სტატისტიკა მინიმუმ 1 300 000 ადამიანით გაიზარდა.
თუ უვიზო რეჟიმი შეგვიჩერდება, ქუთაისის აეროპორტი მყისიერად დაკარგავს ერთ მილიონამდე მგზავრს წელიწადში და ეს მხოლოდ „ვიზეარის“ მომხმარებელია.
ამ სიმძლავრეზეა აწყობილი ავიახაზების რაოდენობა და სიხშირეები, ამ სიმძლავრეზეა აწყობილი სხვა სერვისებიც, იგივე სატრანსპორტო სერვისები – ავტობუსების კომპანიები, მატარებელი, რომელიც აეროპორტში აჩერებს, ქუთაისში ერთღამიანი ჯავშნები, რომელიც ქუთაისს ასაზრდოებს ასე თუ ისე. ეს ყველაფერი მყისიერად შეჩერდება. ფიზიკურად ვეღარ წავა ამ რაოდენობის ადამიანი, რა რაოდენობითაც ახლა, უვიზოს პირობებში მიდის უცხოეთში ტურისტულად.
ტურისტულ სააგენტოებს რაც შეეხება, 90%-ი ყველა გაკოტრდება. მომხმარებლისთვის დღეს არსებული ტურისტული პაკეტები გახდება უძვირესი და ხელმიუწვდომელი, რადგან როგორც ადრე იყო ხოლმე, სანამ უვიზოს შემოიღებდნენ, გაჩნდებიან შუამავლები, საელჩოების რიგში ჩაწერის საფასურები გაჩნდება და რისკი იმის, რომ 2-3 გაყვანაზე ვიღაცები შეიძლება დარჩნენ ევროპაში. უეჭველია რომ დარჩებიან, როგორც იყო ადრე, მაგალითად ცეკვის ანსამბლებს რომ მიყვებოდნენ და რჩებოდნენ უცხოეთში ისე იქნება.
როცა ტურისტების გარკვეული რაოდენობა უკან აღარ დაბრუნდება და დარჩება, შემდეგ ეს ფაქტი ნეგატიურად აისახება ტურისტული კომპანიის სანდოობაზე და საბოლოო ჯამში, მაინც ვერ შეძლებს ოპერირებას“, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში გამოირიცხება თავისუფლად ოპერირება ამ ბაზარზე.
„ტურისტების შემომყვანსაც ექნება პრობლემა, რადგან უვიზო რეჟიმი სჭირდება ავიაკომპანიას სიხშირეების გასაზრდელად. როცა ვთქვათ Wizz Air-ი გააკეთებს ერთ რეისს ქუთაისიდან მიუნხენში, იქიდან ხომ უნდა წამოიყვანოს ადგილობრივი ტურისტები ქუთაისში.
ამიტომ, თუკი უვიზო აღარ იქნება, არსებული სიხშირეები მყისიერად გაუქმდება და „ვიზეარმა“ შესაძლოა საერთოდ გაიყვანოს თავისი ბაზა ქუთაისიდან, დატოვოს მარტო რამდენიმე მიმართულება. თუ სომხეთი მიიღებს უვიზო მიმოსვლას, ამ ბაზას ალბათ გადაიტანს სომხეთში და დასავლეთ საქართველო ამით კიდევ უფრო გაღარიბდება.
ეს ჩვენი დარჩენილი ორი თეთრიც წავა სომხეთის ეკონომიკაში“, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვით, დაზარალდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც ახლა დამოუკიდებლად ოპერირებენ ტურისტულ ბაზარზე.
„თვითდასაქმებულიც, ყველა ჩაეხსნება ავტომატურად და მათ შემოსავლებსაც დაარტყამს უვიზოს შეჩერება.
მათ შორის ის ბლოგერებიც, რომლებიც თავისუფალი მიმოსვლის ხარჯზე ქმნიან ტურისტულ კონტენტს და წერენ სხვადასხვა ტურისტულ ბლოგს, დაუბრუნდებიან შაურმის აღწერებს“, – ამბობს ლაშა.
„თუ ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად შევქმნათ ტურისტული პაკეტები, დამოუკიდებლად დავაორგანიზოთ ტურები, შევკრიბოთ ჩვენი ჯგუფები, გავზარდოთ ლოიალური კლიენტები და ასე შემდეგ, ამ ხელოვნური ბარიერების შედეგად წარმოიქმნება კვაზი ტურისტული ორგანიზაციები, რომლებიც იძულებულს გახდიან პატარა ოპერატორებს, მხოლოდ მათთან ვიყიდოთ ტურისტული პაკეტები, მხოლოდ მათთან შევიძინოთ ტურისტული მომსახურებები და მხოლოდ მათი ვიზების მეშვეობით გავუშვათ ტურისტები სხვადასხვა ქვეყანაში.
აი მაგალითად, „ვიზეარი“ დაფრინავდა ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებაზე და უამრავი წვრილი სააგენტო და ფიზიკური პირი გაჩნდა, რომლებიც დამოუკიდებლად გეგმავდნენ ტურებს და ამას აკეთებდა ყველა, ვისაც კი ამის სურვილი გააჩნდა.
ახლა ვიზეარმა გააუქმა აბუ-დაბის მიმართულება, თბილისიდან შემოდის მსხვილი და ძვირი ავიაკომპანიები, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან გაჭირდება.
უვიზოს გაუქმების შემდეგაც შეიქმნება ერთი მსხვილი ტურისტული კომპანია, რომელიც გაყიდის პაკეტებს – წვრილ მოთამაშეებს და ფიზიკურ პირებს აღარ დაუტოვებს შესაძლებლობას იდგნენ ბაზარზე და აიძულებს მათ, რომ მათი პირობებით, მათი ფასებით იმუშაონ, თუკი საერთოდ შეძლებენ მუშაობას“, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
მის თქმით, ტურისტული კომპანიები იმის ნაცვლად, რომ ხმა აიმაღლონ და იბრძოლონ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, უკვე ცდილობენ ლოჯისტიკა სომხეთზე გადააწყონ.
„ტურისტული კომპანიები აწყობენ უკვე ლოჯისტიკას სომხეთზე, იქ ჩასვლის, ღამის გათევისთვის, უკვე ისე იგეგმება ტურები, რომ თუ მოხდება ქუთაისის ჩახსნა უვიზოს გაუქმების შემდეგ, სომხეთი დაიკავებს ქუთაისის ადგილს და ერევნის სასტუმროები დაიტვირთება იმ ქართველებით, ვინც შეძლებს ვიზის აღებას, რა თქმა უნდა.
უვიზო რეჟიმის შემდეგ სომხებს ფულიც ჩვენზე მეტი ექნებათ, მაგრამ სომეხი კაცები ალბათ უვიზოს შემდეგ „გათხოვდებიან“ და ეს გაგვაბედნიერებს ქართველებს“, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
მისი თქმით, პოლიტიკური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უპირატესობა საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ.
ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აგვისტოს ბოლომდე მისცა იმ პირობების შესრულებისთვის დრო, რომელიც საქართველომ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში უნდა გააუმჯობესოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს ვიზალიბერალიზაციას.
„ქართული ოცნების“ განცხადებებიდან ჩანს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, საქართველო დიდი ნაბიჯით უკან დაიხევს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მოქალაქეები კი დაკარგავენ ძალიან დიდ უპირატესობას მიიღონ ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, დასაქმდნენ სეზონურ სამუშაოებზე, იმოგზაურონ და ასე შემდეგ. დაზიანდება ბიზნესიც, რაც საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს.
Blog / Ninia Kakabadze / Mediachecker / July 21, 2025
_______________
It’s impossible to be part of today’s resistance in Georgia without asking yourself, “What if I’m arrested? How will I get through it? How will I remain true to myself?” Each time these thoughts cross my mind, I find myself thinking of Mzia Amaglobeli first, and I doubt I would possess her strength to endure.
At every court session, I see Mzia standing tall, refusing to sit down, and that reminds me of Rosa Parks, the woman who sat and refused to stand up.
In the 1950s, Rosa Parks became an iconic figure in the American civil rights movement. Her quiet yet profound act of defiance — simply refusing to give up her seat to a white passenger — led to her arrest and sparked a monumental 381-day bus boycott that ultimately brought an end to that segregation.
Left: A booking photo from Rosa Parks’ arrest on December 1, 1955. Wikimedia Commons Right: Rosa Parks sitting on a bus Rosa Parks sitting on a bus in Montgomery, Alabama, 1956.
Parks was not merely an average activist; she was an educated, principled, and respected woman.
Mzia is not just another protester. She had never been a familiar face on television or someone who talked a lot. Instead, she acted — and her actions, alongside those of her colleagues, built two of Georgia’s most trusted, independent media outlets: Batumelebi and Netgazeti. These publications have stood firm for over 20 years, weathering three governments, including the authoritarian regime of Aslan Abashidze.
Freedom of speech in Georgia is closely tied to these outlets and Mzia herself. That’s why silencing Mzia carries a symbolic significance for the current authoritarian regime. It’s not just about her. It’s about suppressing the voice of a free press and, with it, the country’s democratic spirit.
What is most compelling about women who fight is their stubborn defense of principles and truth. Mzia stands out as a figure who challenges the stereotype of the “loud” or “hysterical” woman, a narrative crafted by men to undermine female strength. Her friends don’t even have her permission to speak about her health issues. In prison, she often chooses to go without the basic comforts she is entitled to. Yet, it is her quiet, monumental composure that truly strikes me during every courtroom appearance.
On May 30, in the courtroom, Mzia Amaglobeli sent a message to her colleagues about the so-called “foreign agents law” and registry: “Don’t stop. Don’t get registered.”
