ბათუმი,მთავარი,სიახლეები

დეკანისა და 4 სტუდენტის საქმის განხილვა დასრულდა – რა გადაწყვიტა ბათუმის სასამართლომ

25.07.2025
დეკანისა და 4 სტუდენტის საქმის განხილვა დასრულდა – რა გადაწყვიტა ბათუმის სასამართლომ

დღეს, 25 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამოიტანა გადაწყვეტილება ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4 სტუდენტის საქმეზე.

საქმე არსებითი განხილვით დასრულდა. მოსამართლემ ხუთივე პირი დამნაშავედ მიიჩნია ჯგუფურ ძალადობაში და ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს 20 000 ლარის გადახდა დააკისრა [აქედან მამუკა ჯორბენაძემ 18 000 ლარი უნდა გადაიხადოს, რადგან იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2 თვის განმავლობაში], ხოლო სტუდენტებს: გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძესა და გიორგი დავითაძეს -17-17 ათასი ლარი [მათ 15 ათასი უნდა გადახადონ, რადგან ასევე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე გირაოთი გათავისუფლებამდე].

რაც შეეხება სტუდენტ ანრი კაკაბაძეს, მას 9 თვით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. ანრი კაკაბაძე უკვე 7 თვეზე მეტი ხანია წინასწარ პატიმრობაში იყო.

  • რა ხდება?

გამოძიება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, პროფესორ მამუკა ჯორბენაძესა და 4 სტუდენტს ჯგუფურად ძალადობის ჩადენაში ედავებოდა – საუბარია 2024 წლის 3 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში 2024 წლის 3 დეკემბერს მისულ ირაკლი დევაძეზე და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე იძალადეს. ირაკლი დევაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსანია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმარია.

ამ ინციდენტამდე ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორს, თეა ცაგურიასა და დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რექტორის კაბინეტთან საპროტესტო ბანერის გაკვრას მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ მამუკა ჯორბენაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნისგან მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღო.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და ფაკულტეტის დეკანს მამუკა ჯორბენაძეს პატიმრობა გირაოთი 2025 წლის 28 იანვარს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეცვლა სასამართლო სხდომაზე თავად პროკურატურამ მოითხოვა, სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე კი პატიმრობაში დატოვეს, იმ მიზეზით, რომ ანრი კაკაბაძეს სხვა საქმეზე უკვე იყო გირაოთი გათავისუფლებული.

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ათეულობით დღის განმავლობაში უნივერსიტეტის შენობაში მართავდა საპროტესტო აქციას და ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას. მათი შეფასებით სტუდენტებს იმის გამო სჯიდნენ, რომ ისინი პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები იყვნენ.

__________

ფოტოზე: დეკანის და 4 სტუდენტის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: