„რომ არა უვიზო მიმოსვლა და საფრანგეთი, ჩემი შვილი ვერ გადარჩებოდა. საფრანგეთმა ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქა. მრცხვენია, როცა ევროპაზე ცუდს ლაპარაკობენ და ძალიან მეშინია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, რადგან ამით ქართველი ხალხი ძალიან ბევრს დაკარგავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მაია ფუტკარაძე, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად საფრანგეთშია და ამბობს, რომ ეშინია სამშობლოში დაბრუნების.
მაია გვიყვება მისი შვილის მძიმე ისტორიას – რომ არა საფრანგეთი, დღეს მისი შვილი ცოცხალი არ იქნებოდა.
„2006 წელს, ჩემი შვილი 10 წლის ასაკში ავარიაში მოჰყვა და ხორხი დაუზიანდა. დასჭირდა ტრაქესტომია. წლები გავატარე თბილისში, იაშვილის კლინიკაში, შემდეგ გადავედით სხვა კლინიკაში, სადაც 2014 წელს გაკეთდა ძალიან მძიმე ოპერაცია, რის შემდეგაც დაკარგა ხმა.
ჩემი ოჯახი სოფელ აჭარისწყალზე ვცხოვრობდით და ოპერაციის შემდეგ იქ წავიყვანე შვილი. მაგრამ ერთი დახველების შედეგად საყლაპავი გაუსკდა და უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა.
წავიყვანე ისევ თბილისში, სადაც ჩაუტარდა ისევ ოპერაცია და ჩაუდგეს ხელოვნური მილი, მაგრამ ხმა საერთოდ წაერთვა და ვეღარ ლაპარაკობდა.
წავიყვანე თურქეთში, სადაც მითხრეს, ახლა რომ მოგვიყვანეთ, ჩვენ სასწაულმოქმედები კი არ ვართო. იმდენად უნუგეშო იყო მდგომარეობა.
ვეღარ ლაპარაკობდა, ვეღარ ისწავლა, არც სამუშაოზე მიიღეს სადმე და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. 2020 წელს გადავწყვიტეთ, რომ წამოვსულიყავით ევროპაში.
არაფრის იმედი აღარ მქონდა. მეგონა გამოსავალი აღარ არსებობდა, მაგრამ მაინც წამოვედი.
კიდევ კარგი უვიზო რეჟიმი გვაქვს, თორემ, უვიზო რომ არ გვქონოდა, ალბათ ვერ ჩამოვიდოდი საფრანგეთში. მე ამის საშუალება არ მექნებოდა.
სახლის გარდა ყველაფერი გავყიდე და წამოვედით.
აქ მომცეს უფასო დაზღვევა, საცხოვრებელი, უფასო საკვები, ცოტა თანხაც, მოიწვიეს კონსილიუმი და სამი წელი მკურნალობდნენ, რადგან ძალიან მძიმე იყო ჩემი შვილის მდგომარეობა. ფაქტობრივად, ყელში არაფერი აღარ ჰქონდა.
ახლა ვართ ტულუზასთან ახლოს, პატარა ქალაქში და აქედან 600 კილომეტრში, შვეიცარიის საზღვართან ახლოს პატარა ქალაქში გაუკეთეს ოპერაცია 2024 წლის ოქტომბერში. ფაქტობრივად, ყელი გამოუცვალეს ჩემ შვილს და უკვე დაიწყო ლაპარაკიც.
საფრანგეთმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში ვერავინ და ვერც თურქეთში დამეხმარნენ.
2025 წლის 10 თებერვალს კი გარე ჭრილობაც დაუხურეს. კინაღამ შევიშალე ჭკუიდან, არ მჯეროდა, რომ ჩემი შვილი სუნთქავდა, კიდეც ლაპარაკობდა და ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას“, – გვეუბნება მაია ფუტკარაძე.
მისი თქმით, საქართველოდან წამოსვლისას ექიმებმა ფორმა 100-იც კი არ გამოატანეს, სადაც ჩაწერდნენ რა გააკეთეს ან რა ვერ გაკეთეს.
„ყველამ მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა თავიდან. არც ჯანდაცვა დამეხმარა. ისიც კი არ დამიწერეს, საქართველოში ვერ გაკეთდება ეს ოპერაციაო. ამის გამო ბევრი ვიწვალე, მაგრამ მადლობა ღმერთს, აქ ჩამოვედი და საფრანგეთმა ჩემს შვილს ახალი სიცოცხლე აჩუქა.
ვალდებული კი არ არიან ესენი, მილიონი ჰყავთ ჩვენნაირი, მაგრამ გულგრილად არ ეკიდებიან ადამიანის სიცოცხლეს. ჩემი შვილის ოპერაცია ნახევარი მილიონი ევრო დაჯდა და ჩვენ არაფერი გადაგვიხდია ამაში.
სახლში მოაქვთ წამლები, ექთნები სახლში დადიან, ასეთი რამ საქართველოში გინახიათ? თან უფასოდ ყველაფერი. ისეთი სასწაულია ეს ჩემთვის, არც კი შემიძლია ეს ემოცია აღვწერო“, – გვეუბნება მაია.
მისი თქმით, „ოცნების“ პროპაგანდა, რომ თურმე ევროპა არაფერს ნიშნავს, ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.
„რას ჰქვია ევროპა არაფერს ნიშნავს? იცით აქ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, რამდენს სიმსივნე გაუყინეს. საქართველოში სამართალი სად არის, იცით რამდენი ადამიანი იღუპება უხარისხო ჯანდაცვის გამო? გუშინ ჩემ დას გადასხმა ვერ გაუკეთეს, კინაღამ მოსაჭრელი გაუხდა ხელი. რომელ მკურნალობაზე მელაპარაკებით.
აქ ისეთი წამლები აქვთ, ისეთი ხარისხიანი, საქართველოს არ დაესიზმრება.
„ოცნების“ წევრებმაც იციან ეს, მაგრამ არ უნდათ არაფრის დანახვა.
უვიზო მიმოსვლა რომ არ ყოფილიყო, რა მეშველებოდა არ ვიცი. ალბათ ვერც ჩამოვაღწევდით და ჩემი შვილი დაიღუპებოდა.
ახლახან პატარა ბავშვი ჩამოიყვანეს გურიიდან ათი დღის სიცოცხლე ჰქონდა მანდ მიცემული და აქ ბავშვი გამოჯანმრთელდა.
ერთადერთი საჩუქარი ეს გვაქვს ხალხს – უვიზო მიმოსვლა და ამასაც თუ გაგვიუქმებენ, რას ეუბნებიან ამ ხალხს? რა ეშველებათ ამ ადამიანებს, იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ ჩამოვლენ აქ თავიანთი შვილების გადასარჩენად.
მეორე შვილიც მყავს 13 წლის, რომელიც ჯანმრთელი მეგონა და აღმოჩნდა, რომ მასაც შეუქმნეს ჯანმრთელობის პრობლემა საქართველოში. ტაბიძეზე ყურის ოპერაცია გაუკეთეს, რადგან ინფექცია იყო წასული. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ამ ყურში საერთოდ დაჰკარგვია სმენა. 2200-ევროიანი აპარატი გამოგვიწერა საფრანგეთმა უფასოდ.
როგორ მოუნდება ადამიანს აქედან წამოსვლა, მითხარით აბა?
ძალიან მეშინია საქართველოში დაბრუნების – რაიმე პრობლემები რომ შეგვექმნას, ვისთან მივიყვან შვილს? არ ვენდობი ქართულ ჯანდაცვას. აქ ერთი დღე რომ ჩამოხვიდე, ერთხელ მაინც რომ შეავლო თვალით აქაურობას, დარწმუნდები, რომ ჩვენ არ გვიცხოვრია.
გზას უკეტავენ ქართველ ხალხს, თორემ თავიანთი შვილები ევროპაში ჰყავთ. ყველაფერი კარგად იციან, რამხელა ზიანს და დარტყმას მივიღებთ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, მაგრამ არ გვყავს ხალხზე მზრუნველი მთავრობა.
ან იმას რომ გაიძახიან „ქალი ქალია, კაცი კაცია“, მე აქ არაფერი მინახავს, რომ კაცი ქალად იყოს გადაკეთებული. საქართველოში უფრო მეტს ვხედავდი ასეთს, ვიდრე აქ. ეგ ყველაფერი ზღაპარია. კომენტარებსაც ვუწერდი „ოცნებას“, რომ იტყუებით, მაგრამ დამბლოკეს. მრცხვენია. საფრანგეთს მადლობა უნდა ვუთხრათ, ათასობით ქართველი რომ გადაარჩინეს დაღუპვას.
საქართველო იღუპება, მეცოდება ხალხი. როგორი კულტურული ერი ვართ, მაგრამ ხელისუფლება არ გვყავს ნორმალური. რატომ არ ვიცი, ვერ გავიგე“, – ამბობს მაია ფუტკარაძე.
ის ფრანგულ პროტესტებსა და პოლიციელების ქცევაზეც საუბრობს.
„აქაც გამოდის ხალხი, ხან პენსიის გაზრდას ითხოვს, ხან რას, მაგრამ პოლიცია როგორ გაუბედავს ხალხს რამეს, იქეთ იცავს. აგეტირება ამათ კანონებს რომ ვუყურებ, რამეს როგორ აკადრებენ ხალხს.
ჩვენ სულ ფეხებზე ვკიდივართ საქართველოში. როგორც მე მაჩუქა საფრანგეთმა ათასიდან ათასი შანსი, ჩვენი ხალხი ამ შანსს დაკარგავს, თუ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდა.
მეც არ მაინტერესებდა ევროპა, არ ვიცოდი საერთოდ რა იყო, სანამ აქ არ ჩამოვიდოდი. ესაა მთავარი, რომ ვერ ვხდებით რას ვკარგავთ.
სად არის საქართველოში ან სამუშაო, ან უმუშევრობის დაზღვევა. აქ ხალხი მოდის მუშაობს, მკურნალობს, ვისაც არასდროს უნახავს აქაური ცხოვრება, ის ვერასდროს მიხვდება რას კარგავს.
20 წელია ჩემ შვილს ცრემლი არ შეშრობია, არც მე შემშრობია ცრემლი. აქ გავახილე თვალი. იცით რამდენი ვიბრძოლეთ საქართველოში? მაგრამ სიცოცხლე მაინც საფრანგეთმა გვაჩუქა.
ამიტომ, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძალიან ცუდი იქნება, პირველ რიგში, ხალხისთვის. 90% დაკარგავს გამოჯანმრთელების შანსს, სამუშაოს და მომავლის პერსპექტივას. ძალიან მეშინია ამის. ძალიან ცუდი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს მაია ფუტკარაძე.
______________________________________
ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოსთან გააუქმებს უვიზო მიმოსვლას, თუ „ოცნება“ არ გაუქმებს კანონებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს ზღუდავს.