Throughout multiple hearings, Mzia has never once sat down. Confined within a “cage” of glass, she faces each session standing tall. Her lawyers consistently request that Mzia be permitted to sit beside them, free from the glass barrier, to defend her rights adequately. However, Judge Nino Sakhelashvili persistently denies this request, citing nonsensical claims of a “risk of re-offense or attack”.
In her silence, Mzia loudly rejects the label of “attacker” that this oppressive regime has thrust upon her.
Her refusal to sit is a powerful act of defiance, reminiscent of Rosa Parks, who would not yield her rightful seat on a bus. For Mzia Amaglobeli, surrendering to sit in that enclosed space, reserved for dangerous criminals, would equate to admitting guilt — a notion she fiercely opposes. Thus, irrespective of how long the hearings last, Mzia stands firm, embodying quiet strength and unyielding resolve.
She continues to resist, as long as this system of cowardly men, like Irakli Dgebuadze, forces her to. These are men whose leader hides behind bulletproof glass, far removed from the very people he governs.
We often find ourselves asking, ‘What will happen?’ ‘How will we win?’
We will prevail, because we have more than 50 political prisoners, each one unbroken. They stand tall, like rocks, embodying the determination that will ultimately drive us to victory in this fight. It is precisely this unshakeable resolve that lights our path forward.
May 16, 2025, Court Hearing of Mzia Amaglobeli, Batumi City Court
On July 21, Mzia was offered a plea deal but only if she admitted to insulting and attacking police officers and acting under “deep state” orders. On the same day, the Revenue Service seized the accounts of Batumelebi and Netgazeti. These actions are calculated attempts to break her spirit. However, when asked if she regrets her actions, Mzia responded with a clarity that leaves no room for misinterpretation:
“This incident happened. If I say I regret it, that would be a lie. It was inevitable. Honestly, I would feel more at peace with myself if I had responded with the right words, but this happened, and I can’t escape it.”
Mzia is our pride and a symbol of our fight; You can never force her into the seat of the accused – nor will she ever admit to a crime she never committed!
დღეს, 25 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამოიტანა გადაწყვეტილება ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4 სტუდენტის საქმეზე.
საქმე არსებითი განხილვით დასრულდა. მოსამართლემ ხუთივე პირი დამნაშავედ მიიჩნია ჯგუფურ ძალადობაში და ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს 20 000 ლარის გადახდა დააკისრა [აქედან მამუკა ჯორბენაძემ 18 000 ლარი უნდა გადაიხადოს, რადგან იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2 თვის განმავლობაში], ხოლო სტუდენტებს: გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძესა და გიორგი დავითაძეს -17-17 ათასი ლარი [მათ 15 ათასი უნდა გადახადონ, რადგან ასევე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე გირაოთი გათავისუფლებამდე].
რაც შეეხება სტუდენტ ანრი კაკაბაძეს, მას 9 თვით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. ანრი კაკაბაძე უკვე 7 თვეზე მეტი ხანია წინასწარ პატიმრობაში იყო.
რა ხდება?
გამოძიება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, პროფესორ მამუკა ჯორბენაძესა და 4 სტუდენტს ჯგუფურად ძალადობის ჩადენაში ედავებოდა – საუბარია 2024 წლის 3 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში 2024 წლის 3 დეკემბერს მისულ ირაკლი დევაძეზე და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე იძალადეს. ირაკლი დევაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსანია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმარია.
ამ ინციდენტამდე ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორს, თეა ცაგურიასა და დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რექტორის კაბინეტთან საპროტესტო ბანერის გაკვრას მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ მამუკა ჯორბენაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნისგან მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღო.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და ფაკულტეტის დეკანს მამუკა ჯორბენაძეს პატიმრობა გირაოთი 2025 წლის 28 იანვარს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეცვლა სასამართლო სხდომაზე თავად პროკურატურამ მოითხოვა, სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე კი პატიმრობაში დატოვეს, იმ მიზეზით, რომ ანრი კაკაბაძეს სხვა საქმეზე უკვე იყო გირაოთი გათავისუფლებული.
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ათეულობით დღის განმავლობაში უნივერსიტეტის შენობაში მართავდა საპროტესტო აქციას და ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას. მათი შეფასებით სტუდენტებს იმის გამო სჯიდნენ, რომ ისინი პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები იყვნენ.
__________
ფოტოზე: დეკანის და 4 სტუდენტის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
ბათუმში მოქალაქე ლევან ხორავა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 20 დღით დააპატიმრა. მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს მანდატურებმა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 25 ივლისს გამოაცხადა.
ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე დღეს, 24 ივლისს განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში: შსს-ს ვერსიით, ლევან ხორავამ შსს-ს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს „ნაბოზარი“ უწოდა 27 მაისის სასამართლო სხდომის შემდეგ, როცა სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი მტკიცებულებების გარეშე 12 დღით დააპატიმრეს.
ლევან ხორავას დაპატიმრებას ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„მე სამშობლოსთვის სისხლი დამიღვრია და ისევ დავღვრი, თუ საჭიროა. დამაპატიმრეთ, არ მაქვს პრობლემა… პატრიოტებს პატიმრობით ვერ შეაშინებთ, ეს იცოდეთ ოღონდ.
პატიმრობამ კი არა, მურვან ყრუმ და თემურ ლენგმა ვერ დააჩოქეს საქართველო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს გუშინდელ სხდომაზე მოქალაქე ლევან ხორავამ. მისი საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 24 ივლისს განიხილა.
„ოცნება“ ერთის მხრივ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას და „ფარას“ კანონით უცხო ქვეყნის გავლენის რეესტრში დარეგისტრირებას სთხოვს ყველას, ვინც ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა პროექტის ფარგლებში რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, მეორე მხრივ კი მუნიციპალური სტრუქტურები და ორგანიზაციები ევროკავშირის პროექტებს იღებენ რიგი აქტივობების დასაფინანსებლად. მათ შორის არის ბათუმის მერიაც.
ბათუმის მერიამ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გრანტი მოიგო. პროექტისთვის – „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის BSB-ში ლურჯი და მწვანე მდგრადობა“ მოპოვებული გრანტის ოდენობა 218 839 ევროა. ახლა მერია შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებაზე და ამ პროექტის კიდევ 24 315 ევროს ოდენობით [ეკვივალენტი ლარში] ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაზე საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს.
მერიის განმარტებით, ბათუმის მუნიციპალიტეტმა, თურქეთის რესპუბლიკის ლულებურგასის მუნიციპალიტეტთან, ვარნას ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ანენის ნოის რაიონულ საბჭოსთან და სხვა თანააპლიკანტებთან ერთად, 2024 წლის ივნისში ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin-ის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარადგინა განაცხადი დაფინანსების მოსაპოვებლად, პროექტზე – „თანამშრომლობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის BSB-ში ლურჯი და მწვანე მდგრადობა“. პროექტი გამარჯვებულად გამოვლინდა მიმდინარე წლის ივნისში.
შემდგომ ეტაპზე, საგრანტო და საპარტნიორო შეთანხმების გაფორმებისთვის, საჭიროა გრანტის მიღებაზე შესაბამისი გადაწყვეტილებისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია აქტივობები, რაც ეხება კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის პრევენციის ხელშეწყობას და მდგრადობას ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომების გათვალისწინებით:
„წყლის დაზოგვის უზრუნველსაყოფად და კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტში ჩატარდება წყლის ეფექტიანობის ტექნიკური მიზანშეწონილობის ყოვლისმომცველი კვლევები შერჩეულ ტერიტორიაზე და მომზადდება ტექნიკური მოდერნიზაციის გეგმები.
კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტი მოამზადებს ტექნიკურ-ეკონომიკურ, მიზანშეწონილობის კვლევას ბათუმის ბულვარისა და ცენტრალური პარკის სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და დაგროვილი წყლის ბათუმის მწვანე ზონებში მეორადი გამოყენების მიზნით“.
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხანძრის ჩაქრობის დროს, სულ მცირე 10 მეხანძრე-მაშველი დაიღუპა ესკიშეჰირის პროვინციაში ტყის ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას, სულ მცირე 14 მაშველი და სატყეო მუშაკი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თურქული მედიის ცნობით, მეხანძრეების დაღუპვის სავარაუდო მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები გახდა – ხანძრისას ქარმა მოულოდნელად შეიცვალა მიმართულება და მეხანძრეები ცეცხლის ალყაში აღმოჩნდნენ. ტრაგიკული შემთხვევა 23 ივლისს მოხდა.
25 ივლისის მდგომარეობით, თურქეთში კვლავ მძვინვარებს ტყის ხანძრები. თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ტყის ხანძრებს ებრძვიან ანტალიაში, სხვადასხვა ადგილას, ქარაბუქის რეგიონში კი 14 სოფელი ევაკუირებულია.
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში წერს, რომ „ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.
საელჩო წერს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 4 ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების დარღვევას.
„ევროკავშირთან, ნატოსთან და სახელმწიფოების ფართო კოალიციასთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ გააკრიტიკა რუსეთის უპასუხისმგებლო, დამანგრეველი და დესტაბილიზაციის გამომწვევი ჰიბრიდული აქტივობა, მიმართული გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ.
რუსეთის მხრიდან მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 4 ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს, ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების დარღვევას.
დასანქცირებულთა სიაშია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, „გრუ“ -ს ის დანაყოფი, რომელმაც 2022 წელს ჩაატარა ონლაინ დაზვერვა მარიუპოლზე სარაკეტო დარტყმების დასაგეგმად — მათ შორის იმ დარტყმისთვის, რომელმაც გაანადგურა მარიუპოლის თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა.
ასევე, სანქციები დაეკისრა რუსეთის „აფრიკის ინიციატივის“ სამ ლიდერს.
„აფრიკის ინიციატივა“ არის რუსეთის მიერ დაფინანსებული “უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და გავლენის” (FIMI) პლატფორმის ნაწილი, რომელიც იყენებს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს დასავლეთ აფრიკაში საინფორმაციო ოპერაციების ჩასატარებლად. „აფრიკის ინიციატივა“ ცდილობდა რეგიონში სიცოცხლის გადამრჩენი გლობალური ჯანდაცვის პროგრამების დისკრედიტაციას უსაფუძვლო შეთქმულების თეორიების გავრცელებით, რათა გაევრცელებინა კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგი.
გამოვლენილი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჰიბრიდული შეტევები — მათ შორის კიბერშეტევები და დეზინფორმაციის გავრცელება — წარმოადგენენ ევროპის დესტაბილიზაციისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი და გაუმართლებელი აგრესიის ომის ფარგლებში რუსეთის კამპანიის ინსტრუმენტებს.
2019 წლის ოქტომბერში საქართველოც გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან დამაზიანებელი კიბერშეტევის მსხვერპლი. 2020 წლის თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ და მისმა პარტნიორებმა გამოავლინეს, რომ ეს შეტევები იყო რუსეთის ხანგრძლივი მტრული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი. გაერთიანებულმა სამეფომ მკაფიოდ განაცხადა, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები საქართველოს სუვერენიტეტის შესასუსტებლად, შუღლის დასათესად და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესაფერხებლად იყო მიმართული.
გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გაერთიანებული სამეფო და საქართველო ერთად მუშაობდნენ კიბერ-მედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც“ – წერს საელჩო.
_______________
ფოტოზე: გარეტ უორდი – დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. ფოტო: ბრიტანეთის საელჩო საქართველოში/facebook
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივლისის 21 საათიდან 26 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტებისთვის ახალი დიზაინის ავეჯს დაამზადებენ, მანამდე კი ქალაქის მერია 3 000 ლარად „ავეჯის დიზაინის მომსახურებას“ შეისყიდის, რაზეც ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულს ევალება ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტების საოფისე ავეჯის დიზაინის შექმნა, აზომვითი სამუშაოების ჩატარება და სქემატური ნახაზების/ესკიზების დახაზვა.
პირობებში მერიას გაწერილი აქვს, რომ „შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ზედმიწევნით სიზუსტით შესრულებული; დასამზადებელი ავეჯის ნახაზების თითოეული კონტური უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული; როგორც მთლიანი, ისევე თითოეული დეტალის ზომები უნდა იყოს გარკვევით მითითებული.
დასამზადებელი ავეჯის ნახაზთან ერთად მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ეგზემპლარის ტექნიკური მახასიათებლები: დასამზადებელი მასალა, ფერი, შემადგენელი დეტალები, დანიშნულება, ღირებულება და ა.შ.
შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვის ობიექტის მიღებაზე.“
მერიის მოთხოვნა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღეში უნდა შეასრულოს.
ამავე ტენდერის პირობაში მოცემულია საკრებულოს „სამუშაო ოთახებისა და კაბინეტებისთვის განკუთვნილი საოფისე ავეჯის სავარაუდო რაოდენობები და ჩამონათვალი“:
სამუშაო ოთახი, სულ – 15
კომპიუტერული მაგიდა აპარატის თანამშრომლებისთვის – 40 ცალი
კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეებისათვის მაგიდა წინა მისადგმელით – 7 ცალი
კარადები – 15 ცალი
დიდი კარადა [არქივისთვის] – 2 ცალი
ტუმბოები – 20 ცალი,
საზურგეები – 30 ცალი
კედლის თარო – 10 ცალი
მერიის შენიშვნა: „აღნიშნული მონაცემები შესაძლებელია დაზუსტდეს უშუალოდ ადგილზე დეტალური ზომების აღების დროს“.
დიზაინის შექმნისა და ესკიზების მომზადების შემდეგ მერია საკრებულოსთვის ახალ ავეჯს იყიდის, თუმცა, რა თანხა დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან, ეს დამოკიდებული იქნება იმ დიზაინისა და ხარისხის ავეჯზე, რასაც მერიას აღნიშნული ტენდერის ფარგლებში შესთავაზებენ.
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 5 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.
განახლება:ბათუმის საკრებულოში ქალაქის მერიამ წარადგინა პროექტი ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ. ამ ცვლილებების მიხედვით საკრებულოსთვის საოფისე ინვენტარისა და ავეჯის შესასყიდად 61 200 ლარი გამოიყოფა. პროექტი საკრებულომ 2025 წლის 31 ივლისის სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 047 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
ტანკი – 11 049 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 23 052 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 30 777 ერთეული [+31]
MLRS – 1 446 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 201 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 47 834 ერთეული [+196]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 535 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 56 213 ერთეული [+76]
სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
664 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
72 195 უპილოტო საფრენი აპარატი
623 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 316 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 581 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
27 780 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
38 645 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
თითქმის 7 თვე გავიდა, რაც ბათუმის პოლიციის უფროსმა დაკავებულ მზია ამაღლობელს, აგინა, სახეში შეაფურთხა და არაადამიანურად მოეპყრო.
პროკურატურას დღემდე არ უცვნია დაზარალებულად მზია ამაღლობელი.
„სახალხო დამცველი როცა შემოდის და მეკითხება რა გინდა, სულ იმას ვეუბნები, რომ იქნებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოკითხოთ ეს საქმე.
ყოველ ჯერზე ოფიციალურ პასუხს მიგზავნიან: მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის, მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის…“ – 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა ჩვენება მისცა.
მზია ამაღლობელმა დეტალურად აღწერა, რა მოხდა 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც ის დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
რა მოხდა 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში?
12 იანვარს, დაახლოებით 00:49 საათზე მზია ამაღლობელმა სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
ოფიციალური ჩანაწერის მიხედვით, მზია ამაღლობელი დააკავეს 00:50 საათზე და პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს.
არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაც ასევე ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილ დოკუმენტში, დაკავების პირველივე საათებში მოხდა.
მაშინ, როცა მზია ამაღლობელთან არ უშვებდნენ ადვოკატებს, რომლებიც დაკავებიდან 5 წუთში პოლიციის ჭიშკართან იდგნენ, პოლიციის სამმართველოს შენობაში, დაკავებულ ქალ ჟურნალისტს პოლიციის მაღალჩინოსნები აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მზია ამაღლობელი ასე იხსენებს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს:
„სამმართველოს შენობაში რომ შემიყვანეს, პირველივე სართულზე, პირველივე ოთახი რაც იყო, ისე შემაგდეს, რომ კარები ჩემი შეგდებით გაიღო, ასე ვთქვათ.
რამდენიმე წუთში, ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, 5-10 წუთი ალბათ, ვიღაც ახალგაზრდა შემოვარდა ყვირილით, გინებით. მოიწევდა ჩემკენ დედის გინებით.
იმდენად ვიწრო ოთახი იყო, განცდა მქონდა, რომ თავზე მადგა. ვცდილობდი არ შემეხედა. ის მაინც – „როგორ დამარტყი, რატომ“ და უსასრულოდ იგინებოდა.
ასეთ მოცემულობაში პირველად ვიყავი, თან იმდენად გაოგნებული ვიყავი, რომ პირველი გინების შემდეგ როცა გაიყვანეს, ჩემკენ როცა მოიწევდა, იქვე მყოფ კაცს ვუთხარი – ვინ არის ეს კაცი, სულ ამ ლექსიკით საუბრობს-მეთქი. როგორ, არ იცნობო? ეს ირაკლი დგებუაძეაო. სახელი და გვარი ვიცოდი, რა თქმა უნდა.
იქ, ოთახში, როცა დგებუაძე, ე.წ. დაზარალებული, შემოდიოდა და მაგინებდა, სხვებიც შემოდიოდნენ… შემოყვებოდნენ, რომ გაეყვანათ, იმიტომ, რომ ჩემკენ მოიწევდა. ისინი არ ვიცი ვინ იყვნენ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ორი პოლიციელი ქალი, ერთი ცირა ჩოგაძე იყო, ერთი ნანა მახარაძე ან ანა მახარაძე.
დივანზე რომ ვიჯექი, ისე ახლოს მოვიდა ფეხები, ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას და როცა ავხედე, აი, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა.
როცა შემაფურთხა… იმდენად ცუდად ვიყავი, ერთადერთი, რაც მოვახერხე, იყო ის, რომ წამოვვარდი – წყალი მომიტანეთ და საპირფარეშოში გამიყვანეთ-მეთქი. მინდოდა, რომ სახე დამებანა… არ ვიცი რა იყო ეს.
ერთ-ერთი ქალი პოლიციელი, ვიწრო ოთახი იყო, ჩემი ცოტა გაწევა მოუწია იქით, რომ კარადამდე მისულიყო და ჭიქა აეღო და ალბათ წყალი მოეტანა.
კარებისკენ მიდიოდა, როცა ხმამ შეაჩერა… დგებუაძე იყო. „არა, არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანთ. ჩაიფსას“.
იმ დღეს პოლიციის სამმართველოს შენობაში ყველა იყო მომართული იმისთვის, რომ არაადამიანურად მეგრძნო თავი. განსაკუთრებით კაცები. ქალი პოლიციელები სრულიად უხმოდ იყვნენ.
ხელბორკილის დასადებად რომ შემოვიდნენ, ვიღაც მამაკაცი შემოვიდა და „ამას ხელბორკილი რატომ არ ადევსო“. ხელბორკილი რომ გამიკეთეს, მეორედ შემოვიდა და „წინ რატომ უკეთია ხელბორკილი, ახლავე უკან შეუკარით ხელებიო“ და ნიშნისმოგებით… ისე რომ შემოგხედავენ, ყოველი შემოხედვისას ფეხქვეშ რომ გაგიგდებს… ესეთი დამოკიდებულება ჰქონდათ,“ – გაიხსენა 14 ივლისის სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა.
შემთხვევიდან თითქმის 7 თვე გავიდა, მიუხედავად ამისა მზია ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.
მზია ამაღლობელის საქმე არ გამოიძია არც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. აღნიშნული სამსახური მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა პროკურატურას.
რა უნდა გაეკეთებინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და რა არ გააკეთა?
იურისტების შეფასებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მინიმუმ უნდა შეეგროვებინა მტკიცებულებები და გამოეკვეთა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული. მას შემდეგ, რაც ამას დაადგენდნენ, უნდა ეცნოთ დაზარალებულად.
გარდა ამისა, იმის გამო, რომ პოლიციის უფროსი არაადამიანურად და ღირსების შემლახავად მოექცა მზია ამაღლობელს, მას გამოძიების დასრულებამდე მაინც უნდა შეჩერებოდა უფლებამოსილება.
საგამოძიებო სამსახურს ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება არ უწარმოებია. ეს ჩანს იქიდან, რომ თითქმის 7 თვის თავზეც მზია ამაღლობელს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.
შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში აქციაზე დაკავებული პირების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება ბათუმში 13 იანვარს დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმე N199130125002-ს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველო იძიებდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თებერვლის დასაწყისში გამოკითხა ირაკლი დგებუაძე და 9 პოლიციელი. მაშინ საგამოძიებო სამსახური ამბობდა, რომ გამოკითხული პოლიციელებიდან არცერთი არ ადასტურებდა მზია ამაღლობელისადმი განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას.
აღსანიშნავია ერთი ფაქტი.
ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ვიდეოში, სადაც ის აგინებს მზია ამაღლობელს, ნამდვილად მისი ხმა ისმის.
“სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ” – იმუქრებოდა ირაკლი დგებუაძე 12 იანვრის ღამეს და აგინებს მზია ამაღლობელს.
მას შემდეგ რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდა, უცნობია რა ეტაპზეა საქმე.
„ბათუმელები“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პროკურატურისგან მიეღო განმარტება, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე საქმის გამოძიება. უშედეგოდ. უწყებაში ჩვენ კითხვებს არ უპასუხეს.
მთავარ ფოტო: აჭარის ახალი პროკურორი გიორგი ცხოვრებაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და აჭარის ყოფილი პროკურორი ზაზა მეტონიძე.
ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა გენდერის სპეციალისტს სახელი გადაარქვას, პოზიციის დასახელება შეცვალოს და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სპეციალისტი“ უწოდოს. ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი თავართქილაძე საკრებულოს შესაბამისი დადგენილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის სურვილით ხსნის.
საქმე ისაა, რომ „ოცნებამ“ კანონმდებლობიდან ტერმინი გენდერი და გენდერული იდენტობა ამოიღო. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი უწოდეს.
ტერმინი „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ შეიცვალა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები „გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვალა სიტყვებით „სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“.
დადგენილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მოტივით ბათუმის საკრებულო ცვლის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებას:
„დადგენილებით დამტკიცებულ დანართში – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სახელწოდება ნაცვლად – „სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში“, იქნება – „მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებში.“
ცვლილების დამტკიცების შემდეგ ბათუმის საკრებულოს „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებში“ ერთი სპეციალისტი ეყოლება და მისი ხელფასი 2628 ლარია. ეს საკითხი 31 ივლისს, სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ტენდერის გარეშე 20 000 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების კვებით მომსახურებაზე.
ხელშეკრულება 2025 წლის 24 ივლისიდან შევიდა ძალაში და ის სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
დეპარტამენტი ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებას „გადაუდებელი აუცილებლობით“ ხსნის, ვინაიდან 2024 წლის დეკემბერში ანალოგიურ მომსახურებაზე ტენდერში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 71 500 ლარი „უკვე ამოიწურა“.
„საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივი აქტივობიდან და საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე საპროტესტო და საზოგადოებრივი ღონისძიებების მშვიდობიან რეჟიმში ჩატარების უზრუნველყოფის, სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს უხდებათ განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, რისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს მათი საველე პირობებში კვებით უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ გადაუდებელ აუცილებლობად“ – წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.
დეპარტამენტის განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ „ვითარება ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული, ვინაიდან საზოგადოებრივი და საპროტესტო აქტივობების მასშტაბის წინასწარ დადგენა შეუძლებელია“.
ამასთან, „ვინაიდან საპატრულო ეკიპაჟები, სხვადასხვა საზოგადოებრივი და საპროტესტო აქტივობებიდან გამომდინარე პერიოდულად გადადიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და სამუშაოს შესრულების დროს ხანგრძლივი დროით უწევთ კონკრეტულ ლოკაციებზე განლაგება, დაუშვებელია მათი კვებითი მომსახურების დაყოვნება.“
ახალი ხელშეკრულება კი, 20 000 ლარზე, დეპარტამენტმა უტენდეროდ კვლავ „დეჟავუსთან“ გააფორმა.
„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა მას შემდეგ რაც 2025 წლის მთლიანი პერიოდისთვის საჭირო კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2024 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანხა ამოიწურა. აღნიშნული ცნობილი გახდა 2025 წლის 24 ივლისის პატაკით“ – წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, თუმცა 21 ივლისს ცვლილება შეიტანეს დეკემბერში გაფორმებულ ხელშეკრულებაში და თანხა 65 000 ლარიდან 71 500 ლარამდე გაზარდეს.
პრეისკურანტი 20 000-ლარიანი ხელშეკრულებიდან
რა ხდება
ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 239-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმააღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.
პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში დღეს 60-ზე მეტი სინდისის პატიმარია. მათ შორის, 6 თვეზე მეტია რაც უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორიმზია ამაღლობელი.
„…მე სამშობლოსთვის სისხლი დამიღვრია და ისევ დავღვრი, თუ საჭიროა. დამაპატიმრეთ, არ მაქვს პრობლემა… პატრიოტებს პატიმრობით ვერ შეაშინებთ, ეს იცოდეთ ოღონდ.
პატიმრობამ კი არა, მურვან ყრუმ და თემურ ლენგმა ვერ დააჩოქეს საქართველო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მოქალაქე ლევან ხორავამ.
ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე დღეს, 24 ივლისს განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში: შსს-ს ვერსიით, ლევან ხორავამ შსს-ს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს „ნაბოზარი” უწოდა 27 მაისის სასამართლო სხდომის შემდეგ, როცა სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი მტკიცებულებების გარეშე 12 დღით დააპატიმრეს.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ამ საქმის განხილვა დღეს დაპირებით დაასრულა, რამდენიმე წუთში დავბრუნდები და გადაწყვეტილებას გამოგიცხადებთო. რამდენიმე წუთში მოსამართლე სხდომათა დარბაზში მართლაც გამოცხადდა, მაგრამ განაცხადა, ტექნიკური ხარვეზი გვაქვს და გადაწყვეტილებას ვერ გამოვაცხადებ, ხვალ დღის ორზე მოდითო.
მანამდე კი, სასამართლო სხდომაზე ლევან ხორავამ ამ საქმის ირგვლივ ბევრი რამ თქვა. მისი მთავარი გზავნილი ისაა, რომ უსამართლო დევნით ივანიშვილის რეჟიმს პროტესტის ჩახშობა სურს, მაგრამ კრემლს ამით არაფერი გამოუვა საქართველოში.
„ტონი, რა ტონით მიმართავს [თეა ლაღაძეს]?”- შსს-ს წარმომადგენელმა, ლანა მოდებაძემ მოსამართლეს „ბათუმელების” 27 მაისის ლაივ-ჩართვის ჩანაწერზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც შსს ამტკიცებს, რომ ლევან ხორავამ შსს-ს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: ლუკა ნაცვლიშვილის გასამართლების შემდეგ შსს-ს წარმომადგენელს – თეა ლაღაძეს გაბრაზებული მოქალაქეები შეძახილებით მიჰყვებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მათ შორისაა, ლევან ხორავა.
„ქვეყნის გამყიდველს როგორ უნდა მივმართო, აბა?“- შსს-ს იურისტს ჰკითხა ლევან ხორავამ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მან შეურაცხმყოფელი ფრაზით კონკრეტულად თეა ლაღაძეს კი არ მიმართა, არამედ უსამართლო სისტემას.
თავად თეა ლაღაძე დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის იურისტია და აქციაზე დაკავებულების საქმეზე შსს-ს ყველაზე ხშირად სწორედ ის წარმოადგენს სასამართლოში.
თეა ლაღაძემ მარიამ კერესელიძესთან ერთად წარმოადგინა სასამართლოში მზია ამაღლობელის გაყალბებული საქმეც.
„უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოთ მოსამართლის მითითებებს,” – დარბაზში შემოსვლისთანავე ძალაუფლების დემონსტრირება სცადა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ და „ოცნების“ რეჟიმის მიერ აკრძალულ ფოტო-ვიდეო გადაღებას და ხმის ჩაწერას ესეც დაუმატა: მობილურებს ხმა კი არ ჩაუწიოთ, საერთოდ გამორთეთ, „სასამართლოში წესრიგს“ ასე სჭირდებაო.
„რა მაინტერესებს, იცით? როცა ვამბობ, რომ ცრუ მოწმეობა არის ჯოჯოხეთი, ეს არის შეურაცხყოფა?” – მოსამართლეს მიმართა ლევან ხორავამ და შემდეგ შსს-ს წარმომადგენელს, რომელმაც ამ საქმეზე ლევან ხორავას მიერ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გავრცელებული ვიდეომიმართვის დართვაც ითხოვა. აქაც ეს ბატონი შეურაცხყოფას აყენებს თეა ლაღაძეს, ჩანს მისი დამოკიდებულებაო.
ეს ვიდეო და „ბათუმელების“ ლაივის ჩანაწერის სასამართლოში წარმოდგენა გააპროტესტა ლევან ხორავას ადვოკატმა თამარ წულუკიძემ – შსს პროცედურას არ იცავს და „ბათუმელებიდან“ ლაივჩანაწერი არ გამოუთხოვიაო.
„აგერაა, ვიდეო და გამოვიკვლიოთ“ – დისკის შეფუთვა აიღო ხელში მოსამართლემ და თითქოს სიტუაციის განმუხტვა სცადა.
„მოსამართლემ საიდან იცის, რა არის დისკზე?“ – დარბაზში ჩაილაპარაკა მოქალაქე გუბაზ ლამპარაძემ.
„დატოვეთ დარბაზი“ – შენიშვნის მიცემის ეტაპის გაუვლელად, ისევ ძალის დემონსტრირება არჩია მოსამართლემ და დარბაზიდან გასულ მოქალაქეს გააყოლა თვალი.
რაც შეეხება ლევან ხორავას მეორე ვიდეოს, რომელიც მას შემდეგ გაავრცელა, როცა სასამართლოდან დაურეკეს, გიბარებთო – აქ ლევან ხორავა თეა ლაღაძეს და სისტემის სხვა მსახურებს მიმართავს, ცრუ მოწმეებს და სამშობლოს გამყიდველებს ჯოჯოხეთის ცეცხლი გელითო.
„რაა აქ შეურაცხყოფა?“ – მოსამართლეს ჰკითხა ლევან ხორავამ, რომელსაც გულწრფელობა დაეტყო, რას მედავებით, ვერ გამიგიაო.
„ამ ვიდეოზე შსს-ს სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენია“, – მოქალაქის დამშვიდებასავით გამოუვიდა მოსამართლეს და დასძინა, განწყობისთვის მოგვიტანესო.
ამ დროს მოსამართლეს მოესმა, დარბაზში ვიღაცამ ვიღაცას გადაულაპარაკა – ალექსანდრე გოგუაძემ ამჯერად დარბაზიდან ლევან ხორავას შვილი გააძევა.
„ჩემი შვილია, თბილისიდან ჩამოვიდა,“ – წამოიძახა ლევან ხორავამ.
„ლაპარაკობდა“ – ჩაილაპარაკა მოსამართლემ და საქმის მასალებს მიუბრუნდა, თუმცა მალევე შენიშნა: ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშე – ზურაბ ჭავჭანიძე ხელის აწევით სიტყვას ითხოვდა – მედროშე სასამართლოშიც საქართველოს ისტორიული დროშით მხრებზე მოფენილი მისულიყო.
„თქვენც მიბრძანდით,“ – მოსამართლემ მედროშეს არც კი მოუსმინა და პრაქტიკულად ხელის აწევის გამო გააძევა.
„რა დავარღვიე?“ – იკითხა მედროშემ და ფეხზე წამოდგა, მას მანდატურები მიუახლოვდნენ, მობრძანდით, აქეთაა გასასვლელიო.
„ქცევის წესები უნდა იცოდეთ, არ გეკადრებათ ამ ხნის კაცს,“ – წესის დაცვა ახსენა ისევ მოსამართლემ.
„ეს იყო სულიერი აღელვების ფონი,”- ადვოკატი თამარ წულუკიძე მოსამართლეს მოუყვა, რეალურად როგორ გაბრაზდა ლევან ხორავა 27 მაისის სასამართლო სხდომაზე, როცა სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12 დღით დააპატიმრა: „თუ ლუკა ნაცვლიშვილმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, რომელიმე პოლიციელს შეეძლო ამის გადაღება მობილურით, მაგრამ არცერთი კადრი არ არსებობდა ლუკას საქმეში…”- აღნიშნა თამარ წულუკიძემ.
შსს-ს წარმომადგენელმა, ლანა მოდებაძემ „არასერიოზული“ უწოდა არგუმენტს, რომ ლევან ხორავამ შესაძლო შეურაცხმყოფელი ფრაზა სულიერი აღელვების გამო თქვა.
„აქ ვინ დაჯდება, მალე დაინახავთ ამას“, – საკუთარ სკამზე მიუთითა შსს-ს წარმომადგენელს ლევან ხორავამ და შემდეგ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ პოლიციის ოფიცერია, კაპიტანი და სპეცრაზმის ერთ-ერთი დანაყოფის ყოფილი ხელმძღვანელი. ლევან ხორავამ მოსამართლეს უთხრა, რომ მისთვის პოლიცია და სახელმწიფო ინსტიტუტები განსაკუთრებულად პატივსაცემია, მაგრამ დღეს პოლიცია „საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ებრძვის“.
„გახსოვთ ის დრო, ქორწილებში ხალხი საკუთარი ჯიბიდან იღებდა ფულს და უკვეთდა მუსიკას, პოლიციის ჰიმნი დაგვიკარიო?“ – შსს-ს წარმომადგენელს მიუბრუნდა შეკითხვით ლევან ხორავა.
ლევან ხორავა
„რომელი?“ – იკითხა შსს-ს წარმომადგენელმაც.
„რომელი და… საქართველო, მე პირობა მომიცია, ვემსახურო,“ – წაუმღერასავით პოლიციის ჰიმნი ლევან ხორავამ.
„მოსახლეობას რა დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს დღეს, ამას სხვა ნუ დააბრალებთ,“ – ხმამაღლა მიმართა ისევ ლევან ხორავამ მის წინ მჯდომ შსს-ს წარმომადგენელს. – „დღეს ეს სისტემა კანონს კი არ იცავს, არამედ ებრძვის ქვეყნის მოსახლეობას, სისხლის გუბეებს აყენებს და გენოფონდს წყვეტს,“ – ბრაზი დაეტყო ლევან ხორავას.
„რას ნიშნავს ბოზი განგიმარტავთ, ნაბოზარს სისტემის მიმართ ვამბობ, რადგან ბოზი ბიბლიურად ნიშნავს მოღალატეს… მე მივმართე, რომ სიკვდილი არ მოვა ჯოჯოხეთში, ისე იქცევით-მეთქი, მაგრამ ეს შეურაცხყოფა კი არა, ქადაგებაა.
მაგრამ თქვენ „მე მიყვარს პატრიარქის” დონის მორწმუნეები ხართ. მარტო ამას დაწერთ ფეისბუქში, ამინ, ამინ და დამთავრდა. ეს არ არის ქრისტიანობა, პირიქით, ქრისტიანობისგან დაცლილია.
ფაშისტური გერმანიის შემდეგ გაზის კამერა არ მოუწყვია არავის, ის მოაწყო რუსთაველზე იმ ძალამ, თქვენ რომ პოლიციას ეძახით“, – დაასრულა ლევან ხორავამ.
შს სამინისტრო ლევან ხორავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავება. ეს მუხლი ითვალისწინებს 3 500-დან 6 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით იმ პირის მიმართ, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენის დროს სახდელი აქვს დადებული.
ლევან ხორავა 12 იანვარს საპროტესტო აქციაზეც დააკავეს. შსს-ს ვერსიით, იგი თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, თუმცა არც ამ საქმეზე წარმოუდგენია ნეიტრალური მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს. ლევან ხორავა მაშინ 8 დღით გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
„რომ არა უვიზო მიმოსვლა და საფრანგეთი, ჩემი შვილი ვერ გადარჩებოდა. საფრანგეთმა ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქა. მრცხვენია, როცა ევროპაზე ცუდს ლაპარაკობენ და ძალიან მეშინია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, რადგან ამით ქართველი ხალხი ძალიან ბევრს დაკარგავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მაია ფუტკარაძე, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად საფრანგეთშია და ამბობს, რომ ეშინია სამშობლოში დაბრუნების.
მაია გვიყვება მისი შვილის მძიმე ისტორიას – რომ არა საფრანგეთი, დღეს მისი შვილი ცოცხალი არ იქნებოდა.
„2006 წელს, ჩემი შვილი 10 წლის ასაკში ავარიაში მოჰყვა და ხორხი დაუზიანდა. დასჭირდა ტრაქესტომია. წლები გავატარე თბილისში, იაშვილის კლინიკაში, შემდეგ გადავედით სხვა კლინიკაში, სადაც 2014 წელს გაკეთდა ძალიან მძიმე ოპერაცია, რის შემდეგაც დაკარგა ხმა.
ჩემი ოჯახი სოფელ აჭარისწყალზე ვცხოვრობდით და ოპერაციის შემდეგ იქ წავიყვანე შვილი. მაგრამ ერთი დახველების შედეგად საყლაპავი გაუსკდა და უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა.
წავიყვანე ისევ თბილისში, სადაც ჩაუტარდა ისევ ოპერაცია და ჩაუდგეს ხელოვნური მილი, მაგრამ ხმა საერთოდ წაერთვა და ვეღარ ლაპარაკობდა.
