მთავარი,სიახლეები

არჩევნებამდე ბათუმის მერია ბიუჯეტს 10 მილიონი ლარით ზრდის – რისთვის დაიხარჯება ფული

27.07.2025 •
არჩევნებამდე ბათუმის მერია ბიუჯეტს 10 მილიონი ლარით ზრდის – რისთვის დაიხარჯება ფული

არჩევნებამდე 2 თვე-ნახევრით ადრე ბათუმის მერია ასწრებს და ქალაქის ბიუჯეტში ცვლილება შეაქვს.

საკრებულომ ბიუჯეტის სხვა შემოსავლების 10 მილიონით გაზრდას და ამ თანხის სხვადასხვა ღონისძიებისთვის გადანაწილებას მწვანე შუქი 31 ივლისს უნდა აუნთოს, ანუ ცვლილება დაამტკიცოს.

„ოცნების“ მთავრობას თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს აქვს დაანონსებული. საარჩევნო კოდექსი ბიუჯეტში ცვლილებას არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე კრძალავს, იმ მოტივით, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენოს ამომრჩევლის გულის მოსაგებად. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მერია ასწრებს ბიუჯეტში ისეთი ცვლილებების შეტანას, რითაც მერის მოვალეობის შემსრულებელი ბევრი მოქალაქის გულის მოგებას შეძლებს. უკვე საუბრობენ, რომ ის „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი იქნება და ეს „საკითხი ზევით უკვე გადაწყვიტეს“.

ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, ბათუმის მერია ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სხვა შემოსავლების მაჩვენებელს 10 მილიონ 300 ათასი ლარით ზრდის. ნამატი თანხა როგორც ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, ასევე ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდა. დაემატა რამდენიმე ახალი ღონისძიებაც.

საიდან გაჩნდა ბიუჯეტში 10 მილიონი?

მერია განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ბანკში განთავსებულ ფულად სახსრებზე დარიცხული სარგებლის ფაქტიური და საორიენტაციო შესრულების გათვალისწინებით პროცენტები 7 მილიონი ლარით იზრდება. ასევე, 3 მილიონი ლარით იზრდება ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული, როგორც მერია განმარტავს – ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით. ფინანსური დახმარების საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ლარით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურების პროგრამას უნდა მოხმარდეს.

  • როგორ გადანაწილდება 10 მილიონი ლარი

ცვლილების პროექტის მიხედვით, 360 ათასი ლარით იზრდება სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა დახმარების დაფინანსება, ჯანმრთელობის, სოციალური და სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებულთა დასახმარებლად – „თანხის განკარგვა განხორციელდება საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“

1 მილიონ 500 ათასი ლარით იზრდება გაგარინის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების დაფინანასება ასლან აბაშიძის ქუჩამდე. ამ პროექტის საერთო ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია.

იზრდება კიდევ რამდენიმე დაგეგმილი და უკვე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მერია ახალი ღონისძიების სახით ამატებს ნადიმ ნიჟარაძის ქ. N10-ის მიმდებარედ ხიდის მოწყობის სამუშაოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში 2 მილიონ 533 386 ლარი გაითვალისწინა. 1 მილიონ 495 670 ლარით გაზარდეს ნაპირსამაგრი კედლების სამუშაოების დაფინანსებაც.

2 მილიონ 944 766 ლარით იზრდება დაფინანსება მრავალბინიან კორპუსებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ლიფტების მონტაჟისთვის, მერიის ინფორმაციით უკვე შერჩეულია 35 მისამართი, სადაც ლიფტები უნდა შეცვალონ.

500 ათასი ლარით იზრდება ავარიული სახლების დემონტაჟი- მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამა. გარდა ამისა 200 ათასი ლარი გაითვალისწინეს ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ავარიული სახლების ექსპერტიზის დასაფინანსებლად. მერია განმარტავს, რომ ღონისძიების დაფინანსება მოქალაქეების მოთხოვნის გათვალისწინებით გაზარდეს.

ჯამში 3 მილიონამდე ლარი გაითვალისწინეს ბათუმში, გ. ტაბიძის ქუჩა N31, N33, N35, N37, N39-ის მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაციისათვის.

572 159 ლარი გაითვალისწინეს ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების პროექტის დასაფინანასებლად. ბათუმის მერია ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებას 2023 წლიდან გეგმავს. პროექტის განსახორციელებლად კერძო საკუთრება გამოსყიდეს.

ბიუჯეტის ცვლილების პროექტით გავიგეთ ისიც, რომ მერია საკრებულოსთვის 61 ათასი ლარის ღირებულების ახალ ავეჯს შეისყიდის.

120 000 ლარით იზრდება შშმ პირებისა და შეძენილი შშმ სტატუსის მქონე [ომში და ომის შემდგომ] ომის ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ სტატუსის მქონე 35
წლის ჩათვლით ასაკის პირების, სოციალურად დაუცველი [100 001-მდე სარეიტინგო ქულების მქონე] ხუთი და მეტი მრავალშვილიანი ოჯახების და მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების კლიმატოთერაპიის კურსის დაფინანსება. მ

მერიის ინფორმაციით მომართვიანობიდან გამომდინარე ამ პროგრამით ბენეფიციართა რაოდენობა 200 ერთეულით გაიზრდება.

9 000 ლარით იზრდება გულის კორონაროგრაფიის დაფინანსება, მერია განმარტავს, რომ ბენეფიციართა რაოდენობა 30 ერთეულით გაიზრდება.

ონკოპაციენტებისათვის იმუნო, თარგეტ და ციტოსტატიკური თერაპიის (ბსჟ) სერვისის (ინფუზიის) დაფინანსება 50 400 ლარით იზრდება – შედეგად 240-ით იზრდება ბენეფიციართა რაოდენობა.

100 000 ლარით იზრდება 30 წლის ასაკის ჩათვლით მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირთა მატერიალური დახმარება ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით – ბენეფიციართა რაოდენობა 280 ერთეულით იზრდება.

50 000 ლარით იზრდება 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით – ბენეფიციართა რაოდენობა 200 ერთეულით იზრდება.

მოხუცებულთა სავანეში სერვისის მიმღებ პირთა დახმარება 60 500 ლარით გაიზრდება, მერიის განმარტებით ნამატი თანხის ფარგლებში ბენეფიციარის სხვადასხვა საჭიროებისათვის გამოყოფილი დღიური თანხა იზრდება 3 ლარით მომართვის საფუძველზე.

300 000 ლარი დაამატეს შშმ პირებისათვის პერსონალური ასისტენტების მიერ სპეციალიზებული და რეგულარული ასისტირების სერვისის მიწოდების პროგრამას.

შშმ პირთა მშობლების ფსიქოლოგიური დახმარების ღონისძიება [80 პირი] 12 800 ლარით გაიზრდება.

საერთო ჯამში, ცვლილების შემდეგ, ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი 564 მილიონ 300 ათას ლარს მიაღწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: