რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების ყველა საქმეში მოწმეები პოლიციელები არიან. ისინი სასამართლოში იდენტური ტექსტებით სდებენ ბრალს დაკავებულებს – მტკიცებულების გარეშე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ასზე მეტი დაკავებულის უფლებებს იცავდნენ სასამართლოებში. სწორედ მათი ადვოკატები საუბრობენ „ბათუმელებთან“ იმ საქმეებზე, როცა პოლიციელები მტკიცებულებების გარეშე „ამტკიცებენ“ სასამართლოში, რომ აქციის მონაწილემ მათ შეაგინა ან არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.
საიას იურისტი ირმა აბაშიძე 26 საქმეში წარმოადგენდა დაცვის მხარეს. მისი თქმით, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა საქმეებში მოწმეები ყოველთვის არიან პოლიციელები.
„ესენი შეიძლება იყვნენ საპატრულოს პოლიციელები ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები“, – ამბობს ირმა.
ირმა აბაშიძის თქმით, დაცვის მხარე ყოველთვის მოითხოვს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები არ იქნას გათვალისწინებული, რადგან ისინი არ არიან მიუკერძოებელი პირები.

ირმა აბაშიძე/საია
„ისინი დამოკიდებულნი არიან ბრალმდებელ მხარეზე, ამიტომ ვცდილობთ, სასამართლოს ამაზე ყურადღება მივაქცევინოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ“, – გვეუბნება ირმა.
ის გვიყვება საქმეებზე, სადაც მოწმე მხოლოდ პოლიციელი იყო და მხარეს სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მაგალითად, ვიდეომასალა არ ყოფილა საქმეში, მაგრამ სასამართლომ მაინც კანონდამრღვევად ცნო მოქალაქე ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე.
„იყო ისეთი შემთხვევაც, როცა სასამართლო პროცესზე შემთხვევით დარჩა მოწმე. მოწმეს უფლება არ აქვს, ჩვენების მიცემამდე დაესწროს სასამართლო პროცესის არსებით განხილვას, სანამ ის არ იქნება დაკითხული.
როცა გამოიძახეს ეს მოწმე და ის დარბაზში აღმოჩნდა, სასამართლომ ვეღარ დაკითხა ის – პროცესუალური დარღვევა იქნებოდა. ამ მოწმემ კი განაცხადა, რომ მასთან ერთად იყო მეორე დამკავებელიც, რომელიც იმ ეტაპზე სასამართლოს ფოიეში ელოდა.
გამოძახებულმა მოწმემ უკვე იცოდა, რომ ოქმი შედგენილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პოლიციელის შეურაცხყოფას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ასევე სრულად გაიმეორა, თუ რას აკეთებდა დაკავების წინ ის პირი, ვის მიმართაც იყო შედგენილი ეს ოქმი, გაიმეორა ყველა ის უწმაწური სიტყვა, რაც იყო ჩაწერილი ოქმში და ასე შემდეგ, მაგრამ როცა მას დავუსვი კითხვა, თუ სად დააკავა ეს პირი, ვერ გვიპასუხა.
მას რამდენჯერმე ჩავეკითხე, თუ სად მოხდა დაკავება. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, მთავრობის სახლთან, რუსთაველის ქუჩაზე, „მაკდონალსთან“, მაგრამ მოწმე იმეორებდა ერთსა და იმავეს – „დაკავება მოხდა აქციაზე“.
სასამართლოს ვუთხარი, თუ ყველა სიტყვა გაიგონა, რასაც დაკავებული ამბობდა დაკავების წინ, რატომ ვერ ასახელებს თუნდაც მიახლოებით იმ სივრცეს, სადაც დააკავა-მეთქი.
მას არ დაუკავებია და აძლევდა ცრუ ჩვენებას. შესაბამისად, არც სიტყვები გაუგონია. ვერც გაიგონებდა, რადგან მის წინ არ იყო ეს პირი“, – ამბობს ირმა აბაშიძე.
მისი თქმით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ეს დეტალები და მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
ამ საქმის მოწმე პოლიციელები იყვნენ ირაკლი ელიაძე და ერეკლე ფუტკარაძე.
როგორც ირმა აბაშიძე ამბობს, პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მიმართ შედგენილი ოქმები, ასევე პოლიციელთა ჩვენები იდენტურია, „ხშირად წერტილი და მძიმეც კი არ არის ტექსტში შეცვლილი“. ადვოკატის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეებზე წინასწარ არის დაწერილი სასამართლო გადაწყვეტილებები.

სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. აქტივისტების დაჯარიმებას აჭარის პოლიციიდან ძირითადად თეა ლაღაძე [მარჯვნივ] ითხოვს.
ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ უწყვეტი ვიდეოკადრი, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე მანამდე დააკავეს, სანამ ის გააკრავდა სტიკერს – „იფიცება საქართველო“.
მანამდე ამ სტიკერის გაკვრისთვის პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავდა ერთი პირი და ის ეკითხებოდა პოლიციელს, „ამის გაკვრის გამო დააკავეთ? თუ ეს დანაშაულია, ახლა მეც გავაკრავ“ ამბობს ის და როცა მოიხარა, ის დააკავა პოლიციამ.
სასამართლოში წარმოდგენილი იყო ოქმი, სადაც ეწერა, რომ თურმე ის ლანძღავდა, აგინებდა პოლიციელებს, ეძახდა რუსეთის მონებს, ივანიშვილის პოლიციას და ასე შემდეგ.
მოწმე პოლიციელები – გიორგი ნაკაშიძე და ემზარ გიორგაძე სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ ოქმში ჩაწერილ სიტყვებს, ერთმანეთის მიყოლებით, თანმიმდევრულად, რომ თითქოს აქციის მონაწილე მათ ეძახდა „მონებო, რუსებო, ღორებო“ და ასე შემდეგ.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ საქმეზე ორი მოწმე გვყავდა, ასევე გვქონდა წარდგენილი უწყვეტი ვიდეო, სადაც ნათლად ჩანდა, რას აკეთებდა ეს ადამიანი დაკავების წინ. ის არ აგინებდა პოლიციელებს. ამის მიუხედავად, სასამართლომ მაინც 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა“, – ამბობს ირმა აბაშიძე.

სასამართლო „გზის გადაკეტვის“ საქმეზე.
მისი თქმით, არის საქმეები, სადაც ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზეც მიუღია სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ვიდეომტკიცებულება ყველაზე ნეიტრალური მტკიცებულებაა იმის, რომ ფაქტობრივი გარემოებები სრულად და სწორად აღიქვას და შეაფასოს მოსამართლემ.
მაგრამ დღეს სასამართლო ერთი პოლიციელის ნათქვამს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ვიდეომტკიცებულებას.
ცხადია, ეს არანაირ საკანონმდებლო ნორმაში არ ჯდება“, – გვეუბნება ირმა.
როგორც ირმა ამბობს, „თუ აქამდე ზემდგომი ინსტანციები საჩივრებს იღებდნენ და მხოლოდ განხილვის შემდეგ ამბობდნენ უარს, ახლა განხილვაშიც კი არ იღებენ ასეთ საქმეებს“.
ირმას შეფასებით, დღევანდელ სასამართლო პროცესებს სამართლიანობასა და კანონიერებასთან არაფერი აქვს საერთო.
„ეს ერთი დიდი რეალობაა, სამწუხაროდ“, – გვეუბნება ირმა აბაშიძე.

სასამართლო „ქუჩის გადაკეტვის“ საქმეზე.
- რას ნიშნავს, როცა სასამართლო მხოლოდ მოწმის ჩვენებას ეყრდნობა და არ იზიარებს საქმეში არსებულ უფრო მყარ მტკიცებულებებს?
„ზოგადად, მოწმის ჩვენებაც კანონით არის ერთ-ერთი მტკიცებულება, მაგრამ მოწმე უნდა იყოს სანდო და დამოუკიდებელი პირი, რომ მხარეს მასზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოს.
სამწუხაროდ, ამ მოცემულობაში ოქმის შემდგენი მხარე ამ სტანდარტს არ იცავს. სასამართლოც რეგულარულად და სრულად არღვევს სტანდარტს. ეს არის უკანონობა და უსამართლობა“, – ამბობს ირმა აბაშიძე.
„არსებობს სასამართლოს პრაქტიკა მოწმის ჩვენების და მოწმის სანდოობის ტესტის შესამოწმებლად. კანონი ცალსახად არ ადგენს, ვინ შეიძლება იყოს მოწმე, მაგრამ მოწმის ჩვენების სანდოობაზე როცა ვსაუბრობთ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, მოწმე იმით განსხვავდება პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებისგან, რომ მას არ გააჩნია საქმის შედეგების მიმართ იურიდიული დაინტერესება.
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მოწმეთა კომპეტენცია ეროვნული კანონმდებლობით წესრიგდება, ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით კი, ასეთი მნიშვნელოვანი განმარტებაა გაკეთებული, რომ მტკიცებულების იურიდიული ბუნება არის და მათ შორის მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ“, – ამბობს ირმა.
- ერთი პოლიციელი მოწმედ სხვადასხვა საქმეში
„ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როცა ერთი პოლიციელი, მაგალითად ცოტნე ქართველიშვილი სამი დაკავებულის საქმეში ფიგურირებდა. ეერთ საქმეში ეს პირი დამკავებელიც იყო და მოწმეც. ორ საქმეში კი როგორც მოწმე ისე ფიგურირებს.
ჩვენ რა საქმეებიც გვქონდა, ხშირ შემთხვევებში, დამკავებელი და მოწმე ერთი და იგივე პირია და ყველა პოლიციელია. ანუ მე დავაკავე, ჩავთვალე, რომ მის ქმედებაში იყო დარღვევა, მერე პროცესზე მოვდივარ და როგორც „დამოუკიდებელი“ სუბიექტი, ვაძლევ ჩვენებას, ვამბობ, რომ ფაქტებს ავსახავ.
ყველა შსს დაქვემდებარებაში მუშაობს და არ მაქვს მოლოდინი, რომ თავიანთ შედგენილ დოკუმენტზე განსხვავებულ რამეს იტყვიან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განაწილებულია მტკიცების ტვირთი. ამის მიხედვით, ოქმის შემდგენი მხარე ვალდებულია ამტკიცოს მის მიერ შედგენილი დოკუმენტის კანონიერება, რომელიც უნდა დაასაბუთოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
გარდა იმისა, რომ ოქმის შემდგენი მხარე ვერ ამტკიცებს პირის დანაშაულს და ასე იყო მაგალითად ცოტნე ქართველიშვილის შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი მოწმეების ჩვენებები მაინც არ გაიზიარა სასამართლომ: ვიდეოკადრი იყო, სადაც სადავო არც კი გამხდარა ჩანაწერის ავთენტურობა, მაგრამ მაინც შეუფარდა სასამართლომ პატიმრობა აქციის მონაწილეებს“, – ამბობს ირმა აბაშიძე.
- „აქციებზე დაკავებული პირების საქმეებზე მოწმეებად ყოველთვის პოლიციელები არიან და ყველა მოწმე ზუსტად ერთსა და იმავე ტექსტს ჰყვება“
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ინტერესებს იცავდა სასამართლოში საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ წულუკიძეც.
„გზის გადაკეტვის“ საქმეზე ის 5 საქმეში 12 პირს იცავდა სასამართლოში.
„16 თებერვალს საპროტესტო აქციაზე იყო ხალხის ის რაოდენობა, რომ გზა გადაკეტილიყო. არსებობდა ალტერნატიული გზაც – მემედ აბაშიძის ქუჩა, ავტომანქანებს რომ ესარგებლათ ამით. თუმცა პოლიციელებმა, ნაცვლად იმისა, რომ ავტომანქანები ამ გზით გაეშვათ, თვითონ გადაკეტეს ქუჩა და ავტომანქანებს მიუთითებდნენ ემოძრავათ გამსახურდიას ქუჩაზე, იქ, სადაც ხალხი იყო შეკრებული.
ამის მტკიცებულება პოლიციამ თვითონ წარმოადგინა სასამართლოში. პოლიცია თავად იღებდა ამ კადრებს.
ამ საქმეში მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუჩა არ გადაიკეტა სამუშაო საათებში. ქუჩის ამ მონაკვეთში მხოლოდ 2 ადმინისტრაციული შენობაა – საკონსტიტუციო სასამართლო და აჭარის მთავრობა, სადაც არც მოქალაქეებს და არც ამ უწყებებში დასაქმებულ პირებს ამ პერიოდში მისვლა არ დასჭირდებოდათ.
გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე არ არის არც ერთი საცხოვრებელი სახლი. როცა ერთმანეთს უპირისპირდება, ვთქვათ, ორი სიკეთე – გამოხატვის თავისუფლება და მოქალაქის თავისუფლად გადაადგილების უფლება, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომელი უფრო დაიცვას.
თუ არ ირღვევა მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების უფლება, მაშინ აუცილებლად უნდა დაიცვას გამოხატვის თავისუფლება. თუმცა სასამართლომ ყველა პირის მიმართ, ვისაც პოლიცია გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა, გამოიყენა 500-ლარიანი ჯარიმები.
გზის გადაკეტვის საქმეზე 12 პირის მიმართ იყო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი. კადრში ჩანს, რომ მხოლოდ ერთი პირი ისმენს პოლიციელის გაფრთხილებას, რომ არ გადაკეტოს გზა.
ერთ-ერთი მოქალაქე კი საერთოდ არ იყო აქციაზე გზის გადაკეტვის დროს: ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში ამის მტკიცებულებები – კადრები, მიმოწერები მეგობართან, რომ აქციაზე 9 საათის შემდეგ გავიდოდა, გზა კი შვიდ საათზე გადაიკეტა. თუმცა, ოქმში მითითებული იყო, რომ ის შვიდ საათზე იდგა აქციაზე და არ ემორჩილებოდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.
ამ საქმეებში არაერთი მოწმე გვყავდა და ვითხოვდით, რომ დაეკითხათ ისინი, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოგვცა მოწმის დაკითხვის უფლება, მაშინ როცა, შს სამინისტროს არასდროს ეუბნება უარს მსგავს რამეზე“, – ამბობს თამარ წულუკიძე.
მას ვკითხეთ, როცა მტკიცებულებები დაცვის მხარის სასარგებლოდაა, მაგრამ სასამართლო მაინც პოლიციელის ჩვენების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რაზე მეტყველებს ეს?
თამარ წულუკიძის თქმით, ეს არ ჯდება სამართლის ნორმაში და არც დღეს მოქმედ კანონმდებლობაში.
„ამ რეპრესიულ კანონშიც კი არ ჯდება მოსამართლეების გადაწყვეტილებები. კანონში პირდაპირ წერია, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე. მტკიცების ტვირთი არის ადმინისტრაციულ ორგანოზე. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაამტკიცა, რომ კონკრეტულმა პირმა დაარღვია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა, მოსამართლემ მაინც შაბლონური გადაწყვეტილება მიიღო ყველას წინააღმდეგ“, – ამბობს თამარი.
მას არ ახსენდება ბოლო პერიოდის არც ერთი საქმე, სადაც მოსამართლემ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო.
„ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა არასრულწლოვანის ინტერესებს ვიცავდი. აქ შეწყვიტეს საქმის წარმოება, თუმცა სასამართლომ მაინც მისცა პირს სიტყვიერი გაფრთხილება“.

თამარ წულუკიძე
თამარ წულუკიძის თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეცვალა და პრორუსული განწყობები ღიად გამოავლინა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სასამართლოს მხრიდან თვალშისაცემი გახდა.
„პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა ბათუმში რუსული გემი შემოვიდა და ამ საპროტესტო აქციაზე 21 პირი დააკავეს. სასამართლომ 21-ივე დააჯარიმა. სამი წელია საიას ხელმძღვანელი ვარ და მანამდე ასეთი რამ რომ მომხდარიყო, არ მახსენდება.
ეს პროცესი უფრო შესამჩნევი გახდა 2022 წლის შემდეგ. აქედან მოყოლებული, ყველა საქმეში, რასაც ოდნავ მაინც დაჰკრავს პოლიტიკური ელფერი – იქნება ეს ანტირუსული საპროტესტო აქციები თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ცრუმოწმე პოლიციელები გურამ მურვანიძის საქმეში.
- „სამართლიანი სასამართლოს უფლება დღეს განულებულია“ – თამარ წულუკიძე
„ხანდახან სასამართლო ფასადურად გაჩვენებს, რომ აი, რაღაცებს იკვლევენ, სწავლობენ და რაღაც მომენტში შეიძლება მოქალაქეს გაუჩნდეს განცდა, რომ დაინტერესებულია მოსამართლე, მსჯელობას იწყებს, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება ყოველთვის არის შაბლონური. თითქოს სასამართლოს უნდა ხაზგასმით აჩვენოს დარბაზში მყოფ მოქალაქეებს, როგორ „იგებს“ სახელმწიფო აშკარად წაგებულ საქმეებს და მოქალაქე ამ რეპრესიული მექანიზმის მსხვერპლი ხდება“, – ამბობს თამარი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ადმინისტრაციულ საქმეებში ჯერ კიდევ 20 ივნისის საქმეებიდანაა ჩართული.
„ნოემბრის აქციებიდან დღემდე დაახლოებით 80 საქმე ვაწარმოვეთ, გაზაფხულის საქმეებზე – დაახლოებით 70 საქმე. ჩვენ ვართ ასევე იურიდიული დახმარების ქსელის წევრები და ვეხმარებით მოქალაქეებს, ვისაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო აკავებენ და აჯარიმებენ“, – ამბობს ორგანიზაციის ადვოკატი თეო ზაქარაშვილი.
თეო ზაქარაშვილიც საუბრისას აქცენტს ცრუმოწმე პოლიციელებზე აკეთებს. მისი თქმით, თითქმის არ ყოფილა საქმე, სადაც მოწმე პოლიციელს ამა თუ იმ ფორმით ცრუ ჩვენება არ მიუცია.
„გვქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელმა გვითხრა, რომ კოლეგა მოუყვა რა ხდებოდა, ანუ რაში უნდა დაედანაშაულებინა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი. მათ ცრუ ჩვენებების ბევრი ვარიაცია აქვთ, მაგრამ ძირითადი ტექსტი ერთი და იგივეა – „იგინებოდა, ილანძღებოდა, გვეძახდა მონებს“.
იყო შემთხვევები, როცა ერთი და იმავე პოლიციელის სახელი და გვარი სხვადასხვა საქმეში მეორდებოდა, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ეს პოლიციელები ცრუმოწმეობისთვის ჰყავთ გამოყოფილი, თუ უბრალოდ მათ მორიგეობას ემთხვეოდა დაკავებები“, – ამბობს თეო ზაქარაშვილი.
მისი თქმით, 2023-2024 წლების საქმეებზე არ ყოფილა შემთხვევა, სასამართლოს მოქალაქის სასარგებლოდ გამოეტანა გადაწყვეტილება.
„გზის გადაკეტვის საქმეებზე კი ყველგან გამოიყენა 5-5-ათასლარიანი ჯარიმა.
გააჩნია, რა უნდათ, როგორი მსუსხავი ეფექტი უნდათ, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები. ბოლო პერიოდში უფრო მეტად ადმინისტრაციულ პატიმრობებს იყენებენ. 2025 წლის იანვრის დასაწყისიდან კი უფრო მეტად ჯარიმებია გამოყენებული“, – ამბობს თეო.
ისევე როგორც საიას ადვოკატები, თეო ზაქარაშვილიც ამბობს, რომ სასამართლო საერთოდ არ ითვალისწინებს დაცვის მხარის მტკიცებულებებს.
„ბევრი საქმე იყო, როცა მივიტანეთ ვიდეოები, აშკარა მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. პირიქით, პოლიცია გასცდა თავის უფლებამოსილებას და ძალის გადამეტებით, კანონმდებლობის სრული დარღვევით დაიწყო ადამიანების დაკავება, აქციის დარბევა. ამის მიუხედავად, სასამართლოს არ აინტერესებს მტკიცებულებები, ისე იღებს გადაწყვეტილებებს“, – ამბობს თეო ზაქარაშვილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლო.
- „სასამართლო მოქმედებს, როგორც შს სამინისტროს გაგრძელება“
„ჩვენ ვიცით, რომ დღეს სასამართლოში სამწუხარო რეალობაა – კლანი მძლავრად მოქმედებს და ეს კლანი სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულია, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გაგრძელება. სასამართლო რომ მართლა დაინტერესებული იყოს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებით, მაშინ სახელმწიფო ვერ შეძლებდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ასე გამოყენებას.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სასამართლო იმ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების ინსტიტუტია, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ამიტომ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ“, – ამბობს თეო ზაქარაშვილი.
მისი შეფასებით, დღეს სამართლიანი სასამართლოს უფლება მოქალაქეებს წართმეული აქვთ:
„სამართლიანი სასამართლოს უფლება დღეს მასიურად ირღვევა – ამ საქმეებზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება არის უკანონო. უკანონოა შსს-ს მოქმედებები და ეს ვერ ჩაითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვად, მართლმსაჯულების განხორციელებად.
ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა, რომელსაც ასრულებენ შსს, სასამართლო და სხვადასხვა უწყება“.