წავიყვანე თურქეთში, სადაც მითხრეს, ახლა რომ მოგვიყვანეთ, ჩვენ სასწაულმოქმედები კი არ ვართო. იმდენად უნუგეშო იყო მდგომარეობა.
ვეღარ ლაპარაკობდა, ვეღარ ისწავლა, არც სამუშაოზე მიიღეს სადმე და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. 2020 წელს გადავწყვიტეთ, რომ წამოვსულიყავით ევროპაში.
არაფრის იმედი აღარ მქონდა. მეგონა გამოსავალი აღარ არსებობდა, მაგრამ მაინც წამოვედი.
კიდევ კარგი უვიზო რეჟიმი გვაქვს, თორემ, უვიზო რომ არ გვქონოდა, ალბათ ვერ ჩამოვიდოდი საფრანგეთში. მე ამის საშუალება არ მექნებოდა.
სახლის გარდა ყველაფერი გავყიდე და წამოვედით.
აქ მომცეს უფასო დაზღვევა, საცხოვრებელი, უფასო საკვები, ცოტა თანხაც, მოიწვიეს კონსილიუმი და სამი წელი მკურნალობდნენ, რადგან ძალიან მძიმე იყო ჩემი შვილის მდგომარეობა. ფაქტობრივად, ყელში არაფერი აღარ ჰქონდა.
ახლა ვართ ტულუზასთან ახლოს, პატარა ქალაქში და აქედან 600 კილომეტრში, შვეიცარიის საზღვართან ახლოს პატარა ქალაქში გაუკეთეს ოპერაცია 2024 წლის ოქტომბერში. ფაქტობრივად, ყელი გამოუცვალეს ჩემ შვილს და უკვე დაიწყო ლაპარაკიც.
საფრანგეთმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში ვერავინ და ვერც თურქეთში დამეხმარნენ.
2025 წლის 10 თებერვალს კი გარე ჭრილობაც დაუხურეს. კინაღამ შევიშალე ჭკუიდან, არ მჯეროდა, რომ ჩემი შვილი სუნთქავდა, კიდეც ლაპარაკობდა და ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას“, – გვეუბნება მაია ფუტკარაძე.
მისი თქმით, საქართველოდან წამოსვლისას ექიმებმა ფორმა 100-იც კი არ გამოატანეს, სადაც ჩაწერდნენ რა გააკეთეს ან რა ვერ გაკეთეს.
„ყველამ მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა თავიდან. არც ჯანდაცვა დამეხმარა. ისიც კი არ დამიწერეს, საქართველოში ვერ გაკეთდება ეს ოპერაციაო. ამის გამო ბევრი ვიწვალე, მაგრამ მადლობა ღმერთს, აქ ჩამოვედი და საფრანგეთმა ჩემს შვილს ახალი სიცოცხლე აჩუქა.
ვალდებული კი არ არიან ესენი, მილიონი ჰყავთ ჩვენნაირი, მაგრამ გულგრილად არ ეკიდებიან ადამიანის სიცოცხლეს. ჩემი შვილის ოპერაცია ნახევარი მილიონი ევრო დაჯდა და ჩვენ არაფერი გადაგვიხდია ამაში.
სახლში მოაქვთ წამლები, ექთნები სახლში დადიან, ასეთი რამ საქართველოში გინახიათ? თან უფასოდ ყველაფერი. ისეთი სასწაულია ეს ჩემთვის, არც კი შემიძლია ეს ემოცია აღვწერო“, – გვეუბნება მაია.
მისი თქმით, „ოცნების“ პროპაგანდა, რომ თურმე ევროპა არაფერს ნიშნავს, ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.
„რას ჰქვია ევროპა არაფერს ნიშნავს? იცით აქ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, რამდენს სიმსივნე გაუყინეს. საქართველოში სამართალი სად არის, იცით რამდენი ადამიანი იღუპება უხარისხო ჯანდაცვის გამო? გუშინ ჩემ დას გადასხმა ვერ გაუკეთეს, კინაღამ მოსაჭრელი გაუხდა ხელი. რომელ მკურნალობაზე მელაპარაკებით.
აქ ისეთი წამლები აქვთ, ისეთი ხარისხიანი, საქართველოს არ დაესიზმრება.
„ოცნების“ წევრებმაც იციან ეს, მაგრამ არ უნდათ არაფრის დანახვა.
უვიზო მიმოსვლა რომ არ ყოფილიყო, რა მეშველებოდა არ ვიცი. ალბათ ვერც ჩამოვაღწევდით და ჩემი შვილი დაიღუპებოდა.
ახლახან პატარა ბავშვი ჩამოიყვანეს გურიიდან ათი დღის სიცოცხლე ჰქონდა მანდ მიცემული და აქ ბავშვი გამოჯანმრთელდა.
ერთადერთი საჩუქარი ეს გვაქვს ხალხს – უვიზო მიმოსვლა და ამასაც თუ გაგვიუქმებენ, რას ეუბნებიან ამ ხალხს? რა ეშველებათ ამ ადამიანებს, იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ ჩამოვლენ აქ თავიანთი შვილების გადასარჩენად.
მეორე შვილიც მყავს 13 წლის, რომელიც ჯანმრთელი მეგონა და აღმოჩნდა, რომ მასაც შეუქმნეს ჯანმრთელობის პრობლემა საქართველოში. ტაბიძეზე ყურის ოპერაცია გაუკეთეს, რადგან ინფექცია იყო წასული. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ამ ყურში საერთოდ დაჰკარგვია სმენა. 2200-ევროიანი აპარატი გამოგვიწერა საფრანგეთმა უფასოდ.
როგორ მოუნდება ადამიანს აქედან წამოსვლა, მითხარით აბა?
ძალიან მეშინია საქართველოში დაბრუნების – რაიმე პრობლემები რომ შეგვექმნას, ვისთან მივიყვან შვილს? არ ვენდობი ქართულ ჯანდაცვას. აქ ერთი დღე რომ ჩამოხვიდე, ერთხელ მაინც რომ შეავლო თვალით აქაურობას, დარწმუნდები, რომ ჩვენ არ გვიცხოვრია.
გზას უკეტავენ ქართველ ხალხს, თორემ თავიანთი შვილები ევროპაში ჰყავთ. ყველაფერი კარგად იციან, რამხელა ზიანს და დარტყმას მივიღებთ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, მაგრამ არ გვყავს ხალხზე მზრუნველი მთავრობა.
ან იმას რომ გაიძახიან „ქალი ქალია, კაცი კაცია“, მე აქ არაფერი მინახავს, რომ კაცი ქალად იყოს გადაკეთებული. საქართველოში უფრო მეტს ვხედავდი ასეთს, ვიდრე აქ. ეგ ყველაფერი ზღაპარია. კომენტარებსაც ვუწერდი „ოცნებას“, რომ იტყუებით, მაგრამ დამბლოკეს. მრცხვენია. საფრანგეთს მადლობა უნდა ვუთხრათ, ათასობით ქართველი რომ გადაარჩინეს დაღუპვას.
საქართველო იღუპება, მეცოდება ხალხი. როგორი კულტურული ერი ვართ, მაგრამ ხელისუფლება არ გვყავს ნორმალური. რატომ არ ვიცი, ვერ გავიგე“, – ამბობს მაია ფუტკარაძე.
ის ფრანგულ პროტესტებსა და პოლიციელების ქცევაზეც საუბრობს.
„აქაც გამოდის ხალხი, ხან პენსიის გაზრდას ითხოვს, ხან რას, მაგრამ პოლიცია როგორ გაუბედავს ხალხს რამეს, იქეთ იცავს. აგეტირება ამათ კანონებს რომ ვუყურებ, რამეს როგორ აკადრებენ ხალხს.
ჩვენ სულ ფეხებზე ვკიდივართ საქართველოში. როგორც მე მაჩუქა საფრანგეთმა ათასიდან ათასი შანსი, ჩვენი ხალხი ამ შანსს დაკარგავს, თუ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდა.
მეც არ მაინტერესებდა ევროპა, არ ვიცოდი საერთოდ რა იყო, სანამ აქ არ ჩამოვიდოდი. ესაა მთავარი, რომ ვერ ვხდებით რას ვკარგავთ.
სად არის საქართველოში ან სამუშაო, ან უმუშევრობის დაზღვევა. აქ ხალხი მოდის მუშაობს, მკურნალობს, ვისაც არასდროს უნახავს აქაური ცხოვრება, ის ვერასდროს მიხვდება რას კარგავს.
20 წელია ჩემ შვილს ცრემლი არ შეშრობია, არც მე შემშრობია ცრემლი. აქ გავახილე თვალი. იცით რამდენი ვიბრძოლეთ საქართველოში? მაგრამ სიცოცხლე მაინც საფრანგეთმა გვაჩუქა.
ამიტომ, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძალიან ცუდი იქნება, პირველ რიგში, ხალხისთვის. 90% დაკარგავს გამოჯანმრთელების შანსს, სამუშაოს და მომავლის პერსპექტივას. ძალიან მეშინია ამის. ძალიან ცუდი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს მაია ფუტკარაძე.
______________________________________
ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოსთან გააუქმებს უვიზო მიმოსვლას, თუ „ოცნება“ არ გაუქმებს კანონებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს ზღუდავს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტზე ივანე აბაშიძე დანიშნეს. 2023 წლიდან დღემდე ის Columbia Shipmanagement Georgia LLC გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ახალი დირექტორი სააგენტოს თანამშრომლებს მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა. ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
ალექსი ახვლედიანი 7 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც საგარეჯოში მდებარე მის სახლში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა. გამოძიების ვერსიით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს ეკუთვნოდა იარაღი, საიდანაც გაისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება. 8 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან ალექსი ახვლედიანი 30 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს.
სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 2011 წლიდან. 2014 – 2018 წლებში ის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2018–2023 წლებში სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო.
ივანე აბაშიძეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 2018 – 2020 წლებში ის იყო საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის მრჩეველთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე [ლონდონი, გაერთიანებული სამეფო]. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში [IMO]: მათ შორის 2023 წელს იყო პასუხისმგებლობისა და ანაზღაურების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, 2021 – 2024 წლებში კი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე.
ივანე აბაშიძე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა – 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე ის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ლექტორია საერთაშორისო საზღვაო სამართლის და სანაოსნო სამართლის დარგში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ეროვნულ საზღვაო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად საზღვაო სფეროს ორგანიზაციულ და სამართლებრივ ფუნქციონირებას.
მისი საქმიანობის სფეროში ასევე შედის საქართველოს დროშით მცურავი სავაჭრო ფლოტის და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფა, ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის კოორდინაცია, ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების წარმოების კოორდინაცია და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის მონიტორინგი.
შემოსავლების სამსახურის მიერ 22 ივლისს „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება, რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“.
განცხადების გავრცელების ამ ეტაპზე, ანუ 22 ივლისს „ბათუმელები/ნეტგაზეთის დავალიანება იყო 282 ათასი ლარი. მათ შორის ძირი თანხა იყო 47 ათასი ლარი, საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.
„ბათუმელებმა“ მკითხველის დახმარებით ძირი თანხა – 47 ათასი ლარი უკვე გადაიხადა, ასევე დამატებით გადაიხადა სარეკლამო შემოსავლიდან მიღებული 12 ათასი ლარი. შესაბამისად, ამ ეტაპზე ძირი თანხის დავალიანება არის – 0 ლარი, ჯარიმა 95 ათასი ლარი და საურავი 126 ათასი ლარი.
საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელები“ გამოთქვამს მზადყოფნას, 50 ათასი ლარი გადაიხადოს 30 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე ამ დროისთვის არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი.
___
რა ხდება?
პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ „ბათუმელებს“ ვალი აქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე.
„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა თანხას მის დასაფარად.
ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს.
უარი გვითხრეს.
17 ივლისს კი, „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო.
მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის ეტაპზე მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისთვის ინკასოს დადება მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 046 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
ტანკი – 11 046 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 23 047 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 30 746 ერთეული [+24]
MLRS – 1 446 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 199 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 47 638 ერთეული [+86]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 533 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 56 137 ერთეული [+96]
სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
664 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
71 978 უპილოტო საფრენი აპარატი
622 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 305 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 581 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
27 725 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
38 596 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ კამპანია მოძველებული მესიჯბოქსით განაახლა – ისევ დაატრიალეს ე.წ. ომის და „კაცების გათხოვების“ თემა.
რატომ ცდილობს „ოცნება“ დაუკარგოს საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება და თავად რატომ მიჰყავთ საკუთარი ოჯახის წევრები ევროპაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა.
ქალბატონო თამთა, რას ფიქრობთ „ოცნების“ პროპაგანდაზე,რომელსაც ის ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ აწარმოებს და ცდილობს დააჯეროს თუნდაც მისი ამომრჩეველი, რომ ევროკავშირი ცუდია. მესიჯბოქსი არეული აქვთ, ტრამპის არჩევის შემდეგ თითქოს ომის საფრთხე აღარ არსებობდა. ახლა კობახიძე ამბობს, რომ ისევ არსებობს. რამდენად გამოვა ამ გაცვეთილი რიტორიკის კვლავ გაცოცხლება?
კრიტერიუმები და რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქვს მიცემული, არის უფრო სუსტი, სტანდარტული რეკომენდაციები, ვიდრე ის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კონტექსტში ეძლევა.
თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირს არაერთ სახელმწიფოსთან აქვს, მათ შორის აზიის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან. შესაბამისად, მოთხოვნები, რომელიც ამ სტატუსის მქონე სახელმწიფოებს ეძლევათ, უფრო დაბალია, ვიდრე გაწევრიანების პროცესში მოაზრებულ ქვეყნებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი აქვთ.
შესაბამისად, ის რეფორმები, რომელსაც ევროკავშირი 2 წელია აყენებს საქართველოს წინაშე, უფრო დაბალი დონის რეკომენდაციებია და ის უკავშირდება კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ანტიკორუფციული სამსახურის რეფორმირებას, კორუფციული საქმეების ეფექტიან გამოძიებას, საემიგრაციო საკითხების დარეგულირებას, თავშესაფრების მაძიებელთა სტანდარტების დახვეწას, ასევე იმ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პრობლემის გადაჭრას, რომელიც ევროკავშირისთვის საემიგრაციო საფრთხეებს წარმოშობს. მათ შორისაა ჩინეთი და ცენტრალური აზია.
ცხადია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი განიხილება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის კონტექსტში – ევროკავშირს აშფოთებს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ფართო კონტექსტშია დანახული, სადაც პოლიტპატიმრების საკითხი შემოდის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული კანონებიც.
დღეს „ქართული ოცნება“ არათუ მაღალი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მოწოდებებს, არამედ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სტანდარტულ რეკომენდაციებსაც არ ასრულებს და ეს რეკომენდაციები არ სრულდება უკვე ორი წელია.
იმას, რასაც „ქართულ ოცნებას“ სთხოვენ, შესაძლებელია გაკეთდეს მარტივად, რადგან ეს არ არის მაღალი პოლიტიკური დონის საკითხები. უბრალოდ, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ავლენს.
ახლა გადავიდეთ პროპაგანდისტულ გზავნილებზე.
ვიზალიბერალიზაციის საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. რამდენიმე სოციალური ჯგუფი შეიძლება გამოვყოთ, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით.
ესენი არიან: ქართველი ემიგრანტები, რომლებიც წლობით არიან ევროკავშირში, მაგრამ იმის გამო, რომ საემიგრაციო პრობლემები ჰქონდათ, საქართველოში ვერ ჩამოდიოდნენ ან რეზიდენტობისა და მოქალაქეობისთვის იბრძვიან და შესაბამისად, ცდილობენ იმ ქვეყნებიდან არ გამოვიდნენ. ეს იყო წლების განმავლობაში გაუცხოებული ოჯახები, რომლებიც ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ.
ვიზალიბერალიზაციამ მოიტანა ის, რომ მათი ოჯახის წევრებს – მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს შეუძლიათ იმ ქვეყნებში ჩავიდნენ. ზოგჯერ იმუშაონ მათთან ერთად ან მინიმუმ, ოჯახური ურთიერთობები ჰქონდეთ.
მეორე კატეგორია ეს არის მძიმე დაავადებების მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები – ჩვენთან ჯანდაცვის სექტორი ძალიან ძვირია, მაგრამ უხარისხო. მძიმე დაავადებით ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ხშირად ამის გამო ბარდებიან სხვადასხვა ქვეყანას, მაგალითად ონკოლოგიურ დაავადებებზე, ლეიკემიაზე ან განსაკუთრებულად სპეციფიკურ დაავადებებზე, სათანადო სამედიცინო მკურნალობა რომ მიიღონ.
საქართველოდან წინა წელს 36 000 პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა შევიდა ევროკავშირში.
მესამე კატეგორია, რომელსაც გამოვყოფდი, არის სეზონური შრომა. საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ჩადის ევროპის ქვეყნებში, პოლონეთში, გერმანიაში და მძიმე, მაგრამ უკეთესი ანაზღაურების პირობებში შრომობენ და ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს შემოსავლის წყარო გახდა.
რომ არაფერი ვთქვათ ახალგაზრდებზე და სხვებზე, რომლებიც მოგზაურობენ და მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.
თავის დროზე, თავად ივანიშვილმა უთხრა ხალხს, აგერ გახსნილია გზა ევროპაში წადით და იმუშავეთ. ახლა კი კობახიძე ცდილობს მზარდი ემიგრაცია თავისუფალ მიმოსვლას დაუკავშიროს. რატომ იხლართებიან ამ მესიჯბოქსში?
როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ბოლო ათ წელში 320 ათასამდე მოქალაქე წავიდა და აღარ დაბრუნდა, ესენი არ არიან ის ადამიანები, ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოდან გრძელვადიანი წასვლის გადაწყვეტილებას იღებენ.
სავიზო მიმოსვლა არის სამთვიანი, დროებითი, ხანმოკლე და არავითარ კავშირში არ არის მზარდ ემიგრაციასთან, რომელიც უკავშირდება სიღარიბეს, პოლიტიკურ დევნას და სხვა სოციალურ ფაქტორებს.
ეს არის სპეკულაცია. მიგრაციის საკითხი აბსურდია და ის, რომ ამ სავიზო მიმოსვლის სოციალურ განზომილებას ვერ ხედავს „ოცნება“, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას მოქალაქეებთან კავშირი არ აქვს.
„ოცნებამ“ ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში შემოიტანა ლგბტქ საკითხები, რასაც დასცინის საზოგადოების ნაწილი. მდინარაძემ ისიც კი თქვა, „გათხოვილ კაცებზე ღადაობით გინდათ ოჯახური ღირებულებების კანონი გაგვაუქმებინოთ“. თქვენი დაკვირვებით, მუშაობს „კაცების ქალებად გადაკეთების“ პროპაგანდა?
არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ეს პროპაგანდისტული გზავნილები ლგბტქ საკითხებზე არ მუშაობს ჩვენ საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხშირად ტრაბახობს 17 მაისს ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანით.
ამ დღეს სულ სხვა კონტექსტში გამოდიან ადამიანები. არ ვიცი დაივიწყეს თუ არა მოქალაქეებმა 2014 წლის 17 მაისის ძალადობა ლგბტ ადამიანებზე და არ ახსოვთ ვთქვათ, რაზე დააფუძნეს ამ დღის აღნიშვნა, მაგრამ ბევრი ამ დღეს პოზიტიურ კონტექსტში აღიქვამს, რადგან დღეს ოჯახია ერთადერთი რგოლი, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნვას და მხარდაჭერას ვახერხებთ. ამიტომ „ოცნების“ ფაშისტური ენა, ჰომოფობია და ეს ორი რამ, ერთმანეთს არ უტოლდება.
ეს (კაცების გათხოვების თემა) თემაც კომიკური და არასერიოზულია – თურმე ქართველი ქალები და კაცები ყველა ტრანსგენდერები გავხდებით და ამისგან გვაკავებს თურმე „ქართული ოცნება“, რომელიც მაღალი მორალური სტანდარტებით არ გამოირჩევა, თუმცა მაინც ცდილობენ ამ თემის გამოყენებას.
მიზეზი, რის გამოც არ მუშაობს ეს თემა არის ის, რომ კარგად ვიცით ჩვენს ოჯახებს რა პრობლემები აქვს რეალურად.
ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბეშია, ყოველი მესამე ბავშვი ბაღში არ დადის – სოფლებსა და დაბებში არ არის ბაღები, ბავშვების 35%-ი არასდროს იკვებება სკოლებში, ამის გამო მათ მოსწრებისა და სწავლის პრობლემები აქვთ, შობადობა ბოლო ათ წელიწადში 34%-ით, ქორწინება 36%-ით შემცირდა, ხოლო განქორწინება 69%-ით გაიზარდა. ამ ქვეყანაში ბავშვები კარგავენ დედებს ემიგრაციის გამო, ამიტომ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენს ოჯახებს რა კუთხით სჭირდებათ დაცვა.
ყოველი მესამე ბავშვი იღებს 150 ან 200-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან, ეს ხომ მიზერულია ოჯახების მხარდაჭერისთვის. ქალების დეკრეტული შვებულება და კომპენსაცია იმდენად დაბალია, რომ ძალიან ბევრი ქალი ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
ქართველ კაცებს აჩვევენ პროპაგანდას, რომ თუ სამშობლოსთვის ომში მოკვდები, „ტყუილად კვდები“; რომ გმირობა მარტო სტადიონზე შეიძლება და არა ომში; რომ თურმე კაცებს იცავენ „გათხოვებისგან“. რას ეუბნებიან ამით თუნდაც მათ მხარდამჭერ კაცებს, როგორ წარმოაჩენენ მათ?
ყველა კვლევა ამას აჩვენებს, რომ ლგბტქ საკითხების მიმართ კაცებს უფრო მტრული და ჰომოფობიური დამოკიდებულება აქვთ, ამიტომ იყენებს „ოცნება“ ამ კონტექსტს და პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებული განწყობების იმედად არიან.
თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებაში ქალებიც და კაცებიც ძალიან კარგად ვხვდებით რას ვკარგავთ. ჩვენი ხალხი გონიერია, გამოცდილია, რადგან არაერთხელ მოუტყუებია პოლიტიკურ რეჟიმს. მე არა მგონია, რომ ეს გზავნილი მუშაობს.
ევროკავშირის დეკემბრის მოთხოვნებში ნამდვილად არის ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო კანონების გაუქმება. მათ შორის არის რუსული კანონი და ე.წ „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული უფლებრივი პრობლემა – ის აწესებს ცენზურას გამოხატვაზე, ტრანსგენდერ ადამიანებზე სამედიცინო მომსახურების კრიმინალიზებას ახდენს და ასე შემდეგ.
ვენეციის კომისიამ ეს გააკრიტიკა, რადგან ეს კანონი შეკრების, გამოხატვის, პირადი ცხოვრების, თანასწორობის უფლებასთან არ მოდის შესაბამისობაში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი, სადაც თანასწორობის პრინციპებია დაცული, ამ კანონებში ხედავს პრობლემას.
ნინო წილოსანის ორი შვილი ცხოვრობს დასავლეთში – ერთი აშშ-ში, მეორე ბრიტანეთში, ღარიბაშვილმა აშშ-ში გადააფრინა შვილი, როცა აქ ჰომოფობიურ პროპაგანადს ეწეოდა, ამერიკაში ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის შვილიც. მათ არ ემუქრებათ სქესის გადაკეთების საფრთხე? ანუ რატომ სჯერა „ოცნების“ ამომრჩეველს ამ მესიჯების?
„ქართული ოცნების“ ლიდერების ცხოვრების წესი ამის საპირისპიროს აჩვენებს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება გახდა ან იყო ძალიან მოწყვლადი. მისი მოწყვლადობის ერთ-ერთი ცენტრალური მიზეზი სიღარიბეა, რომელიც კიდევ უფრო მძლავრად არის წარმოდგენილი რეგიონებში – სოფლად მცხოვრებ საზოგადოებაში.
კიდევ ერთი მძლავრი ფაქტორი ეს არის რეგიონული უთანასწორობა და არა მხოლოდ სოციალური, არამედ პოლიტიკურიც – რეგიონებში არ არის კულტურული ცხოვრება, აქტიური სოციალური ცხოვრება და დემოკრატიული პრაქტიკის მქონე საზოგადოება ძალიან სუსტია. ეს პოლიტიკურ გაუცხოებას და გამოფიტვას ზრდის. კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის ტრავმირება, რადგან ომებით და კონფლიქტებით დახუნძლულია ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ამ გამოცდილებებზე სათანადოდ არ ვლაპარაკობთ.
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ნაკლებად ხდებოდა და ეს ტრავმები, მათ შორის 90-იანების ტრავმები, ახდენს გავლენას ჩვენს საზოგადოებაზე.
განათლებაში კატასტროფული მდგომარეობაა და ბოლო კვლევამაც აჩვენა ეს, რაც პირდაპირ არის დემოკრატიულ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ. შესაბამისად, ეს ფაქტორები გამოყენებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან მოქალაქეების პოლიტიკური კონტროლისა და დაქვემდებარებისთვის.
9 წელი გავიდა თითქმის, რაც ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, ამ ხნის მანძილზე არც კაცები „გათხოვილან“ და არც ომში ჩავუთრევივართ ვინმეს. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ დეზინფორმაციების გავლენით ქვეყანამ ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი დაკარგოს?
მიჭირს პასუხის გაცემა, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას ამაზე, თუ ეს რეალობა დადგება. იმედია, ეს არ მოხდება, რადგან ევროკავშირთან ურთიერთობების სრულ დეინსტიტუციონალიზაციას ძალიან მძიმე შედეგები ექნება მომავალში ქვეყნისთვის.
თუმცა ჩემთვის ძალიან აშკარაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
როგორ ფიქრობთ,მხოლოდ „კაცების გათხოვების“ თემა დარჩა „ოცნებას“ ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ სამუშაოდ?
ვფიქრობ, მეორე უფრო მძლავრი ინსტრუმენტი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ეს არის ომის თემა. რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მოლაპარაკებების პროცესი დაზიანდა, რუსეთმა ამ თვეში კიდევ უფრო მეტი მშვიდობიანი ადამიანი დახოცა უკრაინაში და ბოლო ორ წელში, ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა მსხვერპლების რაოდენობა. მას უნდა ეჩვენებინა მილაპარაკებებისთვის მზადყოფნა, თუმცა კიდევ უფრო აგრესიული და სასტიკი გახდა. შესაბამისად, ომის საკითხი „ოცნების“ დღის წესრიგში ისევ დგება.
რუსეთთან ომის კონტექსტი რატომ არ აშინებს სომხეთს, აზერბაიჯანს, რომლებიც სწორედ ამ ომის შემდეგ გააქტიურდნენ ევროინტეგრაციის მიმართულებით და სომხეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირში უნდა. მხოლოდ საქართველოსთვისაა რუსეთი საფრთხე?
ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები, როგორ ახერხებენ ჩვენზე სუსტი ქვეყნები, მაგალითად სომხეთი და მოლდოვა, რომლებიც ორმაგად მოწყვლადები არიან რუსეთის გავლენის მიმართ ყველა დონეზე, სრულიად შემოაბრუნონ თავიანთი გეოპოლიტიკა. ასევე საუბარია თურქეთი-აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს ალტერნატიული დერეფნების გახსნაზე; ამერიკული კომპანიების შემოსვლაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კორიდორის უსაფრთხოებას – ამის გამო მოლაპარაკებებისკენ მიდის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი.
რატომ არის მაინცა და მაინც საქართველო ომის საფრთხეში? ქვეყანა, რომელმაც რუსეთთან ომი უკვე განიცადა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და არაფერი აღარ რჩება რუსეთს, რისი გამოყენებაც შეუძლია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ უკვე ნაომარი ვართ, დანაკარგები გვაქვს და უფრო გაბედულად შეგვიძლია ევროინტეგრაცია, ამიტომაც ომის თემა არის მთლიანად სპეკულაციური.
თუმცა არ მგონია, რომ ახლა, როცა ამხელა ცვლილებებია რეგიონში და რუსეთს პრაქტიკულად სამხრეთ კავკასიაზე გავლენა აქვს დაკარგული, მოსახლეობისთვის ომის თემა იყოს დამაჯერებელი